"ბოდიში, თქვენ გელით შემზარავი სიკვდილი!“ - საქართველოში ახალი საშიში ნივთიერება გამოჩნდა - კვირის პალიტრა

"ბოდიში, თქვენ გელით შემზარავი სიკვდილი!“ - საქართველოში ახალი საშიში ნივთიერება გამოჩნდა

"ეს პოსტი განკუთვნილია მათთვის, ვინც თვლის, რომ არაფერი მოხდება, თუ ერთხელ გავსინჯავ, დავისვენებ,…რელაქსი მინდა და... ერთხელ გასინჯვით რა უნდა მომივიდეს?! ამდენი ხალხი მოიხმარს, თან წავიკითხე უამრავი ინფორმაცია და ამბობენ, რომ უსაფრთხოა. რა ადვილი ყოფილა, აი, საიტიც მოვნახე, გამოვიწერე, ფულიც გადავიხადე,…თან ვერავინ გამაკონტროლებს და ვერავინ გაიგებს.…აი, ლოკაციაც გამომიგზავნეს! ახლოს ყოფილა, წავალ, ახლა მოვნახავ და მერე გავგულავდები.

კი, ასეა ნამდვილად, ოღონდ ამ სცენარს აქვს სამი სხვადასხვა გამოსავალი - არცერთი არ არის კარგი და საბოლოოდ არცერთი არ მოგეწონებათ. პირველი ის, რაც შენ გგონია, რომ გამოიწერე, სრულიად სხვა რამეა და ფენტანილით არის დაბინძურებული! ,,გულაობა" ზედოზირებით დამთავრდება და თან თუ მარტო ხარ, ისე მოკვდები, ვერც ვერავინ გაიგებს და დილას გნახავენ მკვდარს ლოგინში. თუ მარტო არა ხარ და შენს მეგობარს ეცოდინება, რა მოიხმარე, შანსი გაქვს, რომ გადარჩე, თუ 112-ში დარეკავს, "ნალოქსონს" გაგიკეთებენ და საავადმყოფოში გადაგიყვანენ. მეორე - მოხმარების შემდეგ შეიძლება დაგეწყოს ჰალუცინაციები, პარანოია, სუიციდური აზრები, დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია, სრულიად დაკარგო კონტროლი სხეულსა და გონებაზე. თუ დოზა კარგად ვერ განსაზღვრე და მეტი მოიხმარე,­ ძლიერი აღგზნების შემდეგ შესაძლებელია აგეწიოს წნევა, განვითარდეს ინსულტი, ინფარქტი, პოლიორგანული უკმარისობა და ა.შ. საბოლოოდ შეიძლება გადარჩე, თუ დროზე დარეკავ 112-ში და საავადმყოფოში მოხვდები. საბოლოოდ შეიძლება ღრმა ინვალიდი დარჩე, ან მძიმე ფსიქიკური აშლილობა განგივითარდეს. მესამე საკითხი, ის, რაც ზევით დავწერე, შეიძლება არცერთი არ დაგემართოს, მაგრამ ერთ მოხმარებას მოჰყვება მეორე, მეორეს - მესამე,… მერე განვითარდება მძიმე დამოკიდებულება, რომელიც შეცვლის მთელ შენს ცხოვრებას! აღარაფერი იქნება საინტერესო ამ ნარკოტიკის გარდა, დაგიზიანდება ფსიქიკა, ჯანმრთელობა…საბოლოოდ, ერთხელაც არ გაგიმართლებს და განვითარდება ან პირველი სცენარი, ან მეორე.…სამწუხაროდ, ,,მოდი, გავერთობი" მეფედრონით, მეტამფეტამინტით, ამფეტამინით, ალფაპევეპეთი და აშ. სამწუხაროდ, გამონაკლისები ძალიან ცოტაა! რავი, დაფიქრდი, სანამ ,,გაგულავებას" გადაწყვეტ, ღირს კი ეს ყველაფერი წუთიერ სიამოვნებად? იქნებ სხვა გართობა ჯობს, კარგი მუსიკა, ურთიერთობები, მოგზაურობა.…ბედნიერ და უსაფრთხო შაბათ-კვირას გისურვებთ", - ეს ემოციური სტატუსი ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ ფეისბუქის გვერდზე დადო და ამით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მწვავე პრობლემას. ამის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდნენ თუ არა ისინი, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგანან, არ ვიცით, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მაინც თუ გამოჩნდა, ვინც მის სიტყვებზე დაფიქრდება და უარს იტყვის ამგვარ "გართობაზე", კარგი იქნება. ბატონი ზურაბ სიხარულიძე წლებია ამ პრობლემებზე საუბრობს, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს. ერთხანს ინტერვიუებზეც უარი თქვა, რა აზრი აქვს საუბარს, თუ რამე არ შეიცვალაო. ამჯერად დაგვთანხმდა და ბევრი საყურადღებო ინფორმაციაც მოგვაწოდა.

