„ყველაზე რთული პროფესიაა, იყო მშობელი“
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე მისი ცხოვრების მთავარ ამბებს გვიყვება, თუ როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში, გადაღებები, კონცერტები, ფესტივალები, გამარჯვება ბარსელონაში და ლა სკალა, რასაც წარმატების გრძელი და საინტერესო გზა მოჰყვა. მისი საქმიანობის გარდა, ნინო ოჯახზე,- ტყუპის დაბადებით გამოწვეულ ბედნიერებაზე, მშობლებსა და იმ საქველმოქმედო ფონდზე გვიამბობს, რომლის კონცერტებზეც საქართველოში არაერთი ცნობილი ხელოვანი მოიწვია, მათ შორის სოფი ლორენი და მისი ვაჟი.
"მეტიჩარათი" შეცვლილი ბავშვური სამყარო
- ყველა ადამიანის ბიოგრაფია საიდანღაც იწყება, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, რაც მის ცხოვრებაში ყველაფერს ცვლის. აქტიური, ენერგიული ბავშვი ვიყავი. ჩემს ოჯახში ყველა მეცნიერი იყო: ბებია ექიმი, მამა ფიზიკოსი, დედა ნეიროფიზიოლოგი. თავიდან ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ 7 წლის ასაკიდან ხელოვნების სკოლაში სწავლა მომინდა, სადაც არაჩვეულებრივ მიუზიკლებს ვდგამდით და უკვე იმ დროიდან პატივი მერგო, ფილარმონიაში სცენაზე ვმდგარიყავი.
"მეტიჩარას" დიდი ცვლილებები მოჰყვა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ 9 წლის ვიყავი. მანამდე ბევრი გოგონა ნახეს სხვადასხვა ქალაქში. მე სკოლაში ამარჩიეს, კლასში რომ შემოვიდნენ, მე დიდი ინტერესით წამოვდექი და ქალბატონმა სვეტლანა ჯაფარიძემ, რომელიც მეორე რეჟისორი იყო, მომიხმო და ჩვენი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა.
მალევე სასინჯ გადაღებაზე მიმიწვიეს, რის შემდეგაც ფილმის რეჟისორებმა ნელი ნენოვამ და გენო წულაიამ გადაწყვიტეს, დავემტკიცებინე როლზე. გაიმართა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ რეზო ჩხეიძე, ლანა ღოღობერიძე და სხვები. მახსოვს, როცა სასინჯი გადაღებიდან შინ ვბრუნდებოდი, ჩემი ბავშვური წარმოდგენით მივხვდი, რომ ჩემი სამყარო რადიკალურად იცვლებოდა, და ეს ძალიან მიხაროდა.
ფილმზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. სკოლასაც ვაკლდებოდი, მაგრამ შემდეგ ვანაზღაურებდი შეძლებისდაგვარად. გადაღება მიმდინარეობდა როგორც თბილისში, ასევე გაგრაში, ბათუმში. ცურვა არ ვიცოდი და სასწრაფოდ ვისწავლე. მახსოვს, წყალში სიცხიანიც კი ჩავედი დელფინთან. გადაღება ორ წელიწადს გაგრძელდა და ის ურთიერთობები, ის არაჩვეულებრივი ადამიანები სულ მემახსოვრება. როცა საჭირო იყო, რეჟისორები მომთხოვნებიც იყვნენ და კრიტიკულებიც. მეც ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა.…დღემდე ასე ვარ, ძალიან თვითკრიტიკული...
- გამოვიდა ფილმი და როცა გარეთ გახვედით, თუნდაც სკოლაში, რა ხდებოდა?
- ყველგან მცნობდნენ და ყველა მეტიჩარას მეძახდა. ერთხანს ცოტათი დავიჯერე, რომ განსხვავებული ვიყავი, მაგრამ ეს ბავშვობაშივე დასრულდა, ვარსკვლავური დაავადება დასაწყისშივე დავამარცხე. ხელი იმან შემიწყო, რომ განვითარება გავაგრძელე. ამაში ბევრი ერთგული და კარგი ადამიანი დამეხმარა,- ჩემი მშობლები, უპირველესად დედა; ჩემი პედაგოგები და ის ადამიანები, რომლებიც მისაბაძი იყვნენ ჩემთვის.
