„საქართველო ევროკავშირსა და რუსეთს შორის: იმედგაცრუება ევროპის მიმართ და დაახლოება რუსეთთან?" - Al Jazeera
კატარის ტელეკომპანიის - „ალ ჯაზირას“ (Al Jazeera) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „საქართველო ევროკავშირსა და რუსეთს შორის: იმედგაცრუება ევროპის მიმართ და დაახლოება რუსეთთან?“ (ავტორი - ფაჰიმ ას-სურანი).
გთვაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:
არც ერთი ქვეყნის მოქმედებას არ გამოუწვევია ისეთი გაკვირვება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ გამოხატული დამოკიდებულებით, როგორიც თავისი ქცევით საქართველომ გამოიწვია.
გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვსა და თბილისს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, რომელიც რუსეთის გამარჯვებითა და კრემლის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარებით დასრულდა. ასეთი ისტორიულ-პოლიტიკური ფონის დროს, პლუს საქართველოს მრავალწლიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გათვალისწინებით, მართლაც „გასაკვირი და მოულოდნელია“ ის ფაქტი, რომ საქართველო თავს იკავებდა და არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს.
უთანხმოება დასავლეთთან?
საიდუმლო არაა ის, რომ ამ კავკასიური ქვეყნის პოლიტიკური ძალები დასავლურ გეოპოლიტიკურ პროექტში არიან ჩართულნი და სურთ, რომ საქართველო ნატოსა [და ევროკავშირის] წევრი გახდეს.
ამიტომაც ყველა შოკში ჩავარდა, როცა 2022 წლის 26 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად და აღნიშნა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა დასავლეთის მიერ რუსეთისადმი გამოცხადებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს. მოგვიანებით, საქართველომ უფრო მკაფიოდ განსაზღვრა თავისი პოზიცია: თბილისი არ შემოიღებს საკუთარ სანქციებს მოსკოვის მიმართ, მაგრამ დაიცავს დასავლეთის ყველა რესტრიქციას რუსეთის მიმართ.
შეთქმულება „ევრომაიდნის“ სახელით
იმ დროს, როცა თბილისი რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსირებას ცდილობდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ გამოავლინეს შეთქმულთა ჯგუფი, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა მასობრივი უწესრიგობების მოწყობა ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მიზნით. შეთქმულების განხორციელება, თურმე, უკრაინიდან იგეგმებოდა, რომლის ინიციატორი იყო გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ამჟამად კი - უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილედ მუშაობს. ამ ცნობამ საქართველოს მოსახლეობის პოზიციის ფოკუსის შეცვლა გამოიწვია საგარეო პოლიტიკური მოვლენების მიმართ.
რუსი და ქართველი ანალიტიკოსების ვარაუდით, საქმე ეხება უკრაინული სცენარის რეალიზებას, რომელიც თბილისში 2014 წლის კიევური „ევრომაიდნის“ განმეორებით მოწყობას ითვალისწინებდა, რათა საქართველომ არ გადაუხვიოს ევროპის გზას და აშშ-ის გავლენის ზონიდან არ გავიდეს.
პოლიტიკური რეალიზმი
კავკასიის საკითხების ექსპერტი ალექსანდრე იუდინი თვლის, რომ საქართველოს რიგი პოლიტიკური ძალებისათვის ევროინტეგრაციის პროცესის დამუხრუჭება მიუღებელია. არადა, ამჟამად ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რუსეთთან დაახლოების პროცესის გაძლიერების კვალობაზე, სრულიად შესაძლებელია.
არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთი მართლაც ცდილობს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებას საქართველოში, რათა არ დაუშვას რუსეთთან და, ვთქვათ, დამატებით ჩინეთთან დაახლოება.
თბილისი დაინტერესებულია რეგიონული თანამშრომლობით. ჩინური „აბრეშუმის გზის“ და თურქული „გაზის ჰაბის“ პროექტებში ჩართვა საქართველოს ტრანზიტულ როლს მნიშვნელოვნად ზრდის - ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანული და შუააზიური გაზის გარდა, სხვადასხვა პროდუქციით დატვირთული მატარებლები და სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ. ბოლო წლებში ტვირთების გადაზიდვა განუხრელად მატულობს.
როგორც ალექსანდრე იუდინი თვლის, რუსეთი მიესალმება თბილისის მიერ გადადგმულ ყოველ გონივრულ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. მოსკოვი ყოველთვის მხარს უჭერს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებას და იმავეს მოუწოდებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც.
თავის მხრივ, ქართველი პოლიტოლოგი ლევან მამალაძე „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დიდი ხნის წინათ გააღიზიანა კიევი და დასავლეთი იმით, რომ უარი თქვა უკრაინისათვის იარაღის მიწოდებასა და რუსეთის მიმართ სანქციების გამოცხადებაზე, აგრეთვე, არ დათანხმდა კიდევ ერთი ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ.
პერსპექტივა: ადრე თუ გვიან, მოსახდენი მაინც მოხდება...
დასავლეთისაგან განსხვავებით, კიევს თბილისზე ზეწოლის განსახორციელებლად საშუალებები არ აქვს. რამდენიმე თვის წინ, აშშ-ის ხელისუფლებამ, პირველად ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, სანქციები შემოიღო საქართველოს რამდენიმე მოქალაქის მიმართ, ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორის ჩათვლით. თბილისი კი იმ დასავლური დელეგაციებისათვის „სალოცავ“ ადგილად იქცა, რომლებიც ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვთან ურთიერთობების შეწყვეტაში.
თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსა და მოსკოვს შორის რაიმე პოლიტიკური კავშირი ჩამოყალიბდეს. იმავდროულად, ორივე მხარე ერთმანეთთან პრაგმატულ ეკონომიკურ ურთიერთობებს ავითარებს.
პარალელურად, საქართველო, გარკვეულწილად, იმედგაცრუებულია იმით, რომ შენელდა და მუხრუჭდება ევროკავშირთან ინტეგრაციისა და მასში გაწევრების პროცესი. დასავლური შეფასებების თანახმად, საქართველო ევროკავშირის წევრი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, 2030 წლისათვის თუ გახდება.
რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ზრდისა და ამას წინათ განახლებული ავიამიმოსვლის მიუხედავად, მოსკოვი და თბილისი ჯერჯერობით მზად არ არიან სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნისათვის. ასევე, არ დგას დღის წესრიგში 2008 წლის სექტემბერში გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც. ორ მეზობელს შორის შუამავლად ისევ შვეიცარია რჩება.
მოამზადა სიმონ კილაძემ