„მხედრიონელები“ ავტომატებით შემოცვივდებოდნენ, ჩქარა, ნომერი გაამზადეო... საფასურის გადახდაზე არც იყო ლაპარაკი“
თბილისში იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გაგონილი მაინც არა აქვს "გულოს აბანოების" შესახებ. აბანოთუბანში "გულოს აბანოები" არა მარტო ქართველებისთვის, უცხოელი ტურისტებისთვისაც საყვარელი ადგილია. საქმე მხოლოდ გოგირდის წყლის სამკურნალო თვისებებში არ არის, მთავარი სტუმრის დახვედრაა, რაც საუკეთესოდ გამოსდის. როგორ გახდა შპს "ბახმარო" "გულოს აბანო", ამას თავად გულო ნიაზოვა გვიამბობს.
- როდის დაიწყო თქვენი და გოგირდის აბანოების ისტორია?
- 90-იან წლებში, "მხედრიონის" დროს დამლაგებლად ვმუშაობდი. სულ 4 ნომერი გვქონდა. ხალხის გული მალე მოვიგე, სტუმრები სულ მე მკითხულობდნენ. ეს შეამჩნია ჩვენმა უფროსმა თამაზ კალანდაძემ და მოლარედ გადამიყვანეს. მას შემდეგ დავრჩი და დავრჩი. რატომღაც ეს აბანო ჩემით გახდა ცნობილი, "გულოს აბანოს" ეძახდნენ ქალაქში. ერთხელ ჩემი უფროსი, ბატონი თამაზი ბაკურიანში ისვენებდა, თურმე მისმა ნაცნობებმა ლაპარაკს მოაყოლეს, სულ "გულოს აბანოში" დავდივართ, გულომ ისეთი დახვედრა და მიღება იცისო. ჩემს უფროსს უთქვამს, მაგ აბანოს პატრონი მე ვარ, გულო კი ჩემი თანამშრომელიაო. სანამ არ დამირეკა ბატონმა თამაზმა, მანამდე არავინ უჯერებდა...
- 90-იანები საქართველოში რთული წლები იყო, სამოქალაქო ომი, "მხედრიონი".. როგორ გადაიტანეთ აბანოში ეს ყველაფერი?
- საშინელება იყო. ავტომატებით მოდიოდნენ, შემოცვივდებოდნენ, ჩქარა, ნომერი გაამზადეო. რა თქმა უნდა, საფასურის გადახდაზე არც იყო ლაპარაკი. ჩვენ შეძლებისდაგვარად მშვიდად ვხვდებოდით, ვუშვებდით აბანოში და რამდენი ხანიც უნდოდათ, იმდენ ხანს იყვნენ. რაღაცნაირად გადავაგორეთ "მხედრიონის" პერიოდი.
სააკაშვილის დროს აბანოები დაიხურა და ხელახლა გაიყიდა აუქციონზე. მე კიდევ ნარკომანივით აბანოს "ლომკა" მქონდა, გოგირდის წყლები საშინლად მენატრებოდა. ერთხელ ჩემმა შვილმა სახლში ცხელი წყლით ამივსო აბაზანა, ჩაწექიო, გადავირიე, მე ჩემი აბანო მინდა, ჩემი გოგირდები-მეთქი. პირველად ჭრელი აბანო გაიხსნა და იქ მივედი საბანაოდ. "კოვიდის" დროსაც დაგვკეტეს, თუმცა ყოველდღე მოვდიოდი, ვაღებდი, ვანიავებდი, წყალსაც ვივლებდი და ისე ცუდად აღარ ვგრძნობდი თავს.
31 წლის ვიყავი, აქ რომ მოვედი, ახლა 63 წლის ვარ. ეს აბანო ჩემი ცხოვრებაა. ფული არაა პრობლემა, მე აქაურობა მიყვარს, ხალხი, ურთიერთობები. დღემდე ტელეფონზე რომ რეკავენ, მე თუ არ ვუპასუხე, მაშინვე მკითხულობენ, თუ არა ვარ, ამბობენ, რომ მოვა, მერე დავრეკავთო. ასეა, ამ აბანოს ლეგენდა ვარ. 25 წელი ისე მაქვს ნამუშევარი, არ დამისვენია, მაგრამ ახლა, რაც ჩემმა შვილმა აქ დაიწყო მუშაობა, წელიწადში ორჯერ ვისვენებ ხოლმე. ისეთი კარგი უფროსები მყავს, როცა ვეუბნები, დასვენება მინდა-მეთქი, უარს არ მეუბნებიან. შაბათ-კვირასაც კი აქ ვარ. დასასვენებლადაც რომ მივდივარ, იქაც არ მასვენებენ, მირეკავენ ხოლმე. ერთხელ ჩემი ძველი კლიენტი მოვიდა აბანოში და რომ გაიგო ვისვენებდი, დამირეკა და 500 დოლარი ჩამირიცხა, ჩემს სახელზე დაისვენეო. ამაზე მეტი რა უნდა ინატრო...
- ვინ არიან "გულოს აბანოების" ძირითადი მომხმარებლები?
- ბევრი ცნობილი ადამიანი დადის. გვყავს კლიენტები, რომლებიც 15-20 წელია აქ დადიან, უკვე ოჯახის წევრებივით არიან. დღეს არ ჩააგდებენ, იციან, გოგირდის წყლის ფასი. ტურისტებიც დადიან ხშირად.
- ბევრის საიდუმლო გეცოდინებათ...
- კი, ბევრის მესაიდუმლე ვარ, ვიცი რაღაცებიც, მაგრამ "არაფერი მინახავს და არაფერი ვიცი".
- რას ისურვებდით?
- იმდენი რამე გამოვიარეთ, მშვიდობიანი ცხოვრება მინდა. აბანოში მინდა ვიყო სულ, სახლში ვერ ვიქნები. ეს არის ჩემი ოჯახი თავისი უფროსებიანად. აქა ვარ ყველაზე ბედნიერი.
სოფო კაჭარავა