9 აპრილი და კინოფესტივალზე წარმოთქმული სიტყვა
- 1980-90-იან წლებში ხელოვნების სკოლის მოსწავლეები ბევრს ვმოგზაურობდით, პარალელურად ფილმებში ვმონაწილეობდი. შემდეგი იყო ლანა ღოღობერიძის-"ვალსი პეჩორაზე", სადაც მე და გურამ ფირცხალავა ვთამაშობდით მთავარ როლებს. ფილმი 1937 წელზე იყო, "მონანიების" შემდეგ ერთ-ერთი ხმამაღალი სიტყვა. საბჭოური "რკინის ფარდა" ნელ-ნელა იხსნებოდა, საქართველოში ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა. ამ პროცესებში პირდაპირ თუ ირიბად ვიყავით ჩართული. მახსოვს, 9 აპრილს შტატებში ვიყავით სპექტაკლებით და იქ გავიგეთ ამ საზარელი ტრაგედიის შესახებ. ის შეგრძნება არასდროს დამავიწყდება. როდესაც ჩამოვედით, დაგვხვდა ცარიელი ქუჩები და რუსთაველზე უამრავი ფეხსაცმელი მიმოფანტული; სახლში - დუმილი, უცნაური სიჩუმე, თითქოს ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ ტკივილისგან დადუმებულები. შემზარავი შეგრძნება იყო.9 აპრილიდან რამდენიმე წელიწადში ჟენევაში მომიწია წასვლამ კინოფესტივალზე "ევროპული კინოს ხვალინდელი იმედები", სადაც 14 ქვეყნიდან ახალგაზრდა მსახიობები იყვნენ წარმოდგენილნი, მათ შორის მეც. ყველაზე უმცროსი მონაწილე მე ვიყავი და სპეციალური პრემია რომ მომანიჭეს, დიდი სითბო გამოიჩინეს. დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა სიტყვით გამოვიდა, თავიანთ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ, მე კი ვიცოდი, ჩემს ქვეყანაში დაბრუნებისას რაც დამხვდებოდა, და ასეთი რამ ვთქვი, ჩემი ქვეყანა თავისუფლებისთვის იბრძვის. რაც ამ ფილმში ნახეთ, ჩვენ ამის განმეორება აღარ გვინდა, ჩვენი სურვილია დამოუკიდებელი და ბედნიერი ხალხი ვიყოთ-მეთქი. ყველა ამბობდა, ყველაზე გულწრფელი სიტყვა ნინომ წარმოთქვაო. უკვე მაშინ ჩემი არჩევანი ევროპა იყო, იქ არის ჩვენი ადგილი. ერთ წელიწადში ჟენევაში იმავე ფესტივალზე საპატიო ჟიურის წევრად მიმიწვიეს, მაგრამ ვინაიდან არეული დრო იყო, ვერ მოვახერხე ჩასვლა.
ფილმის რეჟისორ ქალბატონ ლანა ღოღობერიძესთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო. უაღრესად განათლებული, ტოლერანტული ადამიანია. მუშაობისას ხშირად მეც ბევრ რამეს ვთავაზობდი, რაღაცებს ჩემებურად ვაკეთებდი, რადგან ინერტული და პასიური ტიპი არა ვარ, მინდა მხოლოდ მოქმედი კი არა, შემოქმედიც ვიყო. რაღაცები გაითვალისწინა, რაღაცებს ისე ვაკეთებდი, როგორც თვითონ ჰქონდა ჩაფიქრებული. ეს სწორედ მისი ცხოვრება, ავტობიოგრაფიული ფილმია და მან ჩემს გმირში დაინახა საკუთარი თავი ბავშვობაში. ეს ისტორია ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან ბაბუა 1937 წელს დამიხვრიტეს და მამას მთელი ცხოვრება მოჰყვებოდა ეს ტრავმა, იმ დროს მხოლოდ 3 წლის იყო.