- სიტუაცია ძველებურად მძიმეა, მეტიც, უფრო და უფრო მძიმდება. უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე იწყებს ნარკოტიკის მოხმარებას და ხშირად ეს ტრაგიკულად მთავრდება. შეიცვალა ნარკოსცენა, დღეს უფრო პოპულარულია ინტერნეტით ნარკოტიკის გამოწერა. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელება უფრო გახშირდა, ვიდრე იყო შარშან და შარშანწინ. ბევრი ისეთიც იწყებს მოხმარებას, ვისაც არასოდეს ჰქონია შეხება ნარკოტიკთან. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია თინეიჯერებში. ჯერ გასართობად იწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას, რატომღაც აქვთ ინფორმაცია, თითქოს უსაფრთხოა, არაფერი მოუვათ.გარდა ამისა, უფრო მასობრივი გახდა ფენტანილის შემოტანა საქართველოში. ჯერ ისეთი რაოდენობით არ შემოდის, როგორც ამერიკაში, კანადაში ან ევროპაში, მაგრამ მაინც მიღებულ ნარკოტიკებში­ ყოველთვის ამოვარდება ერთი ან ორი ნიმუში, ან ყველაში ამოდის ფენტანილი,­ რაც ართულებს სიტუაციას, რადგან უდიდესი ზიანის მომტანია. ეს ახალი ფსიქო­აქტიური ნივთიერებები უკონტროლოა, სულ ახალ-ახალი ფორმულები იქმნება, მათი გამოვლენა და გაკონტროლება საზღვარზეც ძალიან რთულია, ხანდახან შეუძლებელიც, რადგან ეს შეიძლება პრეკურსორები იყოს, სულ არ იყოს ნარკოტიკი, რომლისგანაც მერე საქართველოში­ ამზადებენ ნარკოტიკებს. იყო ასეთი შემთხვევები კიდეც. შარშან ბათუმსა და­ ქუთა­ისში გამოავლინეს კუსტარული ლაბორატორიები, სადაც მეტამფეტამინტი და ალფა-პე-ვე-პე მზადდებოდა. ყველაზე დიდი პრობლემა ამფეტამინის, სტიმულატორების მოხმარებაა, რაც უმძიმეს შედეგს იწვევს. სისტემაც არ არის მზად ამასთან გასამკლავებლად. ხშირად მის მომხმარებლებს ორმაგი დიაგნოზი აქვთ. ერთ-ერთია ფსიქიკური აშლილობა, რომლის კუპირება ძალიან რთულია და საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას. ნარკოლოგიური სერვისები ვერ ახერხებენ პაციენტის­ იძულებით დაწვენას, კანონით არა გვაქვს ამის უფლება, ამიტომ მხოლოდ ფსიქიატრიას შეუძლია მისი დახმარება. ასეთი პაციენტები ხვდებიან ფსიქიატრიულ სტაციონარებში, სადაც ვერ ხერხდება მათი საფუძვლიანი მკურნალობა,­ ვინაიდან ისტორიაში ნარკოტიკი ფიგურირებს და შესაბამისად, ნარკოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ.

