საოკუპაციო ტურიზმი - ყირიმის ნაცვლად აფხაზეთში ანუ "დაიტევს" თუ არა ოკუპირებული ქართული რეგიონი 1.5 მილიონ რუსს
„უკრაინასთან ომის დაწყების გამო დასავლეთის მიერ რუსეთისათვის სანქციების გამოცხადების შემდეგ რუსებს მოგზაურობის არეალი შეუვიწროვდათ, თუმცა, რა თქმა უნდა, რუს ტურისტებს მაინც აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურონ“, - ნათქვამია გერმანული გაზეთის „დი ველტის“ (Die Welt) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სად დადიან რუსები დასასვენებლად // საქართველოს რეგიონი აფხაზეთი, სავარაუდოდ, რუსებისათვის მეორე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცევა, თურქეთის შემდეგ“ (ავტორი - ტიმ დალდრუპი).
როგორც ცნობილია, ბოლო ორ წელიწადში საქართველოში კვლავ მატულობს რუსი ტურისტების რაოდენობა და თანდათან ყველაზე რეკორდულს - 2019 წლის მაჩვენებლებს უახლოვდება. ამიტომაც, ალბათ, საინტერესოა გერმანული გაზეთის გამოკვლევა რუსული ტურიზმის მიმართულებების შესახებ. სხვათა შორის, პუბლიკაციაში მოხსენიებულია აფხაზეთიც, რომელმაც რუსი ტურიზმის მოყვარულებში ყირიმი ჩაანაცვლა. ავტორი იქვე მიუთითებს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
რუსებს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის შანსები შეუმცირდათ: ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაშიც, ისინი ახლა კანტი-კუნტად თუ გამოჩნდებიან, მაგრამ სამაგიეროდ, დიდი რაოდენობით მიემგზავრებიან ტროპიკულ, მზიურ ქვეყნებში. სხვათა შორის, ის ადგილები, რომლებიც რუსებს მოსწონთ დასასვენებლად, ევროპელებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ტაილანდში, მაგალითად, რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდის მაჩვენებლებმა არნახულ ტემპს მიაღწია: 2023 წლის პირველ ნახევარში, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მატება 1000%-ს შეადგენს! ქვეყნის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის ივნისში ტაილანდს 792 ათასი რუსი ტურისტი ეწვია. მაგრამ ტაილანდს მხოლოდ მესამე ადგილი უკავია რუსი მოგზაურების თვალში.
თურქეთი, დუბაი და უფრო იქით...
პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2,6 მილიონი რუსმა მოინახულა. მიმოსვლა ვიზის გარეშეა, რუსეთიდან თურქეთში გაფრენა ექვსი პირდაპირი ავიარეისით შეიძლება სხვადასხვა ქალაქებში (ანკარაში, სტამბოლში, ანტალიაში, იზმირში...). ამრიგად, რუსები ჩემპიონები არიან თურქეთში დასვენების თვალსაზრისით. მათ მიჰყვებიან გერმანელები - 2,27 მილიონი ტურისტით 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში.
არაბთა გაერთიანებული საემიროები პოპულარობით მეორე ადგილზე არიან. ამ პატარა არაბულ ახლოაღმოსავლურ სახელმწიფოს 800 ათასი რუსი ტურისტი ეწვია. მხოლოდ დუბაის საემირო მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე 554 ათასმა რუსმა მოგზაურმა მოინახულა.
ტაილანდი, როგორც უკვე ითქვა, რუს ტურისტებში მესამე იკავებს. ეს შესაძლებელია გახდა რუსეთის დიპლომატიის წყალობით - მოლაპარაკების საფუძველზე გაიზარდა ავიარეისების რაოდენობა ბანგკოკისა და საკურორტო კუნძულ ფხუკეტის მიმართულებით.
ეგვიპტის პირამიდებიდან „ცის დასალიერამდე“...
ეგვიპტე, რომელიც მეოთხე ადგილს იკავებს, ასევე პოპულარულ მიმართულებად ითვლება. პირამიდები და წითელი ზღვის ნაპირზე მდებარე ფეშენებელური კურორტები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, 750 ათასმა რუსმა დაათვალიერა და დაისვენა.
