გახდება თუ არა საქართველო ირანისა და ისრაელის ფარული დაპირისპირების არენა?! - არშემდგარი პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც თბილისში იგეგმებოდა - კვირის პალიტრა

გახდება თუ არა საქართველო ირანისა და ისრაელის ფარული დაპირისპირების არენა?! - არშემდგარი პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც თბილისში იგეგმებოდა

7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმამ ისრაელზე ახალი უარყოფითი მუხტი შეიტანა ირან–ისრაელის ისედაც უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობაში. ვფიქრობ მათი დაპირისპირების, როგორც ისტორიული, ასევე დღევანდელი, მიზეზები კარგად იცით და მათზე დაწვრილებით არ შევჩერდები. დღეს იმ საფრთხეებზე ვისაუბროთ, რაც ამ ორი, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყნის, დაპირისპირების საზღვრების გაფართოებამ შეიძლება შეგვიქმნას.

15 ნოემბერს ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა: „ჩვენ იქამდე მივაღწევთ, სადამდეც საჭირო იქნება, რათა ბავშვების მკვლელები გავანადგუროთ, მიწის ზემოთ თუ ქვემოთ, როგორც ღაზაში, ისე მთელ მსოფლიოში. ჩვენ მივაღწევთ, როგორც მათი მთავრობის მეთაურებამდე, ისე მთავრობის ცენტრებამდე“. ბენი განცის ამ განცხადებას საპირისპირო მხრიდან უმალ კომენტარი მოჰყვა: „თუ მტერს სურს ხანგრძლივი ბრძოლა, ჩვენი შესაძლებლობები უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი მტრის და „ჰამასი“ ომიდან მხოლოდ გამარჯვებული გამოვა“, - ამის შესახებ კი 16 ნოემბერს „ჰამასის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ისმაილ ჰანიამ განაცხადა.

lavrovihania-1700499554.jpg
სერგეი ლავროვი და ისმაილ ჰანია

ასე რომ, სავსებით რეალურია ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირებამ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გადაინაცვლოს, სადაც მას ფარული ბრძოლის – ტერორისტული აქტების ფორმა ექნება. სამწუხაროდ, თუ ტერორიზმის „პანდორას ყუთი“ გაიხსნა, მას უკვე ვერაფერი შეაკავებს და დაპირისპირებული მხარეების გარდა, ამ პროცესში, პირადაპირ თუ ირიბად, სხვა ქვეყნებიც აღმოჩნდებიან ჩართული და მათი მოქალაქეებიც დაზარალდებიან. ისრაელსა და ირანს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ფარული ოპერაციების ჩატარების „მდიდარი“ გამოცდილება აქვთ. აღნიშნული ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ საქართველო ამ ორი ქვეყნის ფარული დაპირისპირების არენად გადაიქცეს.

თანამედროვე ეტაპზე საქართველო- ირანის (რომელიც 1935 წლამდე სპარსეთად იწოდებოდა) პოლიტიკური ურთიერთობები ძალზე სპეციფიკურია: ირანის მთავარ მოწინააღმდეგეებს (ა შ შ და ისრაელი) საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის სტატუსი აქვთ. მოსკოვი-თეირანის კოალიცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. ირანი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორია და მათი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ოფიციალურად გაცხადებული თანხვედრა ფიქსირდება. რუსეთ-ირანის კოალიცია გამოდის დასავლური ინიციატივებისა და განსაკუთრებით, აშშ-სა და ნატოს წინააღმდეგ. ამიტომაც იყო, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს ირანი კი არ შეუერთდა ან თუნდაც ნეიტრალური პოზიცია კი არ დაიკავა, არამედ პირდაპირ და აშკარად დაუჭირა მხარი აგრესორს და ახლაც აწვდის დრონებს .

sergei-1700499647.jpg
საგარეო საქმეთა მინისტრები: ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და სერგეი ლავროვი

საქართველო კი აქტიურად მიისწრაფვის ჩრდილო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ და დასაშვებია, რომ ირანის მიერ საქართველო უკვე მოიაზრებოდეს მისი „მტრების მეგობრად“ და პოტენციურ საფრთხედ.

საქართველოსა და ირანს მრავალსაუკუნოვანი მტერ–მეგობრობა აკავშირებს. იმედია, მტრობა წარსულს ჩაბარდა და ამჟამად, მხოლოდ პარტნიორობისა და მეგობრობის გზით ვივლით. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა. 2010 წლის დასაწყისში საქართველო და ირანი შეთანხმდნენ გაეუქმებინათ სავიზო რეჟიმი. ჩემი აზრით, ეს იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების „ჩუმი პროტესტი“ ობამას ადმინისტრაციის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის იგნორირებისა და „დისტანცირების პოლიტიკის“ საპასუხოდ. საქართველოს მთავრობამ 2013 წელს ცალმხრივად დააწესა ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2016 წელს ისევ გააუქმა, ასევე დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად „დიპლომატიურ რევერანსებს“ აკეთებს და აცხადებს რომ თეირანისა და თბილისის ურთიერთობების დათბობა, თბილისისა და ვაშინგტონის სტრატეგიულ პარტნიორობაზე არ იმოქმედებს. დღემდე ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის სინონიმებია: „ცივი კეთილმეზობლობა“ და „დელიკატური დაახლოება.“ საქართველოსა და ირანს შორის ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკურსა და კულტურულ-ჰუმანიტარულს არ სცილდება და ეს ქვეყნები ერთმანეთს პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიან. თუმცა საქართველოსა და ირანის ამგვარი „დელიკატური დაახლოებითაც“ შეშფოთებულია თბილისის მნიშვნელოვანი პარტნიორი ისრაელი და თბილისი-თეირანის დაახლოებას მტკივნეულად აღიქვამს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი იქნება იქ, სადაც ირანის აქტოვობას დააფიქსირებს. თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანი არ დაუშვებს „სიონისტებისა და ტერორისტების“ ყოფნას სამხრეთ კავკასიაში. ირანი შეშფოთებულებია იმითაც, რომ აშშ-ს მხრიდან ანტიირანული მოქმედებების შემთხვევაში არ მოხდეს, საქართველოს ტერიტორიის გამოყენება. ასე, რომ რეალობა ამგვარია: სახეზეა საქართველო - ირანის გლობალურ ინტერესთა მკვეთრი ასიმეტრიულობა, რაც საქართველოს ხელისუფლებისგან (პარტიული კუთვნილების მიუხედავად), განსაკუთრებით ფრთხილი და მოზომილი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

კარგად ვიცით, რომ ირანს დიდი ხნის მტრობა აქვს ჩვენს მეგობრებთან: უპირველესად აშშ–სა და ისრაელთან. ზემოაღნიშნული გარემოება კი დიდი პოტენციური საფრთხის მატარებელია, რაც პერიოდულად საქართველოს ტერიტორიაზე ამ ორი ძალის ღია და ფარულ დაპირისპირებაში გამოიხატება. უპირველესად ეს ირანს ეხება, რომლის ლიდერები არა ერთხელ დამუქრებიან განადგურებით ისრაელს. ისრაელისა და ირანის დაპირისპირება კარგა ხანია გასცდა ამ ქვეყნების საზღვრებს და ფაქტიურად, მთელი მსოფლიო მოიცვა. კონკრეტული მაგალითები, ძველიც და ახალიც საკმაოდაა, თუმცა მხოლოდ რამდენიმეს მოვიყვან.

თბილისი: მზის, ვარდებისა და . . . ტერორის ქალაქი?

2012 წლის 13 თებერვალს საქართველოს შს სამინისტრომ გაავრცელა შემდეგი საგანგაშო ინფორმაცია: "დღეს ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, საქართველოს მოქალაქის რ. ხაჩატურიანის პირად ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა ნაპოვნი, რომელიც დროულად იქნა გაუვნებელყოფილი. რ. ხაჩატურიანი საქართველოს მოქალაქეა და საელჩოში მძღოლად მუშაობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული". იმავე დღეს, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლის ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთებელი მოწყობილობის ამოქმედდა და რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანელი ტერორისტები საქართველოსა და ინდოეთში ისრაელის საელჩოების შენობებთან ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქებას ცდილობდნენ. მეორე დღესვე ირანის მაშინდელმა პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა განაცხადა, რომ ტერაქტები საქართველოსა და ინდოეთში თავად ებრაელების მიერ იყო ორგანიზებული. "ამ საქმეში ისრაელის სპეცსამსახურების ხელი ურევია, ახლა კი კუდიანებზე ნადირობა დაიწყება და ყველაფერში ირანი და ისლამისტები იქნებიან დამნაშავეო". თუმცა შორეულ ტაილანდში მეორე დღეს მომხდარი ტერაქტი სხვაზე მიგვანიშნებს.

