ტრამპის შიში ევროპაში - რატომ დაიწყო ბებერმა კონტინენტმა გამალებული შეიარაღება ანუ დატოვებს თუ არა აშშ ნატოს?! - კვირის პალიტრა

ტრამპის შიში ევროპაში - რატომ დაიწყო ბებერმა კონტინენტმა გამალებული შეიარაღება ანუ დატოვებს თუ არა აშშ ნატოს?!

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „რატომ იწყებს ევროპა გადაიარაღებას? არა მხოლოდ რუსეთის შიშით...“ (ავტორი - ლი ჰოკსთადერი). პუბლიკაციაში, პოლონეთის სამხედრო გეგმების განხილვის ფონზე, გაანალიზებულია ნატოს ევროპელი წევრების თავდაცვის მდგომარეობა, მათი უსაფრთხოების დონე და პერსპექტიული პრობლემები. „ევროპის ქვეყნები თავიანთ სამხედრო პოტენციალს ზრდიან - არა მხოლოდ რუსეთის შიშით, არამედ - სხვა მიზეზითაც: ვაითუ, აშშ-ის პრეზიდენტი ისევ დონალდ ტრამპი გახდეს, რომელიც ნატოს შემადგენლობიდან ევროპელების მფარველი ამერიკის გაყვანით იმუქრებოდა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

პოლონეთი დასავლეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას ქმნის. ვარშავას განზრახული აქვს თავის ჯარში უფრო მეტი საბრძოლო ტანკი ჰყავდეს, ვიდრე დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და იტალიას ჰყავს, ერთად აღებული.

ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვა: ქვეყანაში, სადაც შობადობა ნაკლებია და ბავშვებიც მცირე რაოდენობით იბადებიან ანუ მოსახლეობა სწრაფად იკლებს, ვინ გაუწევს ექსპლოატაციას უახლეს შეიარაღებას? ან საიდან მიიღებს არმია შევსებას, როცა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაორმაგებაა დაგეგმილი?

და კიდევ: როგორ აპირებენ პოლონეთის ლიდერები (ასევე, მეტ-ნაკლებად, ევროპის სხვა ქვეყნების ხელმძღვანელები) თავის გართმევას იმ გარდაუვალი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებისადმი, რომელსაც მსხვილი სამხედრო მშენებლობა გამოიწვევს, თანაც მოსკოვის აგრესიული მოქმედებისა და ევროპის მიმართ ვაშინგტონის ყურადღების შესუსტების ფონზე?

რა თქმა უნდა, პოლონეთის მოქმედება, თუ მას სტრატეგიული თვალსაზრისით შევაფასებთ, ნამდვილად საღად არის გააზრებული და ადეკვატურია სიტუაციის შესაბამისად: ქვეყნის წინ ისეთი მტერი დგას, რუსეთის სახით, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთი მრავალი ათეული წლის განმავლობაში დაიმონა და, ფაქტობრივად, ქვეყანა ოკუპირებული ჰქონდა. სხვათა შორის, მიმდინარე თვის დასაწყისში ვლადიმერ პუტინის თანამზრახველი დიმიტრი მედვედევი (რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) პოლონეთს სახელმწიფოებრიობის ლიკვიდირებით დაემუქრა.

და, ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პოლონეთი მტრულ გარემოში მდებარეობს - მას ესაზღვრება ბელარუსი (ანუ რუსეთის მარიონეტული ქვეყანა), უკრაინა, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება (და რომლის დამორჩილებას ვლადიმერ პუტინი ცდილობს), ასევე, კალინინგრადის ოლქი - რუსეთის ფორპოსტი, სადაც უამრავი იარაღია კონცენტრირებული.

სხვათა შორის, გასულ თვეში ჩატარებული დაძაბული საპარლამენტო არჩევნების დროს თავდაცვის საკითხი ერთ-ერთ ძირითად სადისკუსიო თემას წარმოადგენდა.