ბევრ რუს მოგზაურს შეხვდებით ვიეტნამში და ჩინეთში, სადაც პირველი აგვისტოდან რუსი ტურისტები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ინდოეთში (პირდაპირი ავიარეისებით ნიუ-დელიში და გოაში), კუნძულ შრი-ლანკაზე და უფრო შორს, „ცის დასალიერში“ - სეიშელისა და მალდივის კუნძულებზე, ასევე აშშ-სთან ახლოს - კუბაზე, სადაც ცნობილი კურორტი ვარადერო მდებარეობს (ახლახან აღდგა რუსული „აეროფლოტის“ პირდაპირი ავიარეისი ჰავანასთან). სხვათა შორის, კარიბის ზაში მდებარე კუბა ერთადერთი სახელმწიფოა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს რუსეთთან (ვაშინგტონმა და ოტავამ დიდი ხანია რუსულ ავიაციას ფრენა აუკრძალა).
ევროპის „გაუცხოება“
რაც შეეხება ევროპას: რუსეთის ტურისტული ასოციაციის მტკიცებით, 2022 წელს ევროპულ ქვეყნებში რუსი ტურისტების რაოდენობამ 84%-ით იკლო, 2021 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს კიდევ უფრო შემცირდა. მთავარი დაბრკოლება ვიზების გაცემის პრობლემა და ავიარეისების შეწყვეტა გახდა. თუმცა რუს ტურისტების მცირედ, მაგრამ მაინც შეხვდებით იტალიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ესპანეთის კურორტებზე, თუმცა იმდენს არა, როგორც ოდესღაც იყო.
გერმანიის ფედერალურმა სტატისტიკურმა უწყებამ დააფიქსირა, რომ 2023 წლის იანვრიდან მაისამდე გერმანიას მხოლოდ 52 ათასი რუსი ტურისტი ეწვია - 2019 წელს კი მათი რაოდენობა 300 ათასს აჭარბებდა.
აფხაზეთში, ყირიმის ნაცვლად...
რუსულ ტურიზმში განსაკუთრებული ადგილი უკავია ყირიმის ნახევარკუნძულს, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში 2014 წელს „შევიდა“. რუსული მასმედიის მონაცემებით, 2021 წელს, უკრაინასთან ომის წინა წელს, ყირიმში საზაფხულო შვებულება გაატარა 9 მილიონზე მეტმა რუსმა, მაგრამ 2022 წლის ზაფხულში დამსვენებლთა რაოდენობა, ნახევარკუნძულის ომის ფრონტთან სიახლოვის გამო, დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა. ყირიმული ტურიზმის დაცემა გრძელდებოდა მიმდინარე წელსაც - სასტუმროებში დაჯავშნულმა ადგილებმა შარშანდელი რაოდენობის მხოლოდ ერთი პროცენტი შეადგინა.
ამჟამად ყირიმის ნაცვლად რუსი დამსვენებლები უპირატესობას აფხაზეთს ანიჭებენ. საერთაშორისო სამართლის თანახმად, შავი ზღვის ნაპირზე მდებარე ეს რეგიონი საქართველოს შემადგენლობაშია, მაგრამ [1990-იანი წლების დასაწყისში] აფხაზეთმა ცალმხრივად, რუსეთის ხელშეწყობით და მფარველობით გამოაცხადა დამოუკიდებლობა, [რომელიც მოსკოვმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოფიციალურად აღიარა, მას მიბაძა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ], თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ კრემლის ნაბიჯი დაგმო.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის პლაჟები დასვენებისთვის პოპულარულ ადგილს წარმოადგენდნენ. 2022 წელს რეგიონს 1 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია. მიმდინარე წელს კი, „აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროს“ წინასწარი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1,5 მილიონს გაუტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი გაასწრებს საემიროებს და, შესაბამისად, მეორე პოპულარულ მიმართულებად გადაიქცევა რუსი ტურისტებისთვის, თურქეთის შემდეგ.
მოამზადა სიმონ კილაძემ