"ნაცმოძრაობა შესაძლოა, საერთოდ ჩამოიშალოს" - გია ხუხაშვილის ვერსია კეზერაშვილ-სააკაშვილის დაპირისპირებაზე და მელიას ახალ პარტიაზე
23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის" მეოცე წლისთავზე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში საიუბილეო ღონისძიება გამართა. პარტიამ თავისი მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების გარდა, სამომავლო ხედვები წარმოადგინა. საინტერესო იყო პატიმარი ექსპრეზიდენტის მიმართვა, რომელშიც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის იტვირთოს პარტიის პოლიტიკური ლიდერობა. მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოში ყველასთვის უნდა მოიძებნოს ადგილი. 22 ნოემბერს მან პარტიასთან ერთად გამოაქვეყნა მანიფესტი, სახელწოდებით "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე". 11- პუნქტიან დოკუმენტში ვკითხულობთ: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად". ღონისძიებას არ დასწრებია ნიკა მელია, შესაბამისად, არც მანიფესტისთვის მოუწერია ხელი. როგორც პარტიაში აცხადებენ, ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, მისი და პარტიის გზები საბოლოოდ გაიყოფა, თუმცა მისი შინაარსი ბევრს არ მოსწონს. ერთი მხრივ, სააკაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილებების მიღებაში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით "ნაცმოძრაობის" წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები. მეორე მხრივ, პარტიის ლიდერები მანიფესტს, რომლის ტექსტი ისედაც არაერთ კითხვას ბადებს, ერთგვარ წყალგამყოფად წარმოადგენენ. რა ხდება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"? - ამ საკითხზე დავიწყეთ საუბარი ექსპერტ გია ხუხაშვილთან:
- მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ლიდერები რას ამბობენ, არამედ ის, თუ რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" ელექტორალური თვალსაზრისით. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია უკვე გახლეჩილია და თან უკვე დიდი ხანია. დააკვირდით, როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთზე, რა რიტორიკა აქვთ. პარტიაში აშკარად ჩრდილოვანი მმართველობაა. ეს არის პრობლემა, რომლის გამოც "ქართულ ოცნებას" ვაკრიტიკებთ, მაგრამ იგივე ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". კიდევ უარესი, ამ პარტიაში ორმაგი ჩრდილოვანი მმართველობაა. ერთია მიხეილ სააკაშვილი - არაინსტიტუციური ბელადი, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი იყოს, და მეორე არის ფული, ანუ კეზერაშვილი. ეს ვითარება პარტიაში ბევრს აწუხებს, აწუხებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მნიშვნელოვან ნაწილსაც. რაც შეეხება სააკაშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებებს, ჩემი აზრით, მისი მთავარი ამოცანა დღეს პარტიის შენარჩუნებაა. ის მშვენივრად ხვდება, პარტიაში გადაულახავი წინააღმდეგობებია და მანევრებს მიმართავს. ერთი მხრივ, მას ესმის, რომ ფულის წყალობით პარტიაზე კეზერაშვილის კონტროლი ძალიან გაძლიერდა, მაგრამ თუ ამ ყველაფერს დაუპირისპირდება, პარტია შეიძლება საერთოდ ჩამოეშალოს. მეორე მხრივ, არ უნდა იმ აქტივის დაკარგვაც, რომელიც ამ ყველაფრით უკმაყოფილოა. მისი ეს უცნაური რიტორიკა სწორედ ამით არის განპირობებული.
გაგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ მან მიიჩნია, რომ მელიასთვის თავისი ადგილი უნდა მიეჩინა და სამაგალითოდ დაესაჯა. შესაბამისად, ზუგდიდში დანიშნული შეხვედრის წინ შეუტია, ფაქტობრივად, უთხრა, თუ რამე არ მოგწონს, წადი პარტიიდანო, მაგრამ მეორე დღეს ნახა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, საკმაოდ მასშტაბური შეკრება ზუგდიდში მაინც გაიმართა, რამაც დაანახა სულ სხვა რეალობა და მეორე დღეს ისევ მოეფერა მელიას. ამით მეორე მხარე გაღიზიანდა და სააკაშვილს უკვე ულტიმატუმით დაუწყეს ლაპარაკი. საბოლოოდ მას მოუწია არჩევანის გაკეთებამ არსებული მენეჯმენტის სასარგებლოდ, მაგრამ ახლა მელიას იზოლირებას ცდილობს.
- რას გულისხმობთ?
- მელია ხომ მარტო არ მიდის პარტიიდან, მასთან სერიოზული ჯგუფია, და სააკაშვილი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ეს ჯგუფი რამენაირად შეინარჩუნოს - პოლიტსაბჭოში ხალხის მიწვევა სწორედ ამას ემსახურებოდა. ამით ფიქრობს მელია მარტო დატოვოს. ეს მანევრები ბანალური და თეთრი ძაფით ნაკერია, მაგრამ გაყოფა გარდაუვალია. როგორც უკვე გითხარით, ელექტორალურად პარტია უკვე გაყოფილია, ახლა ეს ტექნიკურად როგორ გაფორმდება, ვინ რა პოზიციაზე დარჩება, ამისთვის მიდის ბრძოლა.
მელია პარტიიდან წასვლისთვის საუკეთესო მომენტს არჩევს, რათა ელექტორატის ნაწილი მას გაჰყვეს. ვფიქრობ, ის მიხეილ სააკაშვილს არ დაუპირისპირდება, მშვენივრად ესმის, რომ მისი ფაქტორი მის ელექტორატშიც მნიშვნელოვანია და ამას ანგარიშს გაუწევს. უახლოეს პერიოდში უკვე ვნახავთ ამ საკმაოდ ბანალური ისტორიის დასასრულს, რაც პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის ცუდი ნამდვილად არ არის. საქმე ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა მნიშვნელოვანი იქნება იმ მთავარი პრობლემის მოგვარებისთვის, რასაც ჰქვია ქართული პოლიტიკის ყოვლად მანკიერი ორპოლუსიანობა.
არც კეზერაშვილის ფრთას აქვს მანევრისთვის დიდი სივრცე. მშვენივრად ესმით, რომ სააკაშვილი თუ გავიდა თამაშიდან, მათი პარტიული პერსპექტივა ბუნდოვანი გახდება. "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის დიდი ნაწილი ემოციურად მაინც სააკაშვილზეა ორიენტირებული. კეზერაშვილ-მერაბიშვილს სურთ ფასადურად შეინარჩუნონ სააკაშვილის ფაქტორი, მაგრამ რეალური პოლიტიკური კონტროლი მათ ხელში იყოს. მიშას ეს კარგად ესმის. მოკლედ, ამ შიდაპარტიულ ბრძოლას რამდენიმე განზომილება აქვს: ერთია მელიას პრობლემა, მეორე - კეზერაშვილ-მერაბიშვილისა და სააკაშვილის ურთიერთობა. ახლა მიდის მანევრირება იმისთვის, რომ დალაგდეს, ვის რა დოზით ექნება გავლენა პარტიაზე. მოკლედ, პარტიაში დაპირისპირების კერები მრავლად არის. რაც შეეხება ხაბეიშვილს, ის ამ თამაშში არ მონაწილეობს. ის სტატისტის როლშია, თუმცა ამაზე ყველა თვალს ხუჭავს და ისე წარმოადგენენ, თითქოს ხაბეიშვილს რაღაც ეკითხება, ისევე, როგორც მმართველ პარტიაში ღარიბაშვილს.
ეს ორი პარტია კი არის დაპირისპირებული ერთმანეთთან, მაგრამ სიამის ტყუპივით ჰგვანან ერთმანეთს მმართველობის სისტემის ისეთი უცნაური ფორმებით, როდესაც ძალის ცენტრები ინსტიტუციური ცენტრებისგან სრულიად დაშორებულია. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. ეს ორი პარტია აგრძელებს იმ სიმბიოზურ არსებობას, რომლის დროსაც ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის და არა სახელმწიფოს განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის. მათი მთავარი ფასეულობა ერთ შემთხვევაში არის ძალაუფლების შენარჩუნება, მეორე შემთხვევაში კი ძალაუფლების დაბრუნება გარკვეული რევანშისტული განწყობებით, რაც, ბუნებრივია, ქვეყანას ტოვებს ნეგატიურ პოლიტიკურ ველში და ეს, ჩემი აზრით, ფიტავს და ანგრევს მოვლენების განვითარების სწორ დინამიკას. ამიტომაც რაც მეტი პრობლემა იქნება "ნაციონალურ მოძრაობაში", ეს მხოლოდ წაადგება პოლიტიკურ პროცესს.
- არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გააქტიურებას ცდილობენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. დიდი რეზონანსი მოჰყვა "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის გზავნილს, "შუა უნდა შეიკრიბოს"...
- ეს გზავნილი ვიწრო რაკურსით არ უნდა დავინახოთ... მიმაჩნია, რომ მისი გაგება მხოლოდ ორი პოლუსისგან დისტანცირებული პარტიების გაერთიანების თვალსაზრისით არასწორია და სრულად არ ასახავს ამ მოწოდების მნიშვნელობას. მე ამ გზავნილის შინაარსში უპირველესად დავინახე ფორმულა, რომელიც მოიაზრებს საზოგადოების კონსოლიდაციას პოზიტიურ ამოცანებსა და დღის წესრიგზე. საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, პოლიტიკური პროცესი მთლიანად აგებულია "შუა უნდა გაიკრიფოს" ნეგატიურ დაპირისპირებაზე, შუღლსა და სიძულვილზე დაფუძნებულ პრინციპზე ანუ ორპოლუსიანობის ფორმირებაზე.
როგორც უკვე არაერთგზის მითქვამს, ეს პოლუსები ქმნიან ერთგვარ ანტაგონისტურ სიმბიოზს. ერთმანეთს ურთიერთსიძულვილით კვებავენ, პარალელურად კი აძლიერებენ და ამით გზას უკეტავენ სახელმწიფოებრივი განვითარების პოზიტიური, წინსვლაზე ორიენტირებული დღის წესრიგის ფორმირებას. ყოფენ და აპირისპირებენ მთლიანად საზოგადოებას.
"შუის შეკრება" ამ ნეგატიური ფორმულის გარღვევის მცდელობაა, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა და პარტიებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფოს აქვს გრძელვადიანი ამოცანები, რომელიც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მიღმაა და საზოგადოებას ამ თემების ირგვლივ სჭირდება გაერთიანება. ეს გზავნილი, გარკვეულწილად, პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანის ცდაა. დარწმუნებული ვარ, პარტიების გაერთიანებაზე ბევრად მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის - საზოგადოების გაერთიანება გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი მიზნებისა და ამოცანების გარშემო. სწორედ ამ გზავნილის გაგება და რაც მთავარია, მიღება, დაასრულებს ყბადაღებულ პოლარიზაციას, რაზეც ამდენს ვსაუბრობთ და ერთმანეთისკენ ვიშვერთ ხელს.
ისმის კითხვა, როგორ? ძალიან მარტივად - უნდა ვუთხრათ "არა!" ნეგატივზე აგებული ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მთავარ აქტორებს, რომლებიც მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის არჩევანს გვაჩეჩებენ გაუთავებლად, აგრესიულად და უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზას გვიხერგავენ. მათ მხოლოდ ურთიერთსიძულვილი კვებავს და გვარწმუნებენ, რომ მთავარი ამოცანა ერთმანეთის დამარცხებაა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დამთავრდება და მხოლოდ ფიტავს და ანადგურებს სახელმწიფოსა და საზოგადოებას. თუ გვინდა რეალური განვითარება, პროცესს უნდა შევუცვალოთ პოლუსი, მინუსი უნდა ვაქციოთ პლუსად და ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანა არა ვიღაცის დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვებაა. ზუსტად ამიტომ არის "შუის შეკრების" გზავნილი მნიშვნელოვანი. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს მომავალი ზუსტად აქ, შუაშია.
განაგრძე კითხვა:ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ ქართულ პოლიტიკაში "მესამე ცენტრი" შექმნას?!