"ნეტფლიქსი"
- "ნეტფლიქსმა" სერიალ "ალიენისტის" მეათე სერიაში პატარა, მაგრამ საინტერესო როლში სათამაშოდ მიმიწვია. ეს იყო საოპერო ჩართვა "დონ ჟუანიდან". ცოტა ხნით ისევ შევიჭვრიტე ჩემი ბავშვობის სამყაროში. მთელი ქალაქი ააშენეს ბუდაპეშტში ფილმის გადაღებისთვის. საინტერესო გამოცდილება მივიღე ოპერა-ფილმებშიც. მაგალითად, "რიგოლეტო" მსოფლიოს 190 ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადასცეს.
იტალია, "ლა სკალა" და შესაძლებლობების ოკეანე
- გამიმართლა და ლა სკალას სცენაზე მალევე გავედი. უკვე ასამდე სპექტაკლის სიმღერამ მომიწია.…ყველაფერი კი დაიწყო ბარსელონიდან, რომელიც ჩემთვის წარმატების და გამარჯვების ქალაქია. მანამდე იყო ესტრადა, წარმატება, ტაში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მშობლების რჩევით გადავწყვიტე, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომეყენებინა და კონსერვატორიაში ჩამებარებინა, სადაც ჩემს პედაგოგს, ქალბატონ გულიკო კარიაულს შევხვდი. 3-4 წელი, ფაქტობრივად, ჩაკეტილი ვიყავი და ჩემთვის განსხვავებულ და რთულ საქმეს ვეჭიდებოდი: ვოკალურ ხელოვნებას. თავიდან ძალიან გამიჭირდა. საესტრადო წარსულმა დიდი გამოცდილება მომცა, მაგრამ საოპერო ჟანრი და ვოკალი აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა.
შემდეგ საოცრებები მოხდა... ძალზე გამიმართლა და ბარსელონაში 4 პრემია მომანიჭეს: ლა სკალას აკადემიაში სწავლა; ტერეზა ბერგანცასთან მასტერკლასები; ქალაქ საბადელში„"კარმენის" შესრულება და ლაურეატის წოდება. დიდი სოპრანო ჯოან საზერლენდი ჟიურის თავმჯდომარეობდა და ჩემდა გასახარად, ბევრი კომპლიმენტი და რჩევა მივიღე მისგან, ბევრი უნდა იმუშაო და ისწავლო, რომ შენი ნიჭიერება პროფესიონალიზმს შეერწყასო. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის.
მალევე ლისეოს დიდმა თეატრმა კონტრაქტი გამიფორმა, მერე კი წავედი იტალიაში, სადაც 20 წელზე მეტია ვცხოვრობ. სამშობლო ერთია, მაგრამ იტალია ის ქვეყანაა, რომელმაც ძალიან დიდი შესაძლებლობები გამიხსნა, თავი შემაყვარა. როცა ჩავედი, მხოლოდ გერმანული, ფრანგული და ინგლისური ენები ვიცოდი და იტალიურის სწავლა ნულიდან დავიწყე. კინოთეატრში ერთსა და იმავე ფილმზე რამდენჯერმეც კი წავსულვარ, რომ ასეთი ხერხებით ენა უკეთესად მესწავლა, თან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და მეზობლებთანაც კარგად ვურთიერთობდი, დიდი სანაცნობო წრე შევიძინე. იტალიური ლამაზი ენაა და როცა მომღერალი ამა თუ იმ ენაზე მღერის, თითოეული სიტყვის მნიშვნელობა უნდა ესმოდეს, რომ შემდეგ მაყურებელს სრულყოფილად გადასცეს სათქმელი. "ლა სკალას" აკადემიამ, დიდ კორიფეებთან მუშაობამ უდიდესი გამოცდილება შემძინა, თან მთელ მსოფლიოში მიწევდა მოგზაურობა, ბევრგან მიმღერია, მაგრამ ჩემს საყვარელ ქვეყნებად და მაყურებლად რჩება, რა თქმა უნდა, ჩემი სამშობლო, ქართველები და იტალია იტალიელებით.
