"მაშინ დაგვცინოდნენ, რა ხელოვნური ინტელექტიო" - პირველი მსოფლიო კონგრესი ხელოვნურ ინტელექტში საქართველოში ჩატარდა - კვირის პალიტრა

"მაშინ დაგვცინოდნენ, რა ხელოვნური ინტელექტიო" - პირველი მსოფლიო კონგრესი ხელოვნურ ინტელექტში საქართველოში ჩატარდა

შალვა გვარამაძე იყო იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ვინც საქართველოში პირველმა დაიწყო მუშაობა ხელოვნურ ინტელექტზე. მან დაამთავრა თსუ-ს კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი და სპეციალობით კარგა ხანს მუშაობდა. მერე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფერომ დააინტერესა და ამ დარგშიც მიიღო საფუძვლიანი განათლება. წლების წინ ღვინის დაყენებაში მოსინჯა ძალები, ეს საქმეც კარგად გამოუვიდა. უყვარს ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა... ის არამხოლოდ სიამოვნებას იღებს ხელოვნების ამა თუ იმ დარგთან ურთიერთობისას, მისი გაანალიზების და სიღრმეებში წვდომის უნარიც შესწევს. მისთვის არც სპორტია უცხო. ასე რომ, ვფიქრობ, ბატონ შალვასთან საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"პირველი მსოფლიო კონგრესი ხელოვნურ ინტელექტში 1976 წელს, საქართველოში ჩატარდა. 500-მდე მონაწილედან ნახევარი უცხოელები იყვნენ და მათგან 70% - ამერიკელები. ჭავჭანიძემ მოგვცა საშუალება და ჩვენ ამ კონგრესის კონფერენციებში ვმონაწილებდით, ორ კომიტეტში ვმუშაობდით, კორიფეებს გავეცანით. ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი შედეგები მოიტანა, რომ მაშინვე დაინტერესდნენ სამხედროები და კიბერნეტიკის ინსტიტუტი გაასაიდუმლოეს. ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოები ბევრგან დაინერგა..."

"ჩემს თავს მივეცი ასეთი ამოცანა, რომ უნდა ვისწავლო ხელოვნების ენის გაშიფვრა - რას მეუბნება ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, ბალეტი... ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილ სურათებს ვერ ვიგებდი და მივედი იქამდე, რომ ბიბლია წავიკითხე. ამ ყველაფერმა მოიცვა ჩემი ყურადღება და ნელ-ნელა დაგროვდა გამოცდილება..."

muraztan-ertad-copy-1700660024.jpg

"სტუდენტობისას ჩემმა მეგობარმა პატარა რადიომოდელი გააკეთა და მოსკოვში გაუშვეს „ვდნხას“ გამოფენაზე. იქ ვნახე გამოკრული აფიშა, რომ გამოფენის ტერიტორიაზე ტარდებოდა „ორერას“ კონცერტი. უამრავი ხალხი დაესწრო იმ საღამოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ქართველები მივიდეთ მომღერლებთან და მივესალმოთო. რას მიხვალ? ახალგაზრდა გოგონების არმიაა... ბუბა დგას და ბლოკნოტში იწერს ტელეფონებს, მათი თხოვნით. ნელ-ნელა გაიკრიფა ხალხი, წავიდა რობერტ ბარძიმაშვილიც. ბუბამ ის ბლოკნოტი ურნაში გადააგდო. მაშინ დავინახე ამ კაცის ბუმბერაზობა, ეს იყო მისი სამსახურის გაგრძელება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი