"დიდი ტრაგედია დატრიალდა... "11 სექტემბერს ცუდი დღე გაუთენდა თბილისს. ცა ქალაქის თავზე იყო ბნელი და შავი" - რა ხდება ცნობილი თბილისის უნიკალურ ფოტოზე - კვირის პალიტრა

"დიდი ტრაგედია დატრიალდა... "11 სექტემბერს ცუდი დღე გაუთენდა თბილისს. ცა ქალაქის თავზე იყო ბნელი და შავი" - რა ხდება ცნობილი თბილისის უნიკალურ ფოტოზე

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში უცნობი გერმანელი მხატვრის გრავიურა გამოჩნდა, რომელსაც ასეთი ტექსტი ჰქონდა წამძღვარებული:

"ეს გრავიურა დახატულია XVIII საუკუნეში, სანამ თბილისს აღა-მაჰმად-ხანი გადაწვავდა, 1795 წლის 11 სექტემბერს. ანუ ის ქოხმახები, რომლებიც მთაზე იდგა მეოცე საუკუნეში, მას მერეა აშენებული, რაც ეს დიდებული შენობები სპარსელებმა დაანგრიეს და დაწვეს... ჩვენ კი გვგონია, თბილისი ოდითგან ისეთი ქოხმახებისგან შედგებოდა? არა, მეგობრებო. აი, ნამდვილი თბილისი ასეთი იყო - მშვენიერი, ამაყი და დიდებული. რომელიც 26-ჯერ დაანგრია სხვადასხვა ჯურის მტერმა და დღეს მაინც არსებობს!", - ამ პოსტმა თბილისელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მოწონება დაიმსახურა, რასაც რეკორდული რაოდენობის გაზიარება მოჰყვა... ჩვენ დავინტერესდით პოსტის ავტორის ვინაობით, რომელიც ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ქალბატონია, პროფესიით მუსიკოსი, რეჟისორი - მზია მანჯავიძე...

მზია მანჯავიძე:

"მე თავად ვცხოვრობ ამ უბანში, სწორედ ამიტომ დავსახლდი აქ, ასე რომ მიყვარდა - გაზიმზიმებული პეკინის ქუჩიდან გადმოვედი სოლოლაკის ამ, 150 წლის წინ აშენებულ სახლში. (თავდაპირველად, ერეკლე მეორის შვილიშვილის ყოფილა). ამას წინათ, ეს გრავიურა რომ ვნახე, ძალიან დამაინტერესა და დავიწყე იმ პერიოდის ამბებზე ისტორიული წყაროების მოძიება. ერეკლე მეფის ცხოვრებას და იმდროინდელ ისტორიას თითქოს ახლიდან გავეცანი, რომელსაც ბავშვობიდან გვასწავლიან და გვაცნობენ სკოლაში. მაგრამ ახლა, როცა ასაკში შესულს ბევრი რამ გადამხდენია თავს, როცა წლებია, ვუყურებ თბილისის სახეცვლას - თავისი უამრავი შიდა თუ გარეპოლიტიკური კატაკლიზმით, რომელსაც ნელ-ნელა ეკარგება ის თბილისური ხიბლი, რაც ასე გვხიბლავდა მეოცე საუკუნის თბილისელებს, სულ სხვა, შინაგანი თვალით შევხედე, და შევიგრძენი, თუ რა მოხდა 228 წლის წინ, როდესაც ქალაქში განადგურებულა ყველა და ყველაფერი - თავისი ულამაზესი სახლებით და სასახლეებით, რის შემდეგაც აშენდა ნარიყალაზე ის ქოხმახები, რომელიც ახლა გვეძვირფასება, როგორც ძველი თბილისი...

არადა ის, რაც მართლა ძვირფასი იყო, განადგურებულია და ახლა სხვა გზა არც გვაქვს, ამასაც თუ არ გავუფრთხილდით, მთლად ისტორიის გარეშე დარჩება ჩვენი საყვარელი, ბედკრული ქალაქი, ახლა ბეტონით გაძეძგილს, კვამლში რომ ვახრჩობთ.

adrindeli-graviura1-1701451579.jpg

ნიშანდობლივია მირიან ბატონიშვილის ემოციური მონაყოლი ამ საბედისწერო დღესთან დაკავშირებით:

"1795 წლის 11 სექტემბერს ცუდი დღე გაუთენდა თბილისს. ცა ქალაქის თავზე ბნელი და შავი იყო, საწვიმრად ემზადებოდა. ცა კიდევ უფრო მეტად გაშავდა დენთისა და გადამწვარი ქალაქიდან ავარდნილი კვამლით. დღის ბოლოს წვიმაც წამოვიდა, თუმცა მანამდე, წვიმის წყალზე მეტი სისხლი დაიღვარა - კაცების, ქალების, ბავშვების სისხლი.

აღა-მაჰმად-ხანმა, ამ ღვარძლიანმა საჭურისმა, არავინ დაინდო, თვით ქალაქიც - მისი კედლები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები, აბანოები, სახელოსნოები და საცხოვრებელი სახლებიც კი. ბრძანება გასცა: "განძარცვად ყოველთა ნივთთა და საუნჯეთა მეფისათა და შემდგომად მისსა უბრძანა, რათა ეკლესიანიცა ტფილისისანი ყოველნივე განსძარცვენ და ყოველნივე სადგურნი და პალატნი მეფისა წევრთა, თავადთა, აზნაურთა და მოქალაქეთანი დაწვად".

