"ქართველები ძალიან ჰგვანან იტალიელებს. ერთადერთი, რაც გვყოფს, ენაა, მაგრამ ერთი ჭიქა ღვინის შემდეგ, ენაც ქრება და რჩება მხოლოდ გული!" - რას ამბობს იტალიელი ლეგენდა თბილისზე - კვირის პალიტრა

"ქართველები ძალიან ჰგვანან იტალიელებს. ერთადერთი, რაც გვყოფს, ენაა, მაგრამ ერთი ჭიქა ღვინის შემდეგ, ენაც ქრება და რჩება მხოლოდ გული!" - რას ამბობს იტალიელი ლეგენდა თბილისზე

24 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული და ყველა თაობისთვის საყვარელი იტალიელი მომღერალი - AL BANO პირველად წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე, კონცერტი საქველმოქმედო ფონდის - "ცხოვრება მშვენიერიას" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ფონდის ხელმძღვანელი და იტალიური სიმღერების შემსრულებელი - ნიკოლოზ ესაკია. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქველმოქმედო გახლდათ და შესული თანხა "ფერად ქალაქს, აუტიზმის ეროვნულ ცენტრს" გადაეცემა.

ხალხით გადაჭედილ ფილარმონიაში ყველა თაობის წარმომადგენელს ნახავდით, მცირეწლოვან ბავშვებსაც კი, აუდიტორია უდიდესი ინტერესით, ჩართულობით, სიამოვნებით უსმენდა ცნობილ ჰიტებს თუ ახალ სიმღერებს და მომღერალს თავადაც ჰყვებოდა. მსმენელი თითქმის სამი საათის განმავლობაში არამხოლოდ ალ ბანოს რეპერტუარით ტკბებოდა, მისი შვილების შემოქმედებასაც გაეცნო - იარი კარისი და ჯასმის კარისი. ქართველმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ ჯასმინი მონაწილეობს პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები".

dsc-8201-1700936957.jpg

თავად 80 წლის მომღერალი საოცარ ფორმაშია, დღესაც ისეთივე აქტიურია, როგორც წლების წინ და დღემდე სიამოვნებით ახარებს თაყვანისმცემლებს საკუთარი უზადო საშემსრულებლო მანერით.

საოცარი ხმა, ფართო დიაპაზონი და სრულყოფილი ინტონაცია - ასე მოკლედ შეიძლება შეფასდეს ალბანო კარისის შესაძლებლობები, მუსიკალურ ასპარეზზე ის ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გამოვიდა. 1967 წელს მან ჩაწერა მისი ერთ-ერთი ულამაზესი სიმღერა ,,Nel sole", რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მის თაყვანისმცემლებში. ჰიტმა რეკორდული წარმატება მოუტანა ახალგაზრდა მომღერალს - 1 300 000 ასლი გაიყიდა. იმავე წელს ალ ბანომ მონაწილეობა მიიღო Rolling Stones-ის იტალიურ ტურნეში. Al Bano-ს ალბომები, მუდმივად იყო ჩარტების ლიდერი სხვადასხვა ქვეყანაში.

"საქართველოში მეორედ ვარ და ძალიან სასიამოვნოა, შემიძლია მოვიყვანო ერთ-ერთი პოეტის სიტყვები - შეხვედრა არის ხელოვნება და მეც, ნებისმიერ შეხვედრას ვუყურებ, როგორც მორიგ ხელოვნებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობა და დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ჩემი სიმღერებით მსურს მაქსიმალური სიამოვნება მივანიჭო აუდიტორიას, რათა მასთან კავშირი გავაბა.

საქართველო საოცარი ქვეყანაა და ქართველები არაჩვეულებრივი ხალხი ხართ. ეს ჩემი პირველი კონცერტია აქ და ძალიან ემოციურია, სულ 2 დღეა, რაც საქართველოში ვარ და იცით, როგორი დასკვნა გამოვიტანე? ქართველები ძალიან ჰგვანან იტალიელებს. ერთადერთი, რაც ქართველებსა და იტალიელებს გვყოფს, ენაა, მაგრამ ერთი ჭიქა ღვინის შემდეგ, ენაც ქრება და რჩება მხოლოდ და მხოლოდ გული!

