თემურ ალასანიას სკანდალური განცხადებები რევოლუციაზე, "დატაკებულ საქართველოზე", მამუკა ხაზარაძეზე და "ფუი ეშმაკის" ძახილით აფხაზეთის გარშემო სიარულზე - კვირის პალიტრა

თემურ ალასანიას სკანდალური განცხადებები რევოლუციაზე, "დატაკებულ საქართველოზე", მამუკა ხაზარაძეზე და "ფუი ეშმაკის" ძახილით აფხაზეთის გარშემო სიარულზე

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამერიკაში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიაც, რომელმაც საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.

" დღეს აქ ბევრი კრიტიკული აზრი იყო გამოთქმული და ბევრი შეკითხვა იყო დასმული. ერთი ბატონი ამბობდა, უპირველესად ეროვნული საკითხი არავის აწუხებს და მე ვარ ეროვნული საკითხის მხარდამჭერიო. ძალიან სწორი მიდგომაა. იმიტომ, რომ ჩვენთან სამწუხაროდ, ეროვნული დისკურსი ნაციონალური ინტერესების დოქტრინის შესახებ არ არსებობს...

ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ პარტიებში არის უთანხმოება. გუშინწინ ვიღაცამ გამომიგზავნა საქართველოდან რამის იუნუსის გამოსვლა, მოვუსმინე ყურადღებით. ძირითადი, რაზეც ეს ადამიანი ეკამათებოდა ქართველ წამყვანს, იყო ის, რომ თქვენ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც იქცევა აზერბაიჯანი, გაერთიანდით და გააკეთეთ ისე, როგორც აზერბაიჯანმაო. რაში მდგომარეობსო, რომ ჰკითხეს - ჩვენ ყველა საკითხზე ერთნაირად ვფიქრობთო. გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, ეს არის დემოკრატია და ეს არის თავისუფალი აზროვნება. ეს არის თავისუფალი სხვადასხვა სკოლების და აზრების წახალისება და არა ის, რომ ერთ, საერთო ბარაბანში ვურტყათ ყველამ. ეს არ არის მიღებული ფორმა. ამას გამოვექეცით ჩვენ. ხომ ვნახეთ , საბჭოთა კავშირის დროს, იგივესკენ მოგვიწოდებდნენ...

მიშას მაგალითი ავიღოთ - მან ყველაფერი "დაყარა", ძალიან კარგი პოსტი, ძალიან კარგი ადგილი. მის კაბინეტში არაერთხელ ვარ ნამყოფი. ზუსტად ზელენკის კაბინეტის ქვმოთ იყო მისი კაბინეტი. პატივისცემა, ძალიან კარგი ბინა და ა.შ. არ იცოდა რისთვის მოდიოდა? მე მიშას შევხვდი 26 სექტემბერს. ვაშინგტონში იყო ჩამოსული და ორი დღე გავატარეთ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მე ვეუბნებოდი, არ წახვიდე-მეთქი, მაინც გაფრინდა.. ღამის 10 საათზე მე წამოვედი ვაშინგტონიდან, სახლამდე სანამ მივედი მატარებლით, დამხვდა მისგან პატარა მესიჯი - ბილეთს შეგიკვეთავ და ხვალ ჩამოდი კიევშიო. მე ჩავედი კიევში და შაბათ-კვირა გავატარეთ ერთად. მერე ვეღარ გავედი კონტაქტზე, თურმე ის დღე იყო, რომ თავის გეგმას შეუდგა...

გგონიათ არ იცოდა რა მოუვიდოდა ? ხანდახან მეკითხებიან, ასეთი შეცდომა როგორ მოუვიდაო, არ მოსვლია შეცდომა, გააკეთა ზუსტად ის, რაც უნდოდა.

ახლა გაერთიანების შესახებ… ისეთ სიტუაციაში ვართ, ბევრი ცუდი დემოკრატიული თვისებები შევითვისეთ. დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები, მაგალითად ერთ-ერთი ცუდი თვისებაა, როცა ვიძახით, რომ ჩვენ აფხაზეთს და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. რასაკვირველია, მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე?! სად გინახიათ თქვენ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება. მოდით შევულოცოთ ერთად, ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ ფუი ეშმაკს და დაგვიბრუნებენ. არ მოხდება!

მეორე - ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, განსაკუთრებით დასავლეთში განათლებამიღებულმა უცებ შეითვისეს რაღაცეები. ჩვენთვის რევოლუციური გზა არ არის მისაღები, მარტო მშვიდობიანი გზითო. როგორ უნდა დაიცვა შენ არჩევნებზე ხმები, როდესაც უპირისპირდები ხულიგანს, რომელსაც ხელში აქვს დანა. მე მას წინასწარ ვეუბნები, ყველა მეთოდს ვუხსნი - იცი რა, შენ მოდი, რაც გინდა ქენი, დამსაჯე, მაგრამ მე არაფერს ცუდს არ გავაკეთებ. მე პირდაპირ მარტო დემოკრატიულად მოგიწოდებ, დანა დააგდო, შენ არ მცემო, არ გამლახო, ხმები არ დაწვა და აშ. ვაუ, მართლა? კაი კაცო... ასე არ მოხდება არასოდეს. ეს მეთოდურადაც არ არის სწორი. ამიტომ წინასწარ ჯერ არავის გამოუცხადებია თავისი მეთოდი და არ გაუხსნია კარტი.

ახლა რაც შეეება ერთიანობას. ზუსტად იგივე ეხება ერთიანობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ერთიანები არ ვიქნებით, რაღაც დიდი პრობლემა იქნება. არ იქნება. ყველამ უნდა იაროს რაღაც ერთი მიზნისკენ. თუ მე ვარ სააკაშვილის ოპოზიცია, კი ბატონო, გასაგებია. თუ ხარ მთავრობის ოპოზიცია, რაც ნორმალურია, მაშინ მიზანი უნდა გქონდეს. მიზანი უნდა იყოს ამ მთავრობის დამარცხება და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ყველა გაერთიანდეს. არ მინდა არავისთან გაერთიანება.

თუ ხაზარაძის პარტიას მიაჩნია, რაც ბევრჯერ განაცხადეს კიდეც, ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით "ნაცმოძრაობასთანო", ნუ იქნებით. ვინ გპატიჟებს? ვინ დაგიძახა, ვინ გთხოვა, გავერთიანდეთო. ვინ გთხოვა შვილები მოვნათლოთ ერთადო. თუ შენ მიზნად გაქვს მთავრობის დამარცხების იარე შენი გზით, დამილოცნია ეს გზა შენთვის, რა გზითაც გინდა იმ გზით იარე, რა მეთოდიც გინდა ის გამოიყენე. ვისთანაც გინდა იმასთან გაერთიანდი, საერთოდ არ გინდა არავინ? იარე მარტო. დღევანდელ პროცესს შევადარებ მატარებლის ვაგონს - კუპეში არის 4 ადამიანი, მათ ერთად უნდა იარონ უახლოეს საკვანძო სადგურამდე, შემდეგ ყველა წავა თავის გზით. ვიღაც სხვა მატარებელში გადაჯდება, ვიღაც დაბრუნდება უკან, ვიღაც გააგრძელებს გზას. იმ წერტილამდე რომ მივიდეს მატარებელი, ამას ყველა უნდა ეცადოს - თუ ერთმანეთში იჩხუბეს და მატარებელი გააჩერეს, ეს არ გამოვა"

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)