"ვერასდროს წარმომედგინა, ამას თუ გავაკეთებდი" - სოფო გორელაშვილის ახალი გამოწვევები, სხვა ადრენალინი და სხვა შეგრძნება
მსახიობ სოფო გორელაშვილის ცხოვრებაში ახლა საინტერესო პერიოდია. გარდა იმისა, რომ აქვს გადაღებები სერიალში "სიყვარულს მიღმა", ერთ დროს თავისსავე დაწესებული "საზღვრებიდან" გავიდა და წარმოუდგენლად რომ მიაჩნდა, ისეთ გამოწვევებს შეეჭიდა: ჩაერთო კონკურსში "მასტერშეფი" და დაუბრუნდა თეატრს.
- სოფო, აქამდე კულინარიულ კონკურსში მონაწილეობა მიგიღია?
- არა, ამაზე არც არასდროს მიფიქრია.
- კულინარია შენი ძლიერი მხარე არ იყო?
- ძლიერი კი არა, ყველაზე სუსტი მხარე იყო. ყველაზე მეტად, სახლის საქმეებიდან, რაც არასდროს მხიბლავდა და მიყვარდა, ეს იყო საჭმლის მომზადება. სხვა ნებისმიერ საქმეს გავაკეთებდი, ოღონდ სამზარეულოში არ შევსულიყავი. როდესაც გერმანიაში ჩემს შვილთან ერთად, მარტო ვცხოვრობდი, იქ მინდოდა თუ არა, ამ საქმის შესწავლამ მომიწია. რადგან ხასიათით მაქსიმალისტი ვარ, მინდოდა, რასაც მოვამზადებდი, აუცილებლად კარგი და ძალიან გემრიელი გამოსულიყო. 3 წელი საჭმელებს სულ იძულებით და ბუზღუნით ვაკეთებდი, უგემრიელესი გამომდიოდა, საბასაც მოსწონდა, გიჟდებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მე კეთება შემიყვარდა.
- უცნაურია, როცა რაღაც კარგად გამოსდით, ადამიანებს ის საქმე უყვარდებათ. ამას როგორ ხსნი?
- ბავშვობაში სულ წონას ვუფრთხილდებოდი, მეშინოდა, არ მომემატა. ვიცოდი, გემრიელი საჭმელების კეთებას თუ დავიწყებდი, თავადაც შევჭამდი. თან ისეთი რამეები მიყვარს, რაც კალორიულია, წონის მატებას იწვევს. ჯანსაღ საკვებზე არ ვგიჟდები. მგონია, რომ სამზარეულოსთან დისტანცირების ამბის სათავე ჩემს ბავშვობაშია. მირჩევნია, სახლშიც არ გაკეთდეს გემრიელი საჭმელი, განსაკუთრებით ის, რაც მე მიყვარს. გურმანი არ ვარ, მაგრამ ნოყიერი საკვები, ტკბილი, ცომეული მიყვარს. გერმანიაში იმდენ პასტას ვაკეთებდი, პურს ვაცხობდი, წონაშიც მოვიმატე.
- წონის კონტროლი მუდმივად გიწევს?
- ახლა არა, ბავშვობაში სულ მიწევდა.
- ყველაზე კარგად რომელი კერძი გამოგდის?
- ყველაზე კარგად ის გამომდის, რაც თავად მიყვარს. ტკბილეული და პასტა. ხორცი დიდად არ მიყვარს. ცოტათი არაპოპულარული რაღაც უნდა ვთქვა, - ჯანსაღ საკვებს ვინმე თუ მომიმზადებს, შევჭამ, მაგრამ თავად მირჩევნია, რამე უფრო გემრიელი გავაკეთო.
- საბას გამორჩეულად რა მოსწონს?
- ჩემს ლაზანიაზე გიჟდება, მაგრამ უკვე ილუზია აღარ აქვს, რომ თბილისში ოდესმე სახლში ლაზანიას გავაკეთებ. ცოტა ხნის წინ მეუბნებოდა, - დედა, გერმანიაში რომ აკეთებდი, ისეთ გემრიელ ლაზანიას ოდესმე გააკეთებო? ვიცნობ არაერთ ადამიანს, კონკრეტულ კაფეში, რაღაც კონკრეტული კერძის მირთმევა რომ უნდა და შეუძლია, სანამ იქ არ მივა, მთელი თბილისი მოიაროს, 4 საათი არაფერი მიირთვას. მე როცა მშია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კერძი იქნება, მთავარია გემრიელი იყოს.
- თქვენთან სახლში კერძებს ვინ ამზადებს?
