თბილისში დაგეგმილი მკვლელობა, რომელსაც შესაძლოა, ისრაელ-ირანის ომი გამოეწვია - რა მოხდა საქართველოს დედაქალაქში ერთი წლის წინ?! - კვირის პალიტრა

თბილისში დაგეგმილი მკვლელობა, რომელსაც შესაძლოა, ისრაელ-ირანის ომი გამოეწვია - რა მოხდა საქართველოს დედაქალაქში ერთი წლის წინ?!

2022 წლის 15 ნოემბერს დილას ისრაელის გაზეთებმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს: თბილისში იგეგმებოდა საქართველოში მცხოვრები ისრაელის მოქალაქე ებრაელ ბიზნესმენზე (ვინაობა დასახელებული არ იყო) თავდასხმა და ამ ტერორისტული გეგმის უკან ირანი დგასო. ასევე დასახელებულნი იყვნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ის მოქალაქენი, ვინც, ისრაელის მასმედიის აზრით, ტერაქტის ორგანიზატორები იყვნენ, კერძოდ: ჰოსეინ რუჰბანი, მუჰამედ-რეზა არბელო, მოჰსენ რაფი მიანდაშტმი, ფარჰად ფაშაი და ალი ფაიზიპური. ირანიდან ოპერაციას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეციალური დანიშნულების ძალების („ყუდსი“) უფროსი ოფიცერი ჰოსეინ რუჰბანი ხელმძღვანელობდა, ხოლო თბილისში კოორდინაციას ალი ფაიზიპური ახორციელებდაო. თავის მხრივ საქართველოში ისრაელის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ირანი აგრძელებს მშვიდობიან საქართველოში ტერაქტების მცდელობებსო. ცნობილია, რომ „ყუდსი“ ძირითადად ირანის გარეთ ახორციელებს სპეცოპერაციებს. ლიბანში მისი დასაყრდენი „ჰეზბოლაა“, ღაზას სექტორში - „ჰამასი“; პაკისტანსა და ავღანეთში - ირანთან დაახლოებული სამხედრო–პოლიტიკური დაჯგუფებები.

15 ნოემბერს საღამოს, თბილისში მდებარე „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშესთვის ეს სატელეფონის ზარი სრულიად მოულოდნელი იყო: მას პირადად ისრაელის პრეზიდენტმა იცჰაკ ჰერცოგმა დაურეკა და გადარჩენა მიულოცა. მხოლოდ მაშინ შეიტყო იციკ მოშემ, რომ ტერორისტების სამიზნე ყოფილა. შემდეგ დღეებში კი სატელეფონო ზარები ფაქტიურად არ შემწყდარა.

photo-1700806115.jpg

იციკ მოშე

ისრაელის მოქალაქის მკვლელობის გეგმების აღკვეთის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ნოემბერს შემდეგი ოფიციალური განცხადება გაავრცელა: . „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“.

სუს–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და უცხოეთის მასმედიაში დბეჭდილი მასალების შეჯერებისა და ანალიზის შემდეგ ამგვარი სურათი გამოიკვეთა. ირანის მოქალაქეებმა (უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნებიდან გამომდინარე გვარებს არ ვასახელებ) ცნობილი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქის, თბილისში მცხოვრები იცჰაკ მოშეს მკვლელობა დაგეგმეს. „ქილერად“ შეარჩიეს პაკისტანის მოქალაქე, ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ–ქაიდასთან“ დაკავშირებული პირი, რომელიც ჩამოვიდა თბილისში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები. „ქილერი“ რამდენიმე კვირის მანძილზე იცაკ მოშეს უთვალთვალებდა და მისი გადაადგილების მარშრუტებს სწავლობდა. თბილისში პაკისტანელი მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა ირანში მყოფ შემკვეთებთან და იღებდა მათგან ინსტრუქციებს და თანხებს. ტერაქტის ჩატარებისთვის საჭირო იარაღის ფარულად შესაძენად დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი.

სუს–ის ინფორმაციით კვალის დასაფარად, პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა თბილისში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც, ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია ირანიდან ხორციელდებოდა.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების საცხოვრებელი ბინებიდან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილ იყო, როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები.

თავად იციკ მოშემ მაშინ განაცხადა, რომ მასზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ არავის გაუფრთხილებია და ამის თაობაზე მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც სუს–მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. ვინ არის იციკ მოშე და რატომ გახდა ის ტერორისტების სამიზნე? პირდაპირ უნდა ითქვას: საქართველოში 1959 წელს დაბადებული და თორმეტი წლის ასაკში ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრირებული იციკ მოშე ქართულ–ებრაული ურთიერთობების გამორჩეული მოღვაწეა. ის უკვე ათწლეულებია, რაც საქართველო–ისრაელის ეკონომიკური და კულტურული დაახლოების ღონისძიებების გულშემატკივარი და მოთავეა. იციკ მოშეს ძალზე საინტერესო ცხოვრების გზა აქვს გავლილი. ერთად გავეცნოთ ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური საიტზე განთავსებულ მის ბიოგრაფიას.

