"ჩემი შვილების წიგნებში ზოგჯერ ისეთი მდარე ლექსი ან მოთხრობა შემხვედრია, მიფიქრია: რატომ ხარჯავენ ამდენ დროს წიგნის ავტორები-მეთქი?"
რას შეცვლიდით თანამედროვე ქართულ სკოლებში?
"ჩემი გოგონა დაწყებით კლასებში საკმაოდ კარგად სწავლობდა. ფასიან სკოლაში ვატარებდით, სადაც საუკეთესო მასწავლებლები ჰყავდა. სამი წლის წინ, მეუღლემ სამსახური დაკარგა და ოჯახში ფინანსური პრობლემები დაიწყო... იძულებული გავხდით, ბავშვი სახლთან ახლოს, საჯარო სკოლაში გადმოგვეყვანა. ვაკვირდები და ვხედავ, რომ ამ სამ წელიწადში ბავშვი უკან-უკან წავიდა: გამართული წინადადების ჩამოყალიბება უჭირს; თემებს როცა წერს, სიტყვებიც არ ჰყოფნის; დამოუკიდებლად ვერც ერთ საგანს ვერ ამზადებს და რაც ყველაზე ცუდია, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უძნელდება. უნიჭო რომ იყოს, არ ვიჯავრებდი, მაგრამ თუ ძველ სკოლაში კარგად სწავლობდა, აქ რა ემართება?! ძალიან დაბნეული ვარ და როგორ მოვიქცე, აღარ ვიცი!" - შემოგვჩივლა ჩვენმა მკითხველმა, რომლის შვილიც 12 წლისაა. რა არ მოგწონთ და რას შეცვლიდით თანამედროვე სკოლებში? - ამ შეკითხვით ცნობილ ადამიანებს მივმართეთ.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
ონისე ონიანი, მსახიობი, ტელეწამყვანი:
"ჯერ იმით დავიწყებ, რაც მომწონს: დღევანდელ ბავშვებში ის მომწონს, რომ უფრო ლაღები არიან, რადგან გაცილებით თავისუფალ გარემოში სწავლობენ. ჩვენს თაობასთან შედარებით, ისინი უფრო თავისუფლად აზროვნებენ და ისეთი შებოჭილები არ არიან, როგორც ჩვენი თაობის მოზარდები იყვნენ. ჩვენ უფრო შიშში ვიზრდებოდით და მასწავლებლების მიმართაც სულ სხვა დამოკიდებულება გვქონდა. თუმცა, არსებობს რისკი, რომ ზედმეტმა თავისუფლებამ ამ თაობას ზიანი მოუტანოს..."
ირმა სოხაძე, მომღერალი, ტელეწამყვანი:
"პედაგოგიკის სპეციალისტი არ ვარ, ამიტომ, მხოლოდ მშობლის და ბებიის პოზიციიდან ვილაპარაკებ: მინდა, რომ სკოლაში ბავშვები უფრო ღრმად სწავლობდნენ ქართულ ენას, ჩვენი სამშობლოს ისტორიას; ვისურვებდი, რომ სახელმძღვანელოებში კლასიკური, ტრადიციული ლექსები და მოთხრობები იყოს - ნამდვილი მარგალიტები, რომელიც ბლომად გვაქვს. ჩემი შვილების წიგნებში ზოგჯერ ისეთი მდარე ლექსი ან მოთხრობა შემხვედრია, მიფიქრია: რატომ ხარჯავენ ამდენ დროს წიგნის ავტორები-მეთქი?.."
მანანა ნაჭყებია, პოლიტიკოსი:
"ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა საერთაშორისო კვლევის თანახმად, საქართველოში განათლების დონე ძალიან დაბალია, რაც ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება განათლების სფეროში ატარებს. წესით, ამ სფეროზე ძალიან დიდი ფული უნდა იხარჯებოდეს. ცნობილი ამბავია: არ დახარჯავ ფულს? - არ გექნება მაღალი დონის განათლების სისტემა..."
ლაშა ჩხარტიშვილი, ეკოლოგი, პოლიტიკოსი:
"გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, საქართველოს განათლების სისტემაში კატასტორფული მდგომარეობაა. სასკოლო განათლებაში ხომ არანაირი პროგრესი არ იგრძნობა. ეს ნამდვილი ტრაგედიაა, რადგან გაუნათლებელი და ღარიბ-ღატაკი ხალხის მართვა ადვილია. ჩვენთან ამ ხერხს მიმართავდა ყველა მთავრობა, შევარდნაძიდან მოყოლებული - დღემდე. საერთოდ, ავტორიტარებს უყვართ ხალხის ხარჯზე ცხოვრება და ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება..."
დეა მეტრეველი, კულტურის მენეჯერი:
"როდესაც კითხულობ საერთაშორისო კვლევის შედეგებს, რომ ჩვენი ბავშვები სკოლაში მშივრები დადიან და გული მისდით, სირცხვილის გრძნობა გეუფლება! თუკი წალენჯიხაში შეძლეს და პირველკლასელებისთვის უფასო კვება შემოიღეს, რა უშლის ხელს სხვა მუნიციპალიტეტებს, რომ ასეთივე პროგრამები შეიმუშაონ? აღარაფერს ვამბობ თბილისზე, სადაც ქალაქის მერი მილიონებს ხარჯავს მეათეხარისხოვან საკითხებზე..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე