აბა, გამოიცანი, მაქვს თუ არა "კინჟალი"? - როგორ თამაშობს პუტინი უკრაინელების ნერვებზე და რატომ ითხოვს ზელენსკი საჰაერო განგაშის არგამოცხადებას?! - კვირის პალიტრა

აბა, გამოიცანი, მაქვს თუ არა "კინჟალი"? - როგორ თამაშობს პუტინი უკრაინელების ნერვებზე და რატომ ითხოვს ზელენსკი საჰაერო განგაშის არგამოცხადებას?!

რუსეთ-უკრაინის ომი მეორე წელია, მიმდინარეობს და უკვე ბევრი საერთო დაუგროვდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებთან მიმართებაში, იქნება ეს პოზიციური ბრძოლები სანგრებიდან თუ განუწყვეტილი საჰაერო განგაშები...

განსხვავებით ლონდონელებისგან , ბერლინელებისგან ან მოსკოველებისგან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს საჰაერო განგაშის სიგნალს სირენების გამყინავი ხმით იგებდნენ და ბომბსაფარებს მიაშურებდნენ, კიეველებს და უკრაინის სხვა ქალაქების მაცხოვრებლებს აქვთ იმის „ფუფუნება“, რომ მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის შესახებ საკუთარ მობილურ ტელეფონებზე მიიღონ სასწრაფო შეტყობინება.

1-kinzhali-1700818467.png
ჰაერში აფრენილ რუსულ МиГ-31К -ს ქვეშ ჩამოკიდებული „კინჟალის“ რაკეტა ახლო მანძილიდან კი მოჩანს, მაგრამ როგორ მიხვდნენ უკრაინელი მეზენიტეები, რამდენიმე ასეული კმ-ის სიშორიდან, თუ ამჯერად რა სასიკვდილო „ნობათით“ მიფრინავს მათკენ პუტინის „სიამაყე“?

ეს, ერთი მხრივ, ძალზე წინ გადადგმული ნაბიჯია (მალე უკრაინაში უნდა ამოქმედდეს ისრაელის სპეციალისტების მიერ წლების წინ დანერგილი, სარაკეტო თავდასხმის ადრეული შეტყობინების სისტემა, თუკი ღაზაში ომმა ხელი არ შეუშალა). თავად წარმოიდგინეთ - აიწევა თუ არა რომელიმე რუსული ბომბდამშენი უკრაინასთან მეტ-ნაკლებად სიახლოვეს განთავსებული რუსული სამხედრო აეროდრომიდან, უკრაინის საჰაერო თავდაცვა მაშინვე საჰაერო განგაშს აცხადებს იმ რეგიონებში, რომლებიც შეიძლება მოხვდნენ რუსული საჰაერო დარტყმების ქვეშ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვასა და საჰაერო თავდაცვის სისტემას, ბუნებრივია, არ აქვს იმის ტექნიკური რესურსი, რომ თავად აკონტროლოს ყველა რუსული საბრძოლო თვითმფრინავის აფრენა და უკრაინისკენ გეზის აღება, ამაში უკრაინის გენშტაბს ნატოს წევრი ქვეყნების ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემა ეხმარება, რომელიც ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავებით - „ავაქსებით“, რადიოელექტრონული და კოსმოსური დაზვერვის ტექნიკური საშუალებებით, ოპერატიულად აფიქსირებს რუსული სამხედრო ავიაციის ყველა აფრენას და ამ ინფორმაციას დროულად გადასცემს კიევს.

თუმცა, როგორც ამ ომმა აჩვენა, ბევრი ინფორმაციის ქონაც... თურმე, პრობლემა ყოფილა!

კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ძალზე იწონებს თავს ჰიპერბგერითი საავიაციო დამრტყმელი კომპლექსით - Кинжал-ით, რომლის ჩამოგდება მართლაც ძალზე პრობლემატურია და, ამასთან, უკრაინის გინდ ჩრდილოეთის, გინდ აღმოსავლეთის, გინდაც სამხრეთი საზღვრების სიახლოვიდან გაშვებული ეს რუსული „კინჟალები“ მაინც წვდებიან უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერ ადგილს, თვით უკიდურეს დასავლეთ საზღვარსაც კი, რადგან „კინჟალი“ 2 ათას კმ-მდე მიფრინავს.

2-kinzhali-1700818612.png
უკრაინის საჰაერო განგაშის გამოცხადების ონლაინ ელექტრონული რუკა სრულად წითლდება, როდესაც რუსი ოკუპანტები ჰაერში МиГ-31-ებს აწევენ, თუმცა არავინ იცის, ისინი იმ მომენტში არიან თუ არა შეიარაღებულნი „კინჟალებით“...

რამდენიმე „კინჟალი“ რუსმა ოკუპანტებმა მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენეს უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ზუსტი სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად, თუმცა ამერიკელების მიერ მიცემული „პეტრიოტის“ ანტისარაკეტო რაკეტებით უკრაინელებმაც ჩამოაგდეს ერთი ან უფრო მეტი „კინჟალი“.

მიუხედავად ამისა, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მაინც ძალზე უფრთხის ამ რუსულ „კინჟალებს“, რადგან მათ, თუნდაც კიევამდე, უკრაინის პრეზიდენტის სასახლემდე მისაღწევად სულ ორიოდე წუთი სჭირდებათ და ეზოში გამოსული პრეზიდენტი ბომბსაფარში ჩასვლასაც ვერ მოასწრებს, თუკი ადრეულად არ გამოაცხადებენ საჰაერო განგაშს, რუსული სამხედრო თვითმფრინავების აეროდრომიდან აფრენისთანავე.

„კინჟალის“ წაღება რუსულ სტრატეგიულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენსაც - Ту-160 -საც შეუძლია (8 ცალი „კინჟალი“), შორეული მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენ Ту-22М3М -საც( 4 ცალი) და გამანადგურებელ-გზაგადამჭრელ МиГ-31К -საც, მაგრამ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები მაინც სწორედ МиГ-31К -ებს იყენებს ყოველდღე, რადგან ეს შედარებით იაფი უჯდება, ვიდრე ისედაც თითებზე ჩამოსათვლელი სტრატეგიული ოთხძრავიანი „ტუების“ საფრენოსნო რესურსის დახარჯვა.

ასე რომ, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს ყოველდღიურად დაფრინავენ რუსული МиГ-31-ები, რომლებიც შეიძლება, სულაც არ იყვნენ МиГ-31К მოდიფიკაციის ანუ „კინჟალების“ მატარებლები (რუსეთს ათზე მეტი ასეთი მოდერნიზებული თვითმფრინავი თუ ჰყავს, რომლებსაც „კინჟალის“ საბრძოლო გამოყენება შეუძლიათ), მაგრამ ამას ნატოს „ავაქსების“ საჰაერო რადარები 400-600 კმ-ის სიშორიდან ვერ არკვევენ. შესაბამისად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა იძულებულია, მთელი ქვეყნის მაშტაბით აცხადოს საჰაერო განგაში, რომლის დროსაც წყდება მუშაობა, ტრანსპორტის მოძრაობა და ყველა ცდილობს, ბომბსაფარს ან მეტროს შეაფაროს თავი...

ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე „ჩერდება“ ცხოვრება, რაც ისედაც ომში მყოფი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით სერიოზულ პრობლემებს აჩენს...

საქმე იქამდეც მივიდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის საბჭოზეც კი გაიტანა საკითხი, რომ ყოველი რუსული МиГ-31-ის აფრენაზე აღარ გამოცხადდეს საჰაერო განგაში მთელ უკრაინაში, რადგან ამით სარგებლობს რუსეთი, რომელიც ასეთი ცრუ განგაშებით უკრაინას მუდმივი საჰაერო თავდახმის შიშის ქვეშ აყენებსო...

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლობა ჯერჯერობით არ აპირებს ამის გაკეთებას, რადგან აღიარებს, რომ „კინჟალის“ გამოშვების შემთხვევაში, მისი საზენიტო და ანტისარაკეტო საშუალებები „კინჟალის“ ასპროცენტიანი ჩამოგდების გარანტიას ვერ იძლევა...

სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ერთი თვის წინ არცთუ ორაზროვნად განაცხადა: „ჩემი ბრძანებით შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მუდმივ პატრულირებას იწყებენ „კინჟალებით“ აღჭურვილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები, ეს ის „კინჟალებია“, რომლებიც ათას კმ-ზე შორს მიფრინავენ, ბგერის სიჩქარეზე ცხრაჯერ სწრაფად“ -ამით მან ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის სანაპიროსთან ორი ამერიკული საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფის შეყვანასთან დაკავშირებით მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა და, ფაქტობრივად, დაემუქრა კიდეც „კინჟალებით“ ამერიკულ ატომურ ავიამზიდებს...

3-kinzhali-1700818574.png
კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების ავტობუსების გაჩერებებზე მომრავლდა ასეთი ბეტონის ბომბსაფარები, რომლებშიც ორ ათეულამდე ადამიანი მოასწრებს შესვლას და აფეთქების ნამსხვრევებისგან თავის დაცვას, თუმცა საავიაციო ბომბის პირდაპირ მოხვედრას ეს ბომბსაფარები ვერ გაუძლებენ...

რეალურად კი რუსეთს არც იმდენი „კინჟალი“ აქვს შეიარაღებაში, რომ მათი საშუალებით მუდმივი პატრულირება ახორციელოს, როგორც შავი ზღვიდან უკრაინის დასაშინებლად, ისე - ხმელთაშუა ზღვაში, ამერიკელების ავიამზიდების დასაფრთხობად...

ამასთან, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსი, რომლის გათვალისწინება აუცილებლად მოუწევთ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს - მართვადი საავიაციო შეიარაღების (იქნება ეს „ჰაერი-ჰაერის“ თუ „ჰაერი-ხმელეთის“კლასის საავიაციო ბომბი ან რაკეტა) ექსპლუატაცის დრო შეზღუდულია, თუკი პილონებზე ჩამოკიდებული ამ რაკეტებით თვითმფრინავმა რამდენჯერმე განახორციელა აფრენა-დაფრენის პროცესი, რადგან ეს საავიაციო შეიარაღება განიცდის გადატვირთვას, რაც უარყოფითად მოქმედებს მის კონსტრუქციაზეც და მგრძნობიარე დამიზნების სისტემაზეც...

ასე რომ, „კინჟალებით“ სისტემატიური საჰაერო პატრულირება, უკრაინელების მუდმივად დასაშინებლად, რუსეთს ტექნიკურადაც გაუჭირდება, მაგრამ როგორ გამოიცნონ უკრაინელმა მეზენიტეებმა, რომ უკრაინისკენ აფრენილ მორიგ რუსულ „მიგს“ ფიუზელაჟისქვეშა პილონზე ჩამოკიდებული აქვს თუ არა „კინჟალი“?