დეზერტირობა 10 ათასად ანუ მწარე სიმართლე უკრაინელებისთვის - როგორ იმალებიან მამაკაცები, რომლებიც, წესით, ფრონტზე უნდა იყვნენ
„ევროკავშირის ქვეყნებში თავშეფარებული უკრაინელების დიდ ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენენ, მაგრამ გაქცეულებს შორის არიან ისინიც, ვინც ჯარში სამსახურს თავს არიდებს და სამშობლოში დაბრუნება არ სურს“, - ნათქვამია ავსტრიულ გაზეთ „ექსპრესში“ (Die Express) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში სათაურით - „უკრაინელი მამაკაცების მნიშვნელოვან ნაწილს ჯარში სამსახური არ სურს და თავს ევროკავშირს აფარებს“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინაში საქმე არცთუ ისე კარგად მიდის. მასშტაბურმა კონტრშეტევამ, რომელზეც მოსახლეობა დიდ იმედებს ამყარებდა, სასურველი შედეგები არ გამოიღო - ამას უკვე უკრაინელი მაღალჩინოსანი ოფიცრებიც ადასტურებენ. მსგავსი არასასიამოვნო ამბები ცუდ დროს ვრცელდება, მით უმეტეს - ახლა, როცა ცნობილი ხდება, რომ გერმანიაში 190 ათასი უკრაინელი იმყოფება. ისინი ჯარში გასაწვევი ასაკისანი არიან, მაგრამ არმიაში სამსახურს თავს არიდებენ და იმალებიან. მთლიანობაში, ევროკავშირის ქვეყნებს თავს 650 ათასი უკრაინელი აფარებს.
ძალიან ნაცნობი სურათია: ახალგაზრდა უკრაინელი ბიჭები თავიანთ მდიდრულ ავტომანქანებს ვენის პოპულარულ სასტუმროებთან აყენებენ. ავტომობილების ნომრებზე წარწერა და სახელმწიფო ნიშანი - „უკრაინა“, ყვითელ-ლურჯი ზოლებით, უჩვენებს, რომ ისინი უკრაინელი მამაკაცები არიან, რომლებიც თავიანთი ფიზიკური მონაცემებით, საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. არადა, 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვება, სპეციალური ნებართვის გარეშე, აკრძალული აქვთ (გამონაკლისის სახით, ნებადართულია მათთვის, ვისაც სამი და მეტი შვილი ჰყავს).
გერმანული უწყებების მიერ შეგროვებული ბოლო მონაცემები ნათლად ცხადჰყოფენ ახალგაზრდა უკრაინელების ზნეობრივ და მორალურ დონეს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) გერმანიაში ზუსტად 221 571 უკრაინელი მამაკაცი ჩავიდა, რომელთა ასაკი 18-დან 60 წლამდეა. ამჟამად გერმანიის მიწაზე, მთლიანობაში, 189 484 უკრაინელი მამაკაცი იმყოფება, რომლებიც ოფიციალურად არიან რეგისტრირებულები. იმავდროულად, სამინისტროს განცხადებით, კიდევ დაახლოებით ასი ათასი უკრაინელი არ დარეგისტრირებულა და, შესაბამისად, გერმანიაში არალეგალურად ცხოვრობს.
ისეთი მამაკაცების უკმარისობა, რომლებსაც იარაღის ხელში დაჭერა შეუძლიათ, უკრაინისათვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, დამქანცველი ომის მეორე წლის ბოლოსთვის. რაკეტების, ტანკების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო აღჭურვილობის სხვა სახეობების შეცვლა, პრინციპში, ყოველთვის შესაძლებელია და თეორიულად, მათი ხარჯვა უსასრულოდ შეიძლება მოხდეს, სანამ კიევს დასავლეთი აწოდებს, მაგრამ ცოცხალი ძალის, ჯარის პირადი შემადგენლობის მიმართ სიტუაცია არცთუ კარგად არის და,
პირდაპირ თუ ვიტყვით, ძალიან ცუდადაა.
რუსი ჯარისკაცების გამოჩენამ კიევთან ახლოს ომის დაწყების პირველ თვეებში უკრაინის მოქალაქეების მასობრივი გადაადგილების ზვავი გამოიწვია. რასაკვირველია, ეს იყო როგორც „შიდა მიგრაცია“, ასევე - საზღვარგარეთულიც, როცა მოსახლეობა უკრაინის ფარგლებს გარეთ გარბოდა.
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის სამმართველოს ცნობით, უკრაინა დატოვა ქვეყნის 6,3 მილიონმა მოქალაქემ, რომელთა შორის დიდი ნაწილი ქალებისა და ბავშვებისაგან შედგება. ამასთან, როგორც ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური იუწყება, სულ 27 წევრ ქვეყანაში, აგრეთვე, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში და ნორვეგიაში 650 ათასი ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცი იმყოფება.
ბევრს იმ უკრაინელებიდან, რომლებიც გერმანიაში არიან თავშეფარებულები, ალბათ, მართლაც არ სურთ ომი და ბრძოლა. გასაგებია, რომ ისინი ფრონტზე რუსებთან შეტაკებასა და სისხლისღვრას თავს არიდებენ, გასაგებია, რომ მათ სიკვდილის შიში აქვთ. ამას ადასტურებს დეზერტირების დამხმარე არასამთავრობო ორგანიზაციის - Connection e.V.-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მონაცემებით, უკრაინის არმიაში გაწვევას თავი აარიდა, დაახლოებით, 175 ათასმა ახალგაზრდამ, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიაში იმყოფება.
და რაღა შორს წავიდეთ, ჩვენთანაც, ავსტრიაში, ანალოგიური მდგომარეობაა - თითქმის 14 ათასი გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცი ლტოლვილის სტატუსით იმყოფება. რასაკვირველია, მათგან ბევრს გაყალბებული დოკუმენტი აქვს, ზოგიც - უკრაინის საზღვარზე არალეგალურად, კონტრაბანდისტების დახმარებით გადმოვიდა. ამბობენ, რომ ზოგიერთმა არალეგალმა ყალბი ცნობისათვის 10 ათასამდე დოლარი გადაიხადა.
მოამზადა სიმონ კილაძემ