„ევროპალიამ“ ქართული კულტურა წარუდგინა მთელ ევროპას
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე "ევროპალია-2023", რომელიც ქართულ კულტურას მიეძღვნა, ქართული მუსიკა ტრიუმფით მიიღეს! მაესტრო ვახტანგ კახიძის ნაწარმოები "რეკვიემი" ნამდვილი აღმოჩენა იყო ევროპელი მსმენელისათვის: "კომპოზიტორმა დაიმსახურა ჩვენი ფეხზე დგომა! ემოციისა და მუსიკის ისეთი ნაზავია, ისეთი მრავალფეროვნება, რომ აღფრთოვანებული ვარ, შეუდარებელი იყო! რეკვიემში პატარა ბიჭუნა საერთოდ აღმოჩენაა და რაც მთავარია, ეს ნაწარმოები, რომელიც სევდაზეა აგებული, საბოლოოდ იმედს გაძლევს"...…"ეს არაჩვეულებრივი იყო, გამიჭირდა ცრემლების შეკავება. მე თავად ვმღერი რეკვიემს, მეუღლეც ორგანზე უკრავს და ორივე გაოცებული დავრჩით. ეს იყო სულ სხვა რეკვიემი. დისკი შევიძინე და პირადად ვუთხარი კომპოზიტორს, რომ მსგავსი რამ არასდროს განმიცდა", - ამბობენ აღფრთოვანებული მსმენელები.
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში დედოფალ ელისაბედის სახელობის საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის "რეკვიემი" აჟღერდა. კონცერტში თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა მონაწილეობდნენ. "რეკვიემი", რომელიც მაესტრომ მშობლებს მიუძღვნა, საქართველოში 2021 წელს მოისმინეს, ევროპაში კი პირველად. ნაწარმოები შექმნილია ევროპული მუსიკალური სტილით, მაგრამ იმდენად ქართული და კახიძისეულია, გამოარჩევს ყველა ამ სტილში დაწერილ ნაწარმოებს. ევროპელი მსმენელი 10-15 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს. "კვირის პალიტრა" ულოცავს მაესტროს ამ დიდ წარმატებას.

ვახტანგ კახიძე: - სულ ახლახან ჩამოვედით საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა ფესტივალია, შემოდგომაზე დაიწყო და თებერვლამდე გასტანს. "ევროპალიამ" ქართული კულტურა წარუდგინა მთელ ევროპას. შესრულდა ჩემი ნაწარმოები "რეკვიემი", რომელიც ჩემი მშობლების ხსოვნას ეძღვნება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად შესრულდა საზღვარგარეთ, ამასთან, ასრულებდნენ მამაჩემის დაარსებული ქართული ორკესტრი და სახელმწიფო კაპელა, სადაც მამაჩემი წლების წინ მუშაობდა. არაჩვეულებრივი სოლისტები არიან, და ბიჭიც, გაბრიელ ჩომახაშვილი. "რეკვიემი" ორ-სამჯერ შესრულდა თბილისში და ძალიან ძნელია ობიექტური აზრის მოსმენა, რადგან ბევრი ახლობელია დარბაზში, ნათესავები, მტრებიც კი... აი, იქ კი იყო აბსოლუტურად ნეიტრალური მსმენელი. დღევანდელი დღიდან "რეკვიემი" მხოლოდ ჩემს მშობლებს არ ეკუთვნის. ფესტივალზე ერთმა ქალმა მითხრა, ამ ნაწარმოებს ყოველდღე ვისმენ. ახლა ამ დისკს იმიტომ ვყიდულობ, რომ ჩემს ქმარს ვუბარებ, რომ მოვკვდები, "ლაკრიმუზათი" დამკრძალონო. იმდენი ბოდიში ვუხადე, არ მინდოდა ასეთი ემოციები გაგჩენოდათ-მეთქი, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს დიდი ბედნიერებაა.
- როგორ იქმნებოდა "რეკვიემი?"
