„ჩვენ ბევრად დიდი ამბიცია გვაქვს, ვიდრე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა“
პარტია "ლელოს" განაცხადი, „"შუა უნდა შეიკრიბოს", ინტენსიური განხილვის საგანია და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია "ლელოს" ლიდერების განცხადებები, რომ არჩევნებში გამარჯვების ფორმულა ერთობაზე გადის და მნიშვნელოვანია მესამე, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა. ხაზარაძე-ჯაფარიძის თანამოაზრეებისგან ისიც ხშირად გვსმენია, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად ეპატიჟებიან ყველა პროდასავლურ პარტიას, ყველას, გარდა„"ნაციონალური მოძრაობისა", თუმცა ბოლო დროს ინტერვიუებსა და ცალკეულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთობის შესაქმნელად კონსულტაციები ჯერ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან არ მიმდინარეობს. რას გულისხმობს "შუა უნდა შეიკრიბოს", რას ფიქრობს "ლელო" სააკაშვილის ინიციატივაზე და კიდევ სხვა საინტერესო საკითხებზე, ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება.
- "შუა უნდა შეიკრიბოს" გულისხმობს საზოგადოების გაერთიანებას, ივანიშვილის სტრატეგიის საწინააღმდეგო ქმედებას, ორპოლუსიანობის აღმოფხვრას და ქვეყანაში დემოკრატიის, მრავალპარტიულობის დაბრუნებას. ეს ნამდვილად არ ნიშნავს პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას. ამ ეტაპისთვის რაიმე პოლიტიკურ-პარტიული კომუნიკაცია პარტიებთან არ მიმდინარეობს, არც უახლოეს მომავალში იგეგმება. ძირითადად, სტრუქტურულად ვძლიერდებით.
- ბოლო კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ "ნაცმოძრაობის" გარდა, ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის რეიტინგები ოთხიდან ერთ პროცენტამდე მერყეობს, ამის მიუხედავად ყველა პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მისი პარტიისთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა პრობლემა არ არის. სად არის აქ ლოგიკა?
- ეს კვლევები ახლახან ჩატარდა, მაშინ, როცა არჩევნებამდე 11 თვეა დარჩენილი.
დღეს 2023 წლის ნოემბერია, ჩვენ ვსაუბრობთ 2024 წლის ოქტომბერზე. დღეს ადამიანებს სულ სხვა საფიქრალი და სადარდებელი აქვთ. თუ გაიხსენებთ გასულ წლებში ჩატარებულ არჩევნებს, ერთი წლით ადრე ჩატარებული კვლევები დრამატულად განსხვავდება შედეგებისგან. ასეა მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც. რაც შეეხება 5%-იან ბარიერს, "ქართულ ოცნებას" რომ გადარჩენის გზა ჰგონია, სინამდვილეში მისი დამარცხების რეცეპტია. მმართველი გუნდის ლიდერებს გაუნაწილებელი ხმების იმედი აქვთ, მაგრამ სულ ტყუილად. დაველოდოთ, ვნახოთ, რა მოხდება. მგონი, ბევრს გაუცრუვდება იმედი.
- რატომ არ უნდა ჰქონდეს "ქართულ ოცნებას" გაუნაწილებელი ხმების იმედი?
- ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „"ქართული ოცნება"“ვერ წაიღებს გაუნაწილებელ ხმებს. ჩვენი კვლევებისა და გამოთვლების მიხედვით, "ქართულ ოცნებას"“ ხელისუფლებაში დარჩენის პერსპექტივა არ აქვს. არჩევნების წინა პერიოდში ეს სურათი უფრო ნათელი და გასაგები გახდება. "ქართული ოცნება"“ 5%-იანი ბარიერის პირობებშიც დამარცხდება. ჩვენ ბევრად დიდი ამბიცია გვაქვს, ვიდრე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა.
