როგორ გადანაწილდება მანდატები პარლამენტში ბოლო კვლევების შედეგების მიხედვით - კვირის პალიტრა

როგორ გადანაწილდება მანდატები პარლამენტში ბოლო კვლევების შედეგების მიხედვით

ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევები, სადაც პარტიებს განსხვავებული რეიტინგები აქვთ, რაც, ცხადია, ბევრ კითხვასაც ბადებს და რაც მთავარია, ჩამტარებლის პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს... ისიც ცხადია, რომ ეს მხოლოდ მიახლოებით სურათს იძლევა­ და არჩევნების დღეს შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს ვითარება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს როგორც ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, ასევე არჩევნების პროცესზე. თუნდაც ის, რომ ეს კვლევები ჩატარებულია 8 ნოემბრამდე, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა, აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ამ მონაცემებს მნიშვნელოვნად შეცვლიდა ხელისუფლების სასარგებლოდ, რაც არ უნდა თქვას ახლა ოპოზიციამ, რომ ეს რეკომენდაცია ხელისუფლების დამსახურება არ არის.

ასეა თუ ისე, გვაქვს ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სამი კვლევა: IRI-ს, "გორბისა" და "ედისონ რისერჩისა" და მანამდე ცოტა ადრე გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA - იაგო კაჭკაჭიშვილი) ჩაატარა.

რადგან პარტიულ რეიტინგებზე ვმსჯელობთ, ამ კვლევების მიხედვით რეიტინგები ასე გამოიყურება (აღქმის გასამარტივებლად მონაცემები მოცემულია ცხრილის სახით).

პარტიების ეს რეიტინგები დათვლილია იმის მიხედვით, ხვალ არჩევნები რომ იყოს, ამომრჩევლები ვის მისცემდნენ ხმას. შესაბამისად, საინტერესოა, თუკი არჩევანი დაახლოებით ასე გაკეთდება, მაშინ პარლამენტში ადგილები როგორ გადანაწილდება. როგორც ზემოთ ითქვა, ეს არის კვლევების შედეგები და რაც არ უნდა ობიექტურად იყოს ჩატარებული, განსხვავებული იქნება მომავალში ჩასატარებელი არჩევნების შედეგებისგან. თუმცა ინტერესის გამო ზოგადი სურათის შესაქმნელად გთავაზობთ ამ მონაცემების მიხედვით საპარლამენტო მანდატების გადანაწილების ალბათობას.

აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2024 წელს პარლამენტის არჩევნები პირველად იქნება სრულად პროპორციული, რაც ნიშნავს, რომ 150 მანდატი გადანაწილდება­ მხოლოდ პარტიული სიების მიხედვით. ცხადია, ეს დადებითი ფაქტია და ამის მისაღწევად წლები დასჭირდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ პატარა პარტიების შემთხვევაში ზრდის რეგიონებში­ ხმების დაკარგვის ალბათობას, რადგან პატარა პარტიას, რომელსაც ადგილზე არც წარმომა­დგენლობა ჰყავდა, და არც იმის რესურსი, რომ ადგილზე აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჩაეტარებინა, შანსი ჰქონდა, მაჟორიტარობის კანდიდატად ისეთი ადგილობრივი დაესახელებინა, რომელიც­ პატივისცემით სარგებლობდა და შესაძლოა მას მაჟორიტარად ვერ გაემარჯვა, მაგრამ პარტიისთვის მოჰქონდა მცირე შედეგი მაინც, რაც საერთო ჯამში არცთუ ცუდ შედეგს იძლეოდა. დღეს კი პატარა პარტიებს ამ "მანიპულაციის" საშუალება აღარ ექნებათ, რაც აისახება მათ პარტიულ შედეგებზე. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვისთვის მნიშვნელოვანი იქნება არჩევნებზე მიმსვლელთა რაოდენობაც. 2020 წელს არჩევნებზე თითქმის 2 მილი­ონი კაცი მივიდა და კიდევ უფრო მე­ტი იყო 2012 წლის პარლამენტის არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა, რომელმაც 2 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისად, თუკი 2024 წელს არჩევნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, მაშინ 5%-იანი ბარიერის­ გადასალახად საჭირო იქნება 100 ათასი ხმა; 1 მილიონ 900 ათასის შემთხვევაში - 95 ათასი ხმა; 1 მილიონ 800 ათასი - 90 ათასი; 2 მილიონ 200 ათასი - 110 ათასი ხმა და ა.შ. რაც შეეხება ბარიერგადალახულ პარტიებს შორის მანდატების განაწილებას, ამ 4 კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდება:

IRI: "ქართული ოცნება" - 92 მანდატი; "ნაციონალური მოძრაობა" - 58 მანდატი;

Edison Research: "ქართული ოცნება" - 77 მანდატი, "ნაციონალური მოძრაობა" - 44 მანდატი, "საქართველოსთვის (გახარია)" - 19 მანდატი და "ლელო" - 10 მანდატი;

GORBI: "ქართული ოცნება" - 110 მანდატი და "ნაციონალური მოძრაობა" - 40 მანდატი;

ISSA: "ქართული ოცნება" - 118 მანდატი და "ნაციონალური მოძრაობა" - 32 მანდატი.

