რა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა დასავლეთმა პუტინთან ომში?! - კვირის პალიტრა

რა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა დასავლეთმა პუტინთან ომში?!

როცა ურემი გადაბრუნდება, გზაც მერე გამოჩნდებაო, და ამ ძველი ქართული ანდაზის არ იყოს, უკვე ჩანს იმის მკაფიო ნიშნები, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, როდესაც არცერთ მხარეს აღარ აქვს ბევრად მეტი რესურსის მობილიზაციის ძალა, რათა გადამწყვეტ იერიშზე გადავიდნენ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთში.

ზაფხულში წამოწყებული, ადრევე დაანონსებული უკრაინული კონტრშეტევების ციკლი, ფაქტობრივად, მიილია, რაც საბრძოლო მოქმედების ზონაში წვიმის სეზონის დაწყების შემდეგ უფრო შენელდება.

სამწუხაროდ, უკრაინამ ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზანს და 2023 წლის შემოდგომამდე არათუ ვერ გაათავისუფლა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული, არამედ რუსი ოკუპანტები სამხრეთ მიმართულებიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ნახევრად ოკუპირებული ოლქებიდანაც ვერ გაყარა, ვერ გადაჭრა რუსეთის დონის როსტოვიდან მარიუპოლისა და მელიტოპოლის გავლით ყირიმისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფანიც და ვერ გავიდა ბერდიანსკში, აზოვის ზღვის სანაპიროზე. ამ მარცხში უთუოდ არის უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალიც, რადგან ვერ ჩამოაყალიბეს კონტრშეტევის უმთავრესი მიმართულებები და ძალა "განიავდა" ფრონტის სხვა უბნებზე, მაგალითად, ბახმუტისთვის ბრძოლაში, ნაცვლად იმისა, სამხრეთით, ტოკმაკისკენ გაჭრაზე მეტად ეზრუნათ.

ამას ჰქონდა მიზეზიც - თუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი კონტრშეტევების განვითარებაზე ფიქრობდა, უკრაინის არმიის უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი ზელენსკი თავის პოლიტიკურ იმიჯს უფრთხილდებოდა, რადგან კიდევ ერთი ქალაქის, თუნდაც მიწასთან გასწორებული ბახმუტის დათმობა ოფიციალურ კიევს დასავლეთის ლიდერების თვალში უარყოფითად წარმოაჩენდა.

მაგრამ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აშკარა თუ ჯერჯერობით უცნობი შეცდომების გარდა, რამაც უკრაინის კონტრშეტევები ჩაფუშა, იყო უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც... დასავლეთის სამხედრო დახმარების პოლიტიკაში დაშვებული სტრატეგიული დონის შეცდომები.

ვინმე იტყვის, რას ერჩით აშშ-სა და ევროპას, მათ ხომ თითქმის 100 მლრდ დოლარის შეიარაღება და საბრძოლო მასალები გადასცეს, რის გარეშეც უკრაინის არმია ერთ კვირასაც ვერ შეაჩერებდა უზარმაზარი რუსეთის დამპყრობელ არმიასო.

samx-1701039601.jpg
ეტყობა, უკრაინის არმიას ზამთარში უფრო თავდაცვაში მოუწევს ყოფნა, რათა სულმოთქმულ რუს ოკუპანტებს ახალი უკრაინული ქალაქების დაპყრობის საშუალება არ მისცეს...

და მართალიც იქნებიან, რადგან დასავლეთის სამხედრო დახმარების გარეშე ეს ომი, ბუნებრივია, ვერ გაგრძელდებოდა 21 თვე, მაგრამ...

მაგრამ ის, რომ იბადება ძალიან ბევრი კითხვა, რომლებიც საბოლოოდ ერთ მთავარ კითხვად ყალიბდება. კერძოდ, დასავლეთს მართლაც სურდა და სურს, რომ უკრაინელებმა ამდენი სისხლის ღვრის ფასად, ბოლოს და ბოლოს, გაათავისუფლონ თავისი ქვეყნის ტერიტორია რუსი დამპყრობლებისგან? თუ დასავლეთის მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს ომი, რათა რუსეთი მეტხანს აღმოჩნდეს ომის ჭაობში და გამოიფიტოს ყველა, სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულებით?

პირველი "ცივი ომის" დროს დასავლეთის ასეთმა სტრატეგიამ კარგი ნაყოფი გამოიღო - 1979-1989 წლების ავღანეთის ომში ჩაბმულმა საბჭოთა კავშირმა (არ დაგვავიწყდეს, ავღანელ მოჯაჰედებს ვინ ამარაგებდა იარაღით, მათ შორის საზენიტო "სტინგერებით") ძალიან მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პრობლემები მიიღო (თუნდაც მაშინდელი საერთაშორისო სანქციების სახითაც), რამაც დააჩქარა საბჭოთა იმპერიის სრული დაშლა ავღანეთიდან საბჭოთა არმიის გამოყვანიდან სამიოდ წელში.

ახლაც, როდესაც ფაქტობრივად მეორე "ცივი ომი" მიმდინარეობს, იგივე მეორდება - საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ფედერაცია მეზობელ უკრაინაშია შეჭრილი და მისი ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსიას ცდილობს, უკრაინელები კი, ისევე როგორც ავღანელები, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძვიან რუს დამპყრობლებს, უკვე დასავლეთის მიწოდებული სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო საჭურვლით.

თუკი საბჭოთა ოკუპაციის დროს ავღანელ მოჯაჰედებს ამერიკელები მხოლოდ ცეცხლსასროლ იარაღს, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებს, ნაღმებსა და გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს აწვდიდნენ (რადგან ტანკებსა და თვითმფრინავებს ავღანელი მოჯაჰედები ვერ გამოიყენებდნენ), ახლა უკრაინის არმიაში ტანკებიც მიდის, ჯავშანმანქანებიც, საზენიტო დანადგარებიც და თვით ბალისტიკური რაკეტებიც, მაგრამ ხშირად ძალზე დაგვიანებით და თანაც არასაკმარისი რაოდენობით, ზოგჯერ ტექნიკურად გაუმართავიც, რაც ამცირებს მათ ეფექტიან საბრძოლო გამოყენებას და საბრძოლო წარმატების მიღწევის შანსს.

არის კიდევ ერთი უცნაური ნიუანსი - დასავლეთის სამხედრო დახმარების ნუსხაში უკრაინის არმიისთვის ნაჩუქარი დასავლური სამხედრო ტექნიკისა და საჭურვლის ფასები ძალზე გაბერილი ჩანს - მაგალითად, თუკი რუსებს ერთი 152 მმ-კალიბრიანი საარტილერიო ჭურვი 600 დოლარამდე უჯდებათ, იგივე დანიშნულების 155 მმ-იან ჭურვს ნატოელები 2 ათას დოლარად აფასებდნენ, ხოლო ახლა თითოეული ასეთი ჭურვის დასამზადებლად, არც მეტი, არც ნაკლები, 8 ათას დოლარზე მეტს მოითხოვენ! სამხედრო დახმარების ღირებულებამ იმხელა გაურკვევლობა გამოიწვია, რომ პენტაგონი იძულებული გახდა ეღიარებინა, ჩემმა ბუღალტრებმა არასწორად დაითვალეს და აშშ-ის არმიის საწყობებში წლობით შენახული შეიარაღება უკრაინისთვის გადაცემისას ახლის ფასებად გააფორმეს, ხელახალი გაანგარიშებით გამოვლინდა, რომ 5 მლრდ დოლარით მეტი გვიანგარიშიაო.

რუსეთ-უკრაინის ომის მეორე წელს ცხადი შეიქნა დასავლეთის სამხედრო დახმარების სტრატეგია - უკრაინის არმიას მივცეთ მხოლოდ იმდენი და იმ სახის შეიარაღება, რომ შეძლოს რუსი ოკუპანტების დიდი ხნით შეჩერება, მაგრამ ვერ მოახერხოს ელვისებური კონტრშეტევები, რადგან კატასტროფაგანცდილი რუსეთის საოკუპაციო ძალების (როგორც ეს, ვთქვათ, გასული წლის შემოდგომაზე ხარკოვიდან აღმოსავლეთით უკრაინელების კონტრშეტევისას მოხდა) შემყურე პუტინმა... ვაითუ ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში, რასაც დასავლეთი უკვე ვერაფრით უპასუხებსო.

