ფლორენციელი „ქართველი“
"მე ძალიან მიკვარს საკარტველო, ის ჩემი მეორე სამშობლოა", - იტალიური აქცენტით, მაგრამ ქართულად ამბობს ფლორენციელი მწერალი ფრანჩესკო ტრეჩი, რომელიც 20 წელია საქართველოს სიყვარულს თავის წიგნებში აქსოვს.
- საქართველოში 20 წლის წინ ჩამოვედი. იტალიელი ჟურნალისტის სტატია წავიკითხე, ქართველებს უძველესი ენა და ანბანი აქვთო. მას შემდეგ საქართველო გულში ჩამივარდა და გადავწყვიტე უფრო ახლოს გამეცნო. თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე. თითოეულს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს. ყველაზე მეტად ვარძიამ და ბაგრატის ტაძარმა მომხიბლა. მოკლედ გეტყვით: მე მთელი საქართველო მომწონს, ქართული ანბანი და საქართველოს ისტორია ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ქართული სამზარეულო ნამდვილი საოცრებაა! კახური ღვინო უპირველესია... ორი შვილი მყავს: 8 წლის ქლოე და 5 წლის ჯორჯა, რომელსაც ეს სახელი საქართველოს სიყვარულით დავარქვი.
- ქართული ენა როგორ ისწავლეთ?
- ფლორენციის უნივერსიტეტში სრულყოფილად შევისწავლე საქართველოს ისტორია. ჩემი პირველი წიგნი საქართველოს მივუძღვენი. ეს არის ისტორია ფარნავაზის დროიდან დღემდე. რაც შეეხება ქართულ ენას, ის პროფესორ გაგა შურღაიას დახმარებით შევისწავლე... ბედნიერი ვიყავი, როდესაც ფლორენციაში წიგნის პრეზენტაციას უამრავი ხალხი დაესწრო და ჩემი ნაშრომით არამარტო ქართველები, იტალიელებიც დაინტერესდნენ. ჩემი წიგნების პრეზენტაცია სხვა ქალაქებშიც გაიმართა...
- ნეაპოლში ყოფნისას ხვიჩა კვარაცხელია არ გაიცანით?
- ხვიჩა წელს, აგვისტოში გავიცნი. კვარაცხელია ნეაპოლში ძალიან უყვართ. ის მთელ იტალიაშია ცნობილი. ყველამ იცის, რომ ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ საოცრად თბილი და კარგი პიროვნებაა. ხვიჩა იტალიაში საქართველოს პოპულარობისთვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს...
იტალიაში ამჟამად ბევრი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ ცუდია, რომ ჩემს ქვეყანაში საქართველოს ჯერ კიდევ არ იცნობენ. ჩემი მიზანი საქართველოს უფრო მეტი პოპულარიზაციაა. ამაში ძალიან მეხმარება ქართული ეკლესია, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის დიდი იმედია. ემიგრანტების ცხოვრება ადვილი არ არის. მე მათ ხშირად ვხვდები და ვცდილობ გავამხნევო, მხარში დავუდგე. როდესაც იტალიის სხვადასხვა ქალაქში ჩემი წიგნი "საქართველოს ისტორია" წარვადგინე, ამ ამბავმა ყველა გაახარა, ვისაც საქართველოს სიყვარული აერთიანებს, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარული მაინც ქართველ ემიგრანტებში მოიპოვა. ბოლო ხანებში კიდევ ერთი წიგნი დავწერე, რომელსაც "საქართველო" დავარქვი და მკითხველს საქართველოს ისტორიაზე, ქართველ მწერლებსა და პოეტებზე უამბობს.
ხათუნა ჩიგოგიძე