"მეუღლის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ აღარ ჩაუცვამს ფერადი კაბები" - რა  ხდება ცნობილი "ტფილისის შავი ვარდის" უცნობ პორტრეტზე, რომელიც ახლახან გავრცელდა - კვირის პალიტრა

"მეუღლის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ აღარ ჩაუცვამს ფერადი კაბები" - რა  ხდება ცნობილი "ტფილისის შავი ვარდის" უცნობ პორტრეტზე, რომელიც ახლახან გავრცელდა

"ნინოს მეუღლის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ არ ჩაუცვამს ფერადი კაბები. მას თბილისის "შავი ვარდი" შეარქვეს. პორტრეტი შავ ტონებში არის შექმნილი..." - უნიკალურ ცნობებს მხარეთმცოდნე, მკვლევარი ალექსანდრე ქავთარაძე გვაწვდის...

- სურათი, რომელიც გავრცელებულია ინტერნეტში, დღეს ცნობილია, როგორც ნინო ჭავჭავაძის პორტრეტი, მაგრამ წლების წინ ეს პორტრეტი ითვლებოდა ანა ლოპუხინა-გაგარინას პორტრეტის ასლად.

nnnn-1700659163.jpg

- ვინ იყო ანა?

- ანა ლოპუხინა-გაგარინა იყო იმპერატორ პავლე პირველის ფავორიტი. ანას პორტრეტი შექმნა სამეფო კარის ფრანგმა მხატვარმა, ფერმწერმა, პორტრეტისტმა ჟან-ლუი ვუალმა. სწორედ ვუალმა 1800 წელს დახატა ანას პორტრეტი, რომელიც ერმიტაჟის მუზეუმში ინახება.

უცნობია, ვინ შექმნა ასლი პორტრეტისა, სადაც ანას მაგივრად გამოხატული არის ნინო ჭავჭავაძე. პორტრეტი, დაახლოებით, 1820-იანი წლების მიწურულს შეიქმნა. მოგეხსენებათ, ნინოს მეუღლე ალექსანდრე გრიბოედოვი 1828 წელს სპარსეთში მოკლეს.

ნინოს მისი ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ არ ჩაუცვამს ფერადი კაბები. მას თბილისის "შავი ვარდი" შეარქვეს. პორტრეტი შავ ტონებში არის შექმნილი და დღეს ყველგან ნახსენებია, როგორც ნინო ჭავჭავაძის უცნობი მხატვრის პორტრეტი. მართლაც არის მსგავსება ამ ორ პორტრეტს შორის. ნინოს დაბადების წლისთვის ანა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. მისი პორტრეტი ინახებოდა მიხაილოვსკის სასახლეში.

საინტერესოა, ვინ არის მხატვარი, რომელმაც შექმნა ნინოს პორტრეტი. ერთი ვიცით, ის ნამყოფია საქართველოში, ჭავჭავაძეების ოჯახში და შექმნა ულამაზესი ქვრივი ქალის პორტრეტი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "ტფილისის შავი ვარდი".