„ქვეყანაში არ არსებობს რისკებისა და საფრთხეების ერთიანი აღქმა“
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მონიჭების ევროკომისიის რეკომენდაციაში საუბარია 3 ახალ კრიტერიუმზე, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა შევასრულოთ. ამ პირობებიდან ერთ-ერთია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის პოლიტიკასთან. ამ დროს კი საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიაც მოძველებული აქვს, რომლის განახლებასაც ექსპერტები დიდი ხანია ითხოვენ, მაგრამ ჯერ მიზანს ვერ მიაღწიეს. რამდენად იქნება ამ დოკუმენტების არარსებობა ხელშემშლელი საქართველოსთვის და რა საფრთხეებს ქმნის მისი განუახლებლობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე რამდენად იქნება ჩვენთვის მოლდოვის გამოცდილების გაზიარება ხელსაყრელი, რადგან მან შარშან ეს დოკუმენტები სწორედ ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა, ამ საკითხებზე იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ:
- ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, თუ რას ფიქრობს ექსპერტთა საზოგადოება იმ საფრთხეებისა და რისკების შესახებ, რაც დღეს საქართველოს წინაშე დგას. გამოიკვეთა ის მოსალოდნელი სურათი, რომ ძირითადად გლობალური საფრთხეები და რისკები დაკავშირებულია რუსეთთან, როგორც ჰიბრიდული ომის, ასევე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.
- ხელისუფლების პასუხი ამ საფრთხეებზე როგორია, თქვენი შეფასებით?
- თუ გადავხედავთ საქართველოს სტრატეგიულ დოკუმენტებს, რომლებიც უნდა ასახავდეს ქვეყნის მიდგომასა და წარმოდგენებს გლობალურ რისკებსა და შესაძლებლობებზე, რუსეთი აღქმულია მთავარ გამოწვევად და საფრთხედ. მართალია, უსაფრთხოების სტრატეგია მოძველებულია, მაგრამ რაც არის, იმაში ასეა. გვაქვს სხვა დოკუმენტებიც ცალკეული სექტორული პოლიტიკის დონეზე, ასევე ზოგადი დოკუმენტები, სადაც გამახვილებულია ყურადღება რუსეთზე - ანუ დოკუმენტებში რუსეთი მიჩნეულია საფრთხედ, მაგრამ თუ ამას შევადარებთ პრაქტიკას, თუ როგორ ხდება ყოველდღიურად ამ საფრთხეების მოგერიება, ასევე დისკურსულ დონეზე ვიმსჯელებთ, თუ როგორ აკეთებს ხელისუფლება ამ საფრთხეებისა და რისკების კომუნიკაციას, უფრო დივერსიფიცირებულ სურათს ვიღებთ. კი ამბობენ, რომ რუსეთი მთავარი გამოწვევაა, მაგრამ ხელისუფლების მიდგომაა, რაკი ამ მთავარ გამოწვევას ვერ ვაბალანსებთ, საჭიროა უფრო დამთმობი და რბილი პოლიტიკა, რასაც მიტმასნების პოლიტიკასაც უწოდებენ. მეორე მხრივ, ამახვილებენ ყურადღებას სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებზე, რომ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ინვესტიციები, რუსი ტურისტების შემოსვლა საქართველოში ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი სარგებელია და ეს ჩვენი მოსახლეობის ინტერესშიც შედის, რადგან ამის გამო გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ა.შ. ასე რომ, რუსულ საფრთხეებთან ხელისუფლების გამკლავების სტრატეგია არის რუსეთთან უფრო დამთმობი და ე.წ. დაშოშმინების პოლიტიკა. ამაშია სწორედ მთავარი განსხვავება, თუ როგორ აღიქვამს ექსპერტთა საზოგადოება რუსეთიდან მომდინარე რისკებთან გამკლავების საშუალებებს და როგორ აღიქვამს ხელისუფლება.
- ხელისუფლების ეს პოლიტიკა არსებული საფრთხეების გათვალისწინებით არის თუ არა გამართლებული, შედეგიდან გამომდინარე?
- რაღაც ასპექტებში არის ლოგიკა, რაღაც ასპექტებში - ნაკლებად. საქართველო მოწყვლადი ქვეყანაა და არა გვაქვს საერთაშორისო გარანტიები, არა ვართ დიდი ალიანსის, ნატოს წევრი, არა გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა. ამიტომ რაღაც დოზით ფრთხილი პოლიტიკა გამართლებულია და ნებისმიერი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, რომ ესკალაცია არ მოხდეს. თუმცა, მეორე მხრივ, ყველა სფეროში დამთმობი პოლიტიკა არაფერს მოიტანს. საჭიროა იმ რისკების უკეთ გააზრება, რაც მოჰყვება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას თუნდაც ეკონომიკის სფეროში, და ამ რისკების გონივრული მართვა. ეს კი, ჩემი აზრით, მთლად საფუძვლიანად არ კეთდება. რუსეთთან ვაჭრობა, კი ბატონო, ერთი მხრივ, კარგია, რადგან ამით მოსახლეობაც ხეირობს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ვაჭრობას მოჰყვება პოლიტიკური რისკები, რაც, ჩემი აზრით, არ არის სათანადოდ გააზრებული, რადგან ამით იზრდება რუსეთზე დამოკიდებულება. ეს შეიძლება რუსეთმა სათავისოდ გამოიყენოს, პოლიტიკური ზეწოლისთვის, რაც არაერთხელ გაუკეთებია. გარდა ამისა, გაიზარდა რუსეთიდან მიგრაცია, ეს ეკონომიკას ხელს კი უწყობს, მაგრამ ამას რა სოციალური რისკები შეიძლება მოჰყვეს, ესეც გასათვალისწინებელია, ისევე როგორც ინვესტიციების შემოსვლა, რათა სტრატეგიული ობიექტები არ აღმოჩნდეს რუსეთის ხელში.
