გორდის საკვირველებანი: პამიდვრის ტყლაპი და პილპილიანი ჩურჩხელა - კვირის პალიტრა

გორდის საკვირველებანი: პამიდვრის ტყლაპი და პილპილიანი ჩურჩხელა

შემოდგომაზე, როცა ხურმის მოსავლის აღების შემდეგ მისგან უმეტესად ჩირს ამზადებენ, დასავლეთ საქართველოს სოფლებში ოდასახლები გასაშრობად გაკიდებული ხურმის ფარდებით იმოსება. თუმცა ჩირის დასამზადებელი ისეთი მასშტაბური საწარმო, როგორიც ინდმეწარმე გია ღაჭავას სოფელ გორდში აქვს, სხვაგან არ არის. ხილის გადამმუშავებელ საწარმოში ამზადებენ ჩირს, სანელებლებს, ტყლაპს, ჩურჩხელას და ჩირის კანფეტს (ეს ბატონი გიას ექსკლუზივია). 5-სართულიანი საწარმოს საერთო ფართობი 3 ათას კვმ-ზე მეტია და ამჟამად მთელ შენობას გასაშრობად დაკიდებული 70 ტონა ხურმის ფარდები აკრავს. ბატონი გია ამბობს, რომ თუ კარგი ამინდები დაიჭირა, გასაშრობად 20 დღე საკმარისი იქნება.

- ამდენი ხურმა სულ ხელით დაითალა?

- კი, 45 კაცი დაახლოებით 2 კვირა მუშაობდა. ჩინელებმა ბევრნაირი გასათლელი ხელსაწყო გამოუშვეს, მაგრამ რამდენსაც ადამიანი ხელით ახერხებს, იმდენს ის ხელსაწყო ვერ ამუშავებს.

- ბევრ პროდუქტს აწარმოებთ, ხურმის ჩირი თქვენი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია.

- ეს კალორიული და სასარგებლო ხილია, ისეთ ელემენტებს შეიცავს, რომელსაც, წარმოიდგინეთ, ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს. ამის შესახებ იაპონელების კვლევა მაქვს წაკითხული. შაქრიანობა დიდი აქვს, ამიტომ მისი მიღებისას დოზირებაა საჭირო, ერთ-ერთი კვლევით, კალორიებით ხურმა ქათმის კვერცხის ტოლფასია.

- რასაც ამუშავებთ, ეს ადგილობრივი მოსავალია?

- ძირითადად, კახეთიდან მოგვაქვს. უფრო იოლი საშოვნელია, ვიდრე ჩვენი ადგილობრივი ხურმა. ადგილობრივისთვის, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მეწარმეებს ხელის მოკიდება არ უნდათ, რადგან გაშრობის რთული ტექნოლოგიაა საჭირო.

ევროპის ბაზარზე ხურმის ჩირს თითქმის არც იცნობენ და როდესაც ტურისტები აქ ნახულობენ, გაკვირვებული რჩებიან. მერე ითხოვენ და ელოდებიან, იქ როდის შევიტანთ. ევროკავშირის მოთხოვნები რომ დავაკმაყოფილოთ, ამისთვის ჩვენს საწარმოს კიდევ წელიწადი სჭირდება.

mamul6-1700664380.jpg

- როდის დაიწყეთ ეს საქმე?

- სოფელში 2015 წელს დავბრუნდი. მანამდე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საქმით ვიყავი დაკავებული, ძირითადად, ბიზნესით. ხურმა ჩვენთან სულ იყო, ამიტომ სოფელში დაბრუნებულმა ხურმის გაშრობა დავიწყე... მერე ზამთარში თავისუფალი დრო გამოჩნდა, რაღაც-რაღაცები კიდევ ვცადეთ, მაგალითად, კივი ჩავრთეთ, მივიღეთ ახალი პროდუქტები. ტურისტებს თუ ახალს შესთავაზებ, ინტერესდებიან. თავის ქვეყანაში მიაქვთ, ახლობლებს, ნათესავებს ასინჯებენ და კიდევ მეტი მსურველი ჩნდება. როცა ასეთი ჯაჭვი იკვრება, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას მივაღწიეთ.

- ექსკლუზიური პროდუქტებიც გქონიათ, პამიდვრის ტყლაპი და წიწაკიანი ჩურჩხელა...

- ეტაპობრივად ისეთი პროდუქტის შექმნა დავიწყეთ, რომელზეც მანამდე არც გვიფიქრია. ასეთებია პილპილიანი ჩურჩხელა და პამიდვრის ტყლაპი. დავამზადეთ, გავასინჯეთ და მოეწონათ. პამიდვრის ტყლაპის მასას სვანური მარილი, საკაზმები შევურიეთ. ჩურჩხელის ამოსავლებად გამზადებულ თათარას კი პილპილი დავუმატეთ. მეუბნებიან, პამიდვრის ტყლაპმა სამზარეულო შეგვიცვალა, კერძებშიც ვიყენებთო. ამ პროდუქტებმა აჟიოტაჟი გამოიწვია, რაკი ქართულ სამზარეულოში დაიწყეს პამიდვრის ტყლაპის გამოყენება. ტურისტების დიდი მოწონებაც ხვდა წილად. მოსწონთ წიწაკიანი ჩურჩხელაც.

