პოსტმოდერნისტული სინდრომი? - კვირის პალიტრა

პოსტმოდერნისტული სინდრომი?

ლექსები იმიტომ არ მიყვარს, რომ ზედმეტად გამოხატავს გრძნობებსა და ემოციებს. ამის შესახებ, რომ ვთქვი, ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც, სხვა დადებით თვისებებთან ერთად, გულწრფელობითაც გამოირჩევა, პირდაპირ მითხრა, შენ და შენი თაობა პოსტმოდერნიზმის შვილები ხართ, სასაცილო გგონიათ ყველანაირი ადამიანური ემოცია, მაქსიმალურად ცდილობთ დამალოთ და, კარგით რა, გეყოფათო.

გამეცინა, მაგრამ არ შევეკამათე - წავაგებდი.

ჩემი მეგობარი მართალია: მე ერთადერთი შემთხვევა არ ვარ. ჩემს თაობაში ძალიან ბევრს, ემოციების გამოხატვას მკაცრი იმიჯის მორგება ურჩევნია და სხვადასხვაგვარად ცდილობს ამის განმტიკცებას: უყურებს ფილმებს, რომლებსაც ვერ იგებს, ცდილობს, წაიკითხოს წიგნები, რომლებსაც სხვები კითხულობენ, იკეთებს სათვალეს, მკაცრია საუბრის დროს, გულის სიღრმეში კი გიჟდება პაპსა რაღაცებზე, ბედნიერია, როცა ვინმე კომპლიმენტს ეუბნება და შალახოს მოსმენა ყველანაირ ვატერსებს, პეიჯებს, კობეინებს და ოზბორნებს ურჩევნია. არა, ამას მარტო იმიტომ კი არ აკეთებს, რომ სათქმელი ჰქონდეს, ფორმის შესანარჩუნებლად სჭირდება!

ცუდია, რომ ბავშვობიდანვე ვცდილობთ, გარკვეული ემოციების კონტროლი ვისწავლოთ. უფროსები ათასი საზოგადო ნორმებით გვბოჭავენ და არ გვიხსნიან, რატომ. მერე თვითცენზურის მექანიზმი ირთვება. ასე, მაგალითად, გვიკრძალავენ მოვითხოვოთ ის, რაც გვინდა, დავისვაროთ ქვიშაში თამაშისას, გვაიძულებენ, ვიყოთ დავარცხნილები და დედიკოსა და მამიკოს შვილები.. გვრცხვენია გავამხილოთ, თუ როგორ გვიყვარს  ბაღის ჯგუფელი და გვერდით მჯდომი თანაკლასელი - იმიტომ რომ დაგვცინებენ.

ჰო, სწორედ ასეა: ემოციების ღიად გამოხატვა დაცინვის საგნად არის ქცეული და ვერ ვხვდები რატომ. მეც ასე ვარ - გარედან მაქსიმალურად უემოციო, აუღელვებელი ტიპი, რომელსაც კუთხეში ტირილისაც კი რცხვენია (ყოველი შემთხვევისათვის, ვინმეს რომ კომპრომატი არ ჰქონდეს). ჰო, ფეხის ხმას ვარ აყოლილი, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამაზე და, სიმართლე გითხრათ, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, როგორი შეიძლება ვიყო.

რატომ გახდა საჭირო ცხოვრების ასე გართულება? რატომ ვცდილობთ, დავმალოთ ჩვენი ემოციები, რატომ არ შეგვიძლია ვიღაცას ვუთხრათ, რომ ძალიან არ მოგვწონს ან პირიქით და ამის გამო არ ვიგრძნოთ უხერხულობა; რატომ არ შეიძლება, რომ ვიტიროთ როცა გვეტირება, ვიცინოთ, როცა გვეცინება, ხმამაღლა გამოვხატოთ სიხარული, ვთქვათ, რაც არ მოგვწონს, ვუთხრათ ტიპებს რასაც მათზე ვფიქრობთ, აქტიურად გამოვიყენოთ ჟესტების ენა...

ასე ხომ ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, ნაკლები სირთულეებით. წარმოიდგინეთ, რამდენი პრობლემა მოაკლდებოდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

არადა, ამის საპირისპიროდ, მაქსიმალურად ვართ ჩაკეტილები, შიგნით ვიგროვებთ დადებითსაც და უარყოფითსაც და, გარდა იმისა, რომ ემოციების გამოხატვის დრო გვეკარგება, შიგნიდან გვღრღნის. გვღრღნის და სახეზე ნაოჭებს გვიჩენს.

მაინტერესებს, თუ მეთანხმებით, ან როგორ ფიქრობთ, რატომ იქცა კარგ ტიპობად მკაცრი და უემოციო იმიჯის მორგება?