ყველაზე მეტი ქართული ღვინო უკრაინაში დაილია - კვირის პალიტრა

ყველაზე მეტი ქართული ღვინო უკრაინაში დაილია

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2011 წელს ქართული ღვინის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 37.7%-ით გაიზარდა და 54.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, უფრო ზუსტად კი მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა. თუმცა, შარშანდელი გაზრდილი მაჩვენებელიც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ემბარგოს დაწესებამდე არსებულს, - 2005 წელს, ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება 81 მილიონი აშშ დოლარი იყო - 41,6 მილიონი ლიტრი.

2011 წლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 2.5% შეადგინა, ხოლო ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 16.9 მილიონ ლიტრს მიაღწია. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 12.1 მილიონი ლიტრი იყო.

გიორგი აფხაზავა, საქართველოს ღვინის ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის მენეჯერი:

- ექსპორტის ზრდის მიზეზი შესაძლოა იყოს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა უცხოურ ბაზრებზე, რასაც ხელი შეუწყო რამდენიმე გარემოებამ. მათ შორის იყო საერთაშორისო გამოფენები, რომელშიც ბოლო რამდენიმე წელია ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად მონაწილეობდნენ. გამოფენის მიზანი ხომ სწორედ ის არის, რომ უცხოელმა პარტნიორებმა, დისტრიბუტორებმა გაიცნონ საქართველო, ქართული ღვინო, შეადარონ, თუ როგორია ქართული ღვინის ხარისხი სხვა ღვინოებთან შედარებით. როცა უცხოელი პარტნიორი მოდის გამოფენაზე, აფასებს პროდუქტს, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, იმაზე დაყრდნობით, თუ რამდენად სტაბილურია პროდუქციის ხარისხი ან რამდენად იზრდება ხარისხობრივი მაჩვენებლები, იწყებს კომპანიასთან მოლაპარაკებებს, რათა შეიტანოს მათი პროდუქცია თავის მაღაზიებსა და სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე.

ემბარგომდე პერიოდს რომ შევადაროთ, ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ესეც შესაძლოა განვიხილოთ როგორც ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი გარემოება. ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი კომპანიები ძალიან გააქტიურდნენ, ცდილობენ სულ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ კომპანიების განვითარებაში. მაგალითად, ამ ბოლო დროს ბევრი ყიდულობს მიწას ვენახის  გასაშენებლად ან უკვე გაშენებულ ვენახებს. ეს კი უმცირებთ ხარჯებს და მეტი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქტიურობა და დარგის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელება. რამდენიმე სახელმწიფო უწყება, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საინვესტიციო სააგენტო, ტურიზმის სააგენტო და სხვა, აქტიურად არიან ჩართული ქართული ღვინის პოპულარიზაციაში და დიდ სამსახურს გვიწევენ.

ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ახალი ბაზრების ათვისებაც დაიწყეს, რამაც შესაძლოა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ხელი შეუწყო ღვინის ექსპორტის ზრდას. ჩვენს ასოციაციაში 28 წევრი კომპანიაა გაერთიანებული, რომლებიც აწარმოებენ ღვინოს, შუშხუნა ღვინოსა და ბრენდის. ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ ბაზრებზე შესასვლელად. ეს იქნება ძირითადად აზიური ბაზრები: ჰონკონგი, იაპონიის ნაწილი, ინდოეთი. საინტერესოა ამ თვალსაზრისით კანადა, რადგან ცოტა რთული ბაზარია. ალკოჰოლური სასმელების იმპორტისა და რეალიზაციის სისტემა სამთავრობო მონოპოლიის დონეზე აქვთ მოწყობილი. ბოლო ორი წელია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას კანადის ხელისუფლებასთან. ალკოჰოლური სასმელების შეტანაზე კვოტები აქვთ დაწესებული, მაგრამ 2009 წლის შემდეგ კვოტებით გათვალისწინებული მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობიდან გამომდინარე, ის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ბაზარია, ამიტომ უამრავი ღონისძიება ტარდება და იგეგმება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ამერიკაში. მაგალითად, წელს იგეგმება ქართული ღვინის ბარის გახსნა ვაშინგტონში. მართალია, ბოლო წლებში ამერიკის ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით შედარებით არასტაბილური მაჩვენებლები გვაქვს, - ხან იზრდება, ხანაც მცირდება ექსპორტი, თუმცა გეგმები ამერიკის ბაზრების ათვისებასთან დაკავშირებით საკმაოდ შორსმიმავალია.

- უცხოეთის ბაზრებზე კონკურენცია ღვინის სეგმენტში დიდია. რა შეიძლება ჩაითვალოს ქართული ღვინის უპირატესობად კონკურენტებთან შედარებით?

- რა თქმა უნდა, ვერ შევედრებით ღვინის წარმებაში ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ან შედარებით ახალბედა მწარმოებლებს - ჩილეს, არგენტინასა და ავსტრალიას, მათ შორის - რაოდენობის თვალსაზრისით. საქართველო ღვინის ლიმიტირებულ რაოდენობას აწარმოებს და ძალიან მცირეა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მიერ წარმოებულ ღვინოსთან შედარებით, მაგრამ რამდენიმე უპირატესობა მაინც გვაქვს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც პირველმა დაიწყო ღვინის წარმოება და ამიტომაც იწოდება "ღვინის აკვნად". გარდა ამისა, გვაქვს აბორიგენი უნიკალური ჯიშები, გამორჩეული როგორც გემოვნური თვისებებით, ისე ბუკეტით, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით. ქართული ღვინო არა მხოლოდ პროდუქტია, არამედ ისტორია, ამბავი, რომელმაც შესაძლოა ბევრი რამ გიამბოთ ქართული ღვინის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელსაც უცხოელებთან ხშირად აღვნიშნავთ.

- ამჟამად ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით უკრაინაში გადის არა?

- გასული წლის მონაცემები ჯერ შეჯამებული არა გვაქვს, თუმცა შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ 2010 წლის მონაცემები, რომლის თანახმადაც ქართული ღვინის ექსპორტმა უკრაინის ბაზარზე 6,3 მილიონი ლიტრი, ხოლო მთლიან ღირებულებაში დაახლოებით 18 მილიონი დოლარი შეადგინა. ამავე წლის მონაცემებით უკრაინას მთელი ღვინის ექსპორტის 46%. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, რომლის წილად ქართული ღვინის ექსპორტის 15% მოდის. მას მოჰყვება ბელორუსია მთელი ექსპორტის 10%-ით.

- ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ქართული პროდუქცია და მათ შორის ღვინოც დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე. თქვენი ასოციაცია თუ არის ჩართული ამ პროცესში?

- ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიების თქმით, ჯერ სიახლე არაფერია რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საქმეში. სხვათა შორის, ჩვენი ასოციაციის წევრია კომპანია "სარაჯიშვილიც", მაგრამ მისგანაც მსგავსი პასუხი მივიღეთ.

- დაბრუნების სურვილი კომპანიებს აქვთ?

- საჯაროდ ამას არავინ იტყვის, მაგრამ კომპანიას, რომელიც პროდუქციას აწარმოებს, ბუნებრივია, ექნება სურვილი ისეთ ბაზარზე შევიდეს, სადაც მისი პროდუქცია დიდი რაოდენობით გაიყიდება.

(სპეციალურად საიტისთვის)