როგორ მივეხმაროთ ბაღს, როცა მას თბილი შემოდგომა „ატყუებს“
რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მითხრა, მეზობლის ეზოში იასამანი გადაიპენტა. არ დაიჯერებ და, გუშინ მეორე მეზობელთან ალუჩა ჩემი ხელით მოვკრიფეო. ნოემბერში ალუჩა? - მაინც ვერ შევძელი ამგვარი ანომალიის დაჯერება, თუმცა ზაფხულში თოვლიც მინახავს და ზამთრის ყინვაში გადაპენტილი ვარდებიც. ბუნების ამ საინტერესო მოვლენებს ზოგი ცრურწმენასთან აკავშირებს და ტრაგიკულ მოვლენებს წინასწარმეტყველებს. რა ხდება სინამდვილეში და რას მოასწავებს შემოდგომაზე მცენარეების ყვავილობა? ამ საკითხის გასარკვევად წარმატებულ დეკორატორს მაია გიორგაშვილს დავუკავშირდი.
- ასეთი მოვლენა არანაირ ტრაგედიაზე არ მიგვანიშნებს, უბრალოდ, წელს შემოდგომისთვის შეუფერებლად დაცხა და ჩვენი მცენარეები ბუნებამ მოატყუა, აირივნენ და ვერ გაუგიათ, რა დროა. უკვე ხშირად ისმის, ჩემს ბაღში აყვავდა იასამანი, ყვავის ვარდი, ზამბახი, თავი ამოყვეს ტიტებმაო. ასეთი ანომალიური შემოდგომა სხვა წლებშიც ყოფილა, მაგრამ თუ სწორად მოვუვლით ჩვენს მცენარეებს, თბილი შემოდგომა ვერ ავნებს.
აყვავებული მცენარე ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს, ბევრ მიკროელემენტს კარგავს ფესვიდან, ამიტომაც სჭირდება სათანადო მოვლა-პატრონობა. როგორ უნდა მოვუაროთ მცენარეს შემოდგომაზე, რათა მისი სიცოცხლე ფატალურად არ დასრულდეს?
ბაღის მცენარეებს პირველ რიგში უნდა მოვაცილოთ ყვავილი, ფოთოლი, ნაზარდი, შემოვუბაროთ, დავმულჩოთ, შევწამლოთ გოგირდოვანი პრეპარატით, ბორდოს ხსნარით. არ გავსხლათ, სანამ ტემპერატურა არ დაეცემა, რადგან შემოდგომაზე გენერალური სხვლა დანაშაულია. ახლა პათოგენები კარგად გრძნობენ თავს, მრავლდებიან, ამიტომ აუცილებელია წამლობა გოგირდოვანი პრეპარატებით. ესაა დროული შანსი, რათა მცენარეს თავიდან ავაცილოთ სოკოვანი დაავადებები და ტკიპა.
წელს თბილი შემოდგომაა გვაქვს და მცენარეებს წყალი სჭირდებათ. თუ შენიშნეთ, რომ ბოლქვოვანმა მცენარეებმა თავი წამოყვეს, დამულჩეთ წიწვოვანი მცენარეების მულჩით ან გამოიყენეთ ნებისმიერი სახის მულჩი. გაყავით მცენარე და გაამრავლეთ, რადგან ეს დრო საუკეთესოა მათ გასამრავლებლად.
რაც შეეხება ქოთნის ყვავილებს, წელს ისინი ნოემბერშიც გარეთ ნებივრობენ. სახლში შეტანამდე მათ უნდა გავუფხვიეროთ მიწა, შევუმციროთ მორწყვა და ნიადაგი დიდხანს არ დავუტოვოთ სველი. სისველე ზრდის სოკოვანი დაავადებების რისკს. მიძინების პერიოდი მცენარის მოწესრიგებისთვის საუკეთესო დროა. მოაშორეთ გაფუჭებული, მოყვითალო ფოთლები, გაუწმინდეთ ფოთლები ყველა მხრიდან. ქოთნის მცენარე მიძინების პერიოდში არ გადარგოთ, რადგან გადარგვისთვის საუკეთესო დრო გაზაფხულია. სახლში შეტანამდე კარგად განსაზღვრეთ ადგილი, სადაც ის უნდა მოათავსოთ ზამთარში. ოთახის მცენარეებს არ უყვართ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ეცადეთ ზუსტად შეუსაბამოთ ის პირობები, რა პირობებიც გარეთ ჰქონდა. ხშირად გაანიავეთ ოთახი. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, გამოიყენეთ მდგარი წყალი და ნუ მორწყავთ ხშირად.