1971 წელს იციკ მოშე მშობლებთან ერთად საქართველოდან ისრაელში საცხოვრებლად გაემგზავრა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ მსახურობდა ისრაელის ჯარში, საჰაერო დანაყოფში. თელ-ავივის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მან მიიღო ორი ბაკალავრის ხარისხი განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. 1987 წელს, სწავლის დროს, გახდა სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე და უნივერსიტეტის საინფორმაციო ბიულეტენი „მეიტარის“ რედაქტორი. კომუნიკაციების განყოფილებაში კარიერული წინსვლის მიუხედავად, იციკ მოშემ დატოვა სამსახური 1988 წელს სიონისტური გამოწვევის სასარგებლოდ, რომელიც მას შესთავაზა WUJS-მა (ებრაელი სტუდენტების მსოფლიო კავშირი) ორგანიზაციის საბჭოთა კავშირში გაცნობის მიზნით. 1989 წელს, საბჭოთა რეჟიმის დროს, მან დააარსა WUJS-ის პირველი მისია საქართველოს დედაქალაქ თბილისში, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში. 1989 წელს აირჩიეს ებრაული სააგენტოს პირველ წარმომადგენლად საბჭოთა კავშირში და დააარსა პირველი საერთაშორისო ოფიციალური წარმომადგენლობითი ცენტრი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.

photo-1700806200.jpg

ფოტო აღებულია: https://malkhazkokhreidze.wordpress.com/author/malkhazkokhreidze/

1992 წლამდე იციკ მოშე ხელმძღვანელობდა ებრაული სააგენტოს ოფისებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 1995 წელს მიაღწია უმაღლეს პროფესიულ თანამდებობას და გახდა ებრაული სააგენტოს ცენტრალური ოფისის დირექტორი მოსკოვში. ეს ოფისი ზედამხედველობდა ყველა სხვა წარმომადგენლობას დსთ-ში. 1996 წლიდან იციკ მოშე არის ისრაელ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. 2012 წელს მან მედიაში გააპროტესტა და საჯაროდ გააკრიტიკა გაეროს გენერალური ასამბლეის N 67/19 გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველომ, 138 ქვეყანასთან ერთად, პალესტინის მხარეს მისცა ხმა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ იციკ მოშემ საქართველოში დააარსა ორგანიზაცია „ისრაელის სახლი“, რომლის მთავარი მიზანია გააძლიეროს კავშირები მეგობარ სახელმწიფოებს შორის. ეს ორგანიზაცია ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელის სახალხო დიპლომატიის როლის გაძლირებაზე. იციკ მოშემ ერთ–ერთი გამოსვლაში განაცხადა: “საქართველო განსაკუთრებული ადგილია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ გემრიელი ჩურჩხელა, არამედ იმიტომ, რომ საქართველო არის სტრატეგიული ქვეყანა ღირსეული ისტორიით, კულტურით, ხალხით, პოტენციალით, რომელთანაც აუცილებელია ურთიერთობის გაძლიერება“.

2022 წლის 16 ნოემბერს იციკ მოშე ჟურნალისტებს შეხვდა.

photo-1700806562.jpg

იციკ მოშეს შეხვედრა ჟურნალისტებთან

„პირველი ინფორმაცია მე გავიგე გუშინ საღამოს, შუადღისას უკვე დაიწერა ქართულ პრესაში, რომ ლაპარაკი არის ისრაელის მოქალაქეზე, ასევე დაიწერა ისრაელის პრესაში, მაგრამ ველოდებოდი საღამოს, რომ სახელი დაიწერებოდა, რადგან შეიძლება, სხვაზეც ყოფილიყო საუბარი. ისრაელის პრესა მარწმუნებდა, რომ ალბათ თქვენზე არის საუბარიო. პირველი ზარი მივიღეთ ისრაელის პრეზიდენტისგან, რომ ის მხარს გვიჭერს და თქვა, გავუფრთხილდეთ თავს. ამის შემდეგ იყო ზარები მეგობრობის ჯგუფებიდან საქართველოდან და ისრაელის ქნესეთიდან. უამრავი მხარდაჭერა იყო, ვინაიდან, ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ საქართველოში, ვმუშაობთ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. ეს არის დაკავშირება მეგობარ ქვეყნებთან, ეს არის პირველი ჩვენი ისრაელის სახლის შინაარსი და მეორე არის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. წინა კვირას ჩავატარეთ იერუსალიმში გლობალური ფორუმი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, სადაც მონაწილეობდა 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საქართველოდანაც იყო დელეგაცია. წარვადგინეთ მეთოდი, როგორ შეიძლება ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა მაშინ იციკ მოშემ.

