„ერთხელ დედამისი ეჩხუბა, რამე რომ მოგივიდეს, ჩვენ რა უნდა ვქნათო. რა უნდა ქნათ და, უნდა იამაყოთო!“
ის 1993 წელს სოხუმიდან გამომავალ იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ. მაშინ მისი მამა და ბიძები სოხუმს იცავდნენ, ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ შვილებისთვის აფხაზეთზე ისე ილაპარაკებდნენ, როგორც ოცნებად ქცეულ სამოთხეზე. არც ის იცოდნენ, რომ მათი ბრძოლის გაგრძელება შვილებს მოუწევდათ... 31 წლის ნიკა გელენიძე ბახმუტთან გმირულად დაეცა. ის ბატალიონ "თბილისელების" წევრი იყო და თანამებრძოლებთან ერთად კლიშევკის დასახლებასთან ასევე გმირულად დაცემული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოტანას ცდილობდა. ნიკას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთელი ცხოვრება ემზადებოდა მტერთან შესახვედრად, რომელმაც სახლ-კარი წაართვა. თანამებრძოლების თქმით, სოხუმის დაბრუნების შესაძლებლობას უკრაინის ფრონტის ხაზზე ხედავდა. როგორც სხვა ქართველი მებრძოლები, ისიც საქართველოსთვის იბრძოდა უკრაინაში. ნიკას მეუღლე და 5 და 6 წლის ვაჟები დარჩა. უფრო ვრცლად ნიკა გელენიძის შესახებ მისი თანამებრძოლი გიორგი ჯანაშვილი და ბიძაშვილი დავით გელენიძე გვესაუბრებიან:
"თურმე სულ იმაზე ლაპარაკობდა, რას გააკეთებდა, სოხუმში რომ დაბრუნდებოდა"
გიორგი ჯანაშვილი, ბატალიონ "შავი არწივის" მებრძოლი: - ნიკას შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, ვიდრე ფრონტის ხაზზე მოხვდებოდა. მითხრეს, ფოთიდან ერთი ბიჭი მოდისო. ერთხანს ჩვენს ბატალიონში იყო, მერე "თბილისელებში" გადავიდა. კაცი ომში რომ მიდის, რა თქმა უნდა, სიკვდილს ეთამაშება, 50/50-ზეა მისი გადარჩენის ამბავი, მაგრამ კიდევ უფრო რთული და სარისკოა, დაღუპული თანამებრძოლის გამოყვანა ცხელი წერტილიდან. დაახლოებით ერთი თვის წინ "თბილისელებმა" ოპერაცია დაგეგმეს - ოთხი ქართველი და ოთხი უკრაინელი მტრის პოზიციაზე შევიდა. მათი მიზანი 50 მეტრით წინ წაწევა იყო. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა. კონტაქტურ ბრძოლებში ჩვენებმა აჯობეს. მტრის ჯგუფიდან ნახევარი ცეცხლსასროლი იარაღით გაანადგურეს, მეორე ნახევარი კი ხელყუმბარებით. დრონებმა გადასცეს ინფორმაცია, რომ 36 კაცი ჰყავდათ მოკლული. ბიჭებმა ალაფი მოაგროვეს და შემცვლელ ჯგუფს ელოდნენ. ლევან ლობჟანიძე, ქართველ მებრძოლთან, დათო აბულიძესთან ერთად განადგურებული მტრის ბლინდაჟში იყო, რომ მოულოდნელად რუსულმა დრონებმა აღმოაჩინეს და დაბომბეს. ლევანი იქვე დაიღუპა, დათო აბულიძე კი ორივე ფეხში დაიჭრა, მაგრამ ბრძოლას განაგრძობდა. უკრაინელები დრონებიდან გაოცებული უყურებდნენ. დათო გადარჩა და ლევანის გვამის დამალვაც მოახერხა. ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ "თბილისელებმა" ლევანის გამოყვანის ოპერაცია დაგეგმეს, მაგრამ არ გამოვიდა, რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა, ძლივს გადარჩნენ. ვერ დავასახელებ იმ ადგილს, მაგრამ ძალიან რთული რელიეფია. შემდეგ ჯერზე ნისლსა და წვიმას დაელოდნენ. ღამე იყო და წვიმდა, ბიჭები რომ შევიდნენ. ნიკა გელენიძეც მათ შორის იყო. სამწუხაროდ, მოულოდნელად გამოიდარა და რუსებმა დრონები ააფრინეს. მალევე აღმოაჩინეს ბიჭები და დაიწყეს დაბომბვა. ნიკა ტანკის ქვეშ შემძვრალა, მაგრამ ტანკს ორი ჭურვი მოხვედრია და დაბლა ჩაწეულა. ნიკა უკანა მხრიდან გამომძვრალა, მაგრამ ჭურვის ნამსხვრევი ბარძაყში მოხვედრია. ბიჭებს მაშინვე დაუდიათ არტახი, მაგრამ ისინიც დაჭრილან და ნიკასთვის ვეღარ მიუხედავთ. ბიჭების დასახმარებლად შესულ პიკაპს ნიკა უკვე მკვდარი დახვედრია, დანარჩენები გადარჩნენ.
- თავის ოცნებებზე გესაუბრებოდათ?
- ჩვენ დიდხანს არ ვყოფილვართ ერთად, მალევე გადავიდა "თბილისელებში", მაგრამ ამბობენ, რომ ძალიან მეოცნებე ყოფილა. თურმე სულ იმაზე ლაპარაკობდა, რას გააკეთებდა, სოხუმში რომ დაბრუნდებოდა. ყველა ამბობს, რომ კარგი ადამიანი იყო, ნიკაზე ცუდის მთქმელი არ შემხვედრია.
"აგვისტოს ომის დროს პატარა იყო და უნდა გენახათ, როგორ განიცდიდა, რეზერვისტებს ეხვეწებოდა, რა იქნება, მალულად წამიყვანეთო"
დავით გელენიძე, ნიკა გელენიძის ბიძაშვილი: - მე და ნიკა თითქმის თანატოლები ვართ. ფოთში გავიზარდეთ, მთელი ცხოვრება აქ გავატარეთ, მაგრამ ჩვენი სული და გული სოხუმში იყო. მამაჩემი, ნიკას მამა და მათი მესამე ძმა სულ სოხუმზე ლაპარაკობდნენ. სამივე იბრძოდა, დამარცხება ძალიან განიცადეს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვერ მოინელეს. სულ ჰქონდათ იმედი, რომ დღეს თუ არა, ხვალ რაღაც შეიცვლებოდა და აფხაზეთის დაბრუნების საშუალება მოგვეცემოდა. სამწუხაროდ, მამაჩემი და ნიკას მამა ვეღარ მოესწრნენ, იმედია, მათი მესამე ძმა მაინც დაადგამს ფეხს თავის მიწას. ჩვენ სოხუმელები ვართ, ჩვენს უბანს თურმე ჩამბა ერქვა... უფროსები რომ გვიყვებოდნენ ძველ ამბებს, ბავშვები აღტაცებით ვუსმენდით, მაგრამ ნიკა განსაკუთრებით ემოციურად. ბრაზიანი ადამიანი არ იყო, მაგრამ როგორც კი რუსეთზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, ძალიან ბრაზობდა. აგვისტოს ომის დროს პატარა იყო და უნდა გენახათ, როგორ განიცდიდა, რეზერვისტებს ეხვეწებოდა, რა იქნება, მალულად წამიყვანეთო. ყურიდან არ ამომდის მისი სიტყვები. ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული, სპორტს მისდევდა.
- უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღო?
- არავინ არაფერი ვიცოდით. წასვლის წინ გამოგვიცხადა ყველას ეს ამბავი და ვერაფერი ვუთხარით. დედამისს კინაღამ გული გაუსკდა, მაგრამ ნიკამ არ დაიშალა და წავიდა. გვითხრა, ნუ ინერვიულებთ, სამთვიან კონტრაქტს მოვაწერ ხელსო. ჩავიდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
- უკრაინიდან თუ გეხმიანებოდათ?
- კი, ქართველი მეომრებით აღფრთოვანებული იყო, იცით, რა მაგრად იბრძვიან, უკრაინელები გაგიჟებული ჰყავთ ჩვენს ბიჭებსო! თავადაც უნდოდა თავის გამოჩენა, გმირობის ჩადენა. ერთხელ დედამისი ეჩხუბა, რამე რომ მოგივიდეს, ჩვენ რა უნდა ვქნათო. რა უნდა ქნათ და, უნდა იამაყოთო! შენს შვილებს რას უპირებო, ჩემი შვილები ჩემი სახელით იამაყებენ, კაცები დადგებიან, გმირი მამის ხათრით ცუდ საქმეს არ გააკეთებენო.
ბოლოს რომ მელაპარაკა, იმედიანად იყო, ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოშიც შეიცვლება სიტუაციაო. სჯეროდა, რომ რუსეთი უკრაინაში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელს აიღებდა. იმისიც სწამდა, რომ აფხაზებიც სხვა თვალით შეხედავდნენ ყველაფერს.
ხათუნა ბახტურიძე