...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს - კვირის პალიტრა

...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს

აბა, წარმოიდგინეთ: ახლა სამშაბათია, წუხელ (ჩვენი დროით) ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა იყო ვაშინგტონში და, ბუნებრივია, მსოფლიოს თუ არა, საქართველოს ყველანაირი - ელექტრო-საეთერო-ქაღალდოვანი მედიის ნომერ პირველი ამბავი ეს მოვლენაა და მე კი სუუულ სხვა რამით უნდა დავიწყო:

მიყვარს ნიჭიერი ხალხი, განსაკუთრებით - ნიჭიერი პარტიების ნიჭიერი ლიდერები. ამ შემთხვევაში შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ (თორემ ისე, ჩვენში ნიჭიერი პოლიტიკოსები "პაჩკა-პაჩკა" აწყვია). იფიქრა, შალვამ, იფიქრა და მოიფიქრა, რით უნდა მიექცია ყურადღება დღეს, როდესაც ყველა ობამა-სააკაშვილზე ლაპარაკობს ("დაუნ ზი დიქტეიტაო" და, არ დაუჯერა, მაინც შეხვდა) და აი, ჩემს "პროვოკაციაში" მაინც მოახერხა "პირველ ნიუსად" მოხვედრა: ჯავახიშვილის ქუჩა მთელი საათით იყო გადაკეტილი, რადგან გამნაღმველები ლეიბორისტების ოფისთან დადებული ჩემოდნის გაუვნებლებას ცდილობდნენ, რომელიც ბოლოს... ცარიელი აღმოჩნდა!

ისე კი, ესეც რომ არ მოეფიქრებინა, ნათელაშვილის ხსენება მაინც დაგვჭირდებოდა: როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ ინგლისურზე! მართალია, შალვას ცოტა აქცენტი უტეხავს, წაუდუშეთურებს, ესენი კი - სუფთა ზემოვაკურ ინგლისურს უბერავენ, მაგრამ ლქსიკაში ერთნაირად უჭირთ და ვიღაცებს მოეჩვენათ, რომ ობამამ თქვა: იმედია, ხელისუფლებას მალე "ფორმალურად" გადააბარებთო, სინამდვილეში კი, როგორც აღმოჩნდა (ასე თქვეს, თორემ მე საიდან ინგლისური?! მე ხომ რუსების აგენტი ვარ), იმ კაცს უთქვამს - დროზე და როგორც წესი და რიგიაო... ასე რომ: "თუ ბი, თუ ბი!!!" არა, შალვა?!

სხვათა შორის, ერთ ვარაუდსაც გამოვთვქვამ და ნათელაშვილზე საუბარს დავამთავრაბ: დიდი არა, პატარა სანაძლეო შემიძლია დავდო, რომ ლეიბორისტები იტყვიან, ჩვენ რომ მაშინ იქ "დაუნ ზი დიქტეიტაო", სწორედ იმიტომაც ობამამ ამას, - დროზე და ნორმალურად წადიო... აი, ნახავთ, თუ არ იტყვიან.

არ ვიცი, კონკრეტულად რა შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეს შეხვედრა, მაგრამ მე უკვე მომიტანა: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რაც ისედაც კარგად ვიცოდი - ობამას ვკიდივართ, მიშას კი დებილები ვგონივართ!

არა მხოლოდ იმიტომ ვამბობ, ვკიდივართ-მეთქი, რომ პრესკონფერენციისას ობამა სულ არ უსმენდა სააკაშვილს და ამ დროს ვიღაცას თვალს უკრავდა და უცინოდა; არც იმიტომ, რომ საქართველოს მაგივრად, "რუსეთიო" - წამოცდა (თქვენთან, რუსეთშიო - სააკაშვილს უთხრა; ვისაც ფროიდისეული წამოცდენების სჯერა, შეუძლია მიშას და მოსკოვის "საიდუმლო კავშირზე" გავიდეს აქედან), არც იმიტომ, რომ "რუსთავი 2" კი გვიცხადებდა იმ ღამეს - პრესკონფერენციის ფრაგმენტებს გთავაზობთო, - და ფრაგმენტები კი არა, გამეორებებით იყო გაზრდილი, თორემ სინამდვილეში, სულ 8 წუთს გაგრძელდა... არა, ამ ყველაფრის გამო არა: მერე რომ თქვა სააკაშვილმა, ქართული ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში, - ასეთი შედეგით ამ კაბინეტიდან ჯერ არ გამოვსულვარო; აბა შედეგი?!

და მიშას რომ დებილები ვგონივართ, მაგის არგუმენტების მოყვანა მეზარება. ისე, ობამას ადგილზე საერთოდ არ დაველაპარაკებოდი - "ჩვენ რა, ზანგები ვართ?!" - ხომ გახსოვთ სააკაშვილის ისტორიული ფრაზა?..

არა, ბატონო პრეზიდენტო, "ზანგები" კი არა, "უარესები" ვართ, იმიტომ, რომ პრესის თავისუფლების რეიტინგში ვართ 104-ადგილზე. და სომხეთი, სადაც დღემდე "გაზ-24-ები" დადიან ტაქსებად, სახლმმართველობაში ქრთამს იხდიან, რომ ერევანში ჩაეწერონ, რუსული ჯარი დგას და კიდევ უამრავი რამ, რითაც იქ ისევ საბჭოთა კავშირია (ნუ მიწყენენ ჩვენი მეზობლები, მაგრამ ასეა), 77-ე ადგილზეა იგივე რეიტინგში!

მართლა დავიბენი ამ რეიტინგს რომ გავეცანი, გულწრფელად ვამბობ: როგორ უნდა დავამტკიცო, რომ რასაც ახლა ვწერ, ხელისუფლების ცენზურას არ გადის და ზემოდან ნებადართული "დოზირებული" კრიტიკა არ არის?

...იქნებ, მე ვერ ვხვდები და ისე ვკონტროლდები? ჰა, ვანო?..

P.S. კარგზეც უნდა ვთქვათ - ბოლოს და ბოლოს მე მტერი კი არ ვარ ამ ქვეყნის და ხელისუფლების ("მოყვარეს პირში უძრახეო"-ს ამბავში).

ჰოდა, კარგი ის იყო, რომ ობამასთან შეხვედრამდე სააკაშვილი სხვა ხალხსაც შეხვდა და ერთ-ერთ სამიტზე, სადაც ის "გამჭვირვალე იუსტიციის" სახლზე საუბრობდა, შეხვედრის მოდერატორი ჩაერთო ლაპარაკში და განაცხადა: "აზერბაიჯანიდან საქართველოში გადასვლისას აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა 2 საათი მალოდინეს და მერე ბარგი მომპარეს, ქართველი მებაჟე კი ჯენიფერ ენისტონს ჰგავდა და სამ წუთში გამიშვა", - გულდაწყვეტილმა თქვა, 3 წუთი ეცოტავა, ეტყობოდა.

ეეე, მოდერატორ! მებაჟე რა არი, შენ მინისტრები უნდა ნახო!

P.P.S. ისე, რა მაგის პასუხია და ეს ყველაფერი რა დაჯდა, მაინტერესებს, განსაკუთრებით ობამას გარდა რომ "ჩაწყობილი" შეხვედრები და ინტერვიუები იყო, აი, მაგეების "ლობისტური ხარჯები" მაინტერესებს...

პროვოკატორი, ჟურნალი "გზა"