"საქართველოს სამხედრო ძალები შიდა მოხმარებისთვის კი არა ჰყავს, არამედ საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" - კვირის პალიტრა

"საქართველოს სამხედრო ძალები შიდა მოხმარებისთვის კი არა ჰყავს, არამედ საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის"

"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსა და ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და დავკავდეთ საკუთარი თავის დაცვით. ეს არის გაგრძელება იმისა, რაც ხდებოდა აქამდე ავღანეთში. არაფერს ტყუილად არ ჩაუვლია. საქართველო არის ჩვენი მთავარი დასაცავი და საზრუნავი", - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა. როგორც მოგეხსენებათ, ამ განცხადებას წინ უსწრებდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან და ასევე საქართველოსა და ამერიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ არ დააყოვნა ოფიციალური მოსკოვის განცხადებამაც.

როგორც ჩანს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კრემლში ისე გაიგეს, როგორც საქართველოსთვის აშშ-ის დახმარება და შეიარაღება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვმა განაცხადა: "სააკაშვილის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. თუ მიღებულია მსგავსი გადაწყვეტილება, ეს კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს". ამ საკითხზე ვესაუბრებით საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" წარმომადგენელსა და ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილს:

- ბატონო ირაკლი, თქვენი აზრით, რა იგულისხმება პრეზიდენტის განცხადებაში, რომლის თანახმადაც თავდაცვის სფეროში ამერიკასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის?

- ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში ობამას საქართველოსთან სამხედრო სფეროში განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე არაფერი უთქვამს. მას არც ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი უხსენებია. მან ილაპარაკა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული სამხედრო ძალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავაც გაგრძელდება. რა საფუძველი აქვს სააკაშვილის განცხადებას ან რაზე ილაპარაკეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე, უცნობია. რაც შეეხება საქართველოს სამხედრო ძალების შეიარაღებაში ამერიკის მონაწილეობას, მე მახსენდება ერთი ფაქტი: როდესაც კონგრესმა მოამზადა შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ლაპარაკი იყო საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად თანხის გამოყოფაზე, მაშინ ბარაქ ობამამ იმ მუხლს, რომელიც ამ დახმარებას უზრუნველყოფდა, ვეტო დაადო. ამიტომაც, ვიდრე თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები დეტალურად არ აგვიხსნიან, თუ რას გულისხმობენ, როდესაც ურთიერთობის ახალ ეტაპზე ლაპარაკობენ, გამიჭირდება რაიმეს თქმა.

- უკვე ცნობილია, რომ საქართველო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო კონტინგენტს კიდევ ზრდის, რას იტყვით ამაზე და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს?

- ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განსაზღვრავს, სად და რა რაოდენობით ქართველმა სამხედრომ იმსახუროს. ის არ ეკითხება აზრს საზოგადოებას და არც პოლიტიკურ ოპონენტებს. ამიტომ იმის განსაზღვრა, მომავალში როგორ მოიქცევა, წარმოუდგენელია. ავღანეთში არათუ კონტინგენტის გაზრდას არ მივიჩნევ ნორმალურ პროცესად, არამედ მიმაჩნია, რომ ახლაც იმაზე გაცილებით მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს ამ ოპერაციაში, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ეს აკნინებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. მეტიც, ისე გამოდის, რომ დღეს საქართველოს სამხედრო ძალები შიდა მოხმარებისთვის კი არა ჰყავს, არამედ საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის, რაც არანორმალურია.

- რას ფიქრობთ საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე და რამდენად გამართლებულია მოლოდინი, რომ ჩიკაგოს სამიტზე საქართველო მაპ-ს მაინც მიიღებს?

- ამას არც ველი, რადგან არ არსებობს წინა პირობა იმისა, რომ საქართველო ნატოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავა. უმთავრეს  ხელშემშლელ ფაქტორად რჩება ისევ ოკუპირებული ტერიტორიები და ის, რომ დეოკუპაციისთვის არაფერი კეთდება, ვერ ხერხდება ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკება. ასევე დიდი პრობლემაა ქვეყანაში დემოკრატიის დაბალი ხარისხი. არსებობენ ევროპული ქვეყნები, რომელთა ხელისუფლებების აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრება ამ ორგანიზაციას დიდი რისკის ქვეშ დააყენებს. დემოკრატიის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ჩატარდება 2012 წლის არჩევნები. მანამადე ნატოსთან მეტად დაახლოების მოლოდინი ფუჭი მგონია.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)