- ბევრმა წელმა გაირბინა, სანამ ტვინში მომწიფდებოდა. ძალიან დიდი ხანია მინდოდა მისი დაწერა, მაგრამ ეტყობა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რომ იქამდე მიგიყვანოს და გარდაუვალი გახდეს. მამაჩემის გარდაცვალების მერე როგორ ვიფიქრებდი, რომ არ დავწერდი "რეკვიემს", მაგრამ შემდეგ ისე აეწყო ცხოვრება, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები ორკესტრის, მუსიკალური ცენტრის წინაშე და ასე შემდეგ, როგორ გავიდა 15-17 წელი, ვერ გავიგე, და სანამ დედა არ გარდაიცვალა, მანამდე არ დადგა ეს დრო. ეს იყო, ალბათ, ბოლო წვეთი და დავწერე. სხვათა შორის, ძალიან მალე. მთელი ცხოვრება რომ გიგროვდება განცდები და მუსიკალური მასალაც, მარტივად წავიდა პროცესი. რასაკვირველია, ემოციურად ძალიან ძნელი იყო. კომპოზიტორისათვის ნაწარმოები შვილივითაა, გაზრდი და მერე უშვებ დიდ გზაზე, სადაც თვითონ უნდა იპოვოს თავისი გზა და კაცმა არ იცის, წარმატებას მიაღწევს თუ არა. "რეკვიემი" ისეთი ნაწარმოებია, რომ პირველი შესრულების მერე მნიშვნელობა არა აქვს, ვის მიუძღვენი, ის ყველასი ხდება.
ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემგან დაუკითხავად, ის საშინელი რაჭის ტრაგედია რომ მოხდა აგვისტოში, ჩემი "რეკვიემის" ერთი ნაწილი, სადაც ბავშვი ქართულად მღერის, "ფეისბუკზე" დადეს და დიდხანს გასდევდა ლაიტმოტივად ამ ტრაგედიას. საავტორო უფლებების მხრივ თუ შეხედავ, არასწორია, მაგრამ თუ შეხედავ იმ გლობალურ ჭრილში, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის, კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის ის, რაც მოხდა, როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგი ვიყო?

- ბელგიელებს აფიშასა და ბუკლეტებზე გამოყენებული ჰქონდათ სიტყვა "მონუმენტური". ალბათ, ესეც არ იყო შემთხვევითობა...
- ეს პროექტი საქართველოს მთავრობის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა, სხვანაირად ვერ გავიტანდით "ევროპალიაზე". რაც შეეხება სიტყვას "მონუმენტური", ჩემთვის ცოტა გადაჭარბებულია. ეს თავად ბელგიელების პიარსლოგანია. ასეა ყველა ბუკლეტსა და პროგრამაში. საერთოდ, "რეკვიემი" მონუმენტური ნაწარმოებია მუსიკალური ფორმის თვალსაზრისით. დაწერილია სამგლოვიარო კათოლიკური მესის ტექსტზე და კიდევ რამდენიმე ადგილას ქართული ტექსტი მოვარგე.
- ვიცი, რომ მანამდე სტუმრობდით მილანში "ლა სკალას"...
- ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ლა სკალაში", რომელთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს, მიმიპატიჟეს კამერული ორკესტრის კონცერტის სადირიჟოროდ, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართა. მოგეხსენებათ, წელს მთელი მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოება აღნიშნავს გამოჩენილი ინგლისელი კომპოზიტორის ბენჯამინ ბრიტენის დაბადებიდან 110 წლისთავს და კონცერტის პროგრამაც მთლიანად მისი ნაწარმოებისაგან შედგებოდა. მე მანამდეც ჩამიტარებია კონცერტი "ლა სკალაში" 2019 წელს, როგორც კომპოზიტორს - შესრულდა ჩემი ნაწარმოები "ბრუდერშაფტი". ფორტეპიანოს პარტიას თავად ვუკრავდი, ხოლო ალტს არაჩვეულებრივი იტალიელი შემსრულებელი სიმონიდე ბრაკონი.