2012 წლის 14 თებერვალს სამი აფეთქების ხმა გაისმა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში. შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა იმ სახლში, სადაც ირანელები ცხოვრობდნენ. აფეთქებამ ნაწილობრივ დააზიანა სახლის სახურავი. აფეთქებების შედეგად ერთ-ერთი ირანელი მძიმედ დაიჭრა. ამ ირანელს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ზურგჩანთაში ჰქონდა. მის გარდა, დაიჭრა კიდევ ოთხი ადამიანი. დაჭრილ ირანელს აღმოუჩინეს ფული ტაილანდურ, ირანულ და ამერიკულ ვალუტაში, აგრეთვე ყალბი დოკუმენეტები. მაშინ ტაილანდელმა ძალოვნებმა მიმართეს ირანის ხელისუფლებას თხოვნით, აეხსნა, თუ რეალურად ვინ იყვნენ და რა მზნით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში ირანის მოქალაქეები, რომელთაც ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოუჩინეს. ტაილანდის სპეცსამსახურების ინფორმაციით კი ეს პირები აპირებდნენ ებრაელ დიპლომატებზე თავდასხმასა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კუთვნილ ავტომობილებში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას.

ამ ფაქტს მაშინ ისრაელის ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა: თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა განაცხადა, რომ ბანგკოკის აფეთქებების უკან ირანი დგასო. “ჩვენ ვიცით, ვინ განახორციელა ტერაქტები, ჩვენ ვიცით ვინ გაგზავნა ეს პირები ტაილანდში და ისრაელი შურს იძიებსო”– განაცხადა მაშინ ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა იცჰაკ აარონოვიჩმა. მაშინდელი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც თვლიდა, რომ ამ თავდასხმების უკან ირანი და "ჰესბოლა" იდგნენ. ირანის ხელისუფლებას კი მიაჩნდა, რომ ეს ტერაქტები ისრაელის მოწყობილი იყო, იმ მიზნით, რომ ირანსა და ტაილანდს შორის მეგობრულ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდესო. ტერაქტების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიურ წარმომადგენლებს დაავალა თავდასხმებისთვის მზადების დონე აემაღლებინათ. თავის მხრივ, არც ისრაელის სპეცსამსახურები არიან „ფრთიანი ანგელოზები“: მათი დევიზია „სისხლი – სისხლის წილ“, ხოლო სავიზიტო ბარათი: „სპეცოპერაციები დედამიწის ნებისმიერ წერტილში“. ისრაელის სპეცსამსახურების სტრატეგიული ამოცანა ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება იყო და დღესაც რჩება.

ირანის ბირთვული პროგრამის (საიდანაც უკვე ერთი ნაბიჯია ატომური იარაღის წარმოებამდე) წარმატება შესაძლებელი გახდა ორი ფაქტორის თანხვედრის შედეგად. პირველი ფაქტორი ობიექტურია და ირანის ბუნებრივ რესურსებს უკავშირდება. ნავთობისა და ბუნებრივი გაზის რესურსების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს ირანის ხელისუფლება განკარგავს და თუ საით წარმართავს ამ უზარმაზარ “ფინანსურ იარაღს”, ეს მხოლოდ მათ კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. თუმცა ბირთვული იარაღის შესაქმნელად მხოლოდ ფული საკმარისი არაა. საჭიროა აგრეთვე შესაბამისი ტექნოლოგიები და სამეცნიერო კადრები. ეს კი ირანს საიდან უნდა ჰქონოდა? სწორედ მეორე ფაქტორის ­- სპეცსამსახურების ამოქმედებით შეძლო ირანის ხელისუფლებამ ბირთვული პოტენციალის ამ აუცილებელი კომპონენტების მოპოვება, რის შემდეგაც ეს საკითხი XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოს სერიოზულ თავისტკივილად იქცა. ამიტომ პირდაპირ შეიძლება განვაცხადოთ : ირანის სამხედრო და ბირთვული პროგრამების მთავარი შემომქმედნი ირანის სპეცსამსახურები არიან.

ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ქმედება უკუქმედებას წარმოშობს და ირანის ბირთვული პროგრამის მოწინააღმდეგენი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ირანისთვის ხელის შეშლას. ამ რამდენიმე წლის წინ აშშ–ის სპეცსამსახურებში სპეციალური ვირუსული პროგრამა შექმნეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ირანის ბირთვული კვლევის ცენტრებს. ამავე დროს, ძალზე გახშირდა ირანელი ფიზიკოსების მკვლელობის შემთხვევებიც.

2006 წლის თებერვლიდან 2007 წლის მარტამდე ირანში კატასტროფა განიცადა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამმა თვითმფრინავმა. თითოეულ ამ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ადამიანები. ერთ-ერთ ასეთ კატასტროფაში დაიღუპა გენერალი აჰმად კაზემი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სახმელეთო ძალების მეთაური. მასთან ერთად დაიღუპა მისი შტაბის თორმეტი წევრიც.

kazemi-1700499741.jpg
აჰმად კაზემი

2007 წლის 15 იანვარს, 44 წლის ასაკში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ირანელი ფიზიკოსი არდეშირ ჰასანპური. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მასმედიამ გაავრცელა. ამის შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამაც დაადასტურა ფიზიკოსის გარდაცვალება და მიზეზად ბუნებრივი გაზით მოწამვლა დაასახელა, თუმცა რაიმე დამატებითი დოკუმენტური მასალები არ გამოქვეყნებულა. ჰასანპური ირანის ატომური პროექტის ერთ-ერთ ავტორად ითვლებოდა. 2003 წელს ის “ისლამური რესპუბლიკის საუკეთესო სამხედრო მეცნიერად” დასახელეს. 2005 წლიდან კი ელექტრომაგნიტური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა. მისმა სიკვდილმა კიდევ უფრო დაძაბა ირანის ბირთვული პროგრამის (საიდანაც უკვე ერთი ნაბიჯია ატომური იარაღის წარმოებამდე) ირგვლივ ატეხილი მრავალწლიანი სკანდალი. არდეშირ ჰასანპურს მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუს ფიზიკოსებთან და სავარაუდოა, რომ რუსეთის ატომურ კვლევით ცენტრებშიც მრვალჯერ იყო მივლინებული. ამ გაურკვევლობის საბურველქვეშ ჰასანპურის გარდაცვალებამ მრავალი ვერსია წარმოშვა. მისი როლი ირანის ატომურ პროგრამაში მართლაც უდიდესი იყო და თუ ის სპეცსამსახურებმა მოკლეს, მაშინ ამ ოპერაციის უკან უპირველესად ისრაელის დაზვერვა “მოსადი” უნდა მოვიაზროთ. სპეცსამსახურებიდან ერთადერთ მას შეუძლია ამგვარი ფარული სპეცოპერაციის უხმაუროდ განხორციელება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და კვალის წაშლა. 2011 წლის 23 ივლისს თეირანში საკუთარი სახლის კართან მოკლეს 46 წლის ირანელი ფიზიკოსი, პროფესორი დარიუშ რეზაეი, ირანის ბირთვული ენერგიის კომისიის წევრი და თეირანის უნივერსიტეტის ლექტორი.

2021 წლის 27 ნოემბერს ირანელი მეცნიერი და ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე , ჯერ კიდევ ბოლომდე

fahrizade-1700499817.jpg
მოჰსენ ფაჰრიზადეს დაკრძალვა

დაუდგენელ ვითარებაში ირანში მოკლეს. მაშინ ირანის ხელისუფლებამ პირველივე წუთებიდან მკვლელობაში, რაღა თქმა უნდა, ისრაელი დაადანაშაულა. ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა მაშინ განაცხადა: "კიდევ ერთხელ დაისვარა ბოროტი ხელები სიონისტური რეჟიმის სისხლით. მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა აჩვენებს მტრის სასოწარკვეთასა და განუზომელ სიძულვილს. მიუხედავად ყველაფრისა, ირანის მიღწევები არ შენელდებაო".

ისრაელისა და ირანის სპეცსამსახურების „ფარული ომის“ ერთ–ერთი ეპიზოდი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა, რაც ზუსტად ერთი წლის წინ: 2022 წლის 15 ნოემბერს გახდა ცნობილი. ტერორისტული ოპერაციის მსხვერპლი საქართველოში დაბადებული ცნობილი ებრაელი ბიზნესმენი და პოლიტიკური მოღვაწე უნდა ყოფილიყო.

(პირველი ნაწილის დასასრული)