თუკი ჩავთვლით, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვას 5 პარტია მაინც მოახერხებს, მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდება. აქ მესამე, მეოთხე და მეხუთე პარტიისთვის ვიღებთ მხოლოდ ბარიერის გადალახვის მაჩვენებელს. თუმცა, ცხადია, მათი მაჩვენებლები ასე ზუსტი შეიძლება არ იყოს. ეს გვაძლევს მხოლოდ იმ სურათს, თუ მანდატები როგორ გადანაწილდება, თუკი პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიების მონაცემები ისეთივე იქნება, როგორც ამ კვლევებშია.

IRI: 5 პარტიის გადალახვის შემთხვევაში მანდატები ასე გადანაწილდება: 68-43-13-13-13; ოთხი პარტია - 73-47-15-15; სამი პარტია - 82-52-16.

Edison Research: ამ კვლევით 4 პარტია გადალახავს, ხმების განაწილება მოცემულია ზემოთ. მეხუთეც თუ დაემატება, გადანაწილება ასეთი იქნება - 72-41-17-10-10.

GORBI: ხუთი პარტია - 92-34-8-8-8; ოთხი პარტია - 97-35-9-9; სამი პარტია - 103-38-9.

ISSA: ხუთი პარტია - 81-21-16-16-16; ოთხი პარტია - 90-24-18-18; სამი პარტია - 103-27-20.

საპარლამენტო რესპუბლიკაში გამარჯვებულად ითვლება ყველა, ვინც გადალახავს ბარიერს. თუმცა პირველ ადგილზე გასულს, ხმების რა პროცენტიც არ უნდა მიიღოს, მთავრობის დაკომპლექტების უფლება ეძლევა. მთავრობის დასაკომპლექტებლად კი ჩვენი კანონმდებლობით 76 ხმაა საჭირო. ზოგადად, თუ პირველ ადგილზე გასულ პარტიას აქვს იმდენი ხმა, რომ მთავრობის დაკომპლექტება შეუძლია, მაშინ მას არანაირი მოლაპარაკება და კოალიციის შექმნა სხვა პარტიასთან არ სჭირდება. სხვა შემთხვევაში კი იწყება უკვე პარტიებს შორის მოლაპარაკებები, რადგან თუკი პარლამენტი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, ინიშნება პარლამენტის ხელახალი არჩევნები, რაც, წესით, პარლამენტში ასე თუ ისე შესულ პარტიებს არ აწყობთ და მათ ინტერესშია, რომ შეთანხმება მოახერხონ და მთავრობა დააკომპლექტონ. როგორც წესი, სწორედ ეს მომენტი ხდება ხოლმე თუნდაც მხოლოდ ბარიერგადალახული პარტიის კოზირი და შესაძლოა მთავრობაში არამარტო საკვანძო თანამდებობები, არამედ პრემიერ-მინისტრის პოსტიც კი ჩაიგდოს ხელში.

თუმცა ამ კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ქართულ ოცნებას" მთავრობის დაკომპლექტების პრობლემა კი არა, შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობაც ჰყავდეს. ცხადია, ეს არის კვლევები და ვერ ასახავს იმას, რა მონაცემებიც დაჯდება არჩევნებზე, მაგრამ ამ ძალიან განსხვავებული შედეგების კვლევებშიც კი საგულისხმოა ის ტენდენცია, რომ ბარიერს ძირითადად გადალახავენ მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" და მათი შეფარდება 2:1-ზეა. ამ ბალანსის დარღვევა არცერთს არ აწყობს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" მთავრობის დაკომპლექტების პრობლემა შეექმნება მხოლოდ მაშინ, თუკი მათი და "ნაციონალების" გარდა ბარიერგადალახულის ან ჯამში ბარიერგადალახულების ხმები იქნება 14-დან 17%-მდე მაინც. შესაბამისად, "ოცნების" მიზანი ახლა ის იქნება, რომ არ შეიქმნას მესამე ძალა არჩევნებამდე ან არჩევნების შემდგომ, რომელსაც ჯამში 17-18% მაინც ექნება.

ბარიერგადალახულ პარტიებს შორის მანდატები

ამ ოთხი კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდება:

● IRI: "ქართული ოცნება" - 92 მანდატი; "ნაციონალური მოძრაობა" - 58 მანდატი;

● Edison Research: "ქართული ოცნება" - 77 მანდატი, "ნაციონალური მოძრაობა" - 44 მანდატი, "საქართველოსთვის (გახარია)" - 19 მანდატი და "ლელო" - 10 მანდატი;

● GORBI: "ქართული ოცნება" - 110 მანდატი და "ნაციონალური მოძრაობა" - 40 მანდატი; ● ISSA: "ქართული ოცნება" - 118 მანდატი და "ნაციონალური მოძრაობა" - 32 მანდატი.

რუსა მაჩაიძე