"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს" - რას ჰყვება პოეტი, რომელმაც ილია მეორეს ლექსი მიუძღვნა - კვირის პალიტრა

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს" - რას ჰყვება პოეტი, რომელმაც ილია მეორეს ლექსი მიუძღვნა

მამუკა დემეტრაშვილი: „ჩემი მართლმადიდებლური მრწამსით შეიქმნა ლექსები, რომლებიც სულიერებითაა გაჯერებული...“

"ერთხელ, პატრიარქმა მრევლს მოგვცა კურთხევა, რომ დაგვეწერა ბოროტებისა და სიკეთის შესახებ საკუთარი მოსაზრებები. მე მაშინვე დედა ღვთისმშობლის ხატს შევთხოვე, რომ ეს კურთხევა შემესრულებინა. ორი კვირის შემდეგ შევძელი და დავწერე ლექსი "ბოროტი და კეთილი", რომელიც ჩემს კრებულშია შეტანილი. 2011 წელს პატრიარქისადმი ჩემი უღრმესი პატივისცემის შთაგონებით დავწერე ლექსი "რწმენის სატევარი", - ამბობს მამუკა დემეტრაშვილი... იგი პროფესიით ფიზიკოსია, მაგრამ პოეზია მის ცხოვრებაში უმთავრესია და გარდა მიღებული პრემიებისა, აღსანიშნავია, რომ მისი ლექსები რამდენიმე ანთოლოგიაშია შესული....

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს... ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი 1994 წლიდან ვარ. ჩემი სულიერი მოძღვარი დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე ლურჯ მონასტერში მსახურობდა და სხვებთან ერთად, მეც მრევლის აქტიური წევრი ვიყავი. პატრიარქის კურთხევით მოძღვარს ფეხით მივყავდით თბილისიდან სვეტიცხოველში. 13 ივლისის და 14 ოქტომბრის ღამის 12 საათიდან გავდიოდით და გამთენიისას, 7 საათისთვის სვეტიცხოველში ვიყავით, წირვას ვესწრებოდით და ვეზიარებოდით. 1998 წელს პატრიარქმა ჩვენი მოძღვარი სიონის საკათედრო ტაძარში გადაიყვანა და მრევლიც სიონში გადავედით. 2000 წელს მოძღვარმა მრევლი პატრიარქს შეგვახვედრა. მან უაღრესად გულთბილად მიგვიღო, ქრისტესმიერი სიყვარულით გვესაუბრა და დაგვლოცა.

პატრიარქი სიონში სწირავდა და ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო მისგან ზეთისცხება, მისი ღრმა და ბრძნული ქადაგებების მოსმენა, მისგან კურთხევის მიღება. ერთხელ პატრიარქმა მრევლს მოგვცა კურთხევა, რომ ბოროტებისა და სიკეთის შესახებ საკუთარი მოსაზრებები დაგვეწერა. მე მაშინვე დედა ღვთისმშობლის ხატს შევთხოვე, რომ ეს კურთხევა შემესრულებინა. ორი კვირის შემდეგ შევძელი და დავწერე ლექსი - "ბოროტი და კეთილი", რომელიც ჩემს კრებულშია შეტანილი.

2011 წელს პატრიარქისადმი ჩემი უღრმესი პატივისცემის შთაგონებით დავწერე ლექსი "რწმენის სატევარი".

- არ გიჭირდათ მცხეთამდე ფეხით ჩასვლა?

- მცხეთაში ფეხით მივდიოდით და გზაში რამდენჯერმე ვისვენებდით. მაშინ დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობდით. ახალგაზრდებთან ერთად ასაკოვანი მრევლიც მოგვყვებოდა. ზოგი მათგანი 60-70 წლისაც კი იქნებოდა. მე 8-ჯერ ვარ მცხეთაში ფეხით წასული. მრევლს თან სანოვაგე მიგვქონდა. წირვის შემდეგ ერთად ვსადილობდით და მრევლში საოცარი სიყვარული სუფევდა. ივლისში მდინარეში ნათლობა და განბანა ხდებოდა. მადლიანი დღეები იყო... ოქტომბერში, შუაღამისას, საკმაოდ გრილოდა, თუმც არასდროს გავცივებულვარ. დაახლოებით, 200 მორწმუნე ვიყავით და რა შეგვაჭირვებდა? სულიწმიდის მადლი იყო ჩვენთან და მისი შემწეობით რა დაგვაბრკოლებდა? სვეტიცხოველში წირვის შემდეგ ქადაგებისას პატრიარქი ყველას გასაგონად აცხადებდა, რომ ჩვენი მრევლი ფეხით ჩავედით იქ. ეს ძალიან გვეამაყებოდა და გვამხნევებდა.

- გვიამბეთ თქვენს შემოქმედებაზე.

