დილეტანტი ქართულ კინოზე - კვირის პალიტრა

დილეტანტი ქართულ კინოზე

ჩემს ნაცნობებს აღარ უკვირთ როცა ვამბობ, რომ ფილმებს არ ვუყურებ. რა ვქნა, მაყურებელი არ ვარ, მკითხველი გახლავართ და არგუმენტიც მაქვს:

მიმაჩნია, რომ წარმოსახვის უნარს, კითხვა უფრო აფართოვებს. კინოსა და წიგნზე კი, მიუხედავად იმისა, რომ უმბერტო ეკო დიდად არ მიყვრს, ჩემი სათქმელი თქვა: “წიგნი სენდვიჩებს ჰგავს ძეხვით, ინდაურით, სალათის ფოთლით, ყველით და პომიდვრით, ფილმი კი გავალდებულებს, აირჩიო მხოლოდ სალათით ან ყველით.” წიგნისა და ფილმის შედარებაზე მერე დავწერ რამეს, ახლა ქართულ კინემატოგრაფიას მინდა შევეხო.

თანამედროვე ქართული კინო დიად რომ არ ბრწყინავს, ამის დასადასტურებლად, შეგიძლიათ კინოთეატრებში მიბრძანდეთ, სადაც, მორიგი სეანსის დამთავრებისას, ეროვნული ნაწარმით იმედგაცრუებულ მაყურებელს მრავლად ნახავთ.

რა თქმა უნდა, მიზეზი, რამდენიმე თვით ადრე ატეხილი სატელევიზიო აჟიოტაჟის გარდა, სუსტი სცენარი და თეატრის სცენას მიჩვეული მსახიობების არაპროფესიონალიზმიცაა, მაგრამ  შიშით, რომ გამოცოცხლებულ კინემატოგრაფიას თვალი არ ეცეს, ცუდს ვერ ვამბობთ. არადა, გულში ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს აქტიურობა მომაკვდავის აგონიას ჰგავს. ვითომ რომ ცოცხლობს, მაგრამ სინამდვილეში დიდი ხნის მკვდარია.

ფილმის გადაღება, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მე ვიცი, რომ არსებობენ კარგი რეჟისორები, არსებობს კარგი სცენარები, რომლებიც თაროებზე იმტვერება იმ დროს, როცა ძალიან დიდი თანხები მიდის სუსტ ფილმებში. უფრო მეტიც: ისეთი ნიჭიერი რეჟისორებიც ვიცი, რომლებსაც ფილმი რომ დაუფიანსონ, იძულებულნი არიან, სუსტი, უგემოვნო და არაფრისმთქმელი სიუჟეტი წარადგინონ და მე ვერ ვხვდები (თუ ქართველურ ნათესაურსა და ახლობლურ კავშირებს არ გამოვრიცხავთ), რატომ ენიჭება უპირატესობა სუსტ სცენარს.

არადა, ისევე, როგორც სიტყვას წერისას, ფილმში ერთ კადრსაც კი ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია. ხშირად ვამბობ, თუ სათქმელი არ აქვს, მწერლის ფასი ნულის ტოლია. იმავეს გავიმეორებდი რეჟისორზეც. იმიტომ, რომ ყველა გენიალური ფილმი, რომელმაც დროს გაუძლო, დღემდე აღგვაფრთოვანებს და კონიაკივით ძველდება, სწორედ სათქმელს გამოხატავს ისევე, როგორც წიგნები.

დღევანდელ, ქართულ კინემატოგრაფიაში, ორი ტიპის ფილმია პოპულარული. პირველი მათგანი მარტივი სიუჟეტის, ე.წ. მზესუმზირა ფილმებია, რომლებიც ვფიქრობ, უფრო რთული გადასაღებია. ქართული პროდუქტი ამ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. რეჟისორებს არც გამოცდილება აქვთ და არც ცოდნა. კომერციის გამო, ცდილობენ, რეკლამებით გატენონ ფილმი, რომ შემოსავალი მიიღონ ან იპარავენ ძველისძველ სიუჟეტებს და იმედი აქვთ, რომ ორიგინალს არავინ ნახავს. არადა, ამ ქვეყანაში უფრო მეტი კინომანია, ვიდრე ბიბლიოფილი და დიდი შანსია, ჩავარდე.

საქართველოში არიან ავტორები და რეჟისორები, რომელთა შემოქმედებაში ნარკომანია მთავარი ამოსავალი წერტილია. ბუნებრივია, თემის მტკივნეულობიდან გამომდინარე, ამაში ცუდი არაფერი გახლავთ, თუმცა დრო მიდის, იცვლება მოთხოვნები, იცვლება შეხედულება და, რბილად რომ ვთქვათ, არამომგებიანია თემაზე მსჯელობა, რომელზეც სათქმელი იგივე გაქვს, რასაც თხუთმეტი წლის წინ ამბობდი.

ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ამას წინათ ტელევიზორში ერთი ახალი ქართული ფილმი ვნახე. ფილმი, რომელმაც, მიუხედავად სენტიმენტალური შინაარსისა, მისი შემქმნელებისადმი სიბრალულის გარდა, ვერანაირი გრძნობა აღმიძრა. ამ ფილმის გამოსვლისთანავე ძალიან ბევრი ითქვა, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლების ირანული კინოჰიტის გადმომღერებას ჰქონდა ადგილი,  მაგრამ თუნდაც ასე რომ იყოს, კარგად გაკეთებული რემეიკიც ყოველთვის კარგია და ეს რომ ამერიკელებს გაკეთებინათ, ჩემნაირი გულქვა ადამიანიც კი, შეიძლება ტირილით გამსკდარიყო.

პოსტის ბოლოს, კინომანებს მინდა, ბოდიში მინდა მოვუხადო დილეტანტობისა და გაბედულობის გამო. დამეთანხმებით, რაც არ იცი, იმაზე მსჯელობასაც კი ნიჭი უნდა და მე სულ ვფიქრობ, რომ ეს ნიჭი არ გამაჩნია.