მხოლოდ აქედან შეეძლო მტერს აფხაზეთზე თავდასხმა
ძველ დროში, თურმე, შავი ზღვის სანაპიროზე მიწისქვეშეთის სული ცხოვრობდა, ვაჟთან და სამ ტყუპ ქალიშვილთან ერთად. სული ხმლებს ჭედავდა ვაჟისთვის და მეომრებისთვის, რომლებიც გაგრის გასასვლელს იცავდნენ. მხოლოდ აქედან შეეძლო მტერს აფხაზეთზე თავდასხმა. ამ ხმალს მაგიური ძალა ჰქონდა: ვისაც ხელთ ეპყრა, უძლეველი იყო, ამბობს ლეგენდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მიწისქვეშეთის სული მოკვდა, იარაღის გამოჭედვა ვეღარავინ შეძლო. ჯარი, რომელიც გასასვლელს იცავდა, შორეული ქვეყნიდან მოსულ დიდ ლაშქართან უთანასწორო ომში დამარცხებულა. მომხდურს მიწისქვეშეთის სულის ვაჟი მოუკლავს, მღვიმის გასასვლელი კი, საიდანაც ტყუპი დები მიწის ზედაპირზე ამოდიოდნენ, უზარმაზარი ლოდებით ამოუქოლავს...
სამუდამო ტყვეებად ქცეულ ქალებს იმდენი ცრემლი დაუღვრიათ, რომ პატარა ნაკადულები წარმოქმნილა. მოგვიანებით ნაკადულები შეერთებულან და მდინარედ ქცეულან...
სულზე ვიყავი, ერთი აბზაცი დამესრულებინა, რომ მეთქვა, ეს ძველი აფხაზური ლეგენდაა-მეთქი. ამ ლეგენდის მიხედვით, ასე დაიბადა შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ცივი მდინარე - რეპრუა.
ამ ლეგენდის წაკითხვისთანავე ჩემი ღრმა ბავშვობა ამომიტივტივდა. ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე რომ ვინახულეთ სოხუმის სანაპირო. პატარები ვიყავით, მაგრამ ვგრძნობდით, როგორი სხვაგვარი იყო კელასური... რაც დრო გადის, ბევრი არაფერი იცის, თითქოს, ახალმა თაობამ, არც აფხაზეთის ისტორიაზე, მით უფრო - ლეგენდებსა და საოცარ ადგილებზე.
როდესაც წიგნ „ბუნების 100 საოცრებას“ თვალი გადავავლე, მომინდა, რამდენიმე ინფორმაცია თქვენთვისაც გამეზიარებინა და გთხოვთ, 2 წუთი დაუთმეთ ამ ბლოგს.
ჯერ ერთი, ეს პირველი წიგნია, სადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული, ერთობ საინტერესო გეოგრაფიული ადგილები არის შეტანილი...
ბებია იხსენებდა, როგორი ლამაზია რიწის ტბა, რომელიც ბავშვებს არასოდეს გვინახავს. მით უფრო, პირველად ვკითხულობ ლეგენდას მის შესახებ. შესაძლოა - თქვენც.
ერთი-ერთი ლეგენდა ქვრივი ქალის წყევლის შემდეგ, მთა ფშეგიშხას ჩამოქცევაზე მოგვითხრობს; მეორე - ულამაზეს ასულ რიწაზე, რომლის გადასარჩენად ქალის ძმას ყაჩაღებისთვის უზარმაზარი ფარი უსვრია. ამ ფარს მდინარის კალაპოტი ჩაუხერგავს, გადმოსულ წყალს კი ხეობა დაუტბორავს, თუმცა ყველა გადმოცემის თანახმად, რიწის ქვაბული მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად არის წარმოქმნილი. დაგუბება კი, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან მიწისძვრის შედეგად ჩამოქცეულმა კლდე-ზვავმა გამოიწვია.
რიწის ტბა - ბუნების ნამდვილი საოცრებაა. ის ყველაზე ღრმა ტბაა საქართველოში და არასოდეს იყინება ზამთარში. რიწის კამკამა წყალში ხშირად ირეკლება ტბის გარშემო აღმართული ხშირი ტყით დაფარული უზარმაზარი მწვერვალები, რომელთა სიმაღლე 2200-3500 მეტრს აღწევს...
იცით რაიმე კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, აფხაზური ეპოსის გმირი აბრსკილი როგორ იყო მიჯაჭვული? გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი ზემოთ აღნიშნულ წიგნში მოგვითხრობს, რომ კოდორის ქედის სამხრეთ ნაწილში მდებარე აბრსკილის კარსტული მღვიმე ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესია კავკასიაში. მისი სიგრძე 2500 მ-ია... მღვიმური სისტემა 10-მდე მოზრდილი დარბაზისგან შედგება. მათგან ცნობილია: „ფარდებიანი დარბაზი“, „მეანდრის დარბაზი“, „ლეგენდების დარბაზი“ და სხვა.
გადმოცემით, ერთ-ერთ დარბაზში აფხაზური ეპოსის გმირი, აბრსკილი იყო მიჯაჭვული. ლეგენდის თანახმად, ის უმანკოდ ჩაისახა. გოლიათური ძალისა და გამჭრიახი გონების პატრონი, ამირანივით თავისუფლებისთვის იბრძოდა და თავი ღვთის სწორად მიაჩნდა. ღმერთმა ამისთვის დასაჯა და მღვიმეში ბოძს მიაჯაჭვა.
მეცნიერისა და მკვლევრის - ნიკო მარის აზრით, „აბრსკილი“ „მზის შვილს“ უნდა ნიშნავდეს (აფხაზურად „ამირაბირ“ - მზე და მეგრულად „სკირ“ - შვილი); აფხაზები დღესაც სიამაყით იხსენებენ მითიურ გმირს და ტურისტებს მღვიმის ახლოს ერთ ლოდს უჩვენებენ, რომელსაც, გადმოცემით, ჯერ კიდევ ამჩნევია აბრსკილის ბედაურის ნალის კვალი...
ეს მღვიმე, როგორც გეოგრაფი ამბობს, არქეოლოგიური თვალსაზრისითაც საინტერესოა, რადგან აქ ნაპოვნია მღვიმური დათვის მთლიანი ჩონჩხი და სხვა ცხოველთა ძვლები, ასევე, ქვის ხანის ადამიანის იარაღი...
ბზიფის ქედზე არსებული მიწისქვეშა „თოვლის სამეფო“ პირველად 1971 წელს აღმოაჩინეს. სპელეოლოგები მაშინ 160 მეტრი სიღრმის ჭაში ჩაეშვნენ და გიგანტური ნაზვავების გადალახვის შემდეგ აღმოჩნდნენ უზარმაზარ დარბაზში, რომლის ფსკერი მრავალსაუკუნოვან, 32 მეტრის სიმაღლის მყინვარულ კონუსს ეკავა.
დღეს, უკვე დადგენილია, რომ“ თოვლიანის“ უფსკრულში მღვიმური თოვლისა და ყინულის ნარჩენები 550 მეტრ სიმაღლეზე აღინიშნება. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიო რეკორდსმენია. ის ერთადერთი მღვიმეა, რომელშიც თოვლი და ყინული მიწის ქვეშ ასეთ დიდ სიღრმეზე არის შესწავლილი. მეცნიერთა ვარაუდით, ყინულის ასაკი, დაახლოებით, 5 ათასი წელია.
მწვერვალ ხიფსთას მიდამოებში, „თოვლიანიდან“ 35 მეტრით მაღლა, მეორე უფსკრულის - „მეჟენის“ ჩასასვლელი იხსნება. მას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, სპელეოექსპედიციის წევრის, სერგეი მეჟენის სახელი დაერქვა.
მეჟენი საველე კვლევების დროს უფსკრულში ტრაგიკულად დაიღუპა. 1883 წელს შესაძლებელი გახდა „თოვლიანიდან“ „მეჟენში“ გადასვლა და ეს ორი მიწისქვეშა სისტემა გაერთიანდა. ახლა, იქ 14 დარბაზი გამოიყოფა. ერთ-ერთი მათგანი ევროპის მღვიმეებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია (100მ).
ცხადია, ყველაფერს ვერ დაწერ ერთ ჯერზე და ვერც ყველა ამბავს მოყვები, მაგრამ მე მთელი ემოციით მოგიყევით ის, რაც არ ვიცოდი. ის, რამაც კიდევ ერთხელ გამახსენა აფხაზეთი და წარმომისახა ლამაზი ადგილები, გამიჩინა იმედი, რომ ერთ დღეს ამ ადგილების მონახულებას შევძლებთ...