კვარაცხელია, კალაძე - საქართველო, როგორც ევროპის ნაწილი და წარმატებული ქართველები იტალიაში
- რამდენიმე წლის წინ იტალიის ქალაქ ტაორმინაში ყოველწლიურ წიგნის საერთაშორისო ფესტივალ "ტაობუკზე" მიმიწვიეს. მაშინ მომეცა საშუალება, რომ მეთქვა მონაწილეებისა და მსმენელებისთვის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ გვსურს ვიყოთ დამოუკიდებელი, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. ზაფხული იყო და ყველა მოვიპატიჟე, საქართველოში ჩამოდით, ძალიან საინტერესო ქვეყანაა-მეთქი. ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და სურვილი ევროპისკენ ლტოლვისა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ევროპის ნაწილი, ჩვენი ტრადიციებით, ადათ-წესებით, კულტურით, ენით, დიდი ისტორიით და ამ ყველაფრის შენარჩუნებისთვის ჩვენი ადგილი სწორედ ევროპაშია.ამ რთულ გზაზე ძალიან ბევრს აკეთებს თითოეული ჩვენგანი, ფაქტობრივად, ჩვენ ელჩები ვართ საქართველოსი, კულტურის, მეცნიერების თუ სპორტის მუშაკები, კეთილსინდისიერი მოქალაქეები, ემიგრანტი ქალები - ყველა ბევრ სიკეთეს თესავს იქ, ჩვენს ქვეყანას აცნობენ. ოპერის მომღერლებს იტალიაში ბევრი გულშემატკივარი გვყავს, მაგრამ როდესაც ნეაპოლში სადმე შედიხარ და იგებენ, რომ ქართველი ხარ, მაშინვე გეკითხებიან, "თქვენ კვარაცხელიას ქვეყნიდან ხართ?" საამაყოა, რომ ხვიჩამ თავისი ნიჭით, შრომით, მიზანდასახულობით ამხელა წარმატებას მიაღწია. მარადონას შემდეგ, მის სახელს ასე რომ სკანდირებენ, ეს ძალიან რთული მისაღწევია. კახა კალაძესაც ყველა იცნობდა, მახსოვს, მისი ძმის ამბავს ისევე განიცდიდნენ, როგორც აქ. რა წრეშიც არ უნდა მოვხვედრილიყავი, მეკითხებოდნენ მასზე, თანაგრძნობას გამოხატავდნენ. 30 წელია მიწევს ევროპაში ჩასვლა, მათთან ურთიერთობა და სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ვსაუბრობ ჩვენს პრობლემებსა და ღირსებებზე, უპირატესობებზე. 2008 წლის ომის დროს ძალიან რთული იყო, როცა სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი, მაგრამ ფაქტი, რომ ჩემს ქვეყანაში ბომბები ცვიოდა და ადამიანები იღუპებოდნენ, ჩემზე საშინლად მოქმედებდა, ეს კი სიმღერაზეც აისახა. დღემდე შემონახულია ის ჩანაწერები და მეტყობა, რომ ისეთი ნამღერი არ არის, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას კი მხოლოდ ჩვენ გავიგებთ. დღეს მსოფლიო გახსნილია და შეგვიძლია ყველას მივაწვდინოთ ხმა.
დედობა - ყველაზე დიდი სასწაული და რთული პროფესია
- კარიერულ უდიდეს წარმატებას ოჯახური ბედნიერებაც მოჰყვა და ორი შვილის დედა ხართ. გიოცნებიათ ტყუპზე?
