„გირჩის“ „ნაცმოძრაობაში“ ან „ლელოში“ შესვლას საერთოდ არ განვიხილავთ“
"პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე და კარგია, რომ სააკაშვილი ასეთი ინიციატივით გამოვიდა - ბარიერის გადასალახად არავისთან არ გავერთიანდებით, ბარიერგადალახულები გვინდა მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ ქვეყნის მოწყობაზე", - ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გადაკვეთის წერტილებს ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც პოულობენ და ამ კონტექსტში "გირჩზე" ისაუბრა. "ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების - ეროვნული ბანკის გაუქმებისა და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას "გირჩი". ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს. არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის, რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას. ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება". იაგო ხვიჩია აზუსტებს, რომ "გირჩი" "ნაცმოძრაობასთან" არ გაერთიანდება, გაერთიანება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იდეებთან დაკავშირებით და რომელიმე პარტიაში შესვლას არ განიხილავენ. როგორ აპირებს "გირჩი" 5%-იანი ბარიერის გადალახვას და რომელ პარტიასთან აპირებს იდეებთან დაკავშირებით თანამშრომლობას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე იაგო ხვიჩია გვესაუბრება.
- მიხეილ სააკაშვილის წერილში "ნაცმოძრაობასთან" "გირჩის" ერთობის დანახვა ნამეტანია. ნამდვილად კარგი იქნება, თუ "ნაცმოძრაობასთან" კონკრეტულ საკითხებზე, მაგალითად, ეროვნული ბანკისა და დიდი ამნისტიის თემებზე ვითანამშრომლებთ, დებატებს გავმართავთ როგორც პარლამენტში, ასევე მათ მედიასაშუალებებში. შემდეგ, თუ ეს კარგი პრეცედენტები გაგრძელდება, ეს აჩვენებს ტენდენციებს, თორემ ერთი მერცხალი თუ ბულბულის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ხომ გაგიგიათ?
მე და ჩემს სხვა მეგობრებსაც, რომლებიც ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, არ გვჭირდება ვინმესთან გაერთიანება ბარიერის გადასალახად. ჩვენ გვინდა ადამიანების იმხელა ნდობა გვქონდეს, რომ ჩვენით შევძლოთ ბარიერის გადალახვა და ამის შემდეგ მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ, როგორ მოვაწყოთ ეს ქვეყანა.
"გირჩის" "ნაცმოძრაობაში" ან "ლელოში" შესვლას საერთოდ არ განვიხილავთ.
- გავრცელდა ცნობა, რომ ვიდრე სააკაშვილი ამ განცხადებას გააკეთებდა, თქვენ მას წერილი მისწერეთ, რაც განცდას აჩენს, რომ პრეზიდენტმა თქვენი წერილის საპასუხო განაცხადი გააკეთა.
- დიახ, სააკაშვილს წერილი მივწერე, მაგრამ იქ არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გასვლაზე საუბარი არ ყოფილა. მაინტერესებდა, გვქონდა თუ არა საერთო იდეები, რისთვისაც ბრძოლას შევძლებდით. სხვათა შორის, სააკაშვილთან შეხვედრასაც ვცდილობდი, მის ადვოკატს ველაპარაკე და სიტყვიერადაც გადავეცი, რასაც ვფიქრობდი. მინდოდა გამეგო მისი მოსაზრება, თუ გვაქვს საერთო ღირებულებები, იდეები, რისთვისაც ვიბრძოლებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამნისტიის საკითხი. საუბარია დიდი ამნისტიის პროექტზე, რომელიც ბევრ ადამიანს უნდა შეეხოს, დაახლოებით ისე, როგორც 2012 წლის ამნისტიისას.
- სააკაშვილმა თქვა, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება.
- მისი ეს ნათქვამი ასე გავიგე, "გირჩს" რაც შეეხება, პირდაპირ თქვა, ამ საკითხებში იდეურ ერთობას ვეძებთო, ანუ გაერთიანებას ამნისტიისა და ეროვნული ბანკის საკითხებზე.
რაც შეეხება იმას, რომ გარკვეულ ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება, ასეთი პოლიტიკური ძალების მეტი რა არის, რომლებისთვისაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება გარდაუვალი იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერ შუაში ვართ.