ეს ინსტიტუციური პრობლემაა და სასწრაფოდ მიხედვა სჭირდება. გარდა იმისა, რომ გვაქვს სერვისების ნაკლებობა­, ასეთი პაციენტების მოვლაც ძალიან რთულია. არც სპეციალისტებმა იციან სათანადოდ, როგორ უნდა მოუარონ ასეთ პაციენტებს და მერე მძიმდება მათი მდგომარეობა, ხოლო დამძიმებული მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან ჭირს. განსაკუთრებით მძიმეა პარასკევი, შაბათი და კვირა, როდესაც ახალგაზრდები კლუბებში იკრიბებიან და უკონტროლოდ მოიხმარენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. სხვა პრობლემაა დილერისგან აღებული ნარკოტიკი, როცა დებენ რომელიმე ადგილას, სამალავში, მომხმარებელი მიდის და იღებს. ამას დაუმატეთ მიგრანტების რაოდენობაც. მათაც სურთ "გართობა" და აქვთ ნარკოტიკების მოპოვების არხები.

- უცხოელებიც ხვდებიან თქვენთან ამ პრობლემებით?

- დიახ. ჩემთანაც ყოფილან, მაგრამ უფრო ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების გამო, ნარკოტიკით იშვიათად, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენი პირი ხვდება ემერჯენსებში ინტოქსიკაციით. ხშირად დიაგნოსტირებაც ვერ ხერხდება, რადგან­ ბევრი ფართო პროფილის კლინიკა არ არის მზად იმისთვის, რომ დაადგინოს, რა ნივთიერებაა მოხმარებული. კი,არის ვარ­აუდი, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებაა, მაგრამ­ მიდის­ ისტორიაში როგორც კომა უცნობი ეტიოლოგიის ნივთიერებით და არა ნარკოტიკით განპირობებული. დადგენა შეიძლება მხოლოდ სიკვდილის შემდგომ ექსპერტიზით, ისიც თუ ჩატარდება. ეს ინფორმაციაც ხშირად ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ოჯახს არ სურს გაამჟღავნოს, რით დაიღუპა მისი ახლობელი.

სხვათა შორის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც უმძიმესი სიტუაციაა.

- ჩვენთან არსებული სერვისები ვერ უმკლავდება პრობლემას?

- მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარკვეული სერვისები გვაქვს, მაგრამ აბსოლუტურად არ კმარა იმისათვის, რომ ამ პრობლემას მიხედოს.

- სკვერებშიც კი გაჩნდა ნარკოტიკები, სადაც ბავშვები თამაშობენ.

- ადრე მიუწვდომელ ადგილებში­, ტყეში, სასაფლაოებზე დებდნენ, ახლა დებენ ისეთ ადგილებში, სადაც უფრო ნაკლები ყურადღება მიექცევა. ხომ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ სკვერში შეიძლება­ იყოს ნარკოტიკი, აი, ამაზე აქვთ გათვლილი­.

როცა არის მოთხოვნა, არის მიწოდებაც და საკმაოდ ინტენსიური. ნარკოტიკის შემოტანის გაკონტროლებასაც ახლავს პრობლემა. სამართალდამცავებმა შეიძლება ვერც დაადგინონ საზღვარზე, რომ ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკია, შეიძლება არც არის ნარკოტიკის სიაში და არც ითვალისწინებდეს სასჯელს, მაგრამ შემდგომში მისგან შესაძლებელია უმძიმესი ნარკოტიკები დამზადდეს. არ გამოვრიცხავ, ჩვენთან იატაკქვეშა ლაბორატორიებიც არსებობდეს, მითუმეტეს, ამის მაგალითები იყო. ისე, იმდენად ადვილად მოსამზადებელია, შეიძლება კუსტარულად შინ, სამზარეულოშიც დაამზადო.

- ისევ პრობლემაა ფსიქოტროპული აფთიაქები?