- კი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რადგან გენეტიკურად ტყუპი არც მე მყოლია და არც ჩემს მეუღლეს. ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია - ნატალია და ზაქარია. ძალიან დროულად მოხდა ეს, მაშინ, როდესაც ადამიანი მზადაა იმისთვის, რომ ოჯახი შექმნას და შვილები ჰყავდეს. სრულიად იცვლება ყველაფერი, თან როცა მიჩვეული ხარ დამოუკიდებლად, თავისუფლად ცხოვრებას, მაგრამ იმდენად დიდი ბედნიერება მოაქვს, იმასაც აცნობიერებ, რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი. გრძნობ, რომ შენს ხელშია ადამიანის ბედი, მისი მომავალი; შენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება და რას ჩადებ მასში, რას ასწავლი, როგორ შეუწყობ ხელს იმ ნიჭის სწორი მიმართულებით განვითარებაში, რომელიც მას უფლისგან დაჰყვა. ყველაზე რთული პროფესიაა იყო მშობელი.
- ვიდეოებს ხშირად აქვეყნებთ, სადაც ჩანს, მამაც რა აქტიურადაა ჩართული შვილების აღზრდაში.
- კი, ძალიან. უზომოდ კარგი მამაა. გიორგის ძალიან უყვარს ბავშვები და საკუთარი შვილები ხომ, მითუმეტეს. გამიმართლა.
- რამდენად რომანტიკული მეუღლეა?
- ძალიან. გიორგისთან ურთიერთობა ბევრ ღიმილთანაა დაკავშირებული და ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. რასაც არ უნდა აკეთებდეს ქალი, რა რთული პროფესიაც არ უნდა ჰქონდეს, აუცილებელია უპირველესად ქალად იგრძნოს თავი.
- ვის ჰგვანან პატარები?
- ვფიქრობ, ნატალი ბევრი რამით მგავს, ფიზიკურადაც, თუმცა მამის ხასიათსა და ენერგიასაც ვხედავ. ზაქარია ორივეს გვგავს. ორმხრივი გურულები არიან და ვნახოთ, რა იქნება. ნატალიკოსთან სიმღერის ნიჭიც იკვეთება, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, არ ვაპირებ, ბავშვზე ზეწოლას, ეს ურთულესი და უმძიმესი პროფესიაა. თუმცა, თუ დავინახავ, რომ ნიჭი და სურვილი ექნება, ხელოვნების ულევ სამყაროში თავისი წვლილი შეიტანოს, მე ხელს შევუწყობ.
- მათთან ერთად დიდი დროის გატარების შესაძლებლობა გაქვთ?
- კი, მათთან ერთად გატარებულ თითოეულ დღეს მნიშვნელობა აქვს, რადგან აღარასდროს იქნებიან ამ ასაკის და ამას ვაცნობიერებ. სასეირნოდ დავდივართ ხოლმე სკვერში, სხვადასხვა ადგილას, სტუმრად; ბაღში დადიან და ძალიან მოსწონთ. ბაღი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია სოციუმში თავის დასამკვიდრებლად. ბევრ ზღაპარს ვუყვებით, მუსიკას უსმენენ, ბევრი შეკითხვა ებადებათ და ვცდილობ, ვუპასუხო. მათ ბევრად მეტი ესმით ამ ასაკში, ვიდრე ჩვენ გვესმოდა. ვცდილობ ყველაფერი ლამაზად და საინტერესოდ დავანახო. გაჯეტებს ბოლომდე ვერ მოარიდებ, მაგრამ ვცდილობ შევზღუდო.
- როცა საზღვარგარეთ გიწევთ წასვლა, დედის გარეშე როგორ ძლებენ პატარები?
- სულ მკითხულობენ, თუმცა რაღაცნაირად ძლებენ, ვიდეოზარებით ვერთვები ხოლმე, ეს, ცხადია, ჩახუტებას, მოფერებას, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ მაინც შეღავათია.
