არის თუ არა ეს ქვითარი! - კვირის პალიტრა

არის თუ არა ეს ქვითარი!

პირველი თებერვლიდან ძველი სალარო აპარატების გამოყენება აიკრძალა და ისინი ახალმა, GPRS სისტემის საკონტროლო-სალარო აპარატებმა ჩაანაცვლა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მეწარმეებს, რომლებმაც განაცხადი ჩააბარეს და გადახდის ქვითარი პირველ თებერვლამდე აიღეს, ახალი სალარო აპარატის აღებამდე, ძველი მოდელის აპარატით სარგებლობა შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, პირველი თებერვლიდან ძველი სალარო აპარატის გამოყენება კანონით იკრძალება.

ახალი მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატების გაცემა შემოსავლების სამსახურმა აგვისტოდან დაიწყო. ამავე უწყებაში აცხადებდნენ, რომ მეწარმეებს ახალი სისტემის საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისთვის 290 ლარის გადახდა მოუწევდათ, თუმცა რეალურად 320 ლარი გადაახდევინეს. თუმცა, მეწარმეების მდგომარეობაც "გაითვალისწინეს" და ვისაც თანხის ერთიანად გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, სალარო აპარატის "რეგისტრაციის საფასური" - 290 ლარი, ბანკის განვადებით 12 თვეზე გადაუნაწილეს, თანაც ისე, რომ საპროცენტო სარგებელი არ დაუკისრებიათ. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად 90 000-მდე GPRS სისტემის საკონტროლო-სალარო აპარატია რეგისტრირებული.

მეწარმეები ამბობენ, რომ იანვრის ბოლო დღეებში, ბანკებში ხალხმრვალი რიგები იდგა. ყველა ცდილობდა მოესწრო ფული გადაეხადა და შესაბამისი ქვითარი აეღოთ, რომ დაჯარიმება აიცილონ თავიდან. მეწარმეები იმასაც ამბობენ, რომ რეალურად შემოსავლების სამსახურს ახალი სალარო აპარატების საკმარისი რაოდენობა არ აქვთ, რომ ყველა მეწარმეზე გასცენ, ამიტომაც დააკისრეს, ამ ეტაპზე მხოლოდ გადახდის ქვითრის ქონის ვალდებულება. თუმცა, ძველი სალარო აპარატის აღრიცხვიდან მოხსნის შემდეგ, მეწარმემ ის ექვსი წელი უნდა შეინახოს, რადგან შემოსავლების სამსახური შესაძლოა ნებისმიერ დროს დაინტერესდეს იმ ინფორმაციით, რომელსაც თქვენი ძველი სალარო აპარატის მეხსირება ინახავს.

ლევან კალანდაძე, "ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი:

- ხალხმრავალი რიგები ახალი სალარო აპარატების რეგისტრაციისთვის თვალშისაცემი იყო და გარკვეული ტექნიკური პრობლემები მეწარმეებს სალარო აპარატების შეძენასთან დაკავშირებით ნამდვილად ექმნებოდათ. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ათასი მეწარმე იყო დარჩენილი, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ახალი სალარო აპარატის რეგისტრაციის ქვითარი და შემოსავლების სამსახურმა ზეპირი ინფორმაცია გაავრცელა, რომ მეწარმეთა უმეტესობამ სალარო აპარატების შეძენა მოასწრო.

- თქვენ ითხოვდით დამატებით ვადებს შემოსავლების სამსახურისგან 1 მარტამდე, რომ ყველას მოესწრო ახალი სალარო აპარატის შეძენა, თუმცა შემოსავლების სამსახურმა ეს არ გაითვალისწინა...

- "ახალმა მეარჯვენეებმა" დეკემბრის ბოლოს, თბილისის მასშტაბით ჩავატარეთ გარკვეული მონიტორინგი, გამოვკითხეთ როგორც მეწარმეებში, ასევე ინფორმაცია მოვიპოვეთ შემოსავლების სამსახურის რაიონულ განყოფილებებში, თუ რა მდგომარეობა იყო სალარო აპარატების გამოცვლასთან დაკავშირებით. იმ დროისთვის, დაახლოებით 15 ათასი მეწარმე დარჩენილი იყო სალარო აპარატის გარეშე და რეალური საფრთხე იდგა იმისა, რომ ამდენივე მეწარმე 1 იანვარს, ახალი სალარო აპარატის არქონის გამო დაჯარიმებულიყო. სწორედ ამ მიზეზით მოვუწოდეთ შემოსავლების სამსახურს, ორი თვით გაეხანგრძლივებინა ძველი სალარო აპარატის გამოცვლის ვალდებულება. ორი თვით არა, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა ერთი თვით გადაუვადა სალარო აპარატების გამოცვლის ვალდებულება, რაც თავისთვად სწორი ნაბიჯი იყო, რადგან მეწარმეებთან კონფრონტაციულ მდგომარეობაში ყოფნა ქვეყანაში არავის აწყობს.