პოსტის ავტორმა აქვე შემოგვთავაზა კიდევ უფრო ადრინდელი გრავიურა, რომელიც 1701 წელს შეუსრულებია ფრანგ მოგზაურს, ვინმე ტურნეფორს... ანუ გერმანელი მხატვრის გრავიურამდე 70 წლით ადრე, სადაც მოჩანს შედარებით უფრო პატარა შენობები.

მზია მანჯავიძე:

- ორივე გრავიურაზე მოჩანს ნარიყალას ციხე-სიმაგრის გვერდით, ახლანდელი ბოტანიკური ბაღის საზღვართან, წყლის ხიდი, ე.წ. აკვედუკი.

(ორივე გრავიურა რატომღაც მტკვრის მეორე ნაპირიდან არის დახატული.)

აღსანიშნავია, გერმანელი მხატვრის გრავიურაზე ტაძრები კათოლიკურს რომ წააგავს, ეს, სავარაუდოდ, იმის გამოა, რომ კათოლიკე ავტორმა თავისებური სტილიზება გააკეთა. მაგრამ სამწუხაროა, რომ ის ერთი უზარმაზარი ტაძარი, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას, დღეს აღარ არსებობს.

germaneli-mxatvris-1700657921.jpg

მზია მანჯავიძე ისევ იმ ბრძოლას უტრიალებს, რომლის შემდეგ დავკარგეთ ქალაქი:

- თავდაპირველად აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი, თურმე, კოდის მხრიდან მოდიოდა, ქალაქთან ახლოს ისეთი კლდოვანი და ვიწრო რელიეფი იყო, ერეკლე მეორემ ეს გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად გამოიყენა - "გამოსასვლელი ჩახერგაო" და მტერი დამარცხდა, მაგრამ უკან გაბრუნებული აღა-მაჰმად-ხანი ახლა სხვა მხრიდან უტევს ქალაქს. შინდისიდან დაშვებულებმა, თაბორის მთით, პირდაპირ აბანოებამდე მოაღწიეს. თუმცა ამისთვის აღა-მაჰმად-ხანს დასჭირდა ლაშქრის რამდენიმე ნაწილად დაყოფა, რომ სხვადასხვა მხრიდან შეტევით ქალაქი ალყაში მოექცია.

კრწანისის ბრძოლა უწოდეს ამ სისხლისმღვრელ ბრძოლას, სადაც დაიღუპა 300 არაგველი, რომლებსაც იქამდე, მტრის ბანაკში შესულებს, ცხვირწინ დაუხევიათ მათი დროშები, რომლებსაც ამაყად აფრიალებდნენ.

როგორც ისტორიკოსი გვიყვება, ქალაქში ცნობილი მომღერალი - ვინმე მაჩაბელა ხმამაღალი სიმღერით ამხნევებდა ქალაქის მაცხოვრებლებს ბრძოლის დროს და ისინიც აჰყვნენ მას, სიმღერით ეგებებოდნენ მტერს ხელჩართულ ბრძოლაში.

ეს უკვე მას შემდეგ, როცა ქართულმა ჯარმა დატოვა დამარცხებული ქალაქი და მცხეთის მიმართულებით დაიხია. თან წაიყვანეს ბრძოლის ველიდან მათ მიერ ძალად გამოყვანილი, ხმალამოღებული ერეკლე მეფე, რომელიც მიუხედავად თვალსაჩინო მარცხისა, მაინც არ ტოვებდა ბრძოლის ველს და ქალაქს.

დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომ არა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის მიხედვით ამ დროს რუსის ჯარი უნდა მოგვხმარებოდა, ერეკლე მეფე უფრო უკეთ მოემზადებოდა და არავის იმედზე არ იქნებოდა. აღა-მაჰმადის 35 ათასი ჯარისკაცის პირისპირ მას მხოლოდ 5 ათასი მებრძოლი ჰყავდა, აქედან 3 000 კაცი იმერეთიდან ჩამოსული. აღსანიშნავია, ქართულ ლაშქარში მებრძოლი თბილისელი თათრებიც, რომლებიც სპარსელებს განსაკუთრებული სისასტიკით დაუხოცავთ და აქვე უნდა აღინიშნოს აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარში მებრძოლი სომხები ერევნიდან და ყარაბაღიდან.

რუსის ჯარი წლების შემდეგ კი ჩამოვიდა საქართველოში, ოღონდ - არა მოსახმარებლად, არამედ - დასაპყრობად. ჯერ მეფის რუსეთის დროს და შემდეგ უკვე - "წითელი არმიის" მეშვეობით, ჩვენს "გასაწითლებლად"... და დღემდე გრძელდება...

მიუხედავად ყველაფრისა, "მუხა კვლავაც შეიმოსება"! - ოპტიმისტურად ამთავრებს მზია მანჯავიძე ჩვენთან საუბარს. ჩვენც გვინდა რომ ეს ასე იყოს, და ეს ასეც იქნება.

(სპეციალურად საიტისთვის)