ოთახის მცენარეებისთვის ზამთარი რთულ პერიოდად ითვლება. მცენარე რომ შევინარჩუნოთ, უნდა ვიცოდეთ ყოველი მათგანის სპეციფიკა, მორწყვის წესები, ვაკონტროლოთ იმ ოთახის ტემპერატურა, სადაც ისინი გვიდგას, მოვრწყათ თვეში ერთხელ, მოვაცილოთ გამათბობელს. თუ ოთახის განათებაც არ გვივარგა, მცენარე გავანათოთ სპეციალური განათებით. როგორც გითხარით, ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდებათ, თუმცა სასუქი ზამთარში მოყვავილე მცენარეებს არ აწყენს. ორქიდეის, ციკლამენის, პუანსეტიის (შობის ვარსკვლავი), იშვიათად კამელიების, კალანჰოეს, ბეგონიის, დეკემბერას ყვავილობის წინა პერიოდში სასურველია გამოვიყენოთ ბიოსასუქი.
- ბიოსასუქში რას გულისხმობთ?
- მცენარეების საუკეთესო საკვებად ბიოსასუქი ითვლება. ბიობაღები გაცილებით წარმტაცია, ვიდრე ქიმიური სასუქით გამდიდრებული. პირადად მე ხალხურ მეთოდებს ვიყენებ - ვამზადებ სხვადასხვა მცენარის ნაყენს, ხილის კოქტეილს და ვასხამ მცენარეებს. დაყვავილების შემდეგაც მცენარეები კვებას საჭიროებენ, ამიტომაც სჭირდებათ სასუქის მიშველება. ყვავილების მოყვარულებს კიდევ ერთ სასარგებლო რჩევას მივცემ - აყვავებულ ყვავილებს ოთახში ადგილი არ შეუცვალოთ. როგორც გითხარით, უპირატესობას ბიოსაკვებს ვანიჭებ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მცენარეს ქიმიური საკვები აუცილებლად უნდა მივაშველოთ. ახლახან მქონდა ასეთი შემთხვევა: ფიტოსპორიუმი დაავადებული იყო ფქვილისებრი ფარიანით. რადგან ამ მცენარის ტოტი ადვილად მტვრევადია, მას ვერც ჩამორეცხავ. ამიტომ გამოვიყენე ინსტექტიციდის ჯგუფი და მკურნალობას ვუტარებდი ყოველ მერვე დღეს. მხოლოდ ამგვარად შევძელი მცენარის გადარჩენა.
ზამთარში მცენარის დაავადება შეიძლება გამოიწვიონ ბაქტერიებმა, პარაზიტებმა, სოკომ, მწერებმა, ნემატოიდებმა და სხვადასხვა პათოგენმა. მცენარის სწორი მოვლა აგვაცილებს დაავადებებს. მკურნალობის დროს აქტიურად ვიყენებ სპირტს, წყალბადის ზეჟანგს, ნიშადურის სპირტს, წყლის შხაპს, ნავთს, საპონს და ყველა ხალხურ მეთოდს. ვამზადებ ბიოფუნგიციდებსა და ბიოინსტექტიციდებს.
- როგორ ვუმკურნალოთ მცენარეებს სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით?
