ჩაანაცვლებს თუ არა დაკრძალვას კრემაცია? - კვირის პალიტრა

ჩაანაცვლებს თუ არა დაკრძალვას კრემაცია?

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარლამენტში "კრემაციის რეგულირების შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. ინიციატივის ავტორის თქმით, მას სურს შექმნას არჩევანის თავისუფლება... ამ ინიციატივის შესახებ თავად ხათუნა­ სამნიძეს ვესაუბრეთ:

- ჩვენი კანონმდებლობით არ იკრძალება კრემაცია, მაგრამ არც დარეგულირებულია. ეს უნდა იყოს არჩევანის თავისუფლება, ადამიანმა თავად უნდა განკარგოს, საკუთარ სხეულს რა მოუვიდეს გარდაცვალების შემდგომ. თუ ვინმეს სურს კრემაცია, ამას ვერ გააკეთებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კრემატორიუმები. კერძო სექტორიდან თუ ვინმე­ დაინტერესდა,­ ინვესტიციას ვერ ჩადებს, რადგან ნებართვისა და ლიცენზიის საკითხი­ დარეგულირებული არ არის. საკითხი ორი მიმართულებით შევისწავლეთ: თუ კერძო სექტორი დაინტერესდა, რა უნდა იცოდეს, და უფლებრივი ნაწილი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება.­ გაირკვა, რომ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალში კრემაცია ეკონომიკურ საქმიანობად განსაზღვრულია, მაგრამ საჭირო იყო "ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ" კანონში ცვლილება, სადაც უნდა დაგვემატებინა, ვინ უნდა გასცეს ლიცენზია. ნებართვებს, სანიტარულ ნორმებსა და სტანდარტს აღმასრულებელი ხელისუფლება შეიმუშავებს­ და ამის შემდეგ გაიცემა ლიცენზია. ეს უნდა გააკეთოს კერძო­ სექტორმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიდოს საჯარო­ თანხები. არის ქვეყნები, სადაც ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენი ინიციატივა არ უკავშირდება ადგილობრივ ან სახელმწიფო ბიუჯეტს.

- რატომ კერძო სექტორი და არა სახელმწიფო?

- ჩვენს კვლევაში ვაჩვენეთ, რატომ არის კერძო სექტორისთვის საინტერესო. ეს დაკავშირებულია დიდ ინვესტიციებთან და საქმეში არ უნდა ჩაიდოს სახელმწიფო სახსრები. რაც შეეხება კერძო პირისთვის სერვისის მიღებას, ის გაცილებით ნაკლები­ ღირს, ვიდრე დაკრძალვა და სხვა სერვისები, რომელთაც ახლა ვიყენებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ, რა სახსრებთან არის დაკავშირებული სხვა ქვეყანაში გადასვენებისა და შემდეგ ჩამოსვენების პროცედურები.

- ამ კანონპროექტის იდეა საიდან გაჩნდა?

- ხშირად მეკითხებიან, რატომ დავინტერესდი ამ თემით. იმიტომ, რომ ეს საკითხი პირადად ჩემს ოჯახს შეეხო. დედაჩემმა დაიბარა კრემაცია. ჩვენ ეს სურვილი შევუსრულეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ეს ვერ მოხერხდა. ამერიკაში მოგვიწია გადასვენებამ... ჩემთვის ეს ერთგვარი გამოწვევაა, როგორ მიიღებს "ქართული ოცნება" ამას. მათ დრო ითხოვეს კონსულტაციებისთვის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, მათი არჩევანის თავისუფლებაზე. ჩვენ მოვიძიეთ ის ხალხი, ვისაც კრემაციის სურვილი აქვს, ამ პრობლემას როგორ აგვარებენ. აღმოჩნდა, რომ არსებობს ორი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ცხედრის გადასვენებას სხვა ქვეყანაში, იქ ხდება კრემირება და შემდეგ უკან ჩამოსვენება. ძირითადად იყენებენ რუსეთსა და უკრაინას. ასე არ უნდა ხდებოდეს, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაში მიიღონ ეს სერვისი. ინიციატივის გახმაურების შემდეგ ძალიან ბევრი მოქალაქე დამიკავშირდა. დაინტერესებული არიან ამ საკითხით. ესეც გარკვეულწილად მოტივაცია იყო, რათა დამერეგისტრირებინა საკანონმდებლო ინიციატივა.

- უფრო დეტალურად მოგვიყევით კვლევის შესახებ.

- უპირველესად უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობა, შემდეგ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეიმუშაოს სტანდარტები, ლიცენზიის გაცემის წესი და ამის შემდეგ უნდა დაინტერესდეს კერძო სექტორი. ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ ინვესტიციებთან. ჩვენ დაახლოებით გამოვიკვლიეთ, რა დრო დასჭირდება კერძო სექტორს, რათა ჩადებული ინვესტიცია გამართლებული იყოს, ეს 7-8 წელია. გამოკითხვაც ჩავატარეთ. შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რომ არსებობდეს კრემატორიუმი, გამოიყენებდნენ თუ არა? 6%-მა­ თქვა, რომ აუცილებლად გამოიყენებდა­. უფრო მეტი იყო იმ პირთა რიცხვი, ვინც თქვეს, რომ თავად არ სურთ, თუმცა სურვილი აქვთ არსებობდეს. გამოკითხულთა­ უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, რაც ადასტურებს, რომ ეს მომავლის საკითხია, მაგრამ აუცილებელია, რომ არჩევანის თავისუფლება კანონმდებლობით იყოს უზრუნველყოფილი.

- თუ დადგინდა,­ წელიწადში დაახლოებით რამდენი ადამიანის გადასვენება ხდება საზღვარგარეთ კრემაციისთვის?

- რაც მოვიძიეთ, წელიწადში დაახლოებით 5-6 შემთხვევაა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენია ისეთი, ვისაც ამ სერვისით სარგებლობის სურვილი აქვს, თუმცა ვერ ახერხებს, რადგან ძვირია. მე ბევრმა მომწერა, რომ სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ბევრი უცხოელია ამით დაინტერესებული, ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. გარდაცვალება ჩვენი ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორიც სიცოცხლე და თუ რა უნდა მოუვიდეს ჩვენს სხეულს, ეს ჩვენი გადასაწყვეტი უნდა იყოს. ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, ჯერ ინფორმაცია კარგად არ არის გავრცელებული, მერე უფრო გამოჩნდება, შეიძლება მეტი მოქალაქე დაინტერესდეს.

- ამ საკითხის წამოჭრა ხომ არ უკავშირდება სასაფლაოების პრობლემასაც? სულ არის ლაპარაკი ადგილების უკმარისობაზე.

- კი, ესეც არის ჩვენი კვლევის ნაწილი. მაგალითად, თბილისში მუნიციპალური სასაფლაოების 75% უკვე ათვისებულია, გორში - 95%. მუნიციპალიტეტების მიხედვით, სტატისტიკა მართლაც მძიმეა. კერძო მიწები კი ძალიან ძვირია.

- ჩვენი რელიგია ოფიციალურად არ ცნობს კრემაციას. თუ გქონიათ კონსულტაცია სასულიერო პირებთან?

- ჩვენ გვქონდა საუბრები რელიგიურ ჯგუფებთან, ისინი წინააღმდეგი არ არიან, შესაძლოა არ იყენებენ, თუმცა არც კრძალავენ. ჩვენ ვნახეთ საპატრიარქოს 2016 წლის განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ ისინი არ კრძალავენ, თუმცა არც მოუწოდებენ ამის გაკეთებას. ჩემს მაგალითს გეტყვით - დედა მართლმადიდებელი იყო, ზიარებაც მიიღო გარდაცვალების წინ და კრემაციის შემდეგ მართლმადიდებლური წესიც ავუგეთ. მე ვიცი შემთხვევები, როდესაც ფერფლი ჩამოასვენეს და ეკლესიაში დაასვენეს. ჩვეულებრივი რიტუალი იმართება. ჩვენი ეკლესია წინააღმდეგი არ არის. შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, გვქონდა ფოკუსჯგუფები ახალგაზრდებთან, რელიგიურ და ეთნიკურ წარმომადგენლებთან. არცერთი რელიგია ამას არ ეწინააღმდეგება. ბევრ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეს სერვისი ხელმისაწვდომია.

- კრემატორიუმი არის თბილისში, რომ­ელსაც არასდროს უმუშავია. ეს იმის მანიშ­ნებელი ხომ არაა, რომ მოთხოვნა არ იყო.

- ის ძალიან დიდი ხნის წინ აშენებულია და ახლა არ გამოდგება. როგორც ვიცი, არც გამოუყენებიათ, არა იმიტომ, რომ წინააღმდეგობა იყო, არამედ იმიტომ, რომ სერვისი არ შექმნილა, მხოლოდ შენობა აშენდა. კრემატორიუმები ახლა სულ სხვა ტექნოლოგიებით კეთდება. სად უნდა აშენდეს, რა სტანდარტებით, რა მოშორებით - ეს წესები აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს.

- ახლა რა ეტაპზეა კანონპროექტი?

- უკვე იყო პირველი მოსმენა კომიტეტზე, კენჭისყრა 27 ნოემბრისთვის გადაიდო. რაც არ უნდა შედეგი დადგეს, ჩააგდებენ ამ საკითხს კომიტეტზე თუ მხარს დაუჭერენ, მე ვაპირებ პლენარულ სხდომაზე გავიტანო და უფრო ფართო დისკუსია გაიმართოს, მოვისმინო კონკრეტული არგუმენტები როგორც "ოცნებისგან", ასევე ოპოზიციისგან. პირად საუბრებში უმეტესობა ამბობს, რომ არ არიან წინააღმდეგი. თუმცა ეს არის პირადი საუბრები და პოლიტიკურად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხმის მიცემისა და არგუმენტაციის დროს, ეს გამოჩნდება.

სოფო კაჭარავა