პოლონეთი ნატოს წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აშშ-ის დაცვის ქვეშაა, 29 სხვა დასავლელ წევრთან ერთად - თუ რომელიმე მესამე მხარე მასზე თავდასხმას გაბედავს. ამჟამად პოლონეთში დისლოცირებულია ათი ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო იმ დასავლური სამხედრო ტექნიკის 80%, რომელიც უკრაინას დასავლეთისაგან მიეწოდება, ტრანზიტით პოლონეთის ტერიტორიაზე გადის.

ესე იგი, პოლონეთის უსაფრთხოება მაღალი დონით არის უზრუნველყოფილი. მაშ, რა განაპირობებს ვარშავის შიშებს?

რუსული დათვის ბრდღვინვასთან ერთად, რაც ვარშავას აშფოთებს, მისი არმიის გადაიარაღების კიდევ ერთი ძალზე იოლი და მარტივი ახსნა არსებობს - დონალდ ტრამპი.

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ იტყობინებოდა, 2018 წელს დონალდ ტრამპმა არა ერთხელ განუცხადა თავის თანაშემწეებს თეთრ სახლში, რომ მას ნატოდან აშშ-ის გამოყვანა სურს. და თუ ამერიკა მართლაც გავა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან, მაშინ ბლოკი ძლიერი ლიდერის გარეშე თავის მნიშვნელობას დაკარგავს.

„ძალიან საშიში იქნება, თუ ამერიკა ევროპას ზურგს შეაქცევს. პოლონეთს სწორედ ეს აშფოთებს დონალდ ტრამპთან დაკავშირებით“, - ამბობს ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი დიპლომატი, - "სხვათა შორის, ამ საკითხზე ყველა ევროპული საგარეო საქმეთა სამინისტრო ფიქრობს“.

როცა დონალდ ტრამპი ევროპას ნატოდან აშშ-ის გაყვანით ემუქრებოდა (იმ მიზეზით, რომ ალიანსის სხვა წევრები სამხედრო სფეროში აუცილებელი რაოდენობის თანხებს არ ხარჯავდნენ და აშშ-ის იმედზე იყვნენ), პოლონეთი ნატოში იმ მცირე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც თავდაცვაზე თავისი მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) დაახლოებით 2%-ს ხარჯავდნენ. მომავალ წელს ვარშავას ამ ციფრის გაორმაგება (4%) აქვს დაგეგმილი, განსაკუთრებით ისეთ ფონზე, თუ უკრაინის კონფლიქტი გაჭიანურდება.

აღსანიშნავია, რომ ნატოს არც ერთი წევრი, აშშ-ის ჩათვლით, მშპ-ის ამდენ მოცულობას (4%-ს) არ ხარჯავს თავდაცვისათვის. ესე იგი, თუ ვარშავა თავის გეგმას განახორციელებს, ნატოში პოლონეთი პირველ ადგილს დაიკავებს, თავდაცვაში თანხების ჩადებით და ამ მხრივ უკან ჩამოიტოვებს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი. თავდაცვითი ხარჯების მოცულობით, პოლონეთი ისრაელის დონეს უახლოვდება (მშპ-ის 4,5%).

ვარშავის ამბიციური გეგმები ყველაზე თანამედროვე ავიაციის (გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების), სარაკეტო სისტემებისა და არტილერიის შეძენაზე რუსეთის მხრიდან მზარდმა საფრთხემ და მუქარებმა გამოიწვია. როგორც ცნობილია, მოსკოვმა თავისი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა. თუმცა პოლონეთის მიერ კუნთების გაძლიერება ერთგვარი პასუხი იქნება იმ სიტუაციისადმი, თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება და ნატოს ბედის ანაბარად მიატოვებს.

ცხადია, რომ ეს პერსპექტივა ნატოს სხვა ევროპელ წევრებშიც შეშფოთებას იწვევს.

გერმანიის მთავრობამ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თავდაცვის სფეროში, ნატოს 2014 წლის დადგენილებით თანახმად, განსაზღვრულ თანხებს არ ხარჯავდა, გასულ კვირას განაცხადა, რომ მიიღო გრძელვადიანი (2030 წლამდე) პროგრამა სამხედრო დარგში თანხების ხარჯვის გაფართოების შესახებ, მაგრამ ეჭვები იბადება მისი შესრულების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ გერმანული ეკონომიკა „კოჭლობს“, ბიუჯეტი შიდავალის კონსტიტუციური ჩარჩოებით არის შეზღუდული, ხოლო არმიის შევსება ახალი კონტინგენტით დიდ სიძნელეებს აწყდება.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტის შესრულებას შეუდგა და ამ მიზნით 450 მილიარდი დოლარი გამოყო 2030 წლამდე. პარალელურად, იგი მიმართავს ძალისხმევას, რომ სხვა ქვეყნებმაც მსგავსი ნაბიჯები გადადგან. ემანუელ მაკრონის ამგვარ კურსს სიტუაციის საღად შეფასება განაპირობებს: ფრანგი პრეზიდენტი თვლის, რომ შეერთებული შტატები, რომლის ყურადღება ამჟამად ჩინეთზე [და ისრაელზეა] კონცენტრირებული, არაპროგნოზირებად მოკავშირეს წარმოადგენს და თუ ამ ფაქტორს დონალდ ტრამპის დაბრუნებაც დაემატება, მაშინ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. თუმცა აქვე ვიტყვით: მაკრონისეულ „სტრატეგიული ავტონომიის“ ხედვას ევროპა ნაკლებად იზიარებს და ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.

არის კიდევ დიდი ბრიტანეთი, რომლის არმია ათწლეულების განმავლობაში მცირდებოდა და როგორც ერთ-ერთი ამერიკელი გენერალი ამბობს, ინგლისის შეიარაღებული ძალები „მეორეხარისხოვანი არმიის მონაცემებსაც კი ძლივს აკმაყოფილებს“. სხვათა შორის, ბრიტანელი ოფიციალური პირები ამგვარ შეფასებას ეთანხმებიან: მათი თქმით, დიდ ბრიტანეთს იმდენად მცირე რაოდენობის საბრძოლო მასალები აქვს, რომ თუ ომი იქნება, შეიარაღება რამდენიმე დღეში გამოილევა. ამის მიუხედავად, პრემიერმა რიში სუნაკმა მიმდინარე წლის მთავარ პრიორიტეტებიდან არმია გამორიცხა.

ევროპის თავდაცვისუნარიანობის მდგრადი და სტაბილური გაზრდა, რასაკვირველია, დამოკიდებულია ძლიერ ეკონომიკაზე და დემოგრაფიულ მონაცემებზე, მაგრამ ეს ორივე სფერო ამჟამად ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში დაბალი დონის შობადობაა, თუ დღევანდელი მდგომარეობა გაგრძელდება, 2050 წლამდე პოლონეთის - 10%-ით შემცირდება. ევროპის ეკონომიკური ზრდის ტემპები პანდემიის შემდეგ ბევრად ჩამორჩება აშშ-ის ეკონომიკის მატების ტემპებს.

რუსეთს რომ უკრაინის ომი დაეფინანსებინა, კრემლმა სამხედრო შეკვეთები ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მისცა - ისევე, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის წლებში იყო. რადგანაც რუსეთის ავტორიტარული სახელმწიფოა, მას ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად მეტი შესაძლებლობები აქვს.

თუ ევროპა იმის უნარს გამოიჩენს, რომ მოსკოვის ასეთ პოლიტიკას უპასუხოს, მაშინ უსაფრთხოების დაცვის დონე შეიძლება იმაზე მეტიც კი იყოს, რასაც დღეს აშშ სთავაზობს თავის ევროპელ მოკავშირეებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო