ვალი, რომელიც მარტამდე გაგვყვება - კვირის პალიტრა

ვალი, რომელიც მარტამდე გაგვყვება

საქართველოს ეროვნულმა საფეხ­ბურთო ნაკრებმა ვალიადოლიდშიც ვერ გაისტუმრა ესპანელებისგან "დინამო არენაზე" აღებული "7%-იანი ვალი", თუმცა წაგებას ვინ ჩივის (გამარჯვების დიდი იმედი არც გვქონია!), "ხოსე სორილიას" იდეალურ მინდორზე ისეთი დავალიანება წამოვიკიდეთ, საფიქრალად მინიმუმ მარტამდე გვეყოფა...

75-ე წუთზე, როცა ანგარიში უკვე 3:1 იყო მასპინძლების სასარგებლოდ, მატჩის ბედი კი გადაწყვეტილი, ხვიჩა კვარაცხელიამ გაფრთხილება... მსაჯთან კამათისთვის მიიღო! სამწუხაროდ, ბოლო მატჩებში ხვიჩასგან არც ერთი გვიკვირს და არც მეორე. შოტლანდიასთან თბილისურ შეხვედრაშიც და ვალიადოლიდის კოხტა სტადიონზეც კვარა განსაკუთრებულად მოტივირებული და აქტიური იყო. თითქოს ამაზე კარგი რა უნდა იყოს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოს ნაკრების ლიდერს ისიც ეტყობა, რომ აღელვებულია, მეტიც, გაღიზიანებული და ბურთის ყველა დაკარგვას (წესების დაცვითა თუ დარღვევით) ხომ აპროტესტებს, არც არბიტრებთან კამათს ერიდება.

თანამედროვე ფეხბურთში მსაჯობა ისე გამკაცრდა, არბიტრები პირველივე აუცილებლობისთანავე (თუ შესაძლებლობის?!) გაიკრავენ ხოლმე ჯიბეზე ხელს და... საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ რუმინელი ოვიდიუ ჰატეგანის ხელის მოძრაობამ ჯერ პირდაღებული (თამაშის დასრულებიდან რამდენიმე საათში), მეორე დღეს კი კვარაცხელიას გარეშე დაგვტოვა!

რატომ მეორე დღეს? სინამდვილეში, მაშინვე, როგორც კი ხვიჩამ ყვითელი ბარათი მიიღო. უბრალოდ, დაზუსტებით მხოლოდ მოგვიანებით გავიგეთ, რომ საქმე ცუდად იყო...

ცხადია, "მოგვიანებით", პოსტ ფაქტუმ, გაიგო ხვიჩამაც, თორემ წინასწარ რომ სცოდნოდა, მორიგ ყვითელ ბარათს უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალის გამოტოვება მოჰყვებოდა, მინიმუმ, მსაჯთან კამათისგან შეიკავებდა თავს...

ვალიადოლიდი ლამაზი, წყნარი ქალაქია. კასტილია და ლეონის პროვნიციის არაფორმალური დედაქალაქი ესპანეთის ერთ-ერთი ძირითადი ისტორიულ-კულტურული ცენტრია და არც სპორტი დაეწუნება (ისევე, როგორც ესპანეთის სხვა ქალაქებს). ქალაქის მთავარი საფეხბურთო კლუბი "რეალ ვალიადოლიდი" ამჟამად ესპანეთის რანგით მეორე, სეგუნდა დივიზიონში თამაშობს და ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. კლუბის სტადიონი Estadio Jose Zorrilla 1982 წლის მუნდიალისთვის აშენდა, რამდენჯერმე განახლდა (ბოლოს - 2013 წელს) და დღევანდელი მდგომარეობით 27 618 მაყურებელს იტევს. რაც შეეხება სახელს, ისევე, როგორც ქალაქის მთავარი მოედანი და ქუჩა, სტადიონიც ხოსე სორილიას სახელობისაა - სახელგანთქმული პოეტი და დრამატურგი, "ესპანელ ვიქტორ ჰიუგოდ" წოდებული სორილია სწორედ ვალიადოლიდში დაიბადა.

პოეტი და დრამატურგი ხოსე სორილია...

სახელგანთქმული ესპანელის გარდაცვალებიდან 130-ე წლისთავზე გვერჩივნა, ჩვენც პოეზიის ხასიათზე ვყოფილიყავით, თუმცა... "ხოსე სორილიაზე" დრამა მეტი ვნახეთ: ლოჩოშვილის ავტოგოლი, კვარაცხელიას საბედისწერო გაფრთხილება და გავის ტრავმა, რომელიც "ბარსელონას"ფეხბურთელს მინიმუმ ნახევარწლიან უქმობად უჯდება.