ჩვენი ყველას მიზანია, რომ სალარო აპარატები მაღალტექნოლოგიური იყოს და აღრიცხვა-ანგარიშგება სრულად მოიცვას. გარდა ამისა, ჩვენ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს მოვუწოდეთ გაეკეთებინა განმარტებები სალარო აპარატების ფასებთან დაკავშირებითაც. პრობლემები იყო არა მხოლოდ სალარო აპარატების გამოცვლის ვადებთან დაკავშირებით, არამედ ფასებთან დაკავშირებითაც. შემოსავლების სამსახურმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ახალი, GPRS სისტემით აღჭურვილი აპარატი 290 ლარი ეღირებოდა, თუმცა როცა მეწარმეები მიდიოდანენ შემოსავლების სამსაუხრში განაცხადით სალარო აპარატის შეძენის თაობაზე, იქ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ რეალურად 320 ლარის გადახდა უწევდათ. სამწუხაროდ ამ მოთხოვნას შემოსავლების სამსახური არ გამოეხმაურა და მეწარმეებს მოუხდათ გაურკვეველი გადასახადის გადახდა 30 ლარის ოდენობით.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ახლო მომავალში აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლებას ეხება. მოგეხსენებათ, რომ ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა მოახდინეს ინიცირება საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით და ახლო მომავალში ისინი ძალაში შევა, რომლის მიხედვითაც მეწარმეთა გარკვეული ნაწილი და ძირითადად ეს ეხება მცირე ბიზნესს, უნდა გათავისუფლდეს სალარო აპარატის მოხმარებვის ვალდებულებისგან. ძალიან პარადოქსულ ვითარებაში აღმოვჩნდებით - ერთი თვის წინ მეწარმეთა გარვეულ ნაწილს დაეკისრათ ვალდებულება, რომ შეეძინათ სალარო აპარატები, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის მეწარმეები, რომლებიც მცირე ბიზნესის კატეგორიას განეკუთვნებიან, აღარ ექნებათ სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. გაყიდულ სალარო აპარატებს სახელმწიფო და შემოსავლების სამსახური სავარაუდოდ უკან აღარ დაიბრუნებს და შეიქმნება ძალიან გაურკვეველი ვითარება, როცა ეს სალარო აპარატები ნაყიდი აქვთ და მათი საჭიროება კი აღარ არის. არც ამ საკითხთთან დაკავშირებით აკეთებს შემოსავლების სამსახური განმარტებებს.

გამოდის, რომ გარკვეულწილად საწყის ეტაპზე ამ თემის არასწორმა დაგეგმვამ და დაგეგმვაში არსებულმა წუნმა, აიუძულა მეწარმეები რომ ფაქტობრივად გადაეყარათ ეს თანხა. არადა ლაპარაკია წვრილ მეწარმეებზე, ვისთვისაც 300 ლარი საკმაოდ დიდი დანაკარგია.

- თუმცა საუბარი იყო იმაზეც, რომ მეწარმეების გარკვეულ ნაწილს ახალი სალარო აპარატები სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემოდათ...

- პირველ ეტაპზე გამოცხადდა, რომ ახალი თაობის სალარო აპარატები უსასყიდლოდ გადაეცემოდათ იმ მეწარმეებს, ვისი წლიური ბრუნვაც 250 ათასი ლარია. შემდეგ გადათქვეს და ეს ზღვარი 100 ათას ლარამდე დაწიეს. სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა ეს პირობა დაივიწა. საკმაოდ ხშირად ხდება, რომ არ ასრულებენ თავის დანაპირებს, რაც შემდგომში მეწარმეების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ხმამაღლა ამაზე ვერ საუბრობენ. საჩვენებლად გაკეთდა რამდენიმე სიუჟეტი, რომ მიკრო ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს გადაეცა ახალი თაობის სალარო აპარატი, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონდა. ეს იყო საჩვენებელი, პიარული აქცია.

- მეწარმეები ამბობენ, რომ ბევრი ტექნიკური ხარვეზია ამ ახალი სალარო პარატების გამოყენების პროცესში და შიშობენ, რომ ეს ხარვეზი შესაძლოა შეცდომად ჩაუთვალონ და მათი დაჯარიმების მიზეზი გახდეს...

- ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია. ვფიქრობ, ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემაა და ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად ვუყურებ. მაშინ, როცა ინერგება ახალი მაღალტექნოლოგიური აპარატურა, ტექნიკური წუნი და ხარვეზი ამას ყოველთვის თან ახლავს და ეს გამოსწორებადი პრობლემაა. მთავარია, ამ წუნის, ხარვეზის გამო, მანამ, სანამ სისტემა სრულად არ გაიმართება, მეწარმეებს არ დააკისრონ საჯარიმო სანქციებით. იმის გამო, რომ სადღაც ახალი სალარო აპარატი შეფერხებით მუშაობს და არ უკავშირდება ცენტრალურ სერვრს შემოსავლების სამსახურში, მეწარმე არ უნდა დაისაჯოს.

გახსოვთ ალბათ, ერთი წლის წინ, შემოსავლებისა სამსახურმა დანერგდა ე.წ. ელექტრონული დეკლარირების სისტემა, როცა დეკლარაციებს მეწარმეები შემოსავლების სამსახურში კი აღარ წარდგენდნენ, არამედ ელექტრონული ფოსტით აგზავნიდნენ. წლის ბოლოს მოხდა ცენტრალური სერვერის გადატვირთვა და მეწარმეების დიდმა ნაწილმა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, შემოსავლების სამსახურში დეკლარაციის ჩაბარება ვერ შეძლო. მეორე დღეს კი მათ უკვე 200 ლარიანი ჯარიმები მიუვიდათ.

(სპეციალურად საიტისთვის)