ძალიან ბევრს ვშრომობთ იმ შედეგების მისაღწევად, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მოქალაქეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პრორუსული ხელისუფლება პროდასავლური კოალიციური მმართველობით ჩანაცვლდება. დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ მოქალაქეებს ჩვენი ხედვები და პროგრამები გავაცნოთ. ახლა იმაზე ვართ ორიენტირებული, რომ ბოლომდე გამოვკვეთოთ, როგორია ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და პრობლემები. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ჩვენ გვაქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური გეგმა.
- "ლელომ" ცოტა ხნის წინ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი "საქართველოს დაცვის აქტი" წარუდგინა. ის ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც, თქვენი განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია, რათა საქართველო რუსეთისა და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული, რაზეც მმართველმა გუნდმა, კერძოდ, პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ "ლელოს" კომპლექსები აქვს რუსეთთან დაკავშირებით. მან ზუსტად ასეთი რამ თქვა: "რუსეთი, რუსი აკერიათ პირზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა და ყოველ მეორე წინადადებაში ამაზე საუბრობენ". იქნებ მართლაც არ არის სწორი გათვლა ამ საკითხზე აპელირება?
- რა შუაშია მოსკოვის კომპლექსი? ჩვენი რეზოლუცია გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს: სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის შემოღებას, მიწის და სხვა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვას, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების, რუსული ფონდების საქმიანობისა და რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას და სხვა ზომებს, რათა რუსეთისგან მომდინარე ძალიან სერიოზული საფრთხეები შევაკავოთ. ნაცვლად იმისა, ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამდეს ნაბიჯებს, მთელი 11 წლის განმავლობაში მხოლოდ იმას გაიძახის, მძიმე მემკვიდრეობა გვერგოო. ქვეყნის დეოკუპაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე თქვეს, ეს ქვეყნის ღალატის გეგმააო. ეს არის ზუსტად ისეთი პასუხი, როგორიც უნდა ჰქონდეს რუსეთის მსახურებაში მყოფ„"ოცნებას". არც ვიცი, რა უნდა ვუპასუხო ამ მავნებლებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას, ისევ შევთავაზებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზებს და კონკრეტულ ინიციატივებს, რაც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტებისგან დაცვას ემსახურება.
ჩვენი რეზოლუცია არის პასუხი თამაზ გინტურის ვერაგულ მკვლელობაზე, ოჩამჩირეში ახალი საზღვაო ბაზის აშენებასა და საქართველოში საომარი მოქმედებების რისკის გადმოტანაზე, საოკუპაციო ზოლზე ახალი საგუშაგოების განლაგებაზე და ა.შ. როგორც კი საქართველოს ხელისუფლებას მოღალატე„"ქართული ოცნება" ჩამოშორდება, მაშინვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა რუსული გავლენის შეჩერებასა და მშვიდობიან დეოკუპაციაზე. რუსული ძალის მსახურებაში მყოფმა შალვა პაპუაშვილმა ისიც თქვა, რომ ვაშინგტონში საკუთარი ქვეყნის დასაბეზღებლად ჩავედით, მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენელი აბსურდია?! ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ქვეყანაზე. მამუკა ხაზარაძე ვაშინგტონში პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისა და ემიგრანტების ქვეყნის ცხოვრებაში გააქტიურებისთვის იყო. საუბარი იყო იმაზეც, თუ როგორ უნდა იყოს ამერიკა წარმოდგენილი ხანგრძლივვადიან დამკვირვებლებად საქართველოში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი "ქართულ ოცნებას", რომ არჩევნები არჩევნებამდე არ გააყალბოს. ჩვენ შეხვედრა გვქონდა შეერთებული შტატების ახალდანიშნულ ელჩთანაც და საკმაოდ საინტერესო აზრთა გაცვლა გვქონდა. რაც არ უნდა თქვას პაპუაშვილმა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამერიკელებსა და ევროპელებთან თანამშრომლობას, მას კი შეუძლია გოსდუმის დეპუტატებს შეხვდეს.
ხათუნა ბახტურიძე