ვის ეკუთვნის სამემკვიდრეო ქონებიდან წილი და შესაძლებელია თუ არა ჩივილი ფარული გადაღებისთვის - კვირის პალიტრა

ვის ეკუთვნის სამემკვიდრეო ქონებიდან წილი და შესაძლებელია თუ არა ჩივილი ფარული გადაღებისთვის

"კვირის პალიტრაში" გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვების გამოგზავნა. ჩვენი ერთგული მკითხველების შეკითხვებს პასუხს გასცემს საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი, იურისტი გვანცა გურგენიძე:

- ბაბუას უნდა თავის არასრულწლოვან შვილიშვილს აჩუქოს ბინა. ჩემი მეუღლის გარდა, მას ჰყავს კიდევ 2 შვილი არაოფიციალური ქორწინებიდან, რომლებიც არც ნახულობენ მამას. ჩვენ გადმოვედით მასთან საცხოვრებლად და ყველანაირად უზრუნველყოფილი გვყავს მოხუცი. მაინტერესებს, რა უფლებები ექნება მის ორ შვილს ბინაზე, თუ ბაბუა ჩუქებას გააფორმებს არასრულწლოვანზე? წილის მოთხოვნას მაინც შეძლებენ?

- მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მემკვიდრეობის საკითხი აქტუალური ხდება პირის გარდაცვალების შემდეგ. პირის სიცოცხლეში ქონებას ჰყავს მესაკუთრე, რომელსაც შეუძლია თავისუფლად განკარგოს ქონება. შესაბამისად, სანამ ბაბუა ცოცხალია, მას შეუძლია თავისი ბინა განკარგოს სურვილისამებრ და აჩუქოს შვილიშვილს. რაც შეეხება დასახელებული 2 პირის უფლებას (შვილების), მათ თეორიულად პირის გარდაცვალების შემდეგ შეიძლება იდავონ, რომ სავალდებულო წილის განსაზღვრისათვის სამკვიდრო ქონების მთელ მოცულობაში შევიდეს გაჩუქებული ქონება, რაც ნიშნავს, რომ გაჩუქებული ქონების ღირებულება შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სამკვიდროს ღირებულების და, შესაბამისად, სავალდებულო წილის განსაზღვრის დროს. თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ გაჩუქებული ნივთის სამკვიდროში გათვალისწინება გამოიწვევს ჩუქების ხელშეკრულების შეწყვეტას და საჩუქრის უკანვე დაბრუნებას.

- ჩემს ყოფილ მეუღლესთან ვარ განქორწინებული, რომელიც უცხოეთის მოქალაქე იყო და დატოვა საქართველო. ახლა რამდენიმე თვეა გამოჩნდა და მემუქრება, აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, შემიძლია თუ არა პოლიციაში საჩივარი შევიტანო მის წინააღმდეგ და საზღვარზე შემოსვლა აუკრძალონ?

- მსგავს შემთხვევაში შესაძლებელია სახეზე იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგალითად მუქარა, ადევნება და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვოთ გამოძიების დაწყება. გამოძიების ფარგლებში შესაბამისი ორგანო თავად გადაწყვეტს პირის მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებას და მის შინაარსს.

- ჩემს გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა მანქანა, რომელსაც მართავდა თურქეთის მოქალაქე. მანქანა იყო ვიღაც ქალის სახელზე გაფორმებული. გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, თურქს ახლდა ქართველი ახალგაზრდა, რომელიც პოლიციის მოსვლამდეც მეუბნებოდა, რომ თანხას არ გადაიხდიდნენ. მოვიდა პატრული, თურქმა დამალა თავისი პასპორტი და პოლიციას განუცხადა, რომ არ ჰქონდა პასპორტი. მე მითხრეს, რომ მის მანქანას გადაიყვანდნენ საჯარიმოზე და იმ მანქანას ჩემი თანხმობის გარეშე ვერ გაიყვანდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მითხრა, რომ დამიკავშირდებოდა გამომძიებელი. მას მერე თვეები გავიდა და უშედეგოდ ველოდები საპატრულოსგან დარეკვას, არავინ დამკავშირებია, მივედი საპატრულოში და ვერავინ დამეხმარა დეტალების გარკვევაში. ჩემი ავტომობილი დარჩა გაუკეთებელი, ზარალი არავინ ამინაზღაურა. სამწუხაროდ, არ ვიცი იმ ეკიპაჟის ნომერი, არც პატრულების ვინაობა. როგორ მოვიქცე? ნუთუ შეიძლება ჩემს ქვეყანაში ვერ დავიცვა ჩემი უფლებები? გავარკვიე მხოლოდ ის, რომ ის მანქანა, რომლითაც თურქი დამეჯახა, არის ვიღაც ქართველი ქალის სახელზე,­ რომელიც არ არის საქართველოში. მანქანა გაყვანილია საჯარიმოდან.