სიმღერა არის როგორც წამალი, სამკურნალო საშუალება, რაც უფრო მეტს ვიმღერებთ, მით უკეთ ვიქნებით. შემომხედეთ და თავად დარწმუნდებით ამაში", - აღნიშნა ალ ბანომ კონცერტზე.

405785382-25278320851766917-7186793738948853019-n-1700936409.jpg

კონცერტის მსვლელობისას, ალ ბანო თითოეული სიმღერის ისტორიას გვიყვებოდა და იმ ადამიანებს იხსენებდა, რომლებმაც მის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს:

"ჩემი პირველი კონტრაქტი იყო "ჩელენტანოს კლანი", ჩემი პირველი გამოცდილება სცენაზე სწორედ აქედან დაიწყო. მე მასთან 2 არაჩვეულებრივი წელიწადი გავატარე. შემდეგ შევიცვალე ის დისკოგრაფიული გამომცემლობა, მაგრამ არასდროს განელებულა ჩემში ის მადლიერების გრძნობა, ის დამოკიდებულება, რაც ჩელენტანოს მიმართ მაქვს".

"სხვათა შორის, 1991 წელს, ჯექსონმა ლოს-ანჯელესში იმღერა ჩემი და რომინას ერთ-ერთი სიმღერა. მირეკავს ჩემი შვილი და მეკითხება, შენი სიმღერა მიეცი მაიკლ ჯექსონს? მაშინ გავაცნობიერე, რომ ჯექსონს ეს ჩემი სიმღერა აუღია, მუსიკა იდენტური იყო, რაც თვით ჯექსონმაც აღიარა მერე".

san-remo-festival-1984-al-bano-and-romina-power-1700941656.jpg
ალ ბანო და რომინა პაუერი

მსმენელისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საინტერესო იყო ალ ბანოსა და მისი ყოფილი მეუღლის - რომინა პაუერის სასიყვარულო ამბავი, მისი უცნაური დასასრული, ამიტომ, ალ ბანომ თავად ისაუბრა ამ თემაზე:

"რომინას არაერთხელ ვთხოვე, დარჩენილიყო იტალიაში. ვიცი, რომ ამერიკელებისთვის დაშორება ისეა, როგორც ვალდებულება, მე კი ცოტა სხვაგვარად ვფიქრობ. ყველანაირი სიკეთე ვუსურვე რომინას, სანამ აშშ-ში გაემგზავრებოდა და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრებად დავრჩით.

ყოველივე ამის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, ერთ გოგონას შევხვდი - ლორედანას და მასთან 2 შვილი შემეძინა. რომინასთან 4 მყავდა. ამ საღამოს ჩვენთან ერთად არის ჩემი ვაჟი და ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი, ჯასმინი, რომელიც მონაწილეობს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“.

wccor2-0hwfkkza-kvog-u43480443364422k5c-1224x916corriere-web-sezioni-593x443-1700944388.jpg
ალ ბანო და ლორედანა

ჯასმინი:

"მოხარული ვარ, რომ გარკვეული პერიოდია თბილისში ვიმყოფები. იცით, რომ პროექტში ვმონაწილეობ. მე ძალიან მომწონს თქვენი ქალაქი, ქართველები საოცრად სტუმართმოყვარე ხალხი ხართ და ყველაზე ძალიან, ძალიან მომწონს ხინკალი! კონცერტზე ჩემს რამდენიმე სიმღერას მოგიძღვნით, მეც ვმღერი", - აღნიშნა ჯასმინმა.

