"მდგომარეობა ძალიან რთულია" - პრობლემა, რომელიც უკრაინისთვის შესაძლოა, ცუდად დამთავრდეს
ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ცოცხალი ძალის შევსება - უკრაინის არმიის პრობლემა გაჭიანურებული ომის პირობებში“ (ავტორი - რომან ოლეარჩიკი). პუბლიკაციაში განხილულია სიტუაცია, რომელიც შექმნილია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის პრობლემებთან დაკავშირებით. „ჯარში ყოველი ოთხი გაწვეულიდან ნებაყოფლობით მხოლოდ ერთი მსახურობს, დანარჩენებს არმიაში სამსახური არ სურთ“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დღეს უკრაინის არმიის გაწვევის პუნქტებში მოხალისეთა რიგებს ვეღარ დაინახავთ. ამჟამინდელი სიტუაცია სრულიად განსხვავებულია 2022 წლის თებერვალ-მარტში არსებული მდგომარეობისაგან, როცა ასობით და ათასობით ახალგაზრდა ეწერებოდა მოხალისედ ჯარში სამსახურისათვის. 40 მილიონიანი უკრაინა ორი წელია ისეთ მტერს ებრძვის, რომელშიც სამჯერ მეტი მცხოვრებია. კიევის წინაშე ცოცხალი ძალის შევსების პრობლემა დგას: როგორ უნდა განხორციელდეს ახალგაზრდების ჯარში გაწვევა ისე, რომ სოციალური მღელვარება არ იყოს პროვოცირებული? როგორ უნდა აღდგეს ცოცხალი ძალის - სამხედრო მოსამსახურეთა - დანაკარგები, რომლებიც ფრონტზე იღუპებიან? როგორ უნდა მიაღწიოს უკრაინის ხელისუფლებამ და არმიის სარდლობამ ფრონტზე შექმნილი პრობლემის გამოსწორებას?
გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ - უკრაინის არმიის მთავარსარდალმა - თავის ფართოდ გახმაურებულ ინტერვიუში ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტთან“ (რისთვისაც ქვეყნის მთავრობისაგან საყვედური მიიღო) განაცხადა, რომ არმიას არამარტო ტექნიკა და შეიარაღება სჭირდება, არამედ „ცოცხალი ძალის რეზერვებით უზრუნველყოფაც... მაგრამ ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე რეზერვისტთა მოსამზადებლად შესაძლებლობები ძალიან მცირე გვაქვს. რუსეთს ჩვენი სამხედრო-სასწავლო ცენტრების დაბომბვა და განადგურება შეუძლია. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ჯარში სავალდებულო სამსახურს თავს არიდებს“.
არმიაში შერჩევითი გაწვევა 2022 წლის თებერვლიდან განუწყვეტლივ გრძელდება, თუმცა იმ მძიმე სიტუაციის კვალობაზე, რომელსაც ომის გაჭიანურება ქმნის, ჯარი ცოცხალი ძალის რადიკალურ შევსებას ითხოვს. რეალური მდგომარეობა მართლაც ძალიან რთულია. როგორც „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ წასვლის აკრძალვის მიუხედავად, დოკუმენტების გაყალბებისა და ქრთამის მიცემის გზით ათეულობით ათასი უკრაინელი ახალგაზრდა უცხოეთში გაიქცა და ჯარში გაწვევას თავი აარიდა.
თუმცა, უკრაინელი და დასავლელი ექსპერტების თქმით, პრობლემა არამარტო ჯარისკაცთა რაოდენობაშია, არამედ მათი ფიზიკური მომზადების დონესა და სამხედრო უნარ-ჩვევების დაუფლებაში.
„რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთულ სასწავლო ცენტრებში მომზადებული სამხედრო მოსამსახურეთა საშუალო ასაკი 30-40 წელს შეადგენს, მაგრამ ახლა უკრაინის ჯარს უფრო მეტად ახალგაზრდული ასაკის მქონე მოქალაქეების გაწვევა სჭირდება. უკრაინისთვის აუცილებელია საუკეთესოდ მომზადებული სახმელეთო ჯარების ქვეითთა ქვედანაყოფების მებრძოლები, რომელთა ასაკი 20-25 წელი იქნება“, - ამბობს ჯეკ უოტლინგი, ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის - თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
შარშან ჩატარებული „შერჩევითი“ მობილიზაციების დროს, ჯარში არაპროპორციულად მეტი რაოდენობით გაიწვიეს სამხედრო გამოცდილების მქონე უფროსი ასაკის მქონე მამაკაცები, მაგრამ ახლა ისინი ახალგაზრდებმა უნდა ჩაანაცვლონ.
„რადგანაც ომი გაჭიანურებულ, პოზიციური ბრძოლების ფაზაში გადადის, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ქვეითი ჯარი, რომელიც ფრონტის ხაზზე სანგრებიდან და ტრანშეებიდან იბრძვის. უკრაინას ამჟამად ისეთი ქვეითი ჯარი ესაჭიროება, რომელიც უმაღლეს დონეზე იქნება გაწრთვნილი“, - ამბობს ფრანც-სტეფან გადი, საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი.
უკრაინის მთავრობა საიდუმლოდ ინახავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობისა და ფრონტზე დანაკარგების ამსახველ მონაცემებს. როგორც დასავლელი ექსპერტების და უკრაინელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, გასულ წელს არმიაში (მათ შორის ტერიტორიულ თავდაცვით ძალებში, სპეცსამსახურებში და სასაზღვრო ქვედანაყოფებში) „იარაღით ხელში“ გაწვეული იყო ერთი მილიონი მამაკაცი და ქალი - ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე რუსეთს ჰყავდა, სანამ უკრაინას თავს დაესხმებოდა. აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, ომის დაწყებიდან ფრონტზე დაიღუპა 70 ათასი უკრაინელი, 120 ათასი კი დაიჭრა და დასახიჩრდა. მათივე ვარაუდით, რუსეთმა დაღუპულების სახით 200 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით კი, ომში დაღუპული რუსების რაოდენობა 300 ათასს აღწევს.
ჯარში გაწვევის უზრუნველსაყოფად, უკრაინელმა ჩინოვნიკებმა გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები შექმნეს იმ ახალგაზრდა მამაკაცების დასაჭერად, რომლებიც ფრონტზე გაგზავნასა და ბრძოლას თავს არიდებენ. თუ საკონტროლო პუნქტებზე დაჭერილ-დაკავებულებს სამხედრო სამსახურისათვის ვარგისად ჩათვლიან, მათ სამხედრო კომისარიატებში გზავნიან... თითქმის იგივე ხდება ქალაქების ქუჩებშიც, როცა სამხედრო კომისარიატების თანამშრომლები უკრაინელ ახალგაზრდებს იჭერენ და პირდაპირ მიკროავტობუსებში ტენიან...
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ვალერი ზალუჟნის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ახალწვეულთა საერთო რეესტრის შექმნა. მან ასევე განმარტა, თუ რას ნიშნავს „სამხედრო სტაჟირების კონცეფცია“: „ახალწვეულები, სანამ ისინი ბრძოლებში მონაწილეობას მიიღებენ, ფრონტის ხაზის ახლოს შექმნილ სასწავლო ცენტრებში მომზადდებიან, გამოცდილი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ“.
როგორც პოლონელი მკვლევარი, ანალიტიკური ცენტრის Rochan Consulting-ის დირექტორი ამბობს, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ უკრაინას რუსეთთან შედარებით ნაკლები ცოცხალი ძალის რეზერვები აქვს, კიევი თავისი კარგად მომზადებული ჯარით ბრძოლას მაინც აგრძელებს: „უკრაინისთვის მიუღებელია ომის რუსული წესით წარმოება, რომელიც ფოკუსირდება გამოფიტვა-დაქანცვის პრინციპზე და მიზნის მისაღწევად ჯარისკაცთა უამრავ მსხვერპლშეწირვაზე“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს სამხედრო სამსახურის სისტემაში ცვლილებები განახორციელოს და აცხადებს, რომ მოხალისეებს შეუძლიათ ფრონტული სანგრების ნაცვლად იმსახურონ ჯარის ისეთ სახეობებში, რომლებიც მათ ცოდნას და ჩვევებს ყველაზე მეტად შეესაბამება. უკრაინის არმიას საინფორმაციო ტექნოლოგიების მცოდნე სულ უფრო მეტი სპეციალისტი და პროფესიონალი სჭირდება ისეთ ქვედანაყოფებში, რომლებიც დრონებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური იარაღის ექსპლოატაცია ეწევიან. ისინი თავიანთ გამოცდილებას გამოიყენებენ უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების ფუნქციების შესრულებისას, კიბერნეტიკური ომების წარმოებისას და ა.შ.
„აზოვის“ პოლკმა, რომელიც უკრაინის არმიის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საბრძოლო ქვედანაყოფს წარმოადგენს, გამოაქვეყნა განცხადება, რომ სამსახურში იწვევს პროგრამისტებს, ინჟინრებს, მედიკოსებს, მძღოლებს, მზარეულებს და შემდუღებლებს.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნატალია კალმიკოვა ამბობს, ამას წინათ, მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ჯარში გაწვეული ახალგაზრდების ისეთ ქვედანაყოფებში სამსახურს გულისხმობს, როგორიც მათ სურვილს და მოწოდებას შეესაბამება. ეს ხელს შეუწყობს მათი სამოქალაქო გამოცდილების რეალიზებას სამხედრო სფეროში.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ფრონტზე მებრძოლი ჯარისკაცების ყოველთვიური ხელფასი 3 ათას აშშ დოლარს აღემატება, რაც საკმაოდ მაღალ ჯამაგირს ნიშნავს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში შრომის საშუალო ანაზღაურება 500 დოლარს შეადგენს. იმ ჯარისკაცთა ხელფასები კი, რომლებიც ზურგში იხდიან სამხედრო სამსახურს, 650 დოლარამდე შეადგენს.
როგორც ნატალია კალმიკოვამ აღნიშნა, იძულებითი სამხედრო გაწვევა არმიაში გაგრძელდება, თუმცა ნელ-ნელა შემცირდება და გაუქმდება მას შემდეგ, როცა ჯარისკაცთა ნებაყოფლობითი სამსახურით ქვედანაყოფები საკმაო რაოდენობით შეივსება.
„ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტი ესაუბრება ფრონტის ხაზზე მყოფ ერთ-ერთ მეთაურს ვიტალი მარკივს: „ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჯარში იძულებითი გაწვევის საბჭოურ სისტემაზე და აქცენტი რაოდენობაზე კი არ უნდა გავაკეთოთ, არამედ ხარისხზე და მებრძოლის ნიჭზე... დაახლოებით იმის მსგავსად, დავითი რომ გოლიათს ებრძვის“.