- რა შემთხვევაში შეიძლება გაერთიანდეთ "ნაციონალურ მოძრაობასთან"?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში გავერთიანდებით "ნაციონალურ მოძრაობასთან", თუ პარტიის თავმჯდომარედ ვახტანგ მეგრელიშვილს დანიშნავენ. სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია.
- რამდენად საგულისხმოა თქვენთვის "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განაცხადი იმის შესახებ, რომ "შუა უნდა შეიკრიბოს"?
- ჩვენ აქაც არაფერ შუაში ვართ. "გირჩი" არავისთან გაერთიანებაზე არ ფიქრობს. უფრო მეტიც, სიის გახსნას ვაპირებთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც "ნაცებს", "ქოცებსა" და სხვა პარტიებს მიღმა აღმოჩნდებიან, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც პოლიტიკურ ვაჭრობაში არ უნდა მონაწილეობა.
- ე.ი. თქვენც აცხადებთ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა გაქვთ?
- რაც არის, ის არის, შეგუებული ვართ იმას, რომ რა სახის პრობლემა და გამოწვევაც არ უნდა იყოს, უნდა გადავლახოთ.
- ამას იმიტომ ხომ არ ამბობთ, რომ ყველაფრის მიუხედავად ბარიერის დაწევის მოლოდინი მაინც გაქვთ.
- ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგის გაზრდის იმედი მაქვს, მაგრამ ისე, მართლა არა მგონია, საბოლოოდ 5%-იანი ბარიერით ჩატარდეს 2024 წლის არჩევნები.
- შალვა პაპუაშვილის თქმით, მინიმუმ ექვსმა პარტიამ მაინც განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არა აქვთ. შესაბამისად, პრობლემაც არ არსებობსო. თუ ყველა დაბალპროცენტიანი პარტია ასეთ დამაჯერებელ განცხადებებს გააკეთებთ, რატომ უნდა დადგეს დღის წესრიგში ბარიერის დაწევის საკითხი?
- იმიტომ, რომ თავად "ქართულ ოცნებას" აწყობს ბარიერის დაწევა.
- რა ლოგიკით?
- უკეთესი სავაჭრო პირობები რომ ჰქონდეთ ბევრ პოლიტიკურ სუბიექტთან. ქმნიან ვერტიკალიზებულ სისტემას, რომელიც 5%-იანი ბარიერის გადასალახავად ემზადება. დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" ეცდება ჯერ გაერთიანებისკენ უბიძგოს ოპოზიციურ პარტიებს და მერე მათი დაშლით გაერთოს. ცოტა ძნელია კარგად გაერკვე, რა ხდება "ქოცურ" თავებში, მაგრამ მე ასეთი ვერსია მაქვს.
- ყველაფრის მიუხედავად, ელექტორატის გაზრდა მაინც დაგჭირდებათ.
- იზრდება კიდეც. აი-რა-ის ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, საკმაოდ გაზრდილია ჩვენი რეიტინგი - 3%-ია გადაუნაწილებელი, რაც ოთხ-ნახევარს უდრის. ასეთი შედეგი მანამდე არ გვქონია. იმედია, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
- თქვენ ყოველთვის აფიქსირებდით უარყოფით განწყობას კვლევითი ორგანიზაციების შესახებ, არ ენდობოდით.
- დიდად არც ახლა ვენდობი, უბრალოდ, არსებობს ტენდენციები, რომლის დანახვა შესაძლებელია, ან არ არის შესაძლებელი.
- ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ვისთან ხედავთ თანამშრომლობის შესაძლებლობას?
- ყველასთან, იმიტომ, რომ ბარიერგადალახულ პარტიებთან უფრო შესაძლებელია გულწრფელი ურთიერთობა.
- მათ შორის "ქართულ ოცნებასთანაც"?
- კი, რა თქმა უნდა, მათ რა დააშავეს? ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც არანაირი პრობლემა არა აქვს იმ პარტიებთან თანამშრომლობაში, ვინც ჩვენს საქმეს აკეთებს.
- ბოლო დროს განსაკუთრებული სიმძაფრით უპირისპირდებით მმართველ გუნდს.
- დიახ, ეს არც მომავალში, თანამშრომლობის შემთხვევაშია გამორიცხული.
ხათუნა ბახტურიძე