"ეს უბრალო ექსპედიცია არაა" - რას ჰყვება პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც ანტარქტიდის კონტინენტზე მიემგზავრება?
თითქმის ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, გლაციოლოგი (მყინვარების სპეციალისტი), ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ტიელიძე მონაწილეობას მიიღებს 2023-2024 წლების ავსტრალიის ანტარქტიკულ პროგრამაში. ექსპედიცია, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი - დენმენის მყინვარის კომპლექსური შესწავლა, დაახლოებით ორთვენახევარი გაგრძელდება.
"დენმენის მყინვარი ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარია და ვინაიდან კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან მოწყვლადია, გადნობის შემთხვევაში მხოლოდ ამ მყინვარს აქვს მსოფლიო ოკეანის დონის 1,5 მეტრით აწევის პოტენციალი. კვლევის პროცესში ასევე შეისწავლება ბიომრავალფეროვნების რეაქცია კლიმატსა და გარემოს ცვლილებებზე. უფრო ფართო მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ეს კვლევები ხელს შეუწყობს რეგიონალური და მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას“, - გვეუბნება ქართველი მეცნიერი, რომელსაც ყველაზე ცივ და ყინულოვან კონტინენტზე გამგზავრებამდე ავსტრალიაში დავუკავშირდით.
ლევან ტიელიძე:
- ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე სამხრეთით მდებარე და ყველაზე ნაკლებად დასახლებული კონტინენტია. ის სიდიდით ავსტრალიას და ევროპასაც კი აღემატება. ანტარქტიდა ასევე არის ყველაზე ცივი, ყველაზე მშრალი, ყველაზე თეთრი, ყველაზე მაღალი (მყინვარული საფარის ჩათვლით) და ყველაზე ქარიანი კონტინენტი დედამიწაზე. ანტარქტიდის ძირითადი ნაწილი ყინულის საფარითაა დაფარული, რომლის საშუალო სისქე დაახლოებით 2,2კმ-ს შეადგენს, მაქსიმალური სისქე კი 4,5 კილომეტრამდეა. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს ყინულის 90 პროცენტი და მტკნარი წყლის მარაგის 70 პროცენტი სწორედ აქაა თავმოყრილი.
- ანტარქტიდის ავსტრალიურ კვლევებზე რას გვეტყვით?
- ავსტრალიის ანტარქტიკული პროგრამა არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც ფარავს არა მხოლოდ ანტარქტიდის კონტინენტს, არამედ სამხრეთის ოკეანესაც და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოს თანამედროვე და წარსული გარემოს, ბიომრავალფეროვნების და კლიმატის ცვლილების შედეგების გაგებაში. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ანტარქტიდის კვლევა 1940-იანი წლებიდან დაიწყეს, ხოლო უკვე 1954 წელს ავსტრალიის ეროვნულმა ანტარქტიდის კვლევითმა ექსპედიციამ უშუალოდ ანტარქტიდის კონტინენტზე დააარსა მოუსონის ბაზა. მას შემდეგ ავსტრალია ინარჩუნებს უწყვეტ სამეცნიერო კვლევებს ანტარქტიდაში. აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით ანტარქტიდის კონტინენტის 42% ავსტრალიის მფლობელობაშია. (გააგრძელეთ კითხვა)