- პოეზიის ნიჭი გენეტიკურად მაქვს. თურმე, ჩემი დიდი პაპა ლექსებს წერდა, თუმც მე ამის შესახებ მაშინ გავიგე, როცა პირველი ლექსები დავწერე და ახლობლებმა მითხრეს, რომ წინაპრის გენი ყივისო.

პირველი ლექსი 1993 წელს, სტუდენტობისას დავწერე. თავიდან ჩემი ლექსები ძალიან მომწონდა, როგორც ეს ბევრ მელექსეს ჰგონია. ცხადია, მოძღვარს ვესაუბრე და რამდენიმე ლექსიც წავუკითხე. მან ისეთი რჩევა მომცა, რომელიც მაშინ ძალიან უცნაურად მომეჩვენა. მოძღვარმა მირჩია: ჯერ რწმენაში გაძლიერდი, სულიერებაში ღრმად გაერკვიე და ლექსები მერე წერეო. მე მაშინ ვერ მივხვდი, პოეზია და რწმენა ერთმანეთთან რა კავშირში იყო, თუმც მოძღვარს მივენდე და დავუჯერე.

დროთა განმავლობაში, წირვა-ლოცვისა და ქადაგებების მოსმენისას, თანდათან ვგრძნობდი, როგორ ფერმკრთალდებოდა ჩემი ადრე მოწონებული ლექსები. მივხვდი, რომ ჩემი ლექსები წყალწყალა იყო. ამან გული დამწყვიტა, თუმც ობიექტურად მოვიქეცი და მათზე უარი ვთქვი. მეგონა, ლექსებს ვეღარ დავწერდი. გავიდა დრო და ვიგრძენი, რომ ახალი შთაგონება მომეძალა, რომელმაც სულიერი ლექსები დამაწერინა. მივხვდი, რომ მოძღვარი მართალი ყოფილა და სწორად მირჩია.

უფლის სიტყვები გამართლდა: არავინაა, რომ ჩემი გულისათვის უარყოს თავი, გამომყვეს და ასწილად არ მიიღოს ყოველივე ის, რაც უარყო, ახლა, ამჟამად, ამ დევნასთან ერთად, ხოლო შემდეგ საუკუნეში - საუკუნე სიცოცხლე. ჩემს შემთხვევაში ეს ასეც მოხდა. ჩემი მართლმადიდებლური მრწამსით შეიქმნა ლექსები, რომლებიც სულიერებითაა გაჯერებული. ჩემი სატრფიალო ლექსებიც კი აღსავსეა სულიერი განცდებით და არანაირი ხორციელი ვნება მათში არ არის.

გამოცემული მაქვს ლექსების კრებული "უმისამართო ღიმილი", რომელშიც ქრისტიანულ პოეზიასთან ერთად, შეტანილია პატრიოტული და სატრფიალო ლექსები. 2010 წლიდან ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მწერალთა კავშირისგან მონიჭებული მაქვს ღვაწლმოსილის წოდება. პოეზიაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული ვარ გიორგი ლეონიძის სახელობის პრემიით, ვარ ქრისტიანული პოეზიის ყოველწლიური ფესტივალის სამგზის გამარჯვებული და გადმოცემული მაქვს წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი; მედალიონებთან ერთად, ასევე, წმინდა ნინოს ჯვრის დიპლომები.

ჩემი ლექსები შესულია ანთოლოგიებში. მწერალთა კავშირის მიერ გამოცემულ ანთოლოგიაშია ჩემი ლექსი, სადაც მეოთხე საუკუნიდან დღემდე, ყველა ცნობილი პოეტის თითო ლექსია შეტანილი. ჩემი ლექსი ასევე პატრიოტული პოეზიის ანთოლოგიაში შევიდა.

- როგორც ვიცი, პროფესიით ფიზიკოსი ბრძანდებით...

- დიახ. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა. პირველი კლასიდანვე ვკითხულობდი ზღაპრებს და პატარა მოთხრობებს. ამან განმივითარა მხატვრული აზროვნება. უფროს კლასებში კი დიდტანიან ნაწარმოებებს და რომანებს ვკითხულობდი. ამასთან ერთად, მიყვარდა მათემატიკა და რთული ამოცანების ამოხსნა. მათემატიკამ ანალიზური აზროვნების უნარი განმივითარა. შემდეგ, როცა ფიზიკის შესწავლა დავიწყეთ, ძალიან გამიტაცა ბუნების მოვლენების შესწავლამ. ჩვენ ძალიან კვალიფიციური ფიზიკის მასწავლებელი გვყავდა, რომელიც ყოველი გაკვეთილის ახსნაზე სასწავლო ცდებს გვაჩვენებდა და საინტერესო ექსპერიმენტებს გვიტარებდა. ამან შემაყვარა ფიზიკა და საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ ფიზიკოსი გავმხდარიყავი. რეპეტიტორთან არც კი მოვმზადებულვარ, თვითონ ვმეცადინეობდი და სკოლის დამთავრებისთანავე, იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტშიც ძალიან მიყვარდა ექსპერიმენტები და მეოთხე კურსის სტუდენტი სასწავლო ლაბორატორიაში კათედრაზე ამიყვანეს. ამჟამადაც სასწავლო ლაბორატორიაში ვმუშაობ და ჩემს გამოცდილებას სტუდენტებს ვუზიარებ.

ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს, ცხონებულ რეზო ესაძეს ფიზიკის ფაკულტეტი ჰქონია დამთავრებული. ჩემი კრებული რომ ვაჩუქე და წაიკითხა, მომიწონა და მითხრა: გემჩნევა, რომ ფიზიკოსი ხარ და ეს ლექსის წერაში გეხმარებაო.

ცნობილია, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს ფიზიკა ჰყვარებია; ომარ ხაიამი პროფესიით ასტრონომი და მათემატიკოსი ყოფილა;

ცნობილი გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი კარლ ფრიდრიხ გაუსი ლიტერატურაზე ყოფილა შეყვარებული და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებდა. თუმცა მისი მომავალი გადაწყვიტა ერთმა მათემატიკურმა აღმოჩენამ. მან, სკოლის მოსწავლემ, 17 წლის ასაკში დაამტკიცა, რომ წრეწირში შესაძლებელია წესიერი ჩვიდმეტკუთხედის ჩახაზვა. ამის გამო ფილოლოგობა გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაებარებინა.

აი, ასეთი ახლო კავშირია ლიტერატურასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის.

- რა არის თქვენი ჰობი, გატაცებები?

- აზარტული თამაშები მძულს და არასდროს მითამაშია. მე მიყვარს ინტელექტუალური თამაშები, განსაკუთრებით კი - ჭადრაკი. ჭადრაკი ბავშვობიდან მიყვარს და მეგობრებს ვეთამაშებოდი ხოლმე. ახლა კი კომპიუტერთან ვთამაშობ და ზოგჯერ ვიგებ კიდევაც.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ჩემი ყოველდღიური ცხოვრება არაერთფეროვანია. სამსახურის და საყვარელი საქმის შემდეგ მიყვარს ბუნებაში და თბილისის ქუჩებში სეირნობა. ტაძარს, ცხადია, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ჩემს ცხოვრებაში. ზოგჯერ შეძლებისდაგვარად ვახერხებ მეგობრებთან შეხვედრებს. თუმცა, ძირითადად, მარტოობა მიწევს და ეს შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი და სასურველია.

სამწუხაროდ, მატერიალური სიმდიდრეები და ღირსებები არ გამაჩნია. მაგალითად, არ ვიცი ავტომობილის მართვა და არც მაინტერესებს...

პატრიარქის რჩევები და შეგონებები მუდამ მახსოვს და ყოველთვის მათი გავლენით ვცხოვრობ. მე აღკვეცილი არ ვარ, თორემ ბერივით ვცხოვრობ. ყველა მარხვას ვიცავ და ხშირად ვლოცულობ.

პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსი:

რწმენის სატევარი!

უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს!

უწმინდესო, დრო ჩიხს გვიხსნის აჭედილს,

ჩემმა ჩლუნგმა კალამმა თუ იკალმა,

უფალს ვთხოვ, რომ ქართლის ბედის საჭე დიდ

ბრძოლებში ვერ გამოგგლიჯოთ გრიგალმა.

ივერია ფლიდმა ჟამმა დადაგა,

გაფანტა, ვით ხანგრძლივ გვალვამ ნუკრები,

შემოქმედმა მოგავლინათ ქადაგად,

ერს ღვთის სიტყვა რომ უფრქვიოთ უკრეფი.

თქვენ ულესავთ მამულს რწმენის სატევარს,

ღვთის ერი კვლავ მისგან ნაძერწ სახედ ვართ,

ერზე ზრუნვით მრავალღამენათევარს

თქვენ დაგნათით სხვა სიბრძნე და სხვა ხედვა.

ერი ისე გვემა მზაკვრულ წამებამ,

გოდებისგან დაიმსხვრევა ებანი,

უმეცრებით რაც მე ენა დამება,

თქვენმა ლოცვამ მოჰმადლოს ერს შვებანი.

განსაცდელში ნაწრთობ ივერთ პატრიარქს

სასოებით გიმზერთ მრუმე სამყარო,

მართლმორწმუნე ტომებს რაც უნატრიათ,

ურღვევ კვართის მადლით რომ დაამყაროთ.

უწმინდესო, ბრბო ჩიხს გვიხსნის აჭედილს,

ჩემმა ჩლუნგმა კალამმა თუ იკალმა,

უფალს ვთხოვ, რომ ქართლის ბედის საჭე დიდ

ბრძოლებში ვერ გამოგგლიჯოთ გრიგალმა.

მ. დემეტრაშვილი

28. 06. 2011წ.

(სპეციალურად საიტისთვის)