თუმცა გავიზე ესპანელებმა იდარდონ (და დარდობენ კიდეც. ისე ძალიან, რომ საქართველოსთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ესპანელ ჟურნალისტებს სხვა თემაზე კითხვები არც დაუსვამთ. საქართველო ერთხელაც არ უხსენებიათ!), ჩვენ ჩვენი გასაჭირისა ვთქვათ: 2024 წლის 21 მარტს უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო ვერ ითამაშებს!

kvara3-1701039932.jpg

სამწუხაროდ, ასეთი რაღაც(ები) არც პირველია და აღარც გვიკვირს - თითქოს სპეციალურად ვახერხებთ ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ პრობლემების გამოგონებას... მაგალითი ბევრია, ბოლო დღეეების განმავლობაში თითქმის ყველა გავიხსენეთ, მაგრამ აწონაზე დაგვიანების გამო, დავით ხახალეიშვილის ოლიმპიური მედლის გარეშე დატოვებაც კარგად გვახსოვს და ისიც 2020 წლის ნოემბერში, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები რომ გამოვდექით, "დინამო არენაზე" მაყურებელი უეფას ნებადართული რაოდენობითაც არ შევუშვით და "საუკუნის მატჩში" ნაკრები ცარიელი ტრიბუნების წინ ვათამაშეთ... სხვათა შორის, ძალიან დიდი დრო არც მას შემდეგ გასულა, ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელს შვედეთთან მაჩის გამოტოვებამ რომ მოუწია, და რაც მთავარია, ვილი სანიოლმა ამის შესახებ თამაშამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო!

როგორც დასრულდა ის ავადსახსენებელი შეხვედრა, კარგად გვახსოვს, ახლა კი იმის იმედადღა ვართ, რომ სამწუხარო ტრადიცია არ გაგრძელდება და 21 მარტს ქვეყნის მთავარი არენის გასახდელი ქართველი ფეხბურთელების ზეიმის მოწმე გახდება.

თუმცა მივუბრუნდეთ ვალიადოლიდს: "ესტადიო ხოსე სორილიაზე" გამართულ მატჩს რამდენიმე ქართველ კოლეგასთან ერთად დავესწარი. რამდენიმე წელიწადია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თანამშრომლობის საფუძველზე, ქართველ ჟურნალისტებს ეროვნული ნაკრების გასვლითი მატჩების გაშუქების შესაძლებლობა ეძლევათ. ასე აღმოვჩნდით კასტილია დი ლეონის მთავარ ქალაქში და წესით, ახლა თითქმის ბოლომდე სავსე სტადიონზე ნანახ საოცარ ატმოსფეროზე, ნაკრების მაისურებში გამოწყობილი 24 ათასამდე გულშემატკივრის გაუჩერებელ ქომაგობასა თუ მატჩის პერიპეტიებზე უნდა ვწერდეთ, თუმცა... ვიღას ახსოვს თამაში, ანგარიში ან ავტოგოლი?! იმდენი მოგვიხერხებია, უმნიშვნელოვანეს მატჩს ნაკრების ლიდერის გარეშე ვხვდებით! კიდევ ვამბობ - ბოლო მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიას აშკარად ეტყობა, რომ რამდენადაც მოტივირებულია, იმდენად გაღიზიანებულიც არის და თავის შეკავებაც უჭირს. თუმცა, რომ სცოდნოდა, ყვითელი ბარათი ლუქსემბურგთან მატჩის გამოტოვებად დაუჯდებოდა, ცხადია, გაცილებით თავშეკავებულს ვნახავდით.სხვათა შორის, სამიდან პირველი გაფრთხილება კვარამ თბილისში, იმავე ესპანეთთან სამარცხვინოდ წაგებული მატჩის 82-ე წუთზე მიიღო. მეორე ყვითელი ბარათი 16 ნოემბერს - საქართველო-შოტლანდიის შეხვედრის 90-ე წუთზე გამოსტყუა მსაჯს, ვალიადოლიდის "ხოსე სორილიაზე" კი... მხოლოდ 75-ე წუთამდე გაძლო.

..."2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობად მიღება დღემდე მიჭირს, - გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა საქართველოს ნაკრების მენეჯერმა გიორგი კაციტაძემ, - იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, ყველა დავარწმუნე ჩემი სიტყვების სისწორეში... არადა, არაერთხელ მკითხეს... თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე. ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე თავდაუზოგავად შრომობენ ამ გუნდის წარმატებისთვის.

ამ მნიშვნელოვან დროს გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი რომ არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ვრჩები. მზად ვარ მარტის მატჩებში გვერდში დავუდგე ჩვენს გუნდს და ჩემი წვლილი შევიტანო საერთო მიზნის მიღწევაში. ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი გუნდი, ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს", - ნათქვამია გიორგი კაციტაძის განცხადებაში.