დედა - საუკეთესო მეგობარი
- დედა ბედნიერია, რომ ჩემს შვილებს მოესწრო, მათ აღზრდაში მონაწილეობს, მათი ცხოვრებით ცხოვრობს. საზღვარგარეთაც მიმყავს ხოლმე ჩემს კონცერტებზე. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ყოველთვის დედა იყო, მამასთან ერთად, ცხადია. განუზომელია მისი როლი - ჩემს რეპეტიციებს, გაკვეთილებს ესწრებოდა, ყველას მიმართ ძალიან ყურადღებიანია, სხვებისთვის თავდადებული ადამიანი და დედაა. ჩემთვის სამაგალითოა და არ ვიცი, რამდენად გამომივა, ასეთი დედა ვიყო. მკაცრი არ იყო, ყოველთვის მირჩევდა,- მოდი, სწორი არჩევანი გააკეთეო.
- სწორი იყო ეს არჩევანი?
- ალბათ, კი, იმიტომ, რომ საბოლოოდ, არჩევანს მე ვაკეთებდი.
- ოპერის "ოსკარი" გაქვთ მიღებული და, ალბათ, ამით ყველაფერი ნათქვამია.
- კი, ჩემთვის ძალიან ძვირფასია იტალიის პრეზიდენტისგან მიღებული ჯილდოც, რადგან მეც, მთელ იტალიელ ხალხსაც, ის ძალიან უყვარს.
მამა - სითბო და გულისტკივილი
- როგორც მახსოვს, პანდემიის დროს მამა დაგეღუპათ...
- კი, სამწუხაროდ, მამამ სწორედ იმ პერიოდში დაგვტოვა... "კოვიდით" არა, მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ალცჰაიმერი ჰქონდა რთული ფორმით. ძალიან მწყდება გული, რომ ჩემ გვერდით აღარ არის. ტყუპის დაბადებას კი მოესწრო, მაგრამ ვეღარ აღიქვა, არადა, სულ ამაზე მესაუბრებოდა,-მინდა ოჯახი, შვილები გყავდესო. ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, ეს პროფესიაც მის გამო ავირჩიე. ძალიან კარგად მღეროდა, მათ შორის არიებს თავისი გამოგონილი იტალიურით, რადგან ეს ენა არ იცოდა და ბედნიერი იყო, რომ ჩემით აიხდინა ის, რაზეც თვითონ ოცნებობდა. მამა ბოლოს მხოლოდ დედას ცნობდა, მე - ვეღარ და…ეს ძნელი ასატანი იყო. ერთადერთი, რაც ამ მდგომარეობას მიმსუბუქებდა, ის იყო, მის გვერდით დიდ დროს ვატარებდი. ბოლოს, წამლის ჩამოსატანად რომ ავირბინე ზემოთ და დავბრუნდი, დედამ ისე მითხრა, არ იჩქაროო, მივხვდი, აღარ იყო... მშვიდად წავიდა…და წაიღო გულის დიდი ნაწილი...
- ახლა ყველაზე მეტად რა გაკლიათ მამისგან?
- სითბო... მისი სიმსუბუქე, რაც მისგან მაქვს. ძალიან თბილი, საყვარელი, ბავშვური და მხიარული იყო, იუმორით სავსე. როდესაც რაიმე პრობლემაზე ვუყვებოდი, მამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინიაო.
საქველმოქმედო ფონდი, სოფი ლორენი და კარლო პონტი
- მინდოდა ჩემს წარმატებას სხვებისთვისაც მოეტანა სიკეთე და 2014 წელს, როდესაც საქველმოქმედო ფონდი ჩამოვაყალიბე, ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დაიწყო. ამაში ჩემი სანაცნობო და სამეგობრო წრეც ჩავრთე, საქველმოქმედო კონცერტზე ბევრი მეგობარი ჩამოვიდა იტალიიდან და კოლეგებთან, მოქალაქეებთან, კეთილ ადამიანებთან ერთად 200-ზე მეტი ბავშვის გადარჩენა და ოჯახების დახმარება შევძელით. ვამაყობ, რომ ჩვენს საქველმოქმედო საღამოზე ერთ-ერთი საპატიო სტუმარი სოფია ლორენი იყო. ეციო ბოსო მძიმედ იყო მაშინ და მაინც ჩამოვიდა ფონდისთვის. ძალიან ემოციური კონცერტი გამოვიდა.
