"თამარი სასახელო ვახშმით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ციხეებში ჩამოარიგა" - როგორ მოეპყრო მეფე ბასიანის ომის ტყვეებს - კვირის პალიტრა

"თამარი სასახელო ვახშმით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ციხეებში ჩამოარიგა" - როგორ მოეპყრო მეფე ბასიანის ომის ტყვეებს

როგორ მოეპყრო თამარი ბასიანის ომის ტყვეებს:

,,ყველას ნუგეში სცა და დიდი, სასახელო ვახშმით გაუმასპინძლდა, ყველა დაასაჩუქრა, პატივის შესაბამისად, შემდეგ კი ციხეებში ჩამოარიგა, გარდა ერზინკელისა, რომელიც თბილისში დაიტოვა პატიმრად, მისგან ადრე გამოჩენილი სიყვარულის და პატივისცემის ხათრით, და ბოლოს კი, ამდენად სახელოვანი და დიდებული კაცი ცხენის ნალად გაყიდა“.

,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“

როდესაც ქართველთა მეფეები დიდ მუსლიმ მმართველებს ატყვევებდნენ, ისეთი როგორიც ერზინკელი იყო, გამოსასყიდად მათ 300-400 კილო ოქროს მაინც სთავაზობდნენ, ასე უნდა მომხდარიყო ამ შემთხვევაშიც, მაგრამ თამარმა ეს დიდგვაროვანი ცხენის ნალში გაცვალა. აქ საუკეთესოდ ჩანს თამარის ლაღი და რამდენადმე კრეატიული ბუნება, ამავე სილაღით აწყობდა იგი რაინდულ ტურნირებს და საყოველთაო ნადირობებს.

დიდებული დიდგვაროვნის ცხენის ნალში გაცვლა ფეოდალურ სამყაროში გაუგონარი ამბავია, აქედან კარგად ჩანს, თუ რა სულის ადამიანი იყო თამარი.

მემატიანეს დაცული აქვს თამარის ერთი სიზმარიც, რომელიც საშუალებას იძლევა, ფრთხილად, შევიდეთ მის არაორდინარულ და მდიდარ სულიერ სამყაროში:

თამარი იხილავს რამდენიმე ბრწყინვალე ტახტს და მათგან ყველაზე აღმატებულზე მოინდომებს დაბრძანებას, როგორც მეფე, მაგრამ აქ მას შეაჩერებენ და ეტყვიან, რომ ეს ტახტი გამზადებულია არა მისთვის, არამედ - მისი დიასახლისისთვის, რადგანაც მისი ღვაწლი მეტია - თორმეტი მღვდელი შემოსა.

აქედან საუკეთესოდ ჩანს, რომ თამარი პიროვნული ღირსების აღმსარებელი ადამიანია და გააჩნია ძლიერი მორალური შემკავებლები, როგორც მაღალზნეობრივ ადამიანს.

ყველაფერ ამას კარგად ესადაგება მისი სიკვდილისწინა სიტყვები, სადაც ღმერთს შეავედრა ქართველი ერი, რომელიც მისდამი ,,რწმუნებული“ იყო და არა - ბოძებული. ესეც არ არის შუასაუკუნეობრივი აზროვნების წესი, მეფე საკუთარ თავს სახელმწიფოსთან არ აიგივებს, პირიქით, მას თავი მხოლოდ მნედ მიაჩნია.

სხვადასხვა მონაცემის საერთო ანალიზი აჩვენებს ფაქიზი სულის ადამიანს, რომელიც თვითიდენტიფიცირებას ახდენს, როგორც ,,ქვრივების, ობლების და დავრდომილების მშობელი“, თავისი თავი სახელმწიფოსთან არ აქვს გაიგივებული, მეტიც, არც ღირსებით აღმატებულად მიიჩნევს თავს, მზადაა, ასეთად მისი მსახურებიც აღიაროს.

რასაც დღიურად შეჭამს, ცდილობს, საკუთარი ხელსაქმით და ნაქარგებით აანაზღაუროს და გლახაკებს მოახმაროს, მართალია, მეფის შემთხვევაში, შეუძლებელია ამას ფორმალური ხასიათი არ ჰქონოდა (მის ნებისმიერ ნამუშევარს ხომ, შესრულების დონის და გაწეული სამუშაოსგან დამოუკიდებლად, არტეფაქტული ღირებულება აქვს), მაგრამ მიდრეკილების დონეზე მაინც, პავლე მოციქულის ამ სწავლის პატივისცემა (,,ვისაც არ სურს მუშაობა ნურც შეჭამს“), მაღალზნეობრივია და აგრძელებს მისი სახელოვანი წინაპრის - დავით აღმაშენებლის მორალურ ხაზს.