გორდში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ბავშვობიდან მაინტერესებდა მემცენარეობა, რაღაც საკითხები აგრონომიაში, თუმცა პროფესიით ბუღალტერი ვარ. ხურმის გაშრობის შესახებ ბევრი კვლევა აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული, მაგრამ გამშრალმა ხურმამ რომ მთელი წლის განმავლობაში გაძლოს და უვნებლად შეინახო, ასეთი ტექნოლოგია, რაც ვიცი, არავის ჰქონია.

mamul5-1700664380.jpg

- და რა შეიმუშავეთ?

- 2-3 წელიწადი დაგვჭირდა, რომ ამისთვის მიგვეღწია - დაჩირებულ ხურმას 20-ლიტრიან პლასტმასის ბალონებში ვინახავ, რადგან ამ ჩირს არ უყვარს ტენის "თამაში".

2015 წელს სოფელში დაბრუნებულმა ხურმის გაშრობა რომ გადავწყვიტე, სათბურის ტიპის საშრობი შევქმენი. პროდუქტს მწერების საწინააღმდეგო ბადე შემოვახვიეთ და ასე გავაშრეთ. ასე გამშრალიც მდგრადია, არ ფუჭდება. წარმოიდგინეთ, 2019 წელს გამშრალი ხურმა დღემდე მაქვს.

ახლა ამ ახალ საწარმოში, მეოთხე სართულზე, უკვე სხვა ტექნოლოგიით ვაშრობ. ის ჩირი ზაფხულისთვის იქნება.

- 20-ლიტრიან ბალონებში მხოლოდ ხურმის ჩირს ინახავთ თუ სხვა პროდუქტსაც?

- თითქმის ყველაფერს - ტყლაპს, კანფეტს, რასაც კი დავამზადებ. სითბო იქნება, სიცივე, წყალში აღმოჩნდება ის ბალონი თუ რაც გნებავთ, მოხდეს, შიგნით ერთი და იგივე ტენია. ჰაერი არ შედის და ტენი არ იცვლება.

- მწერებისგან დაცვის საშუალებები რაღაც თვალში საცემად არ ჩანს.

- მწერი ახლა ნაკლებია და თან ისეთი პერიოდია, ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. წლეულს ისევ ძველი ტექნოლოგიით ვაშრობ, რომელსაც აქამდე სოფელი მიმართავდა, თუ არ ჩავთვლით მეოთხე სართულზე განთავსებულ პროდუქტს, რომელიც უკვე თანამედროვე მეთოდით შრება... მწერებისგან დამცავ ბადესაც ჩინეთიდან შემოვიტან გაისად.

mamul4-1700664379.jpg

- ასეთი მასობრივი წარმოება როდის გამართეთ?

- ეტაპობრივად. იმ ძველ საშრობში ვამატებდით სხვადასხვა ხილს. ჯერ კივი ჩავიბარეთ, შემდეგ ზაფხულის ხილი, მერე მათი ერთმანეთში ნარევი გავაკეთეთ და ასე, სულ სხვადასხვა პროდუქცია გამოდის დღემდე. პირამიდა კანფეტი ჩვენი ექსკლუზივია. სხვა­დასხვა ხილისგან კეთდება, ხილი კი, მოგეხსენებათ, ბევრია საქართველოში.

- კანფეტი პირობითად ჰქვია, რეალურად ხომ ხილისგან დამზადებული ნუგბარია?

- კი. მასში ხურმის ჩირს ვურევ, რათა კანფეტი ტკბილი იყოს. ხურმაში ბევრი ფრუქტოზაა და შაქრის მაგივრობას სწევს.

- რა სხვაობაა კახეთში მოყვანილ და დასავლეთის ხურმას შორის?

- კახური ხურმა უფრო იოლი გასაშრობია. დასავლეთის ხურმას "ხაჩია" ხურმას ვეძახით, - თავს ვერ ინარჩუნებს, ვარდება. კახეთის ხურმა უძლებს ძაფზე დაკიდებას. დასავლეთის ხურმას იმდენი შაქრიანობაც არ აქვს და რბილია, ადვილად არ შრება, თან როგორც ვთქვით, ვარდება. თუმცა გემო დასავლეთის გამშრალი ხურმის უკეთესია. ახლა ვფიქრობ, დასავლეთის ხურმა დაწყობილად გავაშრო. სპეციალური გასაშრობი თაროები ჩინეთიდან უნდა ჩამოვიტანო.

- სად გაიყიდება თქვენი პროდუქტი?

- ჩემს სოფელში ვყიდი, მაღაზიაც გვაქვს, სადაც ტურისტები შემოდიან. აქ ხომ ტურისტული ზონაა, გვაქვს გორდისა და კინჩხის კანიონები. გაისად თბილისისკენაც ვგეგმავ, რადგან კიდევ სხვა ტექნოლოგიაზეც გადავედი - ბოლომდე არ ვაშრობ, ვყინავ. გაყინული ხურმა კიდევ უკეთესია.

- აგროკრედიტი თუ გამოგიყენებიათ?

- კი, სწორედ მაგ კრედიტით ავაშენე ეს საწარმო. ამჟამად შენობაში რემონტს ვაკეთებ და როცა დამთავრდება, ყველაფერი უფრო საინტერესო იქნება.

ამ ეტაპზე მინდა კიდევ დავიწყო ხურმის თლა. სოფელში არის წვრილი ხურმა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ოჯახებში ხალხი არ არის და ნაყოფი ლპება მათ ეზოებში. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, ის ხილი დავკრიფოთ და დავამუშაოთ.

ასეა, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. აქ ცარიელ მიწაზე დავიწყე საქმე იმ პატარა საშრობიდან. ახლა ის დავანგრიეთ, რადგან გავფართოვდით. შესაძლოა კიდევ უფრო გავფართოვდეთ.