შავი "გერანების" შავი მისია - რუსეთმა კიევს რეკორდული რაოდენობის "სიკვდილის მანქანით" შეუტია - კვირის პალიტრა

შავი "გერანების" შავი მისია - რუსეთმა კიევს რეკორდული რაოდენობის "სიკვდილის მანქანით" შეუტია

აქამდე რუსეთს უკრაინის დედაქალაქ კიევზე ყველაზე მასიური საჰაერო თავდასხმა 2023 ახალი წლის დადგომის ღამეს ჰქონდა მიტანილი, როდესაც ახალი წლის დაწყება 45 ირანული „შაჰიდის“ სტუმრობით „მიულოცა“...

25 ნოემბრის გამთენიისას კი რუსმა ოკუპანტებმა თავის თავსაც კი „აჯობეს“ და ერთდროულად, მართლაც რეკორდული რაოდენობის-არანაკლებ 75 კამიკაძე-დრონი გაუშვეს უკრაინისკენ, ძირითადად მისი დედაქალაქის საძინებელი რაიონებისკენ...

1-ger-1700919803.jpg
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა არანაკლებ 75 კამიკაძე-დრონის გამოყენებიით...

მორიგი რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევში 5 მოქალაქე დაშავდა, მათ 11 წლის ბავშვიც - ჩნდება კითხვა რა მიზანი აქვთ რუსებს, როდესაც ქალაქებისკენ კამიკაძე-დრონებს უშვებენ?

პირველ რიგში, სტაციონალური ობიექტების განადგურება, მათ შორის ელექტროგამანაწილებელი სადგურებისა და თბოსადგურების, რათა ტემპერატურის დაცემასთან ერთად, კიეველები სინათლისა და სითბოს გარეშე დატოვონ...

ასე იქცეოდა რუსეთი გასული წლის ზამთრის დადგომისას და დიდი ბჭობა არ უნდა იმას , რომ ასევე გააგრძელებს, თუმცა თავდასხმის მეთოდებს რუსი სამხედროები კიდევ უფრო ხვეწენ...

მაგალითად, დღევანდელი საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებული კამიკაძე-დრონები ტრადიციულად თეთრი კი არა, შავი ფერის აღმოჩნდნენ, თანაც ისინი უკვე რუსეთშივე აწყობილი „გერან-2“-ები არიან და არა ირანული „შაჰიდ-136“-ები ანუ რუსეთმა აითვისა ირანული კამიკაძე-დრონების თავისთან აწყობა.

2-ger-1700919969.jpg
რუსმა სამხედროებმა შავად შეღებილი „გერან-2“-ების გამოყენება დაიწყეს, რომელიც ირანული „შაჰიდ-136“-ის მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს და რომლის სერიული აწყობა თავად რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყეს...

შავად კი იმიტომ შეღებეს, რომ ღამის ცაში დაბალ სიმაღლეზე მფრენი ეს „გერანები“ უფრო რთულად აღმოსაჩენი გახდნენ უკრაინული მეზენიტეების მობილური ჯგუფებისთვის, რომლებიც პიკაპზე დაყენებულ მძლავრ პროჟექტორსა და მსხვილკალიბრიან საზენიტო ტყვიამფრქვევებს იყენებენ რუსული კამიკაძე-დრონების ღამისეულ ცაში ჯერ დამახასიათებელი ხმით დასაფიქსირებლად, შემდეგ პროჟექტორის შუქით აღმოსაჩენად და ტყვიამფრქვევების მსხილკალიბრიანი ტყვიებით ჩამოსაგდებად.

უკრაინის ოფიციალურ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, რეკორდული რაოდენობის - 75 თავდამსხმელი „შაჰიდ/გერანი“ 71 ჩამოაგდეს, მათგან უმეტესი კი სწორედ პიკაპიანმა მეზენიტეთა მობილურმა ჯგუფებმა.

ასეთი მასიური საჰაერო თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე შეიძლება იმის მაუწყებელი იყოს, რომ რუსეთმა დააგროვა კამიკაძე-დრონების დიდი რაოდენობა და მათ სერიული წარმოებაც აითვისა, რომლებსაც „დაუნდობლად“ გამოიყენებს უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ...

3-ger-1700919926.jpg
უკრაინელი მეზენიტეების მობილური ჯგუფი-პიკაპზე განთავსებული მძლავრი პროჟექტორითა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით...

ისევე, როგორც ირანული „შაჰიდის“, ისე მისი რუსული მოდიფიკაციის „გერანის“ შედარებით ადვილი აღმოჩენა და ჩამოგდება რადიოლოკაციური სადგურისა და რადილოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტის გამოყენებით შეიძლება, მაგრამ ამ მეთოდს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს...

პირველი - დაბალ სიმაღლეზე,მცირე სიჩქარით, მაგრამ დიდი ხმით მფრენი ამ კამიკაძე-დრონების აღმოსაჩენად ჩართულ უკრაინულ რადიოლოკაციურ სადგურებს(რომლებიც ხშირად იცვლიან პოზიციას) თავის მხრივ აფიქსირებს რუსეთის საოკუპაციო ძალების რადიოელექტონული დაზვერვისა და ბრძოლის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მის კოორდინატებს გადასცემენ ოპერატიულ შტაბს და რუსებს შეუძლიათ ამ აღმოჩენილი უკრაინული რადიოლოკატორის გასანადგურებლად მალევე გაუშვან „ჰაერი-რადიოლოკატორის“ კლასის მართვადი რაკეტები, რომლებითაც რუსული საბრძოლო თვითმფრინავები თითქმის მუდმივად პატრულირებენ უკრაინის საზღვრების სიახლოვეს, მათ შორის ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე.

მეორე - თუკი უკრაინელები ყველა აღმოჩენილი „შაჰიდისა“ და „გერანის“ ჩამოსაგდებად ძვირადღირებულ მართვად საზენიტო რაკეტებს გამოიყენებენ, მათი ისედაც მწირი მარაგი ერთ-ორ დღეში ამიეწურება, რადგან იმავე 75 „გერანის“ გარანტირებულად ჩამოსაგდებად 150 საზენიტო რაკეტის გახარჯვაა საჭირო-ერთ საჰაერო მიზანზე ორი რაკეტა...

4-ger-1700919877.jpg
იმ რუსულმა „გერანმა“, რომელიც უკრაინელ მეზენიტეებს „გაეპარა“, აი, ეს ქნა კიევში...

ამიტომაც უკრაინელი მეზენიტეები ცდილობენ, ამ კამიკაძე-დრონების გამო არც რადიოლოკატორები აამუშავონ აქტიურ რეჟიმში და მათზე ძვირადღირებული საზენიტო რაკეტები არ დახარჯონ - ამ რაკეტებს უფრო მნიშვნელოვანი მიზნების,მაგალითად „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტებისა და რუსული თვითმფრინავების გასანადგურებლად ინახავენ.

მაგრამ „შაჰიდ/გერანიც“ არ წარმოადგენს მცირე საჰაერო საფრთხეს, რადგან მას 50 კგ მასის საბრძოლო მუხტის მეტ-ნაკლები სიზუსტით მიტანა შეუძლია სტაციონალურ სამიზნემდე -იქნება ეს შტაბის შენობა ან სულაც საცხოვრებელი კორპუსი.

ამიტომაც, რეალურ გამოსავლად იქცა პიკაპებზე პროჟექტორებისა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების განთავსება და ასეთი მობილური საზენიტო ჯგუფების რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდა კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების მისადგომებთან ღამით და დღისითაც, მუდმივი მორიგეობის სახით...