პუტინის "ბირთვული შანტაჟის" ტაქტიკა ორ ათეულ წელს მოითვლის და მიუხედავად იმისა, კრემლის ბირთვული მუქარა უკრაინაში ომის დროს კიდევ უფრო გამძაფრდა, ეს ძნელად წარმოსადგენია. სამაგიეროდ, კვლავ ძალზე დამაშინებლად მოქმედებს დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებზე, განსაკუთრებით კი მათ მრჩეველებზე.

მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, 47 წლის ჯეიკ სალივანს რამდენადაც დიდი დამსახურება მიუძღვის ამერიკული სამხედრო დახმარების უკრაინისთვის მიწოდების ორგანიზებაში, იმდენად პასუხისმგებელია იმაზეც, რომ უკრაინამ "ჰაიმარსებიდან" გასაშვები ბალისტიკური რაკეტები წელიწად-ნახევრის დაგვიანებით და ისიც ძალზე მცირე რაოდენობით მიიღო, ხოლო ის, რომ სულ რაღაც 31 ერთეული "აბრამსის" უკრაინაში ჩატანას ათი თვე დასჭირდა, უბრალოდ, დაცინვაა...

2023 წელი იწურება და ის გეგმები, რომ უკრაინის კონტრშეტევა წლის ბოლოსთვის აზოვის ზღვის სანაპირომდე მაინც მიაღწევდა, ჩაიფუშა.

ზამთრისა და მომავალი გაზაფხულის პერიოდში ბრძოლები მთლიანად არ შეწყდება, მაგრამ საბრძოლო ინიციატივა ეტყობა, რუსი დამპყრობლების ხელში გადავა ორი მიზეზის გამო:

პირველი - დასავლეთი ვეღარ შეძლებს უკრაინის სამხედრო მომარაგებას თუნდაც არასაკმარისი ოდენობითაც, რასაც ემატება ისრაელის ომი ღაზის სექტორში და "ცახალის" მოთხოვნა იმავე 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებზე, რომლებიც თავდაცვაზე გადასულ უკრაინის არმიას ჰაერივით დასჭირდება რუსი ოკუპანტების შეტევების მოსაგერიებლად;

მეორე - რუსეთისთვის დაწესებულმა დასავლურმა ათასობით სანქციამ ნაყოფი ვერ გამოიღო, რადგან კრემლი მთელი ომის განმავლობაში მაინც განაგრძობს, მართალია, შემოვლითი გზებით და ბევრად ძვირად, იმ ელექტრონული ჩიპებისა და სხვა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეძენას დასავლეთსა და აზიაში, რომლებსაც მასობრივად იყენებს ახალი რაკეტებისა თუ კამიკაძე-დრონების დასამზადებლად.

მაშინ რა მოხდება, თუკი უკრაინა თავდაცვაზე გადავა, რუსები კვლავ შეუტევენ უკრაინულ ქალაქებს, ხოლო დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის არმიისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება?

კარგი არაფერი...

2024 წლის მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია და უცილობლად ისევ პუტინი "გაიმარჯვებს", მაგრამ მას მაინც სჭირდება რეალური ახალი გამარჯვებები ახალი უკრაინული ქალაქების დაპყრობის სახით. ამიტომაც რუსეთის საოკუპაციო ძალები შეეცდებიან ამ პერიოდისთვის მთლიანად დაიკავონ დონეცკის ოლქის ქალაქები, მათ შორის კრამატორსკი თუ სლავიანსკი და პუტინს უკრაინის დონბასის სრული ოკუპაცია საზეიმოდ უპატაკონ. ეს რომ არ მოხდეს, დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები, უპირველესად კი აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი და გერმანიის კანცლერი შოლცი, სავარაუდოდ, კულუარულ ზეწოლას მოახდენენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე, რათა უკრაინა რუს დამპყრობლებთან ცეცხლის შეწყვეტას და დროებით ზავს დაყაბულდეს.

მაგრამ სხვა რა დარჩენია იმ ოფიციალურ კიევს, რომელმაც წელს კონტრიერიშებით საწადელს ვერ მიაღწია და თანაც დასავლელი პარტნიორები სამხედრო დახმარებას უმცირებენ?