„დღეს ყველას შეუძლია იყიდოს ყველაფერი, გარდა გემოვნებისა, და არავის სურს გადაიხადოს გემოვნებაში ფული“ - კვირის პალიტრა

„დღეს ყველას შეუძლია იყიდოს ყველაფერი, გარდა გემოვნებისა, და არავის სურს გადაიხადოს გემოვნებაში ფული“

ლოს-ანჯელესის დასავლეთ ნაწილში, ბევერლი-ჰილზზე, ჰოლივუდის მსახიობების მდიდრული სახლების გვერდით, ამერიკის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად წოდებული ისტორიული სახლი "დაუნრიჯი" დგას. "დაუნრიჯი" ცნობილია როგორც ყველაზე მოთხოვნადი ლოკაცია კინოინდუსტრიაში და ფოტოგადაღებებისათვის, დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უმრავლესობას სახლის, როგორც რამდენიმე ქვეყნის უნიკალური ისტორიის ერთობის ხილვა სურს, ზოგს მისი ლეგენდარული შემქმნელის, ტონი დიუკეტის დიზაინის ინტერესი კლავს, ზოგს კი ნანახი ფილმებიდან ცნობილი ლოკაციების დათვალიერება უნდა. ამ სახლის ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ამერიკის დიზაინის "მამად" წოდებულმა ტონი დიუკეტმა ელიზაბეტი შეირთო და გადაწყვიტა საქორწილო საჩუქრად სახლი მიეძღვნა. რომ არა მათი სიყვარულის ისტორია, ამერიკას ერთით ნაკლები ღირსშესანიშნაობა ექნებოდა. დღეს "დაუნრიჯის" მფლობელი დიუკეტის მეგობარი, პარტნიორი, დიზაინერი ჰიუტონ ვილკინსონია­. დიუკეტის გარდაცვალების შემდეგ ჰიუტონმა სახლის გადასარჩენად ის შეისყიდა, რესტავრაცია ჩაუტარა და დღეს გაცოცხლებული ისტორიის მქონე სახლი დამთვალიერებლისთვის ღიაა. ჰიუტონ ვილკინსონს ეკუთვნის სახლის რესტავრაციისა და განახლებული შიდა ინტერიერის დიზაინი, რომელიც ავთენტურ სახეს არ კარგავს. ვილკინსონი ის დიზაინერია, რომელსაც სახლის ინტერიერის მოწყობა მიანდეს როკფელერების ოჯახმა, სოფი ლორენმა, საუდის არაბეთის პრინცმა­ და ა.შ. ჰიუტონ ვილკინსონი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს ისტორიულ "დაუნრიჯსა" და თანამედროვე დიზაინის თავისებურებებზე უამბობს.

- ანტიკვარზე საუბრით უნდა დავიწყო ჩვენი ინტერვიუ, როდის დაინტერესდით პირველად ანტიკვარიატით?

- მე ანტიკვარებში გავიზარდე. დედა ბოლივიელი იყო, მამამისი კი ბოლივიის პრეზიდენტი 1934-1936 წლებში. ჩვენი სახლისთვის ავეჯი, ფარდების ჩათვლით, პარიზიდან ჩამოგვქონდა. მოგვიანებით ყველაფერი ლოს-ანჯელესში გადავიტანეთ, ქალაქში, სადაც დავიბადე.

- დიზაინერ ტონი დიუკეტთან ერთად თქვენ არაერთ პროექტზე გიმუშავიათ, ალბათ, ხშირად გეკითხებიან მასზე. რას გაიხსენებთ ადამიანზე, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ინტერიერის დიზაინერია?

- ტონი დიუკეტთან მუშაობა მეშვიდე კლასიდან მინდოდა და ამის შანსი 17 წლის ასაკში, 1970 წელს მომეცა. ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე მასთან ჯერ მოხალისე თანაშემწედ, ხოლო სამი წელი ანაზღაურებად სტაჟიორად - 2 კვირაში ერთხელ ვიღებდი 50 დოლარს. ამასობაში 21 წლის გავხდი. შემდეგ ტონიმ შემომთავაზა 5 დოლარი საათში, რაზეც ვუპასუხე, დამოუკიდებლად უკეთესად შევძლებ მუშაობას-მეთქი და, ძალიან წარმატებული კომპანია დავაარსე, ტონისთან კი მეგობრობა და საქმიანი კავშირი შევინარჩუნე. ჩვენ ლოს-ანჯელესში უძრავ ქონებაში დავაბანდეთ ინვესტიციები. როდესაც მე 17 წლის ვიყავი, ტონი 60-ის იყო. მას ბევრი კარგი ბიზნესშეთავაზება ჰქონდა, მაგრამ ყველას უარს ეუბნებოდა, რაზეც მე ვეწინააღმდეგებოდი - ვეუბნებოდი, არ უთხრა უარი, მე გავაკეთებ შენს ნაცვლად, ანაზღაურება კი გავიყოთ-მეთქი. ასე გავხდით ბიზნესპარტნიორები. მოგვიანებით, 1995 წელს, საიუველირო ნაკეთობების შექმნა დავიწყეთ "ბერგდორფ გუდმანის" მხარდაჭერით, რომელიც 1899 წელს გაიხსნა მანჰეტენზე და ცნობილია როგორც მსოფლიოში ძვირად ღირებული ნივთების უნივერმაღი. "მაქსიმალური მინიმალიზმის შემდეგ, ინსპირაციისთვის ყველანი ვუცქერთ ტონი დიუკეტს", - ასეთი იყო "ვოგის" გამოხმაურება. ჩვენი­ საიუველირო ნაწარმი სწრაფად მოხვდა კოლექციონერებისა და გავლენიან პირთა გარდერობში.

dizain4-1701036258.jpg

- ბევრი სახელგანთქმული, ისტორიული შენობის დიზაინის ავტორი ხართ, რომელ მათგანს გამოყოფთ.

- ყოველთვის ფავორიტი პროექტი ის არის, რომელზეც ბოლოს იმუშავე. ბოლო ორი პროექტი, რომელიც მე და ტონი დიუკეტმა ერთად შევქმენით, იყო საცხოვ­რებელი ბინა პარიზის შუაგულში, და ვენეც­იაში, მე-12 საუკუნის პალაცო ბრანდო­ლინის ერთი მთლიანი სართული. მნიშვნელოვანი პროექტი იყო ქალაქ­ ჯიდაში (საუდის არაბეთი) მეფის სასახლის ინტერიერის შექმნაც, ასევე ბანგკოკში, ნიუ-იორკში, ბოსტონსა და სხვა ქალაქებში...

dizain3-1701036258.jpg

- "დაუნრიჯზე" მინდა გკითხოთ, სახლზე, რომელიც დღეს ამერიკის კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება.

- ისტორიული სახლი "დაუნრიჯი" ტონი დიუკეტმა 1949 წელს აუგო თავის მეუღლეს, ელიზაბეტს საქორწილო საჩუქრად. დღეს ის ყველაზე დიდი სახლია ბევერლი-ჰილზზე. მაშინ სულ რაღაც 900 კვმ იყო, მაგრამ წლების განმავლობაში ფართოვდებოდა და ძალიან აზრიანად. დღეს "დაუნრიჯის" ტერიტორია მოიცავს ბაღებს, პავილიონებს, ტერასებს, ტბას ჩანჩქერებით.

როდესაც ტონი გარდაიცვალა, მე როგორც "დაუნრიჯზე" პასუხისმგებელი პირი, იძულებული გავხდი გამეყიდა სახლში განთავსებული მე-17-18-19 საუკუნეების ანტიკვარიატი კრისტის აუქციონზე,­ რადგან საჭირო იყო სახლის რესტავრაცია. იმხანად ეს ითვლებოდა ყველაზე მასშტაბურ გაყიდვად ამერიკის ისტორიაში. ორი თვითმფრინავით­ გადავაფრინეთ "დაუნრიჯის" ნივთები საგამოფენო სივრცეში. მათ შორის იყო უნიკალური ანგლოინდ­ური აბანოზის სავარძელი, ინკუსტრირებული სპილოს ძვლით. ეს ნივთი შეიქმნა­ ლედი ჰარლოჩისთვის მე-18 საუკუნეში და ახლა განთავსებულია "ფიბოდის მუზეუმში", ესექსში (მასაჩუსეტსი). ნივთები იმდენად ღირებული იყო, რომ წამყვანმა მუზეუმებმა შეიძინეს. ჩემი პირადი კოლექციისთვის დავიტოვე 8 ვენეციური ფერწერული ტილო, რომელიც ბარონესა კეტრინ დ,ერლანჟეს ეკუთვნოდა, მან ტონი დიუკეტს მიჰყიდა, ტონიმ კი მე მაჩუქა.

- რადგან უნიკალურ ნივთებზე ვსაუბრობთ, სიტყვა "მშვენიერის" განმარტება როგორია თქვენთვის?

- მე ყოველთვის ვამბობ, თუ ნივთი არ არის ზღაპრულად მშვენიერი, მაშინ არანაირი აზრი არ აქვს. ჩემთვის სილამაზის განმარტება მოითხოვს ობიექტს, მაგალითად, ოთახს, სამოსს, სამკაულს.. არ უნდა იყოს მოსაწყენი, ეს მთავარია.

dizain2-1701036258.jpg

- 1970-იანი წლები ახსენეთ და, რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, დამკვე­თების გემოვნება, დიზაინის სტანდარტები, თუ დიზაინერების ხედვა?

- ამერიკაში, დიზაინის მთელი ბიზნესი ინტერნეტმა დაანგრია. დღეს ყველას შეუძლია იყიდოს ყველაფერი, გარდა გემოვნებისა, და არავის სურს გადაიხადოს გემოვნებაში ფული. რთული დრო დადგა შემოქმედი ადამიანებისათვის. ძველ დროში ქმრები ამბობდნენ, ჩემმა ცოლმა დაიქირავა ვიღაც გიჟი ინტერიერის დიზაინერი, რომელმაც ერთ დეკორაციულ ბალიშში 900 დოლარი გადაახდევინაო. ახლა ქმრები ფულზე წუწუნის ნაცვლად ამბობენ, ჩემი ცოლი ისეთი ყოჩაღია, 900-დოლარიანი დეკორატიული ბალიში 50 დოლარად იყიდა ეთსიზეო. (ეთსი - ონლაინმაღაზია). აი, ეს შეიცვალა ძველი წლებიდან დღემდე.

- რას ურჩევთ დამწყებ დიზაინერებს?

- პირველ რიგში იპოვეთ მილიარდერი დამკვეთი და შემდეგ დარწმუნდით, რომ საკუთარი კრეატიულობის გამოხატვის საშუალებას მოგცემთ. სულ ესაა.