- მსგავს სიტუაციაში პირველ რიგში­ გირჩევთ, რომ ინფორმაციის მისაღებად გამოიყენოთ წერილობითი მოთხოვნა და დაწეროთ განცხადება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ეს შესაძლოა იყოს უფრო ეფექტური პასუხის მისაღებად, ვიდრე ზეპირად ინფორმაციის მოთხოვნა. სამწუხაროდ, ვინაიდან მანქანის ან პიროვნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობთ, განცხადებაში მიუთითეთ სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი, თარიღი და თქვენი ავტომობილის მონაცემები. ინფორმაციის მიღების შემდეგ შეგიძლიათ სამოქალაქო დავაზე ფიქრიც. უმჯობესია, თუ მსგავს შემთხვევაში პროცესში ჩართავთ ადვოკატს.

- ინტერნეტით ვყიდულობდი ბილეთებს და თანხა ჩამომაჭრა სხვა საიტმა, რომე­ლიც მერე გავარკვიე, რომ არის აზარტული­ თამაშების საიტი. მაშინვე დავრეკე ბანკში და დავაბლოკვინე ჩემი ანგარიში. შემდეგ მათ გადავუგზავნე დადასტურებული ტრანზაქცია. მეუბნებიან, რომ კოდით არის დადასტურებული და ამიტომ არ მიბრუნებენ ჩემს კუთვნილ თანხას. ვერ დავიბრუნებ ამ თანხას? ამავე ბანკში მაქვს სესხი აღებული და რომ არ გადავიხადო სამაგიეროდ ეს სესხი რა მოხდება?

- თუ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენს მიმართ განხორციელდა კიბერდანაშაული, აუცილებლად უნდა მიმართოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი განცხადებით და მოითხოვოთ გამოძიების დაწყება. გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით, შესაძლებელი გახდება ბანკის ან სხვა პირის მიმართ გარკვეული მოთხოვნების გაჩენა. რაც შეეხება თქვენს სახელზე არსებულ სესხს, ბანკი არ არის ვალდებული აანაზღაუროს თქვენთვის დანაშაულებრივი გზით დამდგარი ზიანი, თუ არ დადგინდა, რომ ამ ზიანის დადგომა გამოწვეულია სწორედ ბანკის ქმედებით. მოცემულ შემთხვევაში კი აღწერილი ვითარება არ გათავისუფლებთ თქვენი ვალდებულების დაფარვისაგან. შესაბამისად, თუ არ გადაიხდით სესხით გათვალისწინებულ შენატანს, ბანკს შეუძლია განახორციელოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები და მოითხოვოს თქვენგან ვალდებულების შესრულება.

- მამა იყო 1937 წელს რეპრესირებული, გააციმბირეს. შემდეგ იქნა რეაბილიტირებული. გვაქვს ამის საბუთი. ვიცით, რომ რეპრესირებულებზე კანონია მიღებული და თურმე კომპენსაცია გვეკუთვნის. რა საბუთები გვჭირდება ამისთვის და რომელ უწყებას უნდა მივმართოთ?

- საქართველოს "მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს. პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლო წესით. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. აქვე გაცნობებთ, რომ ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით და აღნიშნულს ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობა შესაძლოა იყოს არანაკლებ 1.000 და არაუმეტეს 2.000 ლარი.

- ბაბუამ დაუტოვა ანდერძით ქონება შვილიშვილს, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ არ მომხდარა ამ ანდერძის საფუძველზე ქონების გაფორმება. ამიტომ ეს ქონება რჩება გაუფორმებელი. ამ ბინაში კიდევ ჩაწერილი არიან ოჯახის სხვა წევრებიც. როგორ შეგვიძლია ისევ ამ შვილიშვილს გავუფორმოთ ეს ბინა ოფიციალურად?

- როგორც კითხვიდან ჩანს, სავარაუდოდ, გასულია სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა. დასახელებულ შემთხვევაში, თუ შვილიშვილი ფაქტობრივად ფლობდა ბაბუის მიერ დატოვებულ ქონებას, მას ჩვეულებრივ შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს და მოითხოვოს სამკვიდრო მოწმობის აღება. თუ დასახელებული ფლობა არ არის სახეზე, მაშინ პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ვადის აღდგენა.

- 17 წლის არასრულწლოვანზე თუ შეიძლება ავტომობილის გაფორმება უცხო პირისგან იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მშობლების თანხმობა, რადგან მშობლები არ არიან საქართველოში.