სოფის ვაჟი, კარლო პონტი, ძალიან კარგი ადამიანია, მან უდირიჟორა ჩემი ფონდის სპექტაკლს, ერთობლივი კონცერტიც გავმართეთ. შემდგომ, ერთ-ერთი ჩამოსვლისას, მითხრა, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კარგ ადამიანს ვხვდებიო. მე და კარლომ ერთმანეთი ერთ ფესტივალზე გავიცანით, მრავალი წლის წინ, სადაც ის კონცერტს დირიჟორობდა, მაშინ დედაც ახლდა. ქალბატონი სოფია რომ გამაცნო, ჩემზე უთხრა, ნინო ძალიან სერიოზული ადამიანიაო. სოფიამაც ძალიან თბილად მიმიღო და შემაქო,- ლამაზი ხარ, ნიჭიერი და იცოდე, ძალიან რთული გზა იქნებაო. ეს ფრაზა დღემდე მახსოვს. ალბათ, თავისი გამოცდილებით ამბობდა...
- სოფია ლორენსა და მის ვაჟს როგორი შთაბეჭდილება დარჩათ ჩვენს ქვეყანაზე?
- ქალბატონი სოფია ფრენას ვერ იტანს და ეს შიში გადალახა, რძალი და მეგობარი ქალი ახლდა. თურმე ერთ დღეს მის თვითმფრინავს მეხი დაეცა და ეს ფობია მას შემდეგ აქვს. როცა აქედან მიფრინავდნენ, ჭექა-ქუხილი იყო და მაშინ ვუთხარი, ქალბატონო სოფია, თქვენ ისეთი კეთილი საქმე გააკეთეთ საქართველოში ბავშვების დახმარებით, მეხი ნამდვილად არ დაგეცემათ-მეთქი (ეღიმება). აღფრთოვანებული იყო, ბავშვების დახმარებით, იმ ადამიანებით, რომლებიც აქ გაიცნო. როცა კონცერტზე მოვიდა, სადაც წითელი ხალიჩა დავაგეთ, ესიამოვნა, როცა დაინახა, რამდენმა ადამიანმა შეიყარა თავი მის სანახავად, ავტოგრაფს სთხოვდნენ, ფოტოებს მასთან ერთადაც იღებდნენ და ა.შ. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ მათ შორის ბევრი ახალგაზრდა იყო და მათ ნანახი ჰქონდათ სოფიას ფილმები. ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე ვგეგმავდით, ბევრ ბავშვს დავეხმარეთ, საქართველომ გულში ჩაიხუტა ის სოფია, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს. ის მუდამ ძლიერი ქალის სიმბოლო იყო და ქართველებს სწორედ ასეთი ქალები გვყავდა ყოველთვის.
დედის ჩამოსვლამდე კარლო ძალიან ნერვიულობდა, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე ყოფილიყო, რადგან სოფიას პერსონა, ცხადია, შვილზეც დიდ გავლენას ახდენს. რაც მთავარია, იმას ვერ ვიტყვით, რომ შვილები მისი ჩრდილის ქვეშ არიან, პირიქით, თავიანთი ნიშა აქვთ ნაპოვნი - კარლო ნიჭიერი ადამიანია, თავისი ორკესტრი ჰყავს ლოს-ანჯელესში, მეორე ვაჟი კი რეჟისორია. სოფია თავდადებული დედაა.
- ნინო, როგორია თქვენი უახლოესი შემოქმედებითი გეგმები?
- მალე მნიშვნელოვანი კონცერტი გაიმართება რომის სენატში, რომელიც მარია კალასის დაბადებიდან მეასე წლისთავს ეძღვნება. შემდეგ მექნება სპექტაკლები ბელგიაში, მადრიდში, ნიცაში და მსოფლიო პრემიერა იტალიაში.