თუმცა დიდი გამოცდილების პატრონს მისი პერსონით უცხო პირების დაინტერესებისა და თბილისის ქუჩებში თვალთვალის შემთხვევები ნამდვილად არ უნდა გამოპარვოდა. იციკ მოშეს ბიოგრაფია ადასტურებს, რომ ის ყოველთვის ისრაელის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის „ფრონტის წინა ხაზზე“ იყო და დღესაც რჩება. ერთ–ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: " მსოფლიოში ბევრი ანტისემიტიზმია... ამიტომ, ყველა ებრაელს ქვეყნის გარეთ საფრთხე ემუქრება". ისრაელის მედია ამ ქვეყნის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი 2021-2022 წლებში გეგმავდა საქართველოში თავდასხმას იციკ მოშეზე.

თავად იციკ მოშეს მიაჩნია, რომ: „ ვარ წინა ხაზზე და უნდა გავაკეთო ჩემი საქმე, უნდა გავაგრძელო მუშაობა ისრაელის ქვეყნისთვის და ეს არის აუცილებელი. . . . .ასეთი აქციები არ უნდა იყოს მიზეზი, რომ შეგეშინდეს ან შეცვალო გეგმები . . ჩვენ ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ, ნებისმიერ ქვეყანაში. . . „ადამიანი როცა იბადები ებრაელად და ისრაელელად, ხარ მარადიულ ომშიო“.

2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამერიკულმა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" ვრცელი მასალა გამოაქვეყნა ირანის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ტერაქტებთან დაკავშირებით. ამ სტატიის მიხედვით იციკ მოშეზე თავდასხმის ერთ–ერთი ორგანიზატორი ასევე ყოფილა ირანის მოქალაქე, „ყუდსის“ მაღალჩინოსანი შაჰრამ პურსაფი.

აღნიშნული პირი ფიგურირებდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონის მკვლელობის ორგანიზების მცდელობაში. 2022 წლის აგვისტოში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შეძლო ამ ტერაქტის თავიდან აცილება. ამის შემდეგ პურსაფიზე ძებნა არის გამოცხადებული.

photo-1700806628.jpg

შაჰრამ პურსაფი

საქართველსთან უვიზო რეჟიმის შემოღება ირანის სპეცსამსახურებისთვის ძალზე ხელსაყრელია, რადგან მათ გაუადვილდათ აგენტურის შემოგზავნა. ახლა მათთვის უფრო იოლია აშშ-ის, ისრაელის თუ სხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ან სხვა ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება (მათ შორის ტერაქტების ორგანიზებაც). აზერბაიჯან–სომხეთის სამხედრო კონფლიქტმა, ისრაელ – „ჰამასისის“ ომმა კიდევ უფრო დაძაბება სამხრეთ კავკასიაში მდგომარება. ირანის ხელისუფლება ღიად ემუქრება ისრაელს, აშშ–სა და დიდ ბრიტანეთს და აცხადებს, რომ ის საპასუხო ზომებს მიიღებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირანის სპეცსამსახურები უკვე აღარ მოერიდებიან მტრის სტრატეგიულ ობიექტებზე და მოქალაქეებზე, მათ შორის საელჩოებსა და დიპლომატებზე, აშკარა თავდასხმას და ტერაქტების მოწყობას. აქ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის – საქართველოს ტერიტორიაც იგულისხმება.

ისლამური რევოლუციის შემდეგ აშშ–ს სპეცსამსახურებს უდიდესი ობიქტური პრობლემები ჰქონდათ (და აქვთ) ირანში აგენტურის ინფილტრაციის (ანუ შეგზავნის და იქ დამკვიდრების) მხრივ. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ირანის მსგავს ქვეყნებში აგენტურული მუშაობა ისტორიულად ურთულესი საქმეა. იქ, ტოტალური კონტროლის პირობებში, გართულებულია ინფორმაციის სანდო წყაროს გადაბირება. ამიტომ საქართველო–ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებით ამერიკელებიც ეცდებიან სარგებლის ნახვას.

თავისუფალი სავიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ საქართველოში მკვეთრად იმატა ირანელთა რიცხვმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ტურისტული, საგანმანათლებლო, სავაჭრო თუ გართობის მიზნით ჩამოდიან. საკუთარ ქვეყანაში უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფნი, ისინი საქართველოში დაეწაფნენ ამქვეყნიურ სიამოვნებებს და ადამიანურ ცდუნებებს. არსებული ინფორმაციით, ირანელები რესტორნების, კაზინოების და არაოფიციალური ბორდელების ხშირი სტუმრები არიან. ეს გარემოება კი, სწორედ აშშ-სა და ისრაელის სპეცსამსახურების წისქვილზე ასხამს წყალს – მათ ხომ გაცილებით გაუადვილდათ ირანის მოქალაქეების გადაბირება.

ხედავთ ხომ რა დიდი ორმტრიალში ვართ გარეულები? ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად ურთულესი ამოცანა აქვს: როგორ გინდა აღკვეთო დაპირისპირებული მხარეების სპეცსამსახურებს შორის სისხლიანი გარჩევები და ტერაქტები?