- ის, რომ უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტები არა გვაქვს განახლებული, რა პრობლემას ქმნის? ევროკავშირის სტატუსის მიღების პირობაა უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის პოლიტიკასთან და ამ მხრივ შეგვექმნება თუ არა პრობლემები?
- ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. როგორც წესი, ამ დოკუმენტებს სამ-ხუთწლიანი ვადა აქვს სწორედ მსოფლიოში არსებული გამოწვევების გამო. რადგან ჩვენ წლებია, არ განგვიახლებია, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ქვეყანაში არ არსებობს რისკებისა და საფრთხეების ერთიანი აღქმა. ხელისუფლებას თავისი მოსაზრება აქვს, ექსპერტთა საზოგადოება ცალკე მიექანება, მოსახლეობა ამ ორს შორის არის გაჭედილი და მასაც თავისი მოსაზრებები აქვს. ეს ქვეყნის უსაფრთხოებას ძალიან ასუსტებს და პრობლემას უქმნის ქვეყნის მედეგობას. ამას დასავლეთში უწოდებენ ფსიქოლოგიურ მედეგობას, რაც განსაზღვრავს იმას, თუ როგორია გამოწვევების საერთო აღქმა. საქართველოში, ამ მხრივ, როგორც გითხარით, სერიოზული პრობლემებია.
რაც შეეხება ევროკავშირთან უსაფრთხოების პოლიტიკის დაახლოებას, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის განცხადებებთან საქართველოს მიერთების პროცენტული მაჩვენებელი დაბალი არ იყოს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ევროკავშირისთვის, ამიტომ ამ მაჩვენებლის გაზრდა აუცილებელია. დღეს ამით ევროკავშირი განსაზღვრავს გეოპოლიტიკურ ლოიალურობას, ასევე იყენებს რუსეთის დასაბალანსებლადაც. თუ თუნდაც ხუთი წლის წინ რაღაცას ყურადღებას არ აქცევდნენ, დღეს უფრო მკაცრად მოეკიდებიან. ჩემი აზრით, საქართველომ ყველაზე დიდი ყურადღება ამას უნდა მიაქციოს. არა მგონია, ამით რუსეთთან ურთიერთობა დაგვეძაბოს, რაღაც ესკალაცია მოხდეს. მოლდოვასაც აქვს რუსეთთან ეკონომიკური კავშირები და არც ის მიერთებია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ ახერხებს, რომ ევროკავშირის უფრო მეტ განცხადებას მიუერთდეს და უფრო მეტად წარმოაჩინოს თავისი გეოპოლიტიკური ლოიალურობა. საქართველომაც იგივე უნდა გააკეთოს და ეს ძალიან იოლი გასაკეთებელია. გარდა ამისა, დისკურსის და ნარატივის დონეზე უნდა გვქონდეს ერთიანობა ევროკავშირის დისკურსთან. მსგავსი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ, რითაც ხელისუფლების პირველი პირები პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ევროკავშირს, და არ იყოს თანხვედრაში იმასთან, რასაც ამბობს რუსეთის ხელისუფლება. სხვა მხრივ, საქართველოს რაღაც ისეთს არ მოსთხოვენ, რომ გაკეთება შეუძლებელი იყოს, მათ შორის, საერთოდ არ არის ლაპარაკი მეორე ფრონტზე და ა.შ., რაზეც ასე აქტიურად აპელირებდნენ და აპელირებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. კარგად იციან, რომ საქართველო მოწყვლადი ქვეყანაა და არავის სურს აქ მეორე ფრონტის გახსნა კი არა, საერთოდ, ვითარების დაძაბვა.
- შარშან, როდესაც მოლდოვამ დაიწყო უსაფრთხოების პოლიტიკასა და დოკუმენტებზე მუშაობა, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა ჰქონდა. მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის რამდენად რელევანტური იქნება?
- მოლდოვასგან ბევრი რამის აღება შეიძლება და მითუმეტეს, როდესაც უსაფრთხოების დოკუმენტებზეა ლაპარაკი, რადგან მოლდოვასაც ჩვენნაირი პრობლემები და საფრთხეები აქვთ. ამ რეგიონის ბევრი სხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაც იქნებოდა რელევანტური, თუნდაც ბალტიის ქვეყნების, რომლებსაც რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ. კიბერუსაფრთხოების საკითხებში განსაკუთრებით ესტონეთის გამოცდილებაა საუკეთესო. თუ შორს წავალთ, შეიძლება გავიხსენოთ ფინეთი, რომელსაც "ცივი ომის" დროს ჰქონდა ზუსტად იგივე პრობლემები რუსეთთან. მაშინ ის ნატოს წევრი ქვეყანა არ იყო. ფინეთის უსაფრთხოების და საზოგადოების მოწყობის მოდელი, რომელიც მთლიანად დაფუძნებული იყო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებაზე, შეიძლება ძალიან ბევრ კარგ მაგალითს მოიცავდეს საქართველოსთვის, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას, რომელსაც არა აქვს ნატოს ქოლგა ან არ არის რომელიღაც ძლიერ ალიანსში, შიდასაზოგადოებრივად ისე გაძლიერდეს, რომ შეაკავოს რუსეთიდან მომდინარე აგრესია.
რუსა მაჩაიძე