- დედაჩემსაც არ უყვარს დიდად ეს საქმე, მაგრამ ჩემს ხელში უწევს, საბასთვის მაინც გააკეთოს რაღაც. ჩემი ორივე ბებია ჩაფუმფულებული იყო და ორივე კარგი კულინარი გახლდათ.
- მათი დატოვებული რეცეპტები თუ გაქვს?
- მაქვს ჩანაწერების წიგნაკი, რომლითაც ჯერ არ მისარგებლია, მაგრამ ეჭვი მაქვს, ახლო მომავალში მოვიკითხავ.
- რეცეპტი პროექტის ფარგლებში რომ გამოიყენო?
- რა თქმა უნდა, გადავხედავ, შესაძლოა ძველის და ახლის სინთეზი გავაკეთო და ამ მიდგომით რაღაც საინტერესო მოვამზადო.
- საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, ისეთი კერძი თუ გაგისინჯავს, რომელიც არ იცოდი, რისგან იყო დამზადებული?
- არასდროს. როცა საზღვარგარეთ მეგობრებთან ერთად ვარ, ისინი წინასწარ გეგმავენ, რომელ კაფეში რა მიირთვან. იკვლევენ, რომელს აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი. მე ამ დროს მუზეუმებში დავდივარ ან სასეირნოდ გავდივარ, სხვაგვარ აქტივობას მივმართავ. ჭამა ჩემთვის ყველაზე ბოლო ადგილზეა. ძალიან მარტივად შემიძლია, მთელი მოგზაურობის პერიოდი ფრიზე გავატარო და თავი კომფორტულად ვიგრძნო. რაც არ ვიცი, იმას ვერაფრით მივირთმევ. ყოველთვის იმას ვუკვეთ, რაც მეგემრიელება. მქონია შემთხვევა, მეგობარი მიირთმევდა, გამასინჯე-მეთქი, ვუთხარი და რომ გავსიჯნე, ძალიან მომეწონა. ასე აღმოვაჩინე ერთი აზიური კერძი გერმანიაში. მისმა სუნმა მიმიზიდა. თურმე საოცარი სოუსები და სანელებლები არსებობს. იმ კერძის შეკვეთას ჩემით არასდროს გავრისკავდი.
- "მასტერშეფში" მონაწილეობის გადაწყვეტილება რატომ მიიღე?
- ამდენს რომ ვლაპარაკობ, საჭმლის კეთება არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია, გურმანიც არ ვარ-მეთქი, ეს შეკითხვა ლოგიკურად ჩნდება. ახლა ჩემს ცხოვრებაში ასეთი პერიოდია - ყველაფერი, რაზეც ერთ დროს უარი კატეგორიულად მაქვს ნათქვამი და ვერასდროს წარმომედგინა, ამას თუ გავაკეთებდი, გადავწყვიტე, ეს ყველაფერი ვცადო, საკუთარ თავს "საზღვრები" რატომ უნდა დავუწესო? მინდა ჩემი შესაძლებლობები გამოვცადო სცენაზე, "მასტერშეფში" და წავიდე მარტო სამოგზაუროდ, ეს უკანასკნელიც ყოველთვის ყოვლად წარმოუდგენლად მიმაჩნდა და თურმე, ვცდებოდი. 3 დღის წინ დავბრუნდი გერმანიიდან და აღმოვაჩინე, მარტო მოგზაურობა არაჩვეულებრივი რამ ყოფილა. იქ ერთი-ორი ნაცნობი და მეგობარი კი მყავდა, მაგრამ გარკვეული პერიოდი მარტო ვიყავი. მე და სოფომ ძალიან კარგად დავისვენეთ. თურმე შენ შეგიძლია, იყო შენი თავის საუკეთესო მეგობარი და მაგრადაც გაერთო.
- ამ "მარტო სოფოსთან" ყოფნის პერიოდში, საკუთარ თავში ახალი აღმოჩენები თუ გააკეთე?
- ადამიანს არავინ სჭირდება გვერდით იმისთვის, რომ დრო საუკეთესოდ გაატაროს. საკუთარი თავის ყველაზე დიდი და ერთგული მეგობარი თავად ხარ და ეს მეგობრობა ძალიან სასიამოვნოა. 1-საათიანი განმარტოების პერიოდები არაერთხელ მქონია, მაგრამ გერმანიაში საკუთარი თავი უფრო კარგად გავიცანი.
- სცენაზე დაბრუნება ახსენე. ამის შესახებ რას გვეტყვი?
