"სალტოებსაც ვაკეთებდი, მაგრამ ახლა რომ ვსინჯე, აღარ გამომივიდა, დამვიწყებია" - ვინ არის ქალი, რომელიც რეკორდის მოხსნას გეგმავს
რამდენიმე თვეა 52 წლის გულნაზ დუმბაძის ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. ქალბატონი ნაზი სოფელ თაგოს მთებში, მზის ჩასვლისას გაჭიმულ თოკზე გადის და ამას გართობად მიიჩნევს...
- ჩემთვის მოვსინჯე, როგორ გავიდოდი, გადამიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. თბილისიდან ერთი გოგო იყო ჩამოსული და იკითხა, ამ თოკზე ვინმე გადისო? ვუპასუხე, ჩემი ჩათვლით ყველა-მეთქი, მის თვალწინ გავიარე, თურმე გადაუღია და გაუვრცელებია... თოკი დაახლოებით მეტრ-ნახევარ სიმაღლეზეა გაჭიმული. თუმცა რადგანაც ამ სიმაღლეზე გავიარე, ბევრად მაღალ თოკზეც გავივლი. სიგრძეში დაახლოებით 25 მეტრია. "გლემპინგ თაგოზეა" ეგ თოკი გაბმული. 52 წლის ვარ, პირველად გავიარე თოკზე და ერთიც არ შევფერხებულვარ. ვიდეოს თუ სოციალურ ქსელში დადებდნენ და მერე ამხელა რეაქციას გამოიწვევდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი. ჩემმა შვილმა დამირეკა, ნახე, სოციალურ ქსელში რა ამბავია შენს ვიდეოზეო.
- არასოდეს შეგშინებიათ?
- თოკი ისეთ ადგილას არის გაჭიმული, რომ ძალიან ქანაობს და თუ წონასწორობა არ დაიცავი და შიშის გრძნობა გაგიჩნდა, ვეღარაფრით გაივლი... ბევრს აინტერესებს, ჯოხი რატომ მიჭირავს და ყველას ვუხსნი, რომ ცოტა წნევა მითამაშებს და თავმა რომ არ მიღალატოს, ჯოხი მიკავია, დაზღვეული რომ ვიყო. სხვათა შორის, ბევრს ეგონა, ჯოხით ჩვენც კი გავივლითო და ხუთი მეტრის მეტი ვერ შეძლეს.
- გვიამბეთ მეტი თქვენს შესახებ...
- შუახევის რაიონის სოფელ ჩანჩხაროში დავიბადე და გავიზარდე. 16 წლის გავთხოვდი და მას შემდეგ სოფელ თაგოში ვარ. სამი შვილი მყავს: 31, 30 და 15 წლის... მინდორში ბავშვები ფეხბურთს რომ თამაშობდნენ, მეც ვთამაშობდი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლები გავიდა, სპორტი ისევ მიყვარს. თურმე ადამიანს სანამ სული გიდგას, რაც გიყვარს, ბოლომდე გაგყვება. ჩემს დროს ქალი არ ჭიდაობდა. მე კი ძალიან მომწონდა, ყველას ვეჭიდავებოდი და ვუგებდი, მაგრამ რაც არ უნდა მომენდომებინა, სპორტის ამ სახეობაზე მამაჩემი არაფრით გამიშვებდა. მაშინ არ იყო მიღებული მსგავსი რამ ქალისთვის... კარგად ვთამაშობდი "დამკას", ნარდს... სალტოებსაც ვაკეთებდი, მაგრამ ახლა რომ ვსინჯე, აღარ გამომივიდა, დამვიწყებია.
- არ გსურდათ ამხელა ყურადღება?
- მეუღლე ახალი გარდაცვლილი მყავს და ხშირად მიფიქრია, ხალხი რას იტყვის-მეთქი. ამან ცოტა დამაბრკოლა, თორემ როცა მეუღლე გვერდით მყავდა, მაშინ რომ თოკზე გამევლო და ამხელა ყურადღება მიმექცია, გამიხარდებოდა კიდეც. ჩემი მეუღლე, ჯუმბერ ცეცხლაძე, თეატრში მუშაობდა, ჯერ მსახიობი, შემდეგ თეატრის დასის ხელმძღვანელი გახლდათ. სამწუხაროდ, მძიმედ დაავადდა და მალევე გარდაიცვალა.