როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბანკი სესხს აღარ გაძლევთ?
"რამდენიმე წლის წინ ტელეფონი გამოვიტანე სესხით. ძიძა ვიყავი და ვიცოდი, კიდევ 2 წელი გარანტირებული სამსახური მქონდა, მაგრამ უცებ სამსახური დავკარგე, სესხსაც ვერ ვიხდიდი. ჩემმა მეუღლემ სამსახური იშოვა, ყველაფერი დავფარე, ვალებიდანაც ამოვედი.
ახლა დედაჩემია ცუდად, მკურნალობა სჭირდება. 2000 ლარის გამო მათხოვრობას ვერ დავიწყებდი. ვიფიქრე, სესხს ავიღებ-მეთქი, მაგრამ ბანკი უარს მეუბნება, შავ სიაში ვყოფილვარ. აღარ ვიცი, რა ვქნა, დავიღალე."
მსგავსი ტიპის ისტორიებს ხშირად გვწერენ. იმ ათეულობით შეტყობინებას, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ, ერთი საერთო კითხვა აქვს - როგორ გამოვასწორო ჩემი საბანკო ისტორია?
"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე სწორედ ამ კითხვებზე გაგცემთ პასუხს.
როგორც აღმოჩნდა, ტერმინი "შავი სია" საბანკო საქმეში არც არასდროს არსებობდა, მას ნეგატიური და პოზიტიური ჩანაწერის სახელით მოიხსენიებენ.
როგორც გიორგი ამბობს, ნეგატიური ჩანაწერი განაჩენი სულაც არაა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ სესხს ვერასდროს მიიღებთ.