ნიკა ესაკია, მომღერალი, კონცერტის ორგანიზატორი, ფონდის ხელმძღვანელი:

"სამი წლის ასაკიდან ვუსმენ ალ ბანოს სიმღერებს, გადის პერიოდი და დღეს ვზივარ მასთან ერთად, წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, მეამაყება ის, რომ 10 წლის წინ დავაფუძნე ფონდი და ვამართლებთ ჩვენი ფონდის სახელწოდებას - ცხოვრება მართლაც მშვენიერია. გადავწყვიტეთ, რომ ეს საქველმოქმედო კონცერტი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს მივუძღვნათ. არ მახსოვს შემთხვევა, იტალიელებს უარი ეთქვათ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობაზე.

dsc-7813-1700936744.jpg

იტალიაზე საუბრისას ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ძალიან უშუალო და საოცარი ხალხია, მე ძალიან მიყვარს იტალია და იტალიელები. ის, რა ემოციასაც იტალიელები ტოვებენ აქ ჩამოსვლისას, ყველასგან გამორჩეულია. მაესტრო ალბანო ამის უდიდესი მაგალითია. გაოცებული ვარ, თუ როგორ ეფერებოდა თითოეულ ადამიანს, როგორ ესიყვარულებოდა ყველას, სადაც მივედით. საოცარი ადამიანია. სხვათა შორის, მას საკუთარი ღვინის წარმოება აქვს და ერთ-ერთ ღვინოს "ფელიჩიტა" ჰქვია, რაც ქართულად ბედნიერებას ნიშნავს, როგორც იცით.

403099783-25275406788724990-4808031193291414867-n-1700936567.jpg

დიდი მადლობა ბატონ ალბანოს, რომ ჩვენ გვერდშია.

რაც შეეხება ალ ბანოსთან ერთად ფილარმონიის დიდ სცენაზე სიმღერას, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, სასწაული ემოციაა, ეს არის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა!", - აღნიშნა ნიკა ესაკიამ.

403713950-25275406562058346-6521626433846220156-n-1700936507.jpg

ცნობისათვის, ალ ბანოს მსოფლიო აღიარება და წარმატება დამსახურებული ჯილდოებითაც აისახა, 26 ოქროს და 8 პლატინის ჩანაწერი. 1980 წელს მან მოიპოვა Kawakami Award ტოკიოში (იამაჰას პოპ ფესტივალზე). 1982 წელს გერმანიაში მიიღო ოქროს ევროპის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ყველაზე მეტი ჩანაწერის გაყიდულ არტისტს. 1982 წელს ალ ბანომ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა იტალიაში, ჩარტებში ერთდროულად ოთხი სიმღერით. 1984 წელს მან გაიმარჯვა სანრემოს ფესტივალზე სიმღერით "There will be", მეუღლესთან რომინა პაუერთან ერთად.

dsc-7541-1700936769.jpg

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“-ს შემოქმედებითი ჯგუფი, ბედნიერია, რომ სწორედ ფონდმა შეძლო უამრავი მელომანის გულის გახარება AL BANO -ს საქართველოში ვიზიტით. ამასთან ერთად, კონცერტი უდიდეს საქმეს ემსახურება, შემოსული თანხის დიდი ნაწილი გადაირიცხება ,,ფერადი ქალაქი -აუტიზმის ეროვნული ცენტრში“.

აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2014 წლის 19 იანვარს შეიქმნა, 10 წლის განმავლობაში ფონდმა არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა და უამრავი ადამიანის დახმარება შეძლო, არაერთი სიცოცხლის გადარჩენაში შეიტანა წვლილი. შარშან, წარმატებით ჩაიარა ფონდის მიერ ორგანიზებულმა, იტალიური ჯგუფის - ,,RICCHI E POVERI”-ის კონცერტმა, შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)

კონცერტის ორგანიზატორმა - ნიკა ესაკიამ ოცნება აისრულა და ალ ბანოსთან ერთად იმღერა “ლაშიატემი კანტარე”, რომელიც ტოტო კუტუნიოს ხსოვნას მიუძღვნა

იხილეთ ვიდეო

სტატიის ქვემოთ კი იხილეთ ფოტოგალერეა