ბოდიშის მოხდა სირცხვილი არ არის, წამალი, მითუმეტეს. რამდენი ბოდიშიც უნდა მოვისმინოთ შეცდომაზე პასუხისმგებელი პირისა თუ მისი ხელმძღვანელებისგან (ალექსანდრე იაშვილის განცხადებაზე შემდეგ აბზაცში დავწერთ), საქართველოს ნაკრების ლიდერის სასჯელს არავინ გააუქმებს. ვილი სანიოლის გუნდს ლუქსემბურგთან ნახევარფინალურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოუწევს თამაში. იმ ლუქსემბურგთან, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ლიხტენშტაინისა და ანდორის დონისა რომ იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატისკენ იწევს.გულშემატკივრის უმეტესობა მაინც ერთ აზრზეა: ლუქსემბურგს კვარას გარეშეც უნდა ვაჯობოთ - სხვაგვარად ევროპის ჩემპიონატზე რა გვესაქმება?! თბილისში კიდევ ერთხელ წაგების უფლება აღარ გვაქვს (თუნდაც კვარაცხელიას გარეშე ვთამაშობდეთ!). უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოს ნაკრები "ერთი კაცის გუნდი" არ არის და ლიდერის არყოფნის დროსაც შეუძლია თამაშიცა და გამარჯვებაც!თუმცა მივუბრუნდეთ სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ნაკრები გუნდების კურატორის ალექსანდრე იაშვილის განცხადებას: "ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისა და თითოეული ჩვენგანისთვის. წლების განმავლობაში თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებულ იქნა ძალიან დასანანი, ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ... დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვნად ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება მიგვაჩნია. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ", - ნათქვამია ალექსანდრე იაშვილის განცხადებაში.

ცხადია, სფფ-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის სურვილს ჩვენც ვეთანხმებით, ოღონდ, რაც შეეხება პასუხისმგებლობის აღებისა და "ერთიანობის შენარჩუნების" ნაწილს, აქ მეტი კონკრეტიკაა საჭირო:

მთავარი კითხვა, რაც ამ შემთხვევაში იბადება, ასეთია: გასაგებია, რომ გიორგი კაციტაძემ არ გადაამოწმა უეფას რეგულაციების ბოლო ვერსია, სჯეროდა და სხვებიც დაარწმუნა, რომ ხვიჩას მესამე გაფრთხილების შემთხვევაშიც არ ემუქრებოდა დისკვალიფიკაცია, მაგრამ... ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების წინ (გეგონება, წელიწადში ორჯერ გვქონდეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი!) მხოლოდ ერთი კაცის იმედად უნდა ვიყოთ? საკმაოდ დიდი სტრუქტურისა და შტატის მქონე სფფ-ს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა (როგორც ვნახეთ, საჭიროებაც!), კონკრეტული ამოცანების დაგეგმვასა თუ გადამოწმებაში რამდენიმე რგოლი იყოს ჩართული - "ერთიანობა", უპირველესად სწორედ ამას უნდა გულისხმობდეს! ფაქტია, დღეს, როცა ფეხბურთის წესებიცა და უეფას რეგულაციებიც ლამის ყოველთვიურად იცვლება, განსაკუთრებული მობილიზება და ყურადღებაა საჭირო.

ახლა ისღა დაგვრჩენია, მარტის თამაშებისთვის მოვემზადოთ. დიახ, თამაშებისთვის, რადგან ნაკრების ლიდერის გამოკლების მიუხედავად, არც გვინდა დავუშვათ, რომ ფინალის საგზურს ლუქსემბურგს გავატანთ. დიახ, ბოლო წლებში გამართულ ფეხბურთს თამაშობენ, რამდენიმე კარგი ფეხბურთელიც ჰყავთ, ბოსნიასა და ისლანდიასაც აჯობეს და ჩვენ მსგავსად, ისინიც ბოლო წამამდე იბრძოლებენ ისტორიული შანსის გამოსაყენებლად, მაგრამ... რა ლუქსემბურგი?! ისტორიის გახსენებას აღარ დავიწყებ და დავითვალოთ - თუნდაც დღეს მათზე უკეთესი რამდენი მოთამაშე გვყავს? სწორი ტაქტიკა და სრული კონცენტრაციაა საჭირო და 21 მარტის მატჩს ხვიჩას გარეშეც აუცილებლად მოვიგებთ. მერე კი... მერე ხვიჩაც დაბრუნდება, თავდაჯერებაც და... 26 მარტიც ზეიმის დღედ უნდა ვაქციოთ: გინდა ყაზახეთი გვესტუმროს და გნებავთ, საბერძნეთი.

სადაც სამართალია, ვალიადოლიდიდან დაბრუნებული კორესპონდენტი ესპანეთი-საქართველოს მატჩზე უნდა წერდეს, თუმცა... ხვიჩას დისკვალიფიკაციამ სხვა ყველაფერი დაგვავიწყა და საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს უეფას რეგლამენტის კითხვა და ყვითელი ბარათების თვლა დააწყებინა.

ვალიადოლიდში ესპანელების ვალის დასაბრუნებლად ჩავედით (არადა, მატჩის წინ ვილი სანიოლმა გვითხრა, აქ რევანშისთვის არ ჩამოვსულვარო! საინტერესოა, აბა, რისთვის ჩავიდა?), მაგრამ... არწაგებას ვინ ჩივის, "ესტადიო ხოსე სორილიაზე"ისეთი "ვალი" წამოვიკიდეთ, მინიმუმ, მარტამდე რომ გაგვყვება...

ვალიადოლიდი-თბილისი