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ 3 კვირის წინ 58 აფთიაქი დახურეს. ხომ ხვდებით, რა მასშტაბზეა საუბარი? როცა 58 აფთიაქი არალეგალურად ყიდის ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, წარმოიდგინეთ, რამხელაა მოხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამკაცრდა ბევრი რეგულაცია, ეს შავი ბიზნესი მაინც ყვავის, რადგან დიდია მოთხოვნა. თუ მოთხოვნა არ შეამცირე და მომხმარებლებს ალტერნატიული მკურნალობა არ შესთავაზე, არაფერი გამოვა. როცა ადამიანი 10 წელზე მეტია ზის მედიკამენტზე, ჯობია შენ მისცე და გააკონტროლო, ვიდრე უკონტროლოდ იყიდოს შავ ბაზარზე, მოიხმაროს და მძიმე დამოკიდებულება განუვითარდეს. აფთიაქების დახურვაც არ არის პანაცეა. აფთიაქი თუ არ იქნება, ბაზარზე სხვა გზა გაჩნდება.

- არის მეტადონის პროგრამა, მაგრამ როგორც ამბობენ, ბენეფიციარები სხვა ნივთიერებებსაც მოიხმარენ.

- მეტადონით პროგრამაში მყოფების ნაწილს არ აკმაყოფილებს მეტადონი. ეს ჩანაცვლებითი თერაპიის პრობლემაა, თუმცა მაინც შესაძლებელია კორექცია, მაგრამ ჩანაცვლებით თერაპიაშიც არის ბევრი პრობლემა, რომელსაც სჭირდება სერიოზული გადახედვა დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით. ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს კანონი, რათა მომხმარებლებმა მიიღონ ადეკვატური დახმარება. არ იყვნენ იატა­კქვეშეთში, რომელსაც ყველა დასდევს და არავინ აღიქვამს დაავადებულ ადამიანად.კანონი 15 წელია არ შეცვლილა და ამის გამო მომხმარებლებს არ ეძლევათ სხვადასხვა სერვისის მიღების საშუალება. ამიტომ ან იმალებიან, ან გამოდიან პროგრამებიდან და მერე მათ იჭერენ. არის კლინიკები, სადაც ნარკოლოგი არ ჰყავთ. ჩვენი ხმა დიდი ხანია არ ისმის, იმიტომ, რომ რამდენიც ვილაპარაკეთ და რამდენიც მივედით მთავრობასთან და დაპირება მივიღეთ, შედეგი არ მიგვიღია. თურმე ქვეყანა არ არის მზად ცვლილებებისთვის. არადა, ცვლილებებით ბევრად დიდ ეკონომიკურ მოგებას ნახავდა სახელმწიფოც. პრობლემა მასშტაბური და ფართოწახნაგოვანია, ერთბაშად ვერ გადაწყდება, მაგრამ არც არაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაიმე შეიცვალოს. ნარკოტიკების მოხმარების სიხშირე ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში უფრო თვალში საცემია, მეტიც, საგანგაშო. ხშირად ისეთი შემთხვევებია, ექიმებმა არ ვიცით, რა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ გამოცდილება არა გვაქვს. სულ ახალ-ახალი ნარკოტიკი შემოდის. ეს მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ მოწინავე ქვეყნებში არსებობს წინასწარი შეტყობინების სისტემა, სადაც ყველა ახალ გაურკვეველ შემთხვევას აფიქსირებენ. მიდგომაც სხვანაირია მომხმარებელთა მიმართ, კი არ იჭერენ, პირიქით, ცდილობენ დაეხმარონ, ჩვენ კი ვცდილობთ ციხეში გავუშვათ. ეს არ არის გამოსავალი. პოლიციელებსაც არა აქვთ ამ საქმისთვის სათანადო ცოდნა. მოკლედ, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

- როგორც ამბობენ, ბაზარზე გამოჩნდა ძალიან სახიფათო ახალი ნივთიერება.

- დიახ, რომელიც ვეტერინარიაში გამოიყენება, ანესთეზიის დროს. უკვე გავრცელდა მისი კუსტარული მოხმარება. ჯერ არ შემხვედრია საქართველოში, მაგრამ ევროპასა და ამერიკაში ძალიან მოდებულია. ასევე არაბულ ქვეყნებში სინთეტიკური ნარკოტიკების დიდი პრობლემაა. მერე გადადის ეს ნივთიერებები ევროპაში ჩვენი გავლით და ჩვენთანაც რჩება განსაზღვრული რაოდენობა.