- თავისუფალ თეატრში რეპეტიციები უკვე დაწყებული მაქვს და ალბათ დეკემბერში პრემიერა გვექნება, უცებ თუ არ შემეშინდა. ვერ დავასახელებ, რომელ სპექტაკლზე ვმუშაობ.
- შიში გაქვს?
- "შიში" უფრო ხმამაღალი ნათქვამია. დიდი ხანია, სცენაზე აღარ ვმდგარვარ, სასიამოვნო ღელვა მაქვს. ეს სხვანაირი ადრენალინი და სხვანაირი შეგრძნებაა.
- "მასტერშეფს" მივუბრუნდეთ, რას იტყვი კონკურენციაზე და როგორია შენი მოლოდინი?
- არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მინდა ამ ახალი გამოწვევით, მაქსიმალურად ვისიამოვნო. პროექტში ჩემთან ერთად მართლა საოცრად ნიჭიერი ხალხია: ზოგი მოყვარულია, ზოგი შეფად მუშაობს, ზოგი კარგი პროფესიონალია, კონკურენცია უდავოდ დიდია. ამ პროექტიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, ეს პროცესი ჩემთვის სასიამოვნოა.
- გაიმრავალფეროვნე ცხოვრება, არა?
- ასეა. ამბობენ, თავისუფლება ჩვენი შიშების იქითა მხარეს არისო და ეგ არის, რა.
- ჟიურის წევრებზე რისი თქმა შეგიძლია? რომლის შეფასებას ელოდები გამორჩეულად?
- ჩემთვის სამივეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც კონსტანტინე მაიმედებს ხოლმე და ყველაზე ხშირად დადებითი შეფასებაც მისგან მიმიღია.
- "მასტერშეფი", რეპეტიციები თეატრში, სერიალის "სიყვარულს მიღმა" აქტიური გადაღებები: ამ ყველაფრისთვის დროის გადანაწილება არ გიჭირს?
- ჩემთვის ეს იდეალური მდგომარეობაა. ვგიჟდები, როცა ყოველი წუთი გათვლილი მაქვს და ახლა სწორედ ეს ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. როცა ამ მდგომარეობაში ვარ, უფრო მარტივად მეძინება.
- სერიალში, შენი პერსონაჟის ცხოვრებაში, ქალებზე ძალადობის პრობლემა წამოიჭრა. ამაზე რას იტყვი?
- სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში აქტუალურია. საქართველოში ძალადობა სათანადოდ არ ისჯება, საზღვარგარეთის ქვეყნებისგან განსხვავებით. იქ უამრავი ადგილია, უამრავი სააგენტოა, სადაც შეგიძლია მიხვიდე, სახელმწიფოც და ადამიანებიც მხარში ამოგიდგებიან. ჩვენთან მოძალადეს 500-ლარიანი ჯარიმას უწერენ. იმ თანხას რომ გადაიხდის, მერე აღარ იძალადებს? ხშირად გაღიზიანებულები უფრო დიდ ძალადობას სჩადიან. ცოტა ხნის წინ, ჩემს სამეზობლოში მოხდა ცუდი ფაქტი, ფატალური შედეგი დადგა. როცა შენ გაქვს მტკიცებულება, რომ ადამიანი არის დამნაშავე, იმუქრება, ილანძღება, ხელით გეხება, ასეთს 500-ლარიანი ჯარიმა გააჩერებს? ეს ქალების აბუჩად აგდებაა. გოგოები ამ თემაზე ხშირად ვლაპარაკობთ, ვარჩევთ. ძალიან მტკივნეული პრობლემაა, მისახედია. ემოციის გარეშე ლაპარაკი მიჭირს. ჩემს პერსონაჟში ბევრი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს, რაც ძალიან სამწუხაროა. ძალადობის ფაქტები პატარა გოგონების შემთხვევაშიც ხშირია. მიდის ახალ სამსახურში, უფროსი ფლობს ძალაუფლებას, მას ყველაფერი აქვს, პატარა გოგოს - არაფერი. ამით ძალიან უსინდისოდ მანიპულირებენ, აშანტაჟებენ, ისინიც ვერაფერს ამბობენ, ან რომ თქვან, იციან, სამსახურიდან გაუშვებენ და ვცხოვრობთ ამ ტრაგედიაში.
- მგონი, ბრძოლის შედეგად, პერსონაჟის ცხოვრებაში ყველაფერი სასიკეთოდ იცვლება.
- სერიალში რა ხდება, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი მიზანი და მთავარი სათქმელიც ეს არის: ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, უსამართლობის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, არ დავნებდეთ, არ შევშინდეთ! გვახსოვდეს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს!
თამუნა კვინიკაძე