"დედაჩემმა დაიბარა კრემაცია. ჩვენ სურვილი შევუსრულეთ, თუმცა..." - ხათუნა სამნიძის ინიციატივა: ჩაანაცვლებენ თუ არა სასაფლაოებს კრემატორიუმები?
“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ კრემაციის რეგულირების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონში ცვლილებებს გულისხმობს. ინიციატივის ავტორის თქმით, მას სურს, შექმნას არჩევნის თავისუფლება, რათა ადამიანმა გარდაცვალების შემდეგ თავად გადაწყვიტოს, რა მოუვიდეს მის სხეულს. კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტში 27 ნოემბერს გაიმართება
- ადამიანმა თავად უნდა განკარგოს, თუ რა მოუვა მის სხეულს გარდაცვალების შემდეგ. ჩვენი კანონმდებლობით არ იკრძალება კრემაცია, მაგრამ არც დარეგულირებული არის. თუ ვინმეს სურს, რომ კრემაცია განხორციელდეს, ამას ვერ გააკეთებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კრემატორიუმები. საკითხის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალში კრემაცია არის ანუ ეკონომიკურ საქმიანობად ის განსაზღვრულია, მაგრამ საჭირო იყო ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ კანონში ცვლილება, სადაც უნდა დაგვემატებინა, თუ ვინ უნდა გასცეს ლიცენზია, რომ ადამიანმა ეს საქმიანობა დაიწყოს.
ინიციატივის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლება ნებართვებზე, სანიტარულ ნორმებზე და სხვადასხვა საკითხზე შეიმუშავებს ლიცენზირების სტანდარტებს და შემდეგ უკვე გაიცემა ლიცენზია. ეს უნდა გააკეთოს კერძო სექტორმა და არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა განხორციელდეს საბიუჯეტო თანხებით. ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ ინვესტიციებთან. ჩვენ გამოკითხვაც ჩავატარეთ. შეკითხვა ასეთი იყო: რომ არსებობდეს კრემატორიუმი, გამოიყენებდნენ თუ არა? გამოკითხულთა 6%-მა თქვა, რომ არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენებდა. გამოკითხულთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. ეს ადასტურებს, რომ ეს არის მომავლის საკითხი და ხვალ და ზეგ არ გადაწყდება.
- ამ კანონპროექტის იდეა საიდან გაჩნდა?
- ხშირად მეკითხებიან, რატომ დავინტერესდი ამ თემით. ეს საკითხი პირადად ჩემს ოჯახს შეეხო. დედაჩემმა დაიბარა კრემაცია. ჩვენ ეს სურვილი შევუსრულეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ეს ვერ მოხერხდა. ამერიკაში მოგვიწია გადასვენებამ. ვთვლით, რომ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანაში მიიღონ ეს სერვისი. ინიციატივის გახმაურების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით.
- ამ საკითხის წამოჭრა დამატებით ხომ არ უკავშირდება სასაფლაოების პრობლემასაც? სულ არის საუბარი სასაფლაოებზე ადგილის პრობლემაზე.
- კი, ესეც არის ჩვენი კვლევის ნაწილი. მაგალითად, თბილისში, მუნიციპალური სასაფლაოების 75% უკვე არის ათვისებული, გორში - 95%. მუნიციპალიტეტების მიხედვით, სტატისტიკა მართლაც არის ძალიან მძიმე.
- თუ გქონიათ კონსულტაცია სასულიერო პირებთან ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ჩვენ გვქონდა საუბრები გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებთან. რელიგიები ამის წინააღმდეგი არ არიან. შესაძლოა, ისინი კრემაციის მეთოდს არ იყენებენ, თუმცა - არც კრძალავენ. ჩვენ, ასევე, ვნახეთ საპატრიარქოს ძველი, 2016 წლის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი არ კრძალავენ კრემაციას, თუმცა არც მოუწოდებენ. მე ვიცი შემთხვევები, როდესაც ფერფლი ჩამოასვენეს და ის ეკლესიაში იყო დასვენებული.
სოფო კაჭარავა
(სპეციალურად საიტისთვის)