- ერთი სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი უნდა გავხსნათ ერთ ლიტრ წყალში და რვა დღეში ერთხელ დავუსხათ მცენარეს. ასეთი მკურნალობა შედეგის მომცემია სოკოვანი დაავადებების დროს. როცა მცენარეს მწერები ჰყავს, ასი გრამი სპირტი უნდა გავხსნათ ათ ლიტრ წყალში და დავასხათ.
ალბათ, გაინტერესებთ, როგორ გამოვაზამთროთ ბოლქვოვანი მცენარეები, რათა მომავალ წელს კვლავ დამშვენდნენ უხვი ყვავილებით. ბოლქვოვნები აუცილებლად უნდა შეხვდნენ პირველ ყინვას. ამის შემდეგ გადავჭრით, ბოლქვებს ამოვიღებთ მიწიდან, გავწმენდთ, დავამუშავებთ ფუნგიციდით და გავაშრობთ. სქელი თიხა გავხსნათ წყალში და თითოეული ბოლქვი მასში ამოვავლოთ, შემდეგ ჩავაწყოთ კონტეინერში და შევინახოთ სარდაფში. ამ პროცედურებით დავიცავთ ბოლქვებს მღრღნელებისგან. ბოლქვები შეგვიძლია შევინახოთ პარაფინშიც. პარაფინი მზადდება წყლის ორთქლზე. მასში ამოვავლებთ ბოლქვებს, გავაშრობთ და პაკეტებში მოვათავსებთ. იმ შემთხვევაში, როცა ბოლქვი ბევრია, მის მოსავლელად კი ცოტა დრო გვაქვს, ბოლქვები უნდა გავასუფთაოთ, კარგად გავაშროთ და შევინახოთ გრილ ადგილზე. გაზაფხულზე მოვაცილებთ თიხას, პარაფინს და დავთესავთ.
- რატომ არ უნდა გავსხლათ ვარდები შემოდგომაზე და თუ შეიძლება ამ დროს მისი დაკალმება?
- შემოდგომაზე ვარდებს მხოლოდ გამხმარი ტოტები უნდა მოვაცილოთ. მცენარე უნდა გადავიყვანოთ მოსვენების ფაზაში, შემოვუბაროთ მიწა. ცივ რეგიონებში შემობარული მიწა დაახლოებით ორმოც სანტიმეტრზე ავამაღლოთ და მცენარეს კარგად შემოვუყაროთ. დავუსხათ ნაცრიანი წყალი და ნაკელი.
ვარდის დაკალმების იდეალური დრო გაზაფხულია. დაკალმების უამრავი მეთოდი არსებობს. ზოგი დაკალმების შემდეგ მცენარეს სხვადასხვა ფორმით ათბუნებს, მაგრამ მას ხელოვნურად დათბუნება - ქილის ან პოლიეთილენის დაფარება არ სჭირდება. კარგად ჩაფალით ღია გრუნტში და დროგამოშვებით მორწყეთ.
- მულჩირების თაობაზეც მოგვეცით პროფესიონალური რჩევები...
- მულჩირება ნიადაგსა და მცენარეს ზამთრის ყინვებისა და ძლიერი ქარებისგან იცავს. ამ ფორმით ნიადაგი უკეთ ინარჩუნებს სითბოს. მულჩირებას ვიყენებთ როგორც ლანდშაფტის დიზაინში, ასევე დეკორატიული მცენარეების მოვლის დროს. ის ნიადაგს ამდიდრებს ორგანული საკვებითაც, რადგან დროთა განმავლობაში ბუნებრივ ნეშომპალად გადაიქცევა. მულჩი მიიღება მაგარი და რბილმერქნიანი მცენარეების ფრაქციების დაქუცმაცებითაც. ძალიან კარგია წიწვების მულჩი, ნახერხი, ბროწეულის ქერქი, მუხის ქერქი, დაქუცმაცებული რკო. კარგია თივის, შვრიისა და ქერის ნამჯაც. რაც ბუნებაში მოიპოვება, ვუბრუნებთ ისევ ბუნებას და არაფერს ვკარგავთ.
ნელი ვარდიაშვილი