- დიახ, მშობლის თანხმობის არსებობისას არასრულწლოვან პირზე შეიძლება დარეგისტრირდეს ავტოსატრანსპორტო საშუალება. თანხმობა შესაძლოა გამოიხატოს როგორც ერთ-ერთი მშობლის მიერ სარეგისტრაციო ორგანოში პირადად, ისე მინდობილობის საშუალებით. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებული ქონების შემდგომი განკარგვის უფლება შეზღუდულია პირის სრულწლოვანებამდე. კერძოდ, მანამ სანამ პირი გახდება 18 წლის, დასახელებული ქონების განკარგვა, მაგალითად, გასხვისება, შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს ნებართვით.

- სამოქალაქო საქმის განხილვის დროს აღმოვაჩინე, რომ თურმე ფარულად გადამიღეს ვიდეო და ეს დაერთო საქმეს. რამდენად კანონიერია ეს და შეეძლო თუ არა მოსამართლეს საქმეში ჩაედო ეს ჩანაწერი? სად შემიძლია ამ ფარული გადაღებისთვის ვიჩივლო?

- მსგავს შემთხვევაში მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება, რომელიც კითხვის შინაარსიდან არ ჩანს. მაგალითად, ფარული ჩანაწერი განხორციელდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ თუ კერძო პირის. როგორც წესი, კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულება შეფასებას არ ექვემდებარება. თუმცა მხოლოდ მოცემული ინფორმაციით აღნიშნულზე მსჯელობა რთულია. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს მიმართ განხორციელდა მსგავსი ქმედება კანონის დარღვევით, შესაძლებელია განცხადებით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მოითხოვოთ დასახელებული ფაქტის შესწავლა.

- მეუღლესთან მსურს განქორწინება, თავიდან ისიც თანახმა იყო, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ მე ნამდვილად შევიტანე საბუთები იუსტიციაში, ის ხელს არ აწერს. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი, დალაპარაკება არ ჭრის. სასამართლოში ჩივილი არ მინდოდა, რადგან ამას გარკვეული თანხები სჭირდება. როგორც ვიცი, შეიძლება წლებიც დასჭირდეს. როგორ მოვიქცე?

- განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. შესაბამისად, ვინაიდან კითხვიდან ჩანს, რომ დასახელებულ საკითხზე ვერ თანხმდებით, ერთადერთი გზა განქორწინებისათვის არის სასამართლოსათვის მიმართვა. აქვე გაცნობებთ, რომ თუ მხარეებს შორის განქორწინების ფარგლებში არ არსებობს დავა ქონებასთან დაკავშირებით, აღნიშნული მეტწილად მარტივი და დროში შეზღუდული პროცესია.

- ძმა გარდამეცვალა, ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი და არც მშობლები არიან ცოცხლები, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ქონება მე, მისმა დამ გადავიფორმე, გავიდა რამდენიმე წელი მისი გარდაცვალებიდან, წელს გავყიდე ეს ქონება, ახლა ჩემი მოხუცი მამიდა ითხოვს ჩემგან წილს, ამბობს, რომ რადგან ეს ადრე მისი მშობლების სახლ-კარი იყო, მასაც ეკუთვნოდა წილი. ეკუთვნის თუ არა მას წილი?

- როგორც კითხვიდან ჩანს, ამ შემთხვევაში სახეზეა კანონით მემკვიდრეობა. კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეობა პირს გადაეცემა კანონით დადგენილი რიგის მიხედვით. წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. პირველ რიგში, პირის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). როგორც კითხვიდან ჩანს, დასახელებული რიგის მემკვიდრეებიდან თქვენს ძმას არავინ ჰყავდა. შესაბამისად, უნდა შეფასდეს შემდეგი რიგის მემკვიდრეების არსებობა. კანონის თანახმად, მეორე რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ გარდაცვლილის დები და ძმები, ხოლო მეოთხე რიგისას - ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან თქვენ წარმოადგენთ წინა რიგის მემკვიდრეს, ძმის მემკვიდრეობა გადმოგეცემათ თქვენ და მასზე მამიდას უფლება არა აქვს. მამიდას დასახელებული ქონება შეიძლება მიეღო მაშინ, როდესაც მისი მშობლები გარდაიცვალნენ (თქვენი ბებია-ბაბუა), რადგან ის იყო მათი პირველი რიგის მემკვიდრე. რადგან მან ამ დროს არ მიიღო მემკვიდრეობა და ახლა არის თქვენი ძმის მხოლოდ მე-4 რიგის მემკვიდრე, მას დასახელებული ქონებიდან სამართლებრივად წილი არ ეკუთვნის.