შურისძიება უკრაინულად - "ჰაიმარსები" შუა კონცერტზე და კობზონთან "გასტროლებზე წასული" რუსი მსახიობი - კვირის პალიტრა

შურისძიება უკრაინულად - "ჰაიმარსები" შუა კონცერტზე და კობზონთან "გასტროლებზე წასული" რუსი მსახიობი

ნებისმიერ ომში, მებრძოლი მხარეები მუდამ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი მიაყენოს მოწინააღმდეგეს, რისთვისაც ელოდებიან მტრის სამხედროების ერთად თავმოყრას, რომ ერთი-ორი დარტყმით, რაც შეიძლება მეტი მათგანი გაანადგურონ ან მწყობრიდან გამოიყვანონ...

ეს უკრაინის არმიამ 3 ნოემბერს საკუთარ თავზე მწარედ იწვნია, რის შესახებაც ჩემი ბლოგის მკითხველს დაწვრილებით მოვუყევი 6 ნოემბრის სტატიაში - „დიდი ტრაგედია უკრაინის არმიისთვის - რატომ დაუშვეს უკრაინელებმა იგივე საშინელი შეცდომა, რაც ქართველებმა 2008 წელს?!“

„უკრაინის არმიისთვის ეს ტრაგიკული შემთხვევა 3 ნოემბერს ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზთან მოხდა, როდესაც იმიერკარპატეთის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის არტილერისტების ნაწილს თავი მოუყარეს ფრონტისპირა სოფლის ეზოში, უკრაინის საარტილერიო-სარაკეტო ჯარების დღესთან დაკავშირებით, მათთვის ჯილდოების გადასაცემად...სავარაუდოდ, ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან რომელიღაცამ წინასწარ შეატყობინა რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკრაინელი არტილერისტების დაგეგმილი თავშეყრის შესახებ, რაც დაადასტურა რუსული სადაზვერვო დრონის მიერ გადაცემულმა ვიდეოკადრებმაც და რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი არტილერისტების ერთად შეჯგუფების ადგილს დიდი სიზუსტით ესროლეს „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტა...

1-klubi-1700728144.jpg
ოკუპირებული უკრაინული სოფლის კლუბში კონცერტზე თავშეყრილ რუს საზღვაო ქვეითებს „ჰაიმარსის“ რაკეტა ასეთი სიზუსტით „ეწვია“...

რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა უკრაინის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის არანაკლებ 28 ოფიცერი და ჯარისკაცი, დაიჭრა 53...“ , - ვწერდი მაშინ.

შემდგომ დღეებში, დაზუსტებული ინფორმაციით, ამ უკრაინულ ბრიგადას იმ ტრაგედიის დროს 19 მებრძოლი დაეღუპა, რაც ნაკლები შეღავათია და მოსალოდნელი გახლდათ, რომ უკრაინელი სამხედროები რაღაცნაირად მაინც შურს იძიებდნენ ამისთვის, მით უმეტეს, რომ მანამდეც არა ერთი წარმატებული წერტილოვანი საჰაერო დარტყმა განუხორციელებიათ რუსი ოკუპანტების თავშეყრის ადგილებზე...

და ასეც მოხდა, თანაც შურისძიება ერთი ერთში განხორციელდა, როდესაც 19 ნოემბერს, უკვე რუსეთის არმიის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დღის აღნიშვნისას, უკრაინული „ჰაიმარსი“ ზუსტად მოხვდა იმ კლუბს, სადაც ამ დღეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მებრძოლები განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავდნენ და მოსკოვიდან მოწვეული ჰყავდათ მეტ-ნაკლებად ცნობილი რუსი მსახიობი პოლინა მენშიხი...

2-klubi-1700728561.png
მოსკოვიდან მოწვეული მსახიობი ქალი რუს ოკუპანტებს უმღეროდა, როდესაც...

ვიდეოკადრში კარგად ჩანს, სცენაზე ამ რუსი მსახიობის სიმღერის დროს როგორ გაისმის აფეთქების ხმა და კადრი ბნელდება...

უკრაინელების გაშვებული „ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტის აფეთქებამ, ძირითადად, სწორედ სცენის თავზე ჩაანგრია ჭერი და ერთ-ერთი პირველი, რუსი მსახიობი ქალი დაიღუპა.

მეორე „ჰაიმარსი“ კლუბის ეზოში აფეთქდა და რუსი სამხედროების მანქანები დააზიანა.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ამ წერტილოვან სარაკეტო დარტყმას არანაკლებ 23-25 რუსი სამხედრო შეეწირა, 80-100 კი - დაიჭრა...

თუმცა მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში მოჩანს, რომ სარაკეტო დარტყმამ ჭერი, ძირითადად, სცენის თავზე ჩაანგრია, ხოლო 150-კაციანი დარბაზის ჭერი გადარჩა, რაც ცოტა საეჭვოს ხდის დაღუპულთა და დაზიანებულთა ამხელა რაოდენობას. დარბაზში დაღუპული რუსი სამხედროების საერთო რიცხვი, ალბათ, ათზე მეტი თუ იქნება, თანაც ისინი, რომლებიც წინა რიგებში, სცენასთან ახლოს ისხდნენ...არადა ეს ადგილები დაჭრილ სამხედროებს სპეციალურად დაუთმეს, რომ სცენაზე მსახიობებისთვის ახლოდან ეცქირათ...

3-klubi-1700728280.png
კლუბის სცენის თავზე ჭერი ჩაინგრა, თუმცა დარბაზის სკამები გადარჩა...

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დამცველების საბედისწერო შეცდომა, ალბათ, იმიტომ გაიმეორეს და დაჯილდოებისთვის საზეიმოდ ამდენი სამხედრო ერთ ადგილას შეჰყარეს, რომ ეს კლუბი ოკუპირებული დონეცკის ოლქის სტარობეშევსკოეს რაიონის სოფელ კუმაჩოვოში მდებარეობდა, რომელიც რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 6 კმ-ითაა დაშორებული, მაგრამ სამაგიეროდ, ფრონტის ხაზამდე 50-60 კმ-ია და რუსი ოკუპანტები თავს არხეინად გრძნობდნენ - უკრაინელი არტილერისტები აქამდე ვერ მოაღწევენო...

არადა უკრაინელებმა არათუ მიაღწიეს, არამედ - უზუსტესი სარაკეტო დარტყმაც განახორციელეს იმ სოფლის კლუბის სააქტო დარბაზზე, სადაც იმ მომენტში რუსული 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მებრძოლები ტკბებოდნენ მოსკოვიდან ჩასული მსახიობების სიმღერით...

რუსეთის შავი ზღვის 810-ე ცალკეული გვარდიული საზღვაო ქვეითთა ბრიგადა ის შენაერთია, რომელიც 1993 წლის სექტემბერში, აფხაზეთის ომის დროს, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, მათ შორის - ოჩამჩირეში და რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველი წუთებიდანვე ჩაერთო ამ ომში...

თუმცა რუსი საზღვაო ქვეითების მცდელობა, დესანტირება განეხორციელებინათ ნიკოლაევისა და ოდესის სანაპიროზე, კრახით დამთავრდა, რის შემდეგაც რუსეთის გენშტაბი ამ ბრიგადის საზღვაო ქვეითებს ჩვეულებრივ მებრძოლებად იყენებს სანგრებში, რის შედეგადაც ბრიგადამ დიდი მსხვერპლი ნახა - დაეღუპა 169 მებრძოლი, მათ შორის - თვით ბრიგადის მეთაურიც კი.