მარილი, მარილი, მარილი ჩქარა! - თბილისში ”შესაჭმელი” ასფალტიც კი აღარ ჩანდა... - კვირის პალიტრა

მარილი, მარილი, მარილი ჩქარა! - თბილისში ”შესაჭმელი” ასფალტიც კი აღარ ჩანდა...

სამსახურიდან, როგორც წესი, 25-35 წუთი ვუნდები შინამდე მოღწევას. დღეს საათნახევარზე მეტი დამჭირდა. საიდუმლოს გაგანდობთ და თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ უბანში - ვარკეთილში ვცხოვრობ. სამუშაოდ კი საბურთალოზე მიწევს გასვლა. მოკლედ ბევრი რომ არ "გავახურო", გზებზე ისეთი უბედურება ტრიალებდა, თბილისს რევოლუციის (ვარდების) მერე რომ არ ახსოვს.

არ ვიცი, ობამას იმედი ჰქონდა თბილისის მერიის დასუფთავების (იგულისხმე - "მარილის დაყრის") სამსახურს, თუ სინოპტიკოსების პროგნოზი არ დაიჯერეს, მაგრამ ვისაც წუხელ თბილისის ქუჩებში გავლა მოუწია, დამეთანხმება, რომ ჩვენ დედაქალაქს ნამდვილად "აკლდა მარილი".

არადა, სახლში მოსულმა ტელევიზორში იმ მუქთახორა (სხვანაირად არ ვიცი როგორ ვუწოდო სამსახურს რომელიც სხვისი "დამსახურებით" იღებს შემოსავალს) სამსახურის უფროსისგან მოვისმინე, რომ ქალაქის ქუჩები 24 საათიან რეჟიმში სუფთავდება. ან მე ვცხოვრობ სხვა ქალაქში, ან ეს დასუფთავების სამსახური სხვა რამეზე მიბმულმა გადასახადმა "გააბლატავა"...

31 იანვრის თბილისში პოსტრევოლუციური ოპოზიციის ყველაზე ცნობილი სლოგანის "აბა ასფალტი ვჭამოთ?"-ის ავტორსაც კი გაუჭირდებოდა მოსაკბეჩი ასფალტის მოძებნა, ისე იყო ყველაფერი გაყინულ-დათოვლილი. ტყუილს ვერ ვიტყვი და ავლაბრის აღმართი და ცენტრალური ქუჩების ზოგიერთი მონაკვეთი შედარებით გაწმენდილი იყო, მაგრამ სანაპიროები და თუნდაც აეროპორტის ტრასა ერთ მშვენიერ საციგურაო მოედნად იყო ქცეული.

თავიდან გავიფიქრე, რომ ეს ყოველივე ელენე გედევანიშვილის ბრინჯაოს მედლის "დამსახურებაა" (დიდი სიხარულით ვულოცავ წარმატებას) და როგორც ნაციონალური არხები ორი დღის წინ გვამცნობდნენ, მალე მთელი საქართველო დაიფარება ყინულის მოედნებით.

თუმცა მაინც მგონია, რომ ქალაქის მართვაში მოიშალა რაღაც და იმის ბრალია, რომ უყურადღებოდ დარჩა ისეთი პააატარა უბნები, როგორიც ვარკეთილი, გლდანი, ან თემქა-სანზონაა. კუკია-ნახალოვკაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. ხმები დაირხა, ამ უბნებში ხალხი "კოგტებიანი" ფეხსაცმელებით დადისო...

მართალია, თბილისის დასავლეთ უბნებში არ ვყოფილვარ, მაგრამ დაილოცოს მეგობრები და თანამშრომლები. სამსახურიდან გასულებმა დავთქვით, რომ შინ მიღწეულებს ერთმანეთი მოგვეკითხა და ამიტომ ზუსტად ვიცი რა პრობლემები იყო გლდანში. თემქის მიკროებშიც სულ სრიალ-სრილით დადიოდა ხალხი. სან-ზონაში კი ქსნის ქუჩა ფაქტობრივად აუღებელ და მიუვალ ციხე სიმაგრედ იქცა. სხვათა შორის, ქსანზე გამახსენდა, როგორც ვიცი, მიუვალობის გამო ქსნის ციხეს ხალხში "ყ... მომჭამე" შეარქვეს. ალბათ ქსნის ქუჩამაც მაგიტომ "გამოაჩინა კბილები".

მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა... მივხვდი, რომ არ ყოფნის ეს დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი ამ დასუფთავების სამსახურს. მარილი რომ მარილია, ეგეც დეფიციტია და ამიტომ ჩვენ მთავრობას ვთავაზობ - დიზელის ფასს დაამატონ ტრაქტორის "კოვშის" გადასახადი, ხოლო ბენზინის ფასს - მარილის მოსაკრებელი (1 ლიტრაზე - 3 სუფრის კოვზი). და მერე იქნებ გვეშველოს რამე.

მე ჩემი სათქმელი ვთქვი. ეხლა მარეგულირებრის სიტყვას ველოდებით...