- თქვენთვის ეს გამოწვევა იყო?
- ყოველი კონცერტი გამოწვევაა, მითუმეტეს, "ლა სკალაში". არის რამდენიმე ადგილი, სადაც მამაჩემს აქვს ნადირიჟორები და ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მე მას როგორ დავეწევი, ხუთჯერ აქვს დარტყმული წრე მსოფლიოსთვის. მახსოვს, 2004 წელს მყავდა ორკესტრი გასტროლებზე პეტერბურგში. ჩემი დაჟინებული თხოვნით პეტერბურგის ფილარმონიაში უნდა გამართულიყო კონცერტი და როდესაც მივედით, გამოსაცვლელი ოთახის ძებნა დავიწყე. ამ დროს ჩემთან მოვიდა ხანდაზმული ქალი და მეუბნება, არა, თქვენ აქ არ უნდა გამოიცვალოთ. წამობრძანდითო, შემიყვანა არაჩვეულებრივ ლამაზ გასახდელში და მითხრა, თქვენ იქ უნდა გამოიცვალოთ, სადაც მამათქვენი იცვლიდა ტანსაცმელსო.
- ივან ლინსის ალბომი „MY HEART SPEAKS“, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, "გრემის" 2024 წლის ნომინანტთა სიაში მოხვდა. ამ ამბავმა დაიპყრო სოციალური სივრცე. თქვენ უკვე გამარჯვებული ხართ...
- დიდი მადლობა.
- პირველი ემოცია...
- პირველი ემოცია რა იყო? ის, რომ ვიდეოკადრივით ამომიტივტივდა მამაჩემის სურათი, ქურქსა და კეპში რომ დირიჟორობს. 30 წლის წინ, როდესაც ეს ორკესტრი შეიქმნა და დავიწყეთ "სონი-კლასიკისათვის" ჩანაწერების გაკეთება, არც გათბობა იყო და არც სინათლე. ხშირად სანთლის შუქზე ვწერდით. სულ 9 წელი მოასწრო მამამ ამ ორკესტრთან მუშაობა და ბევრი სიძნელის გადალახვა მოუხდა. წელს ამ ორკესტრის 30 წლის იუბილეა და მოულოდნელად ასეთი სასიხარულო რამ გავიგეთ. ალბათ, იმიტომ წარმომიდგა მისი სახე. რა ბედნიერი იქნებოდა, რომ გაეგო, მისი ჩაგდებული მარცვალი ასე გაღვივდა და 30 წლის მერე ამხელა აღიარება მოიპოვა. მინდა ორკესტრს საიუბილეო თარიღი და ამხელა დაფასება მივულოცო. ის მოწინავე ქვეყნების მუსიკოსთა ხუთეულშია. საქართველო ამ კუთხითაც დაფიქსირდა. დანარჩენი 4 კონკურენტი საკმაოდ ძლიერია. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს.
- მაესტრო, მთავარი მაინც, ალბათ, ხალხის სიყვარულია. რამდენად გრძნობთ ამ სიყვარულს?
- რა თქმა უნდა, ვგრძნობ... თქვენგანაც, ამდენი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, ყოველთვის აშუქებთ ჩემს შემოქმედებას. ვსარგებლობ და პირადად გიხდით მადლობას სითბოსა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ხელოვანები, სწორედ პუბლიკისათვის ვმუშაობთ. ჩვენს წარმატებას არა მარტო შესრულება, არამედ რეპერტუარიც განსაზღვრავს. ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის სწორი შედგენა და იმ ჟანრის, სტილის ნაწარმოებების შერჩევა, რომლებიც დროს მოერგება და აქტუალური იქნება. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და უახლოეს მომავალში არაერთ სიურპრიზს ვპირდებით ჩვენს მსმენელებს.
რუსუდან შაიშმელაშვილი