ზელენსკი და ზალუჟნი „შიდა ომს“ იწყებენ პუტინის გასახარად?! - ვის დაბრალდება უკრაინის არმიის წარუმატებელი კონტრშეტევა
ომის პირობებში მყოფმა ქვეყანამ ყველანაირად უნდა დამალოს შიდა პრობლემები, რათა მათი სახალხოდ გამომზეურების შემდეგ, ამით მოწინააღმდეგე მხარემ არ ისარგებლოს...
რუსეთ-უკრაინის ომში პოლიტიკოსებისა და სამხედროების უკიდურესად დაპირისპირების გამოვლენა ერთხელ უკვე მოხდა, როდესაც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი პრიგოჟინი ისე მკვეთრად დაუპირისპირდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენშტაბის უფროსს გერასიმოვს, რომ მათ „მოსაძებნად და დასასჯელად“ როსტოვში სამხედრო შტაბი დაიპყრო და თავისი ერთგული „ვაგნერელები“ ჯავშანმანქანებით მოსკოვისკენაც დაძრა, რომლებიც გზადაგზა რუსულ სამხედრო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებსაც კი აგდებდნენ...
საერთო ჯამში პრიგოჟინის ეს „სამხედრო ამბოხება“ მთელ მსოფლიოში და მათ შორის თავად რუსეთშიც აღქმული იქნა, როგორც კონკრეტული დარტყმა პრეზიდენტ პუტინის იმიჯზე და საპასუხო დაუნდობელმა სვლამაც არ დააგვიანა - პრიგოჟინი თანამოაზრეებთან ერთად „ციდან ჩამოხსნეს“-თვითმფრინავშივე ააფეთქეს...
პრიგოჟინის უკმაყოფილების მთავარ მოტივს წარმოადგენდა ის, რომ შოიგუ-გერასიმოვის დუეტი მის „ვაგნერელებს“ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალას არ აწვდიდა ბახმუტისთვის ბრძოლაში, რასაც „ვაგნერის“ მებრძოლების გაუმართლებლად დიდი მსხვეპლი მოჰყვებოდა ხოლმე...
და აი, ფრონტის მეორე მხარეს მყოფი, სხვა გენერალი, კერძოდ კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი დასავლურ მასმედიაში ჯერ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს და შემდეგ ვრცელ ინტერვიუს იძლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოდგა წარუმატებელი ჯერ კიდევ ივნისში დაწყებული უკრაინის არმიის კონტრშეტევა, რომელზეც თავად უკრაინაშიც და ყველა სხვა ქვეყნებშიც, ვინც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებას ვქომაგობთ, დიდი იმედით შევყურებდით...
მიუხედავად იმისა, რომ გენერალმა ზალუჟნიმ უფრო სამხედრო სახის ანალიზი გაავრცელა და არ შეეხო პოლიტიკურ ასპექტებს, მაინც იგრძნობოდა, რომ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის არაერთ საკითხში, რაც საბრძოლო მოქმედებების წარმოების ტაქტიკასა და სტრატეგიას შეეხებოდა, აზრები იყოფოდა...
და პასუხმაც არ დააგვიანა - ცნობილ ბრიტანულ ტაბლოიდში The Sun-ში გუშინ ქვეყნდება უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელშიც ის სენსაციურ განცხადებას აკეთებს -„თუკი სამხედრომ გადაწყვიტა პოლიტიკით დაკავება, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და მას ომისთვის აღარ უნდა ეცალოს. თუ შენ ხელმძღვანელობ ომს და თანაც მხედველობაში გაქვს, რომ ხვალ პოლიტიკითა და არჩევნებით დაკავდები, ამასთან წინა ხაზზე იქცევი, როგორც პოლიტიკოსი და არა სამხედრო, მე ვთვლი, რომ ეს დიდი შეცდომაა, “-არცთუ ორაზროვნად განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და იმისთვის, რომ არავის დარჩენოდა კითხვა,თუ ვის მიმართ იყო გაკეთებული ეს განცხადება, ზელენსკიმ დააკონკრეტა- „გენერალ ზალუჟნისთან და ყველა მეთაურთან პატივისცემის მიუხედევად, უნდა არსებობდეს იერარქია.ომის კანონებისა და დროის მიხედვით ეს არც კი განიხილება. ამას ერის ერთიანობისკენ არ მივყავართ“.
პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავარსარდალ ზალუჟნის შორის პირველმა შავმა კატამ შეიძლება ჯერ გასულ წელს მას შემდეგ გაირბინა, როდესაც უკრაინის არმიამ ელვისებური წარმატებული კონტრშეტევა განახორციიელა ხარკოვის ოლქიდან რუსი ოკუპანტების გასაყრელად და შემდეგ უკვე ხერსონიდან და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან აიძულა კუდამოძუებული გაქცევა პუტინის არმიას.
მაშინ უკრაინის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ ზალუჟნის პირად დამსახურებად ჩათვალა ,რამაც ამ უკრაინელ გენერალს წარმოუდგენლად აუწია რეიტინგი და ბევრმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო პრეზიდენტის სავარძელში არა ზელენსკის, არამედ ზალუჟნის წარმოდგენა...
პრეზიდენტ ზელენსკის კარზე ეს შეუმჩნეველი, რა თქმა უნდა, არ დარჩებოდათ და მათი შეშფოთება თანდათანობით იზრდება უკრაინაში 2024 წლის მოახლებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
ომში მყოფ უკრაინაში დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდება, თუმცა კაცმა არ იცის რა სიტუაცია იქნება მომავალი წლის გაზაფხულისთვის, პირიქით შეიძლება მანამდეც კი განხორციელდეს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილება ,თუკი უკრაინას ფრონტის ხაზზე წარუმატებლობებ დაეწყება და რუსი ოკუპანტები კვლავ გააგრძელებენ ახალ-